ავტორი: დავით ლობჟანიძე

რევენანტის სეანსზე გადაჭარბებული მოლოდინის გარეშე წადით, უფრო სწორედ, პირველ შთაბეჭდილებებს ნუ ენდობით. ფილმი ნახვის შემდეგ, მასზე ფიქრისას დაიწყება. ასე თუ მოიქცევით, ემანუელ ლუბეცკის თავმბრუდამხვევი კამერის, ლეონარდო დიკაპრიოს და ტომ ჰარდის სამსახიობო ოსტატობის მიღმა, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემას აღმოაჩენთ. რევენანტი ალეჰანდრო გონსალეს ინარიტუს მორიგი კალეიდოსკოპია, რომელშიც რეჟისორი სხვადასხვა საკითხს სიმბოლოების და მისთვის დამახასიათებელი თხრობის სტილით კრავს.

ფილმში მოვლენები ამერიკაში, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება, ეს ცივი სამყაროა, აქ ყველაფერი ველურია, ბუნება, ინდიელები, ფრანგები, ამერიკელები, აბსოლუტურად ყველა და ამ გარემოში ინარიტუ მნიშნელოვან კითხვას სვამს, შეუძლია თუ არა ადამიანს ასეთ პირობებში სულიერად გადარჩენა?

გახსოვთ ლეონარდო დიკაპრიოს ფრაზა “შეშლილთა კუნძულიდან “(Shuttter Island), “რა სჯობია? იცხოვრო მონსტრად, თუ მოკვდე კარგ ადამიანად?” რევენანტში ტომ ჰარდის პერსონაჟს – ჯონ ფიცჯერალდს მონსტრად ცხოვრება დისკომფორტს არ უქმნის, მისთვის მთავარი ფიზიკური გადარჩენაა.

ფიცჯერალდი აბსოლუტურად ცინიკური და ამორალური ადამიანია, მისთვის ღმერთი ციყვია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია შეჭამო, ფიცჯერალდისთვის არ არსებობს სულიერება.

გლასი (დიკაპრიოს პერსონაჟი) მისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. გლასის პერსონაჟით რეჟისორი გადარჩენაზე გვესაუბრება, თუმცა არა ფიზიკურ, არამედ ემოციურ,  სულიერ გადარჩენაზე.

შეიძლება კი გადარჩე ამ სამყაროში და თან იყო ადამიანი? უფრო მეტიც, შეიძლება კი ველური ბუნების წიაღში გავხდეთ ადამიანის დაბადების მომსწრენი, ცივი, სტიქიური ბუნებიდან წარმოიშვას რელიგიური, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ცხოველისგან განსხვავებული არსება, რომელსაც მორალური კატეგორიებით აზროვნება შეუძლია?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ფილმში იშლება – შურისძიებაა. რევენანტის ყურებისას ხვდები, რომ რეჟისორი გვეთამაშება, გლასმა აუცილებლად უნდა იძიოს შური, თუმცა შესაძლო სწორხაზოვანი გადაწყვეტილება ბანალურობის განცდას გიტოვებს და ხვდები, რომ ინარიტუმ თემა ერთი ნაბიჯით წინ უნდა წაწიოს – შეუძლია კი გლასს შურისძიებაზე მაღლა დადგომა?

რევენანტმა შეიძლება ტერენს მალიკის ფილმები მოგაგონოთ, თუმცა მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია. მალიკის სამყარო გრაციის, ბუნების და ადამიანის ერთად ყოფნის ერთგვარი დღესასწაულია, ინარიტუს რევენანტში კი ბუნება განსხვავებულ როლს თამაშობს, ის ცივი, სასტიკი და დაუნდობელია.

რევენანტი რეალურად არსებული ადამიანის, ჰიუ გლასის ცხოვრებას ეფუძნება, რომელიც ჯერ დათვთან შეტაკებისას  და შემდეგ უკვე ველურ ბუნებასთან ერთი ერთზე დარჩენილმა შეძლო გადარჩენა. გლასის შესახებ მოთხრობილი ამბები და ლეგენდები ბუნდოვანია, რაც ინარიტუს ნარატივის განვითარების თავისუფლებას აძლევს.

მთავარ გმირებს თავი, რომ დავანებოთ, ფილმში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, მათი სრულფასოვანი პორტრეტების შექმნით, იქნება ეს კაპიტანი (დონალ გლისონი), ჰოკი (ფორესტ გუდლაკი), ბრიჯერი (უილ პულტერი), ინარიტუ ემსგავსება მხატვარს, რომელიც სიყალბის ასაცილებლად თითოეულ შტრიხს აქცევს ყურადღებას.