ვიქნები თუნდაც განტენბაინი – ინტერპრეტაცია მკითხველს ეკუთვნის

ავტორი: ნანა გოგოჭური

ისინი შემიყვარებენ იმისთვის რაც მანადგურებს

სარა კეინი, ფსიქოზი 4.48

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, რომლებსაც ხშირად თავად ვქმნით. სწორედ ასეთი მოულოდნელი ამბებითა და პერსონაჟებით აღსავსე რომანია მაქს ფრიშის „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, რომლის კითხვის დროსაც ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს ჩვენ წინ გადაშლილი ქაოსური ამბები, ჯამში ერთ მთლიან დალაგებულ სურათს ჰქმნიან. ხშირად სხვადასხვა წიგნის კითხვის დროს, სიუჟეტით გატაცებულნი, ვფიქრობთ, რომ ნაწერი სიმართლეს შეესაბამება და ის ყველაფერი, რასაც თვალს ვადევნებთ მართლა ხდება ან ხდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით განტენბაინის შემთხვევაში, რადგან ავტორი ხშირად გვახსენებს, რომ ის, რასაც ვკითხულობთ, მისი წარმოსახვისა და სურვილების ნაყოფია.

ამგვარი წერის სტილის გამო დაბადებულ უამრავ კითხვაზე კი პასუხი სწორედ სათაურში უნდა ვეძებოთ, რაც ჩემთვის ქართულ თარგმანში ნიშნავს, დაე ვიყო ყველაფერი, გარდა საკუთარი თავისა. ნაწარმოებში იდენტობისა და ტანისამოსის/გარეგნობის ცვლა ერთმანეთთან იგივდება, რაც დამეთანხმებით მარტივ ამბავს სულაც არ წარმოადგენს. ცხოვრებაში ყველა ჩვენგანი გარკვეულ ან გაურკვეველ როლს ვასრულებთ, თუმცა ალბათ თქვენც იშვიათად შეგხვედრიათ ვინმე თვალხილული, ვისაც ბრმის როლის თამაში ნდომებია, თან გამოსვლია კიდეც. ერთი შეხედვით ძნელად შესასრულებელი როლი ჩანს, თუმცაღა, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ საზოგადოებისთვის ვართ ის, რადაც თავს წარვუდგენთ. გარშემო კი ჩვენზე ყველამ ის იცის, რაც გვინდა, რომ იცოდეს. მაგალითად მახსენდება აბას კიაროსტამის ფილმი Close-up (ახლოდან), დოკუმენტური და მხატვრული სიუჟეტის შერწყმა, ამბავი კაცისა, რომელიც ერთ-ერთ კინომოყვარულ ოჯახს აჯერებს, რომ რეჟისორია.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ღარიბ, ხელოვნების მოყვარული ადამიანის შეძლებულ და წარმატებულ რეჟისორად გარდაქმნასთან. განტენბაინი კი, წარმატებული ცხოვრებითა და ფილოსოფიური ქადაგებებით გადაღლილი კაცის, უსარგებლო და საბრალო ადამიანად გარდაქმნის მცდელობაა, რომელიც არა წარმატებას, არამედ შეცოდებასა და გაგებას ელის. არსებული განსხვავების მიუხედავად, კიაროსტამისა და ფრიშის ორივე პერსონაჟი მონო სპეკტაკლს დგამს, საკუთარ თავს გაურბის და ცხოვრებას სცენად აქცევს. ასეთ დროს განტენბაინის წარმატების საიდუმლოს, დაჯერება წარმოადგენს. დაჯერება იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება სწორედ ის არის, რაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. „წარმომიდგენია : ჩემი ცხოვრება ვინმე დიდ მსახიობ ქალთან, რომელიც მიყვარს, ამიტომ ვირწმუნებ თავს, ბრმა ვარ-მეთქი და ჩვენი ბედნიერებაც ამაზეა დამყარებული, ერქვას მას თუნდაც ლილა.“

განტენბაინის ცხოვრება მართლაც ემსგავსება თეატრს, რადგან მაყურებლის გარეშე იგი ან რეპეტიციობს, ან იმაზე ფიქრობს, რომ გარეგნული ცვლილებები შინაგან ცვლილებებს სულაც არ ნიშნავს. საბოლოოდ გვექმნება წარმოდგენა, რომ ერთადერთი მაყურებელი და ხილული სწორედ რომ განტენბაინია, ყველა დანარჩენი კი ბრმა და უძლურია რეალობის წინაშე.

მაქს ფრიში არათუ ღია, არამედ ფინალის სხვადასხვა ვარიაციასაც არ გვიმტკიცებს, ბოლომდე არ გვიშლის და თამაშში გვრთავს. არარსებული სიუჟეტური ხაზის ხარჯზე, როცა ავტორი არც არაფერს გვაჯერებს და მოვლენების განვითარებას მხოლოდ გვთავაზობს, წიგნის დასასრული ჩვენი ინტერპრეტაციის საგანია. ეს ყველაფერი უფლებას გვაძლევს ჩვენ მიერ დანახული დასასრული დავიჯეროთ, რაც გვაიძულებს წიგნის მთავარ პერსონაჟს გავუგოთ და მართლაც, ვიყოთ თუნდაც განტენბაინი ან ლილა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s