ავტორი: გიო სილაგაძე

 

„მსუნაგი ქალაქი“ (Fat City) ჯონ ჰიუსტონმა 1972 წელს, ლეონარდ გარდნერის იგივე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაიღო. ეს ნამუშევარი  კალიფორნიის შტატის პატარა ქალაქ სტოქტონში მცხოვრებ ორ მოკრივეზე მოგვითხრობს. მათი შეხვედრა სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს ხდება და მას შემდეგ მათი კარიერა ერთმანეთის საპირისპიროდ ვითარდება. ჰიუსტონის ეს ფილმი არ ჰგავს 70-იანებისა და 80-იანი წლების ფილმებს კრივზე. იგი გაცილებით რეალურია ვიდრე „როკი“. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავარი თემა არ არის კრივი, კრივს ფილმში მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს.

ბილი (სტეისი კიჩი) გამოცდილი მოკრივეა, რომლის ოცნებები დაფუძნებულია მის პროფესიონალურ წარმატებებზე. „მოვიგებ ბრძოლას და დავიბრუნებ ცოლს“ მტკიცედ უმეორებს იგი საკუთარ თავს. გამომდინარე იქედან, რომ ამ მხრივ, თავისმა საუკეთესო წლებმა ჩაიარა, იგი სწრაფად მიექანება ტოტალური თვითგანადგურებისკენ. როგორც უკვე ავღნიშნე ფილმი ძალიან რეალისტურია. ცნობილი გამონათქვამი, სადაც ცხოვრება შოკოლადის ყუთთანაა შედარებული აქ არ მოქმედებს. დამარცხებებს შეჩვეული და ფორმიდან ამოვარდნილი ტალი, სტალონეს როკისგან განსხვავებით,  არ იღებს  მოულოდნელ გამოწვევას მსოფლიო ჩემპიონ აპოლო ქრიდისგან.  ახალგაზრდობაში გამარჯვებას შეჩვეულმა უკვე მიაღწია თავისი შესაძლებლობების ზენიტს, მისმა საუკეთესო პერიოდმა კარგა ხნის წინ ჩაიარა, ახლა კი ყოველი ახალი დღე უკვე წინაზე წარუმატებელია. წარუმატებლობას იგი სხვადასხვა მიზეზს უძებნის: გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხებას აბრალებს მენეჯერის გულგრილობას, ცოლის დაკარგვას კი მის წარუმატებლობას რინგზე. ძალიან სწრაფად ოცდაათ წელს მიღწეული, აღმოაჩენს რომ უკვე მონოტონურობის ქსელში უიმედოდაა გაბმული. მისი ყოველი დღე ერთნაირია, ალკოჰოლის ცარიელ ბოთლებთან ერთად გაღვიძებით იწყება,  საუკეთესო შემთხვევაში, მინდორში ფიზიკური შრომით გრძელდება და  ბარში ვისკის დალევით სრულდება.

ერნი (ჯეფ ბრიჯესი) ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მამაკაცია. მისთვის კრივი უფრო გართობაა, ვიდრე პროფესია. თუმცა, თუ რამეს პირველად ცდი  და კარგად გამოგივა იგი სერიოზულად დაგაფიქრებს, ადვილად დაბადებს გონებაში ოცნებებსა და არარეალური პერსპექტივის გრძნობას და ეს ყველაფერი მანამდე იარსებებს სანამ პირველ იმედგაცრუებებსა და წინაღობებს არ მიიღებ ცივ შხაპად. რა თქმა უნდა, ერნის შემთხვევაშიც ყველაფერი მსგავსად მოხდა.  ბილი და ერნი ერთმანეთს სპორტდარბაზში ხვდებიან და ეს ორი პერსონაჟი მთელი ფილმის განმავლობაში ერთგვარ კონტრასტს ჰქმნის.

სტეისი კიჩი შეუდარებელია  ფილმის პირველიდან უკანასკნელ კადრამდე, სადაც იგი თავისნაირი ადამიანებით სავსე ვირთხის სოროს მსგავს რესტორანში, უიმედოდ, უემოციოდ, თითქოს საკუთარ ბედს შეგუებული მიმოიხედავს. მთელი ფილმის განმავლობაში კიჩი თავიდან ფეხებამდე ჩაფლული, ცხოვრობს და სუნთქავს თავისი როლით.

„მსუნაგ ქალაქში“ განსაკუთრებით შესამჩნევია ადგილის ავთენტურობა. მისი ნახვისას ფაქტობრივად შეიგრძნობ ბარის სცენების ლუდის გემოს, კრივის სცენების ოფლის სუნით გაჟღენთილ ჰაერს და სამუშაო სცენების მინდვრებში მზის მცხუნვარებას. ფილმს არც დასაწყისი აქვს, არც შუა ნაწილი და არც დასასრული. ეს არის უბრალოდ კალიფორნიის შტატის ერთი პატარა ქალაქი: ჩაბნელებული ბარებით, ბინძური რესტორნებით, დამტვერილი სასტუმროებით, პატარა ძველი კრივის დარბაზით, მზის მცხუნვარებისგან ადუღებული ხახვის მინდვრებით და წარუმატებელი ადამიანებით. უიმედო, უბედური ადამიანებით, რომელთა უფერული ცხოვრება ერთ ადგილას დგას და არ იცვლება. ადამიანებით რომლებიც მიუხედავად მათი ძალისხმევისა წინასწარ არიან განწირული წარუმატებლობისთვის, რომლებიც ყოველდღიურობას ალკოჰოლით ებრძვიან და მცირედ იმედებს ბოლომდე ებღაუჭებიან. ფილმის მთავარი ხიბლი მარგინალური ადამიანების ცხოვრების ყოველგვარი ზედმეტი სენტიმენტალიზმის გარეშე გადმოცემაა, რაც მაყურებელს აიძულებს პერსონაჟებს ადვილად გაუგოს. „მსუნაგი ქალაქი“ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ფილმია მუშათა კლასის შესახებ. ჰიუსტონის ეს ფილმი გაფორმებულია ადგილობრივი, კალიფორნიის შტატის ქალაქ ბეიკერსფილდის ქანთრი მუსიკით, იგი კრის კრისტოფერსონის გიტარის თანხლებით იწყება, რაც დაგეხმარებათ გაიგოთ და შეიგრძნოთ თუ რას გრძნობენ და განიცდიან პერსონაჟები როცა მორიგ დილას  „Help me make it through the night“-ის მოსმენით იწყებენ.