ჰარუკი მურაკამის წიგნში “1Q84” ერთ-ერთი პერსონაჟი მარსელ პრუსტის რომანების დიდ მოცულობაზე ხუმრობს. არადა, მურაკამის ეmur
ნაწარმოები [სამ წიგნად დაყოფილი] ორტომეულია და საერთო ჯამში 1000 გვერდს აერთიანებს. თუმცა, პრუსტისგან განსხვავებით, ეს რომანი მარტივი და თანამედროვეა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ჰარუკი მურაკამის საუკეთესო ტრადიციებშია დაწერილი და მკითხველს კარგ გასართობს სთავაზობს. დეტექტივის, მისტიკის და პოპულარული ფილოსოფიის მიქსი თუ გაინტერესებთ, 1Q84 მშვენიერი არჩევანია.

 

msxl

თანამედროვე ქართულ ლიტერატურას, ნანა ექვთიმიშვილის სახით კიდევ ერთი მწერალი შეემატა. მისი სადებიუტო რომანი – “მსხლების მინდორი” წარმატებულ სტარტად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ექვთიმიშვილს მისი ფილმის “გრძელი, ნათელი დღეების” დამსახურებით საქართველოში რეჟისორად იცნობენ, თუმცა მისი წიგნი საზოგადოებას აიძულებს მას ახლებურად შეხედოს. “მსხლების მინდორი” ინტერნატში მცხოვრები ბავშვების შესახებ მოგვითხრობს. ეს დრამაა რომელიც თბილისის ინტერნატის მიკროკოსმოსში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოგონილი სამყაროა, წიგნის კითხვისას გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ აქ მოთხრობილ ამბავს თავისუფლად შეეძლო რეალობაში არსებობა.

 

pax

ბრიტანეთი თუ გაინტერესებთ და ამავდროულად ბრიტანულ იუმორზე ხალისობთ, ჯერემი პაქსმანის “ინგლისელებს” (The English) გირჩევთ. აქვე კითხვა: “საშუალება რომ გქონოდათ დაბადებულიყავით რომელიმე სხვა ერის წარმომადგენლად, რომელ ერს აირჩევდით?” პაქსმანს თუ დავუჯერებთ, დედამიწის მოსახლეობის 99 პროცენტი სწორედ რომ ინგლისელობას აირჩევდა. პაქსმანი შემდეგ სვამს კითხვას, თუ რას ნიშნავს იყო ინგლისელი თანამედროვე გაგებით და ამაზე მთელი წიგნის განმავლობაში საუბრობს. ავტორს მოჰყავს ისტორიული მაგალითები, საუბრობს ინგლისელებზე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებებზე და ცდილობს ამ სტერეოტიპების მიზეზებს ჩაწვდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, სახალისო და გადასარევი წიგნია.

 

orwe

ჯორჯ ორუელის კრებული “რატომ ვწერ?” (Why I Write) ამ ინგლისელი ავტორის რამდენიმე ესეს მოიცავს, მათ შორის ორუელის როგორც მწერლის გამოცდილებას. კრებულში შესულ სხვა ესეში ავტორი ასევე საუბრობს პოლიტიკაზე, მემარცხენეობაზე და მის სიმპატიებზე სოციალიზმის მიმართ. ზოგადად, თუ ორუელის მოყვარული ხართ და ამავდროულად ამ მწერლის სხვანაირად, შეიძლება ითქვას “შიგნიდან” დანახვა გსურთ, ამ კრებულს აუცილებლად წასაკითხ წიგნების სიაში შეყვანას გირჩევდით.

brad

გამომცემლობა წიგნები ბათუმშის კრებული “ტანმოხატული კაცი” ფანტასტიკური, ამ სიტყვის ყველა გაგებით, მოთხრობების კრებულია. ეს შედარებით ადრეული რეი ბრედბერის თვრამეტი მოთხრობისგან შემდგარი წიგნია. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოყვანილი ისტორიები ერთმანეთისგან სტილით და შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ყველა მათგანი ორიგინალურია და მიუხედავად იმისა, რომ ბრედბერიმ ეს მოთხრობები სამოც წელზე დიდი ხნის წინ დაწერა, წიგნი 2015 წელსაც ახალივით იკითხება. ასეთ წიგნებს კლასიკას ეძახიან.