დღეები და ღამეები – რეცენზია აკა მორჩილაძის ეკრანიზაციაზე

ავტორი: ტატო ჩანგელია

pirveli

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი “დღეები და ღამეები” აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმების ციკლია, რომელიც ათი ეპიზოდისგან შედგება. მათი ფაბულა ერთმანეთისგან განსხვავდება. ფილმებში ძირითადად ასახულია მეოცე საუკუნისა და ოცდამეერთე საუკუნის საწყისი წლების ყოფა-ცხოვრება.

საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, პროექტი სუსტი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ეპიზოდი არც თუ ისე ცუდია. გროტესკული მეჩვენება ასეთი არარელევანტური პროექტის დაფინანსება, მაგრამ ქართულ კინოში – მილიონებით, ან უნიჭო რეჟისორების მილიტარისტული იდეოლოგიის გამავრცელებელი სურათების დაფინანსება, ან სახელგანთქმული მორჩილაძის ნაწარმოებების ეკრანიზაციას ხომ ტრადიციად იქცა.

აკას არაფერს ვერჩი, პირიქით, მგონია რომ თანამედროვე ქართულ მწერლობაში ყველაზე გამორჩეულია, თავისი შესანიშნავი ქალაქური თხრობის სტილითა და სტრუქტურით, რომლის კითხვისას შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს პოსტმოდერნისტ ილია ჭავჭავაძეს ვკითხულობდე.

უბრალოდ მგონია, რომ მისი შემოქმედება კინოსთან არაფერ კავშირშია და ეს პირველად მაშინ დადასტურდა, როდესაც ლევან თუთბერიძემ 2005 წელს მორჩილაძის არაჩვეულებრივი რომანი “მოგზაურობა ყარაბაღში” ფილმად აქცია, რაც კრახით დასრულდა.

თუთბერიძემ ყალბი ელიტური პერსონაჟებით ნაწარმოებს მთავარი, რეალისტური და დრამატული ფონი დაუკარგა, ასე მოხდა 2011 წელსაც, როდესაც მან “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების” მიხედვით გადაიღო ფილმი, ზედმეტად ბანალური სახელით – “უშენოდ მგონი მოვკვდები” (სიმბოლური სახელია, მგონი მართლა მოკვდება ლევან თუთბერიძის მწირი რეჟისორული იმიჯი მორჩილაძის გარეშე. ) ჩემი აზრით, ეს ფილმი ბოლო წლებში ყველაზე ცუდად გადაღებული ქართული მხატრული ფილმია, მათ შორის, რაც მინახავს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე აკა ძლიერი ავტორია, მაგრამ როგორც ყველა პატიოსან მწერალს, მასაც აქვს სუსტი მხარეები. ერთ-ერთი მისი სუსტი მხარე ბრუტალური დიალოგებია. შეიძლება ვცდებოდე და ლიტერატურისთვის სრულიად მისაღები იყოს მსგავსი რამ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კინოში მისი გამოყენება აბსურდულია. ლიტერატურას და კინოს განსხვავებული რეალობები აქვს, ეს უნდა გავითავისოთ. სწორედ ამიტომაა, რომ არცერთი აკას ნაწარმოების ეკრანიზაცია საშუალო დონის კინოს სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.

ამ მინი ფილმებში, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული კინოს მთავარი პრობლემა – განათლება. კრიზისში მყოფი თეატრალური უნივერსიტეტი რეალურად ვერ ახერხებს რეჟისორებისა და სხვა მომავალი კულტურის მუშაკების რაციონალურ მომზადებას. მეტიც, უნივერსიტეტში სწავლა-განათლების პროცესი დღემდე საბჭოთა მეთოდებით მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ კინოს და ზოგადად ხელოვნების ისტორიას აცნობენ სტუდენტებს, არ ასწავლიან თეორიას, არ უქმნიან გემოვნებას. აქედან გამომდინარე, ბევრმა სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა ცუდი და კარგი ფილმის გარჩევა არ იცის.

რა ქნას? არ ასწავლეს. მათ ვერ ასწავლეს კადრებთან მუშაობა და მსახიობებთან მიდგომა, ეს პრობლემები კი – “დღეები და ღამეებში” თვალშისაცემია.

აქ თითოეულ ფილმზე ცალ-ცალკე, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი.

ქეთი მაჭავარიანი – “საქართველო, 1992”

სათაურით მიხვდებოდით, რომ ფილმში მოქმედება ავადსახსენებელ ოთხმოცდაათიან წლებში მიმდინარეობს. გაზეთის რედაქციას თანამშრომელი უბრუნდება, რომელიც აფხაზეთის ომში სნაიპერი იყო. დასაწყისში ტარანტინოს “საძულველი რვიანის” გარემო დაიხატა, შეშის ღუმელთან მსხდარი ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლით იკლავენ ტკივილიანი ეპოქის დარდს.

მეგონა მეტი ტარანტინო იქნებოდა, გამართული, სტრუქტრული, ეგზისტენციალური დიალოგებითა და სისხლით, მაგრამ რეჟისორმა და მორჩილაძემ იმედები გამიცრუეს, არაფერი მსგავსი, მკვდარი, ბანალური დიალოგები და რა თქმა უნა, არავითარი სისხლი,
მხოლოდ ერთი გასროლა.

ომის სტრესით დამძიმებული მთავარი პერსონაჟი მომაბეზრებელ ადამიანებს, რომლებიც მისი მისამართით რუტინულ კითხვებს სვამენ ომზე, აუმხედრდება, იარაღის მუქარით გაყრის რედაქციის ოთახიდან, და ჭერის მიმართულებით გაისვრის.

ეპილოგში ჩარკვიანის სიმღერა, “საქართველო” ისმის, რომელიც ამაღელვებელ და ამასთანავე სატირულ ფონს აძლევს მიმდინარე კადრს. ირაკლის სიმღერამ, ოსკარზე წარდგენილი “მანდარინები” იხსნა, აქაც იგივე ეფექტი შეიქმნა, საბოლოდ კი, საშუალოზე დაბალი ფილმი მივიღეთ, დაახლოებით ისეთი დონის, როგორიც ,,მანდარინები” .

გიორგი ვარსიმაშვილი – “ძმები ქალაქში”

პროლოგში პოლიციის გამყინავი სირენების ხმებზე დადებული არაბუნებრივი ქალის ხმის გაგონებაზე, რომელიც 112-ის ოპერატორს იარაღის გასროლის შესახებ ამცნობს, ფილმის ნახვის ყველანაირი სურვილი გამიქრო.

მეორედ, იგივე განცდა რამდენიმე წამში გამიჩნდა, როდესაც სადარბაზოდან გამოსული გაურკვეველი ტიპი ფეხზე მიკრული პარკის მოცილებას ჯიუტად ცდილობდა. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კადრია, იმათ შორის, რაც ფილმებში მინახავს. მოკლედ, ეს არის ფილმი ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტის მატარებელი ძმის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთი თერთმეტი წელია არ უნახავთ. სამწუხაროდ მსახიობებმა თავი ვერ გაართვეს საქმეს და დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მათ თავი თეატრის სცენაზე ეგონათ.

გარდა მსახიობებისა, ასევე ვერ ივარგა რეჟისორმა, რომელმაც ვერ შეძლო ნაწარმოებში ჩადებული მთავარი იდეის, ორი, დედაზე უზომოდ შეყვარებული ბიჭის შინაგანი სტრუქტურა მაყურებლისთვის ეჩვენებინა.

რეჟისორის დეგრადირებული განათლება ეპილოგში განსაკუთრებით კარგად ჩანს, როცა ძმები ერთმანეთს ესვრიან, ისევ პროლოგის ხმები – 112-ის ოპერატორთან დარეკილი არაბუნებრივი ქალის ხმა ისმის და პოლიცია იწყებს პერიმეტრის დათვალიერებას. იმის მაგივრად, რომ რეჟისორს პოლიციის მანქანების გადაადგილება და ძებნის პროცესი ენახებინა, თბილისის ქუჩებში ექსკურსია მოგვიწყო, თითქმის მთელი ქალაქის ღირშესანიშნავი ადგილები გვანახა, დაწყებული რიყის მოედნით, დამთავრებული ნარიყალას განათებული ციხესიმაგრით და ფილმი იმ ტიპით მთავრდება, რომელიც ისევ ფეხზე მიკრული პარკის მოცილებას ცდილობს. ვერაფრით მივხვდი, რა სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს პარკს.

ზურა დემეტრაშვილი – “პირველი დღე”

“პირველი დღე” საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ ერთ მეტად ჰორორულ ამბავზე, კანონიერი ქურდის სკაიპით მონათვლაზე მოგვითხრობს. სკაიპში გაქურდებული გიზოიე ინვალიდის ეტლში მოკალათებული, გამუდმებით ფანჯარაში იხედება და საათს უყურებს, იცის რომ თავისი სტატუსით დიდი ხანი ვერ იქნება “სვაბოდაზე” და ელოდება პოლიციელებს, რომლებიც იქვე, უბანთან აბირჟავებენ და აკრძალული ხერხებით ცდილობენ გიზოიეს საცხოვრებელი ადგილის დადგენას.

რეჟისორი ასე თუ ისე კარგად ხატავს კრიმინალი პოლიციელების სახეს, მაგრამ ნაწარმოების მთავარ სათქმელს არც თუ ისე კარგად გადმოგვცემს. ჩემი აზრით, ფილმის მთავარი ღერძი ქალია. ქალი, რომელიც ქურდულ მენტალიტეტს ადამიანური სეგმენტიდან ჰყავს გარიყული და ეშმაკის პროტოტიპად ყავს გამოყვანილი.

ბოლოს ქურდი აცნობიერებს იმას, თუ როგორი არარაობაა მის ირგვლივ ყველა, საკუთარი ქალის გარდა, უფრო სწორად უნდა აცნობიერებდეს, მაგრამ სამწუხაროდ ფილმში ეს მომენტი კარგად ვერ გამოჩნდა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ მგონი არც თუ ისე საშინელი სურათი გამოვიდა.

მინდა გამოვარჩიო ბაბუს როლის შემსრულებლი, ლევან ბერიკაშვილი, ალბათ ერთადერთი ქართველი მსახიობია, რომელმაც კამერასთან ურთიერთობის კომპლექსი დაძლია. მის მიერ შესრულებული როლი შესანიშნავია.

გიორგი მუხაძე – “შაბათი”

თანამედროვე მსოფლიო კინომ მიგვაჩვია მკვეთრ ფერებს, ქართველებმა კი სამწუხაოდ დღემდე ვერ ისწავლეს ამის გაკეთება. რისი ბრალია? ალბათ იმ სიბნელის ფონზე, რაც კინოშია ფერებზე არავის სცალია, არადა ამ კინოს მოუხდებოდა ფერები.

“შაბათი” არის ფილმი მაკას ცხოვრებაზე, რომელიც საყვარელთან ერთად სოფელში გაემგზავრა. რატომღაც მეგონა, რომ ტრაგიკული ისტორია გათამაშდებოდა. ალმოდოვარის მოყვარულს სოფელში ქალაქელების გამგზავება, ტრაგიკული ისტორიის გათამაშების გარეშე წარმოუდგებლად მიმაჩნია.

ტრაგედია, მხოლოდ მაკას თვალებში ცეკვავდა, რაღაც ძალიან უცნაური მოძრაობებით. ის რატომღაც საყვარელს უმალავდა სოფელს და მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარებასაც ერიდებოდა.

საყვარელი ღამით სანადიროდ გავიდა, სოფელში კი მაკას ყოფილი ქმარი და მისი მეგობრები ჩამოვიდნენ, რომლებიც რაგბისტი შვილის და მისი უცხოელი საცოლის ჩამოსვლას ელოდნენ. ფილმში ასახულია ერთი ქალის განცდები, რომლის ცხოვრებაც მარტივი და ამასთანავე ტრაგიკულია.

ფილმი თოფის გასროლის ხმით მთავრდება.

გიორგი ბარაბაძე – “ბეჭდების მბრძანებელი”

“რელიგია ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარია.”

მამაო დიდგვაროვანი კატით, ანუ ცუდი წარსულით. კარგი თემაა, ფილმიც ასე თუ ისე კარგი გამოვიდა, მიუხედავათ იმისა, რომ ბევრი თეატრია.

მამაოს, საერო სახელით ანზორი, რომელმაც ახალგაზრდობაში მეგობრებთან ერთად სახლი დააყაჩაღა სიკვდილმა მოაკითხა. სიკვდილი თავიდან მორჩილი იდეალისტი ემიგრანტის ტყავში იყო გადაცმული და მამაოს მოკრძალებულად ესაუბრებოდა, უეცრად ის უშიშროების საშიშ მუშაკად გადაიქცა, რამაც ფილმში შემოიტანა ჰეგემონიის დისკურსი, გვანახა თუ როგორ ახერხებს სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირების მოქცევას ბინძური კონფორმიზმებით მის სისტემაში.

უშიშროების მუშაკი, რომლის როლსაც გიორგი ბახუტაშვილი თამაშობს, სხვათაშორის საკმაოდ კარგადაც, მამაოს ახალგაზრდობაში ჩადენილ ერთ მკვლელობას ახსენებს. ბოლოში ირკვევა, რომ საშიში თანამშორომელი შურისძიების მიზნით არის მოსული ანზორისთან.
ფილმში კარგადაა ნაჩვენები იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც არაფერში გაუმართლა, საზოგადოების წევრი ვერ გახდა და თავი ისეთ პრივილიგირებულ სისტემას შეაფარა, როგორიც რელიგიაა. მოკლედ ეს არის კარგი ეკრანიზაცია და მის ნახვას გირჩევთ.

სანდრო ჯანდიერი – “კადეტი 92”.

ერთი ოჯახის ჩვეულებრივი ამბავი ოთხმოცდაათიანი წლებიდან, რომელიც ხანში შესული აკადემიკოსის ერთმანეთისგან განსხვავებული ორი შვილის ყოფა-ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

რეჟისორი შეეცადა მინიმალისტური კადრებით აღეწერა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ბნელი წლები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა. ვერც კადრებში ივარგა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს მოყვარული ახალგაზრდების გადაღებულ ფილმს ვუყურებდი, რომლებსაც არასდროს, არანაირი შეხება არ ჰქონიათ კინოსთან.

ამას დამატებული მსახიობების სრულიად უნიჭო, გაძეძგილი და ყალბი თამაში საბოლოო ჯამში ფილმს ცუდ პროდუქტად აქცევს. მგონი, ერთადერთი კარგი რაც ამ ფილმში ვნახე, მესამე ხარისხოვან როლში მოთამაშე კაცია, რომელიც ფანჯრიდან უყურებს, თუ როგორ მიდის მთავარი გმირი კომისარიატში და თან ყავაში არეკლილ დანგრეულ ინფრასტრუქტურას წრუპავს.

ივა ფეზუაშვილი – “მკვლელობა”

ივა კარგი მწერალია, მისი ნაწარმოებები კარგი იუმორითა და ჩამთრევი სიუჟეტებით გამოირჩევა. მისი პირველი ფილმი რამდენიმე წლის წინ ვნახე, სახელწოდებით “ბაბაზი” , რომელიც თავისი ერთ-ერთი მოთხრობის კინოეკრანიზაციაა. ივას კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოუვიდა.

მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი, თან ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციის გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად წარიმართა, ჩემი აზრით ფეზუაშვილის გადაღებული ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პროდუქტია ამ პროექტში.

ფილმის სიუჟეტის განხილვა არ ღირს, ამიტომ მოკლედ ვიტყვი: ყალბი დიალოგები და ჰორორის ჟანრში გასული სცენები საბოლოოდ ძალიან სასაცილოა, რა თქმა უნდა, არა კარგი გაგებით.

მაია კიკაბიძე – “ესპანური ტრაგედია”

ასეთ მდარე ნაწარმოებს აკა მორჩილაძისგან არ ველოდი.

რა იყო ეს მანიკენები, მსახიობების თეატრალიზირებული, უნიჭო თამაში, ბანალური, ვითომ შინაარსის მქონე სცენარი.

ან ეს ფარდა რა ჯანდაბაა, რისი სიმბოლოა? პარკივით არის ეგეც.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დაბალი დონის პიესას ვუყურებდი. ეს ნაწარმოები კინოსთვის არავითარ შემთხვევაში არ არის მორგებული, კარგ დონეზე არც სცენაზე გამოუვა მგონი ვინმეს ამის დადგმა.

მოკლედ, გვერდზე გადასადები ნაწარმოებია, რომელსაც კარგად მწერალმა არასდროს უნდა შეხედოს.

გიორგი თავართქილაძე – “თანამებრძოლები”

კომუნიზმი განადგურების პირასაა, გარეთ ეროვნული მოძრაობის წევრები მიტინგს ატარებენ, ქვეყანა ქაოსშია, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ფუტურისტობაზეა გადასული.

ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თავის ჩამოხჩობას აპირებს ლენინის სურათის ფონზე, მაგრამ არაფერი გამოსდის, ზედმეტად ნარცისია. რეჟისორი ცდილობს აბსურდის დახატვას, მაგრამ უშედეგოდ – მსახიობები ზედმეტად უნიჭოები არიან, უფრო სწორად მთავარი როლის შემსრულებელი ზაზა პაპუაშვილი ისეთივე უნიჭო მსახიობია, როგორიც პოლიტიკოსი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს პიესას ვუყურებდი სცენაზე. რატომღაც პროექტის ყველა ფილმის სცენარი სცენის პრესპექტივა მგონია.

სამწუხაროდ პროექტის მეათე ეკრანიზაცია ინტერნეტ სივრცეში ვერ ვიპოვე, შესაბამისად წარმოგიდგინეთ ცხრა ფილმის რაც შეიძლება მოკლე რეცენზია.

წერილის ბოლოს მოკლედ ვიტყვი: “დღეები და ღამეები” – მე ვერავითარი დღე ვერ დავინახე, ზოგადად ქართულ თანამედროვე კინოში ძნელია მზის შუქის დანახვა, აქ ძალიან ბნელა, ამიტომ ეს პროექტი ჩემს გონებაში “ღამეები და ღამეები” სახელით ჩაიწერება.

ჩემი აზრით, პროექტში შესული არცერთი ეკრანიზაცია მისი დაბალი ხარისხიდან გამომდინარე ქართულ კინოში ვერ შექმნის ვერანაირ დადებით დისკურსს. მგონია, რომ სცენარები ძალიან დაბალი დონისაა და კიდევ ერთხელ მიჩენს დიდ სურვილს, ქართულმა კინომ “აკას კომპლექსი” დაძლიოს.

Advertisements

One thought on “დღეები და ღამეები – რეცენზია აკა მორჩილაძის ეკრანიზაციაზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s