ავტორი: ნანა გოგოჭური
მაქს ფრიშის რომანის, ჰომო ფაბერის მთავარი გმირის – უოლტერ ფაბერის ცხოვრების არსი მხოლოდ სტატისტიკა გახლდათ. ფაბერის ყოველდღიურობა სტატისტიკას, ზუსტ მეცნიერებებსა და ლოგიკურ აზროვნებას ემყარება. თუმცა ყველაფრის გათვლა როდია შესაძლებელი, თუნდაც ისეთი კაცისთვის, ვისთვისაც ყველაფრის რიცხვებამდე დაყვანა და ანგარიში დღის წესრიგის ნაწილია. სწორედ მთავარი გმირის ცხოვრებაში ხდება ის, რასაც რიცხვების სათავისოდ დაანგარიშებაც კი ვერ შეცვლის. წარმოიდგინეთ შუა ხნის ასაკს მიღწეული, განათლებული მამაკაცი, რომელიც ისევე მარტივად ხსნის უდაბნოში არსებულ შესაშურ პეიზაჟებს, როგორც იმას, თუ რატომაა ჭადრაკი საუკეთესო თამაში, როცა ფიქრობს, რომ მხოლოდ ამ დროს შეუძლია საათობით იჯდეს ჩუმად მოთამაშის პირისპირ და ეს სიჩუმე სულაც არ იყოს უხერხული. თუნდაც მოთამაშე ოცი წლის უნახავი მეგობრის ძმა აღმოჩნდეს, უდაბნოში სადაც რეისი სრულიად დაუგეგმავად დაეშვა.
ოცი წლის წინ დაბრუნება კი უოლტერ ფაბერს აიძულებს გაიხსენოს პირველი სიყვარული-ჰანა. ებრაელი ქალი, რომელიც ბოლო შეხვედრისას მათი სიყვარულის ნაყოფს ატარებდა მუცლად . ჰანა გახლავთ ბედისწერასა და ხელოვნებაზე გამიჯნურებული მორწმუნე ქალი, რომლისთვისაც სიტყვები „შენი შვილი“ უოლტერთან ურთიერთობის დასრულების მიზეზი ხდება. ჰანას ცხოვრება შემდეგი ოცი წლის განმავლობაში უოლტერისათვის ბუნდოვანია. მან მხოლოდ ახლა გაიგო, რომ სწორედ მის მეგობარს გაჰყოლია ცოლად და შვილიც ჰყოლიათ, თუმცა ერთად დიდხანს არ დარჩენილან.
ჰომო ფაბერის აწ უკვე ნახსენები ხასიათის თავისებურებების მიუხედავად, მკითხველი პირველივე გვერდიდან გრძნობს მის სუსტ ბუნებას, თუ როგორ ყოყმანობს და ვერ იღებს მარტივ გადაწყვეტილებებს, რამდენად ხშირად უსვამს ხაზს რომ არ იცის ესა თუ ის ნაბიჯი რატომ გადადგა, რატომ აირჩია ეს რეისი, რატომ არ სურს თვითმფრინავში ასვლა და ა.შ. ამგვარ გაურკვევლობას, ემატება ნოსტალგია და შინ დაბრუნებული, გადარჩენილი უოლტერი ცდილობს გაექცეს როგორც გათხოვილ საყვარელს, ისე ხმელეთს და გემით მოგზაურობას იწყებს.
ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია როგორი იყო უოლტერისა და ჰანას ცხოვრება უერთმანეთოდ. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ფაბერის მდგომარეობა როცა წარსულზე ფიქრი და გახსენება მოუხდა. თავიდან იბადება წარსულის მოგონებები და მარტივია ისევ იმ ადამიანად იქცე, როგორც უოლტერის შემთხვევაში მოხდა, შეგიყვარდეს თავიდან ახალგაზრდა წითური ქალი, რომლის ცხენის კუდი ყველას ერთიანად იზიდავს გემზე. მეორედ შეყვარება რაციონალურად მოაზროვნე კაცისთვის მისტიკურ ამბად გადაიქცევა, ანუ ფინალად, რომლისთვისაც ავტორი პირველივე გვერდებიდან გვამზადებს.
წიგნის მთავარი ხიბლი არა ფინალური მოტივი, არამედ თანამედროვე ადამიანის შესაძლებლობების განზოგადება და გადააზრებაა. სტატისტიკისა და ბედისწერის ჭიდილში, ჰომო ფაბერს უყვარდება საკუთარი ქალიშვილი, რომელიც მანამდე არასდროს ენახა . იგი ამ ამბავსაც რიცხვებით ებრძვის, ანგარიშობს შვილის ასაკს და პასუხი ისევ და ისევ მხოლოდ მისი სურვილის ტოლია. საბოლოოდ აზროვნება გვევლინება აბსურდის ზეიმად, უსუსური ადამიანის საბედისწერო ცხოვრებაში. სიცოცხლეში ხშირად იმ ადგილას აღმოვჩნდებით, რომელიც ჩვენს წარმოსახვით რუკაზე არ დაგვიტანია და სწორედ იმას ვეჯახებით, რასაც ასე ძლიერ გავურბივართ.
რომანში რამდენიმე მთავარი თემაა. ერთ-ერთი მათგანი ტექნოლოგიაა, რომელიც როგორც ფილოსოფია აღწერს რწმენას, რომლის მიხედვითაც ყველაფერი შესაძლებელია და რომ ტექნოლოგია აძლევს ადამიანს შესაძლებლობას აკონტროლოს საკუთარი ცხოვრება, თუმცა, ფაბერის სამყაროსადმი ასეთი დამოკიდებულება მთელი რომანის განმავლობაში დიდ გამოცდას გადის . რომანი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება პრაგმატული ადამიანის ცხოვრება გრძნობებით დახუნძლული და თავზარდამცემი გახდეს. კითხვის დროს კი ფინალურ მოტივზე მეტად, პერსონაჟის გარდასახვა და თავიდან დაბადების მცდელობა გიტაცებს, სადაც მთავარი გმირის სპონტანურად ყოფნის, ადამიანად ყოფნის ჩანასახებია.