ავტორი: გელა ვადაჭკორია
ლიტაგორას ახალი რუბრიკის მიზანი ძალიან მარტივია – მკითხველის კონკრეტული ფილმით დაინტერესება. გვსურს მიმოხილვა საინტერესო იყოს მათთვისაც კი, ვისაც ესა თუ ის ფილმი უკვე ნანახი აქვს. დღევანდელ მიმოხილვაში ისლანდიელი რეჟისორის ბალთაზარ კორმაკურის მიერ 2015 წელს გადაღებულ „ევერესტზე“ მოგითხრობთ, რომელსაც საფუძვლად რეალური ისტორია უდევს და 1996 წელს ჰიმალაებში დატრიალებულ ტრაგედიას ეხება,
90-იანების დასაწყისი ჩვენთვის დამოუკიდებლობის მოპოვებასთან, აალებად ორცხობილა პიკნიკთან, წითელი თუ მწვანე ფერის მხრჩოლავ „კერასინკასთან“ და მეცხრე ბლოკის ამოუცნობ ფენომენთან ასოცირდება, მსოფლიო მთასვლელობისათვის კი ეს კომერციული ალპინიზმის ეპოქის დასაწყისი იყო. ევერესტზე „ტურისტების“ აყვანის კუთხით რობ ჰოლის კომპანია გამოირჩეოდა. ზელანდიელს თავადაც არაერთხელ დაელაშქრა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი. ამერიკელი სკოტ ფიშერისათვის, რომლის როლსაც ფილმში ჯეილ ჯილენჰოლი ასრულებს, ეს პირველი კომერციული ექსპედიცია იყო.
ევერესტის ტრაგედიას არაერთი წიგნი, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი მიეძღვნა. მათ შორის გამორჩეულია რობ ჰოლის კომერციული ექსპედიციის „თავგადასავლის კონსულტანტების“ წევრის, ჟურნალ Outside – ის რეპორტიორის და იმ დროისათვის უკვე პოპულარული მწერლის ჯონ კრაკაუერის 1997 წლის წიგნი (ორიგ.: Into Thin Air), სადაც ავტორმა ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად მეორე კომერციული ექსპედიციის, სკოტ ფიშერის „მთის სიგიჟის“ გიდის ანატოლი ბუკრეევის ქცევა დაასახელა. კრაკაუერის საპასუხოდ ბუკრეევმა ვესტონ დეუოლტის დახმარებით „ასვლა: ტრაგიკული ამბიცია ევერესტზე“ დაწერა. მთამსვლელობით დაინტერესებული საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო, ერთი ნაწილი ბუკრეევს გმირად მიიჩნევს, მეორე კი კრაკაუერის პოზიციას ემხრობა. მოცემულ დისკუსიებს წითელ ზოლად გასდევდა ბუკრეევის საბჭოთა წარსული, რასაც თავად მთასვლელიც აღნიშნავდა ტრაგედიის შემდეგ ჩაწერილ ინტერვიუებში.
ბუკრეევის წიგნი მის მოგონებებს, ჩანაწერებს და ექსპედიციის წევრების აუდიოჩანაწერებს ეყრდნობა, მხატვრული ღირებულებით ნაკლებად გამოირჩევა, თუმცა უმცირეს დეტალებამდეა გაშიფრული ექსპედიციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის შიდა სამზარეულო, რაც მთამსვლელობით დაინტერესებული მკითხველისათვის ძალზედ საინტერესო საკითხავია.
ბუკრეევის წიგნის პრეზენტაცია 1997 წლის ნოემბერში ამერიკაში შედგა. მალევე, დეკემბერში ამერიკის ალპურმა კლუბმა ყაზახ მთამსვლელს დევიდ სოულსის სახელობის პრემია მიანიჭა, რომელიც მათ გადაეცემათ, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვების გადარჩენას ახერხებს. 1997 წლის 25 დეკემბერს კი ლეგენდად ქცეული მთამსვლელი ჰიმალაებში, ანაპურნას კალთებზე ზვავმა იმსხვერპლა.
დაინტერესების შემთხვევაში, არსებულ ლიტერატურას თუ დოკუმენტურ ფილმებს თავადაც გაეცნობით. უშუალოდ ფილმთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ სცენარი რობ ჰოლის ექსპედიციის წევრის, მართლაც რომ საიქიოდან მობრუნებული ბექ უეზერსის, წიგნის „სასიკვდილოდ განწირული: ჩემი მოგზაურობა ევერესტიდან შინისაკენ“ (ორიგ.: Left for Dead: My Journey Home from Everest) მიხედვითაა დაწერილი. თუ ამ თემით დაინტერესდით და ფილმის ნახვა ამ განხილვის წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდებათ, გირჩევდით, რომ ჯერ ტრაგედიასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ მასალას გაეცნოთ და ფილმი მხოლოდ ამის შემდეგ ნახოთ.
ბოლოსთვის კი მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ თქვენი გადასაწყვეტია ანატოლი ბუკრეევის მიერ ჩატარებულ სამაშველო ოპერაციას გმირობად შეაფასებთ, თუ შეცდომის გამოსწორების მცდელობად.