ავტორი: დათო ლობჟანიძე

ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რომელი წიგნით იწყებ ნაცნობობას ამა თუ იმ ავტორთან. თუ წიგნი “სწორად” შეარჩიე, მწერლის სხვა ნაწარმოებებით ინტერესდები და შეიძლება ძალიან მცირე დროის პერიოდში რამდენიმე წაიკითხო. პოლ ოსტერის შემთხვევაში, მე გამიმართლა. “ილუზიების წიგნი” რამდენიმე წლის წინ ჩამივარდა ხელში და იმდენად საინტერესოდ მომეჩვენა, რომ ძალიან მცირე პერიოდში დავამთავრე. შემდეგ იყო “ნიუ ორკული ტრილოგია,” “მისნის ღამე,” “მოგზაურობანი სკრიპტორიუმში” და სხვა. თუმცა, არცერთ ნაწარმოებს არ დაუტოვებია იგივე ემოცია რაც “ილუზიების წიგნს”.

ოსტერის წიგნები მატრიოშკასავითაა, მკითხველი აქ, ამბავს ამბავში და იდეას იდეაში აღმოაჩენს. “ილუზიების წიგნი” ამის საუკეთესო მაგალითია. ასეთ ჟანრში ახალი არაფერია, თუმცა პოლ ოსტერი თავის ნაწარმოებებს განსაკუთრებით დამაინტრიგებლად “ფუთავს” და მათ დეტექტიური სტილისთვის დამახასიათებელ დრაივს მატებს.

ცნობილია, რომ ოსტერს თავის დროზე რეჟისორობა სურდა და მართალია, ამ მხრივ მისი მოღვაწეობა ეპიზოდური აღმოჩნდა, ის თავის მხატვრულ ნაწარმოებებში კინოზე ხშირად საუბრობს. “ილუზიების წიგნი” ალბათ ის რომანია, რომელშიც ის ყველაზე მეტად ამჟღავნებს სიყვარულს კინოსადმი.

“ყველას ეგონა, რომ ეს ადამიანი მკვდარია,” ასე იწყება “ილუზიების წიგნი,” რომელიც მუნჯი კინოს ვარსკვლავის, ჰექტორ მანის შესახებ მოგვითხრობს. ჰექტორ მანი მე-20 საუკუნის ოციანი წლების ბოლოს უცნაურად გაუჩინარდება, თუმცა დროთა განმავლობაში ყველას დაავიწყდება. ჰექტორ მანი ოსტერის მიერ გამოგონილი პერსონაჟია, რომლის შესახებ კიდევ ერთი გამოგონილი პერსონაჟის, პროფესორ დევიდ ზიმერის მეშვეობით მოგვითხრობს. პროფესორს მეუღლე და შვილები ავიაკატასტროფაში დაეღუპნენ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ის დეპრესიიდან ვერ გამოდის და საკუთარ მეხსიერებას ალკოჰოლში ახრჩობს.

ერთხელაც, ტელევიზორის ყურებისას დევიდი, ჰექტორ მანის ფილმიდან მოკლე ეპიზოდს წააწყდება, ეს ეპიზოდი მას რიგიანად გააცინებს. ეს პირველი სიცილია მისი ოჯახის წევრების გარდაცვალებიდან. იმ მომენტიდან ჰექტორ მანის ბიოგრაფიის შესწავლა დევიდისთვის ცხოვრებასთან საერთო ქსელების შესანარჩუნებლად პრაქტიკულად ერთადერთ საშუალებად იქცევა. ის საკუთარ თავს მანის ცხოვრების შესწავლას უძღვნის და პირველ რიგში, მისი იმ მცირეოდენი ფილმების ყურებას გადაწყვეტს რომლებიც ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქალაქების კინოცენტრებში ინახება.

ნაწარმოებში ოსტერი ჰექტორ მანის ორ ფილმზე წერს; “Mr. Nobody” (“ბატონი არავინ”), და “The Inner Life of Martin Frost” (“მარტინ ფროსტის შინაგანი ცხოვრება”). ავტორი ორივე ფილმს ისეთი ოსტატობით აღწერს, რომ რთულია დაიჯერო რომ ჰექტორ მანი გამოგონილი პერსონაჟია, ხოლო აღწერილ ფილმებს არასდროს უარსებია. ოსტერის ფანტაზია იმდენად ფენომენალურია, რომ წიგნის კითხვისას, ჰექტორ მანის ფიქტიურობაში რამდენჯერმე შევიტანე ეჭვი და გუგლის საძიებო სისტემა არაერთხელ გამოვიყენე. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი ნამდვილად გამოგონილია და წიგნში აღწერილი ფილმი ასევე ოსტერის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს, წიგნის გამოსვლის შემდეგ, ის მართლაც ფილმად აქციეს (პოლ ოსტერის სცენარით და რეჟისურით), რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ირენ ჟაკობი ასრულებს.

“ილუზიების წიგნში” ავტორი დევიდ ზიმერის და ჰექტორ მანის ცხოვრებებს შორის თითქოს პარალელს ავლებს, ხოლო ნაწარმოების ფილოსოფიის ქვაკუთხედად ძველ კითხვას არჩევს; “თუ ტყეში ხე დავარდა და ახლო-მახლო არავინ არაა ვინც ამის შესახებ გაიგებს, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს ხე ნამდვილად არსებობდა?” ოსტერი, ფრაზას ნაწარმოებში განგებ ახსენებს და თითქოს პარალელს ავლებს თავისი რომანის ფაბულასთან, რომელიც შემდეგ კითხვას უნდა აღუძრავდეს მკითხველს: “თუ ადამიანმა ცხოვრება ისე განვლო, რომ ამ ცხოვრების შესახებ, არავის გაუგია, უცხოვრია თუ არა ნამდვილად ამ ადამიანს?”

“ილუზიების წიგნის” ხიბლი ისაა, რომ ავტორი მაქსიმალურად მარტივად წერს, თუმცა ამავდროულად ეგზისტენციალისტურ თემებს განიხილავს, რომელიც მკითხველს წიგნის წაკითხვის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ახსოვს. ბოლოს იმის თქმა შეიძლება, რომ “ილუზიების წიგნი” საინტერესო, ინფორმატიული და თავგადასავლებით სავსე ნაწარმოებია, რომლის კითხვისას რთულია მოიწყინო. თუ პოლ ოსტერი არასდროს  წაგიკითხავთ, მის გაცნობას ამ წიგნით გირჩევთ.

 

Advertisements