თბილისის რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც წელს 3-9 დეკემბერს ჩატარდა, მაყურებელს ტრადიციულად ათეულობით ახალი და არამხოლოდ ახალი ფილმის ნახვა შეეძლო. 8 დეკემბერს ფესტივალმა სხვადასხვა საკონკურსე პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინა. ოქროს პრომეთე დარია ჟუკის “ბროლის გედი” – ს ხვდა წილად, ვერცხლის პრომეთე კი პიოტრ დომალევსკი “მშვიდი ღამე” – ს გადაეცა.

გამარჯვებულების სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.  ჩვენ კი ,უკვე ტრადიციულად, გთავაზობთ ლიტაგორას ხუთეულს, რომელიც კონკურსის მიღმა, ფესტივალზე ნანახ ფილმებს შორის შეირჩა. აქვე უნდა ითქვას, რომ დატვირთული პროგრამიდან გამომდინარე, ყველა ფავორიტი ფილმის ხილვა ვერ შევძელით. თუ რა ფილმებს შორის მოხდა ამ ხუთეულის შერჩევა და ასევე სხვა ნანახ ფილმებზე მიკრო რეცენზიების წასაკითხად ჩვენს ინსტაგრამ გვერდს შეგიძლიათ ეწვიოთ. 

5.  გვიანია, რომ მოკვდე ახალგაზრდა/Too late too Die Young 

დომინიგა სოტომაიორი ჩილეს კინოსკოლის ღირსეული წარმომადგენელია. მისი “გვიანია, რომ მოკვდე ახალგაზრდა“ ამის კიდევ ერთი მაგალითია. სოტომაიორის ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულ ფილმში მოვლენები 90იან წლების ჩილეში მიმდინარეობს, ეპოქაში როდესაც ქვეყანა დიქტატურიდან დემოკრატიაში გადადიოდა. ფილმი ამ ფაქტს საერთოდ არ ახსენებს, თუმცა ამის მიუხედავად პარალელები პირად ამბავს, რომელიც გარდატეხის ასაკს ასახავს, და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას შორის, აშკარაა.

თუმცა, ფილმი ამ ეპოქის და ქვეყნის ისტორიის ცოდნის გარეშეც მშვენივრად იყურება, ფილმი ხომ ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლის მონაკვეთზე მოგვითხრობს.

ამავდროულად ერთი შეხედვით გაცვეთილ თემას, სოტომაიორი პერსონაჟების მდიდარი აღწერით (ეს იოლი დავალება არ იყო მათი სიმრავლის გამო) და თხრობის უნარის კარგად ფლობის ხარჯზე თავისებური პერსპექტივიდან გვიჩვენებს

4. ახალგაზრდა ასტრიდი/Becoming Astrid

ასტრიდ ლინდგრენის სახელიდან გამომდინარე დიდი იყო ალბათობა მისი ცხოვრების ისტორია ჰოლივუდში მოხვედრილიყო. შედეგად მივიღებდით გაპრიალებულ დრამას, შუა ხნის მეგა ვარსკვლავით მთავარ როლში, რომელსაც 16 წლის ჯერ არ შემდგარი მეზღაპრე უნდა განესახიერებინა, რომელიც აუცილებლად ილაპარაკებდა ინგლისურად, შიგადაშიგ შვედური სიტყვებით და აქცენტით.

საბედნიეროდ “ახალგაზრდა ასტრიდის“ გადაღების პატივი შვედებს და დანიელებს ერგოთ.

ფილმი ახალგაზრდა ლინდგრენის ცხოვრებას ასახავს და მისი  ბიოგრაფიის ყველაზე რთულ და მტკივნეულ პერიოდზე მოგვითხრობს. პერიოდზე როდესაც ლინდგრენი შესაძლოა საკუთარი შვილის გარეშე დარჩენილიყო. ლინდგრენის შემოქმედების მხოლოდ გაკვრით ხსენების გზის არჩევით, რეჟისორმა (პერსილ ფიშერ კრისტენსენი) მოახერხა და დღეს ცნობილი ადამიანის ისტორიის მოყოლოთ არამხოლოდ უნივერსალურ, პატრიარქალურ კულტურის მარწუხებში მოქცეული ქალის ისტორიას, შეეხო, არამედ ამის გაკეთება სრულფასოვნად შეძლო

3. “ბედნიერი ლაზარე“/Happy as Lazzaro 

“ბედნიერი ლაზარე“ იტალიური კინოს ტრადიციების გაგრძელებაა. ის ხან პიერ პაოლო პაზოლინის გვახსენებს, ხან კი ვიტორიო დე სიკას, ზოგჯერ – ორივეს ერთად.

აქ რეალიზმს ხან სიმბოლიზმი ანაცვლებს, ხან კი სიურრეალიზმი და მაგიური რეალიზმი.

ასეთი მიდგომა ზოგიერთ შემთხვევაში გადამლაშებულიც კი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ალიჩე რორვახერის ეს ნამუშევარი ისაა რასაც კინო ჰქვია, ის რასაც ემოციის გამოწვევა შეუძლია, და ის რასაც მაყურებლის გულში ადგილის დიდი ხნით დაკავების პოტენციალი აქვს

2. დახლებს შორის/In the Aisles

როდესაც სუპერმარკეტში შედიხარ ყველაფერი სექციებათაა დაყოფილი და თაროებზეა გამზადებული. აქ წესრიგი მეფობს, განსხვავებით ცხოვრებისგან, სადაც წესებს ქაოსი ადგენს.

ტომას შტუბერის “დახლებს მიღმა“ ფილმის მთავარ ლოკაციად სუპერმარკეტს ირჩევს, რაც ცხადია შემთხვევითი არ არის.

რეჟისორი აქ ყოველდღიურ სამუშაო რუტინას დიდ ცხოვრებისეულ კითხვებს უპირისპირებს, ისეთს როგორიც სიყვარული და მარტოობაა. “დახლებს მიღმა“ მაყურებლისგან მოთმინებას მოითხოვს. თუმცა, შტუბერი მომთმენ მაყურებელს ოსტატური ფინალით ასაჩუქრებს, რომელიც ფილმის სხვადასხვა სიუჟეტურ ხაზს ერთი კვანძით კრავს.

 

1. ალმოდებული/Burning

“ალმოდებული” ჩან დონ ლის ტრიუმფია. ფილმი, რომელიც ერთგვარი მეტაფორაა კინოს ტრადიციულ ნარატივის სტრუქტურას თავდაყირა აყენებს და მაყურებელს გაოგნებულს ტოვებს. “ალმოდებულის” სახით თქვენს წინაშეა სასპენსის არათუ შესანიშნავი, არამედ უჩვეულო და ახლებური მაგალითი.

თუ ფილმის ყურებისას დევიდ ფინჩერის “თამაში,” კრისტოფერ ნოლანის “მიმდევრები” ან პარკ ჩან ვუკის “Oldboy” გახსენდებათ, იცოდეთ, თქვენ პასუხს არასწორ ადგილას ეძებთ. “პასუხიც” ამ შემთხვევაში არასწორი სიტყვაა, ფილმი ხომ მას არ გთავაზობთ.

ჩან დონ ლი “ალმოდებულით” გამოცანას, ერთგვარ ენიგმას ქმნის, რომლის ამოხსნის და ინტეპრიტირების სურვილი მაყურებელს სეანსის შემდეგ დიდი ხანი გაყვება.

აქვე გთავაზობთ შეფასებით [აუდიო] პოდკასტს, რომელშიც ფესტივალს კინომცოდნე ანა ჭყონია, ფესტივალის პროგრამის კოორდინატორი გურამი ღონღაძე და პოდკასტის წამყვანი დათო ლობჟანიძე მიმოიხილავენ