აპრილიდან მოყოლებული თვეში ერთხელ ჩვენთვის საინტერესო წიგნებს მიმოვიხილავდით. 2015 წელი შევაჯამეთ და წლის განმავლობაში ორმოცი მიმოხილული წიგნიდან ხუთის გამორჩევა და ამ პოსტში გაერთიანება გადავწყვიტეთ. აქ მოყვანილი წიგნების შერჩევაში მთავარი კრიტერიუმი მრავალფეროვნება იყო და არა საუკეთესოს გამორჩევა , ამიტომ ეს სია “საუკეთესო წიგნების” ერთიანობად არ უნდა აღვიქვათ. წლის განმავლობაში მიმოხილული წიგნების სანახავად ეწვიეთ ჩვენი რეცენზიების გვერდს.
გამომცემლობა წიგნები ბათუმშის კრებული “ტანმოხატული კაცი” ფანტასტიკური, ამ სიტყვის ყველა გაგებით, მოთხრობების კრებულია. ეს შედარებით ადრეული რეი ბრედბერის თვრამეტი მოთხრობისგან შემდგარი წიგნია. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოყვანილი ისტორიები ერთმანეთისგან სტილით და შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ყველა მათგანი ორიგინალურია და მიუხედავად იმისა, რომ ბრედბერიმ ეს მოთხრობები სამოც წელზე დიდი ხნის წინ დაწერა, წიგნი 2015 წელსაც ახალივით იკითხება. ასეთ წიგნებს კლასიკას ეძახიან.
ანტი-მილიტარისტული წიგნი თუ გნებავთ, ასეთი დალტონ ტრამბოს “ჯონიმ იარაღი აიღო” (Johnny Got His Gun) გახლავთ. რომანი პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ახალგაზრდის შესახებ მოგვითხრობს. ომი რომელიც ოთხი წელი გაგრძელდა, მთავარი გმირისთვის (ჯო ბონემი) მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს. წიგნის დასაწყისშივე ჯო არტილერიული დარტყმის შედეგად კარგავს ყველაფერს, ხელ-ფეხს, თვალებს, კბილებს, ენას, ყურებს და ა.შ. ერთადერთი რაც ხელუხლებელი რჩება, მისი ტვინი და აზროვნების უნარია. საკუთარი სხეულის ტყვეობაში მყოფი ჯო იხსენებს, თუ რამ მოიყვანა აქამდე, როგორი ბავშვობა ჰქონდა, იხსენებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს, იმედგაცრუებებს, იმედებს. ჯოს პერსონაჟით დალტონ ტრამბო აღწერს სამყაროს, რომელიც ომისთვის მხოლოდ სტატისტიკურ ერთეულს წარმოადგენს.
ამბობენ, რომ ამერიკელი ნობელიანტი მწერალი, სოლ ბელოუ თავის ნაწარმოებებს შორის პირად ფავორიტად რომანს “ჰენდერსონი, წვიმის მეფე” (ქართული თარგმანი – გამომცემლობა “დიოგენე”) ასახელებდა. წიგნი ერთი მატერიალურად მდიდარი, მაგრამ ცარიელი ცხოვრების მქონე ადამიანის შესახებ მოგვითხრობს. ჰენდერსონი ასეთ გვარს ატარებს მილიონერი, რომელიც აფრიკაში სპონტანური მოგზაურობის დროს ცდილობს აზრი შესძინოს თავის ცხოვრებას. რომანი პირობითად ორ ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, პირველში მთავარი გმირი საკუთარი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, მეორე კი სათავგადასავლო ნაწილია, რომელშიც ჰენდერსონის ეგზისტენციალური ძიების ფონზე თანამედროვე მსოფლიოს მოწყვეტილ ტომებს ვეცნობით.
რამდენიმე წლის წინ ეკრანებზე გამოსული ვაჩოვსკების კინოფილმი “ღრუბლიანი ატლასი“ ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. თუმცა, ეკრანიზაცია და წიგნი ერთმანეთისაგან ისევე განსხვავდება, როგორც ტრეილერი და სრულმეტრაჟიან ფილმი. რომანის ავტორმა, დევიდ მიტჩელმა ექვსი აბსოლუტურად განსხვავებული ეპოქის და ისტორიის ერთ ნაწარმოებში გაერთიანება მოახერხა. საინტერესოა, რომ ცალკეულ ისტორიას და ეპოქას მიტჩელი განსხვავებულ ლიტერატურულ სტილ უსადაგებს. ამ მხრივ წიგნის ავტორი ყველაზე საინტერესო ლინგვისტურ ექსპერიმენტს შორეული მომავლის ამბების აღწერისას იყენებს. ამ შემთხვევაში მიტჩელი იმდენად შორს მიდის, რომ ჰიპოტეტიურად წარმოიდგენს ინგლისური ენის დეგრადაციას და ამავე ენით, განგებ შეცდომებით გვიყვება ისტორიებს.
მხატვრული ლიტერატურის ცოტა ხნით გვერდზე გადადებას თუ გადაწყვეტთ, ეკონომიკის დარგში ინდოელი ნობელიანტი ავტორის, ამარტია სენის “იდენტობა და ძალადობას” (“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა”) გირჩევთ. ავტორი იდენტობას როგორც ფენომენს განიხილავს და საუბრობს იმაზე, თუ რატომ შეიძლება იყოს სხვადასხვა იდენტობებისადმი სტერეოტიპული მიდგომა ძალადობის მიზეზი.ამარტია სენის ხელმისაწვდომს ხდის სერიოზულ თემას ნებისმიერი ტიპის მკითხველისთვის, ის იმ მეცნიერების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც აკადემიურობას გვერდზე დებს და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს.
Reblogged this on Fieryaries and commented:
პირველის წაკითხვას ნამდვილად გირჩევთ! ^_^ ასევე არაჩვეულებრივია რუსული თარგმანიც, რომელიც სსრკ-ს საუკეთესო ფანტასტიკის კრებულშია შესული ❤ და სხვებს დიდი სიამოვნებით წავიკითხავ სხვა წიგნებსაც, განსაკუთრებით – დევიდ მიტჩელს. ☺
LikeLike
როგორ მიყვარს თქვენი პოსტები ❤ ყოველთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებთ ^_^
LikeLike