თარგმანი: ბექა არაბული

სახლი მოგვწონდა, რადგან, გარდა იმისა, რომ ხალვათი და ძველი იყო (ეს კი არც ისე ხშირია ახლა, როცა ძველ სახლებს ხეირის მისაღებად ანგრევენ), ჩვენს წინაპრებზე მოგონებებს ინახავდა, დიდ ბებიებზე და პაპებზე, მამის მხრიდან პაპაზე, ჩვენს მშობლებზე და ჩვენს ბავშვობაზე.

მე და ირენი მარტო ცხოვრებას დავეჩვიეთ, რაც სიგიჟეა, რადგან იმ ადგილას რვა კაცი ისე იცხოვრებდა, ერთმანეთს ფეხებში არ გაებლანდებოდა. შვიდზე ვდგებოდით და ვალაგებდით, თერთმეტი საათისკენ კი სამზარეულოში შევდიოდი და ბოლო ორ-სამ ოთახს დას ვუტოვებდი. ზუსტად შუადღეს ვსაუზმობდით და, თეფშების გარეცხვას თუ არ ჩავთვლით, საქმე აღარაფერი გვქონდა. მოგვწონდა ცარიელ, მდუმარე სახლში საუზმობა, მუსაიფი და ის, რომ ყოველგვარი დახმარების გარეშე მარტოები ვუვლიდით მას. ხანდახან გვეჩვენებოდა, რომ სწორედ სახლის გამო დავრჩით მარტოხელები. ირენმა სრულიად უმიზეზოდ ორ თაყვანისმცემელს უთხრა უარი, ჩემი მარია ესტერი კი ნიშნობამდე გარდაიცვალა. ორმოცს ვუახლოვდებოდით და ორივეს ჩუმად გვჯეროდა, რომ და-ძმის მშვიდ, უბრალო თანამეგობრობას უნდა დაესრულებინა ამ სახლში დაბინავებული ჩამომავლობა. როდისმე აქ დავიხოცებით; სახლს უსალმო ნათესავები დაეპატრონებიან, დაანგრევენ, აგურს გაყიდიან და მიწით ფულს იშოვნიან — ან კიდევ, შესაძლოა, ჩვენ თვითონ წავაქციოთ, ვიდრე გვიანი არ არის.

ირენს თავის დღეში კაციშვილი არ შეუწუხებია. დილის დალაგებების შემდეგ მთელი დღე თავის საძინებელში ტახტზე იჯდა და ქსოვდა. არ ვიცი, რატომ ქსოვდა ამდენს. მგონი, ქალები იმიტომ ქსოვენ, რომ არაფრის კეთების საბაბი ჰქონდეთ. ქალები კი — მაგრამ ირენი არა; იგი ყოველთვის საჭირო ნივთებს ქსოვდა, ზამთრის სვიტრებს, წინდებს ჩემთვის, პენუარებს და კოფტებს — თავისთვის. თუ რაიმე არ მოეწონებოდა, იმ წუთის მოქსოვილ სვიტრს დაარღვევდა; სასიამოვნო საყურებელი იყო, გარდაუვალი მარცხის მიუხედავად როგორ იბრძოდა აბურდული ძაფი ფორმის შესანარჩუნებლად. შაბათობით მატყლის საყიდლად ცენტრში დავდიოდი; ირენი მენდობოდა, ფერს კარგად ვარჩევდი და გორგალის გამოცვლა არასოდეს გამხდარა საჭირო. ამ მგზავრობებს ვიყენებდი, ბიბლიოთეკში დავდიოდი და ვკითხულობდი — ყოველთვის ამაოდ, — საფრანგეთიდან რაიმე ახალი თუ ჰქონდათ. 1939 წლის შემდეგ არგენტინაში ღირებული არაფერი შემოსულა.

მაგრამ სახლზე მინდა ვილაპარაკო, სახლზე და ირენზე, რადგან თავად არაფრით ვარ საინტერესო. არ ვიცი, ქსოვა რომ არა ირენი რას იზავდა. წიგნების ხელახლა წაკითხვა შეიძლება, მაგრამ დამთვარებულ პულოვერს ხელახლა ვერ მოქსოვ, ეს რაღაც საძრახისი საქციელივითაა. ერთხელ შიფონერის ქვედა უჯრაში უამრავი თეთრი, მწვანე და იასამნისფერი ხილბანდი ვიპოვნე, ნაფტალინმოყრილი და ზომებად დაკეცილი, როგორც ატელიეშია. ვერ გავბედე მეკითხა, ამდენი რატომ იდო. ფული არ გვჭირდებოდა, ყოველთვიურად შემოგვდიოდა ფერმებიდან და ზედმეტიც კი გვიგროვდებოდა. როგორც ჩანს, ირენს უბრალოდ ქსოვა მოსწონდა, და საოცრადაც ქსოვდა — საათობით შემეძლო მეცქირა მისი ვერცხლისფერი ზღარბების მსგავსი ხელებისთვის, მარდად მოძრავი ჩხირებსისთვის და იატაკზე კალათში გორგალების რხევისთვის. ლამაზი სანახაობა იყო.

არასოდეს დამავიწყდება ოთახების განლაგება. სასადილო ოთახი, გობელინებიანი სასტუმრო ოთახი, ბიბლიოთეკა და სამი დიდი საძინებელი სახლის ყველაზე ჩაღრმავებულ ნაწილში იყო და მათი ფანჯარა როდრიგეს პენიაზე გადიოდა; მხოლოდ უზარმაზარ მუხისკარიანი კორიდორი გამოჰყოფდა ამ ნაწილს წინა ფრთისგან, სადაც იყო სააბაზანო, სამზარეულო, ჩვენი საძინებლები და დარბაზი. სახლში მოხვდებოდით მინანქრიანი ფილებით მორთული ვესტიბულის გავლით, იქიდან კი ნაჭედი რკინის ცხაურიანი კარით სასტუმრო ოთახში შეხვიდოდით. სასტუმრო ოთახში მოსახვედრად ვესტიბული უნდა გაგევლოთ და ჭიშკარი გაგეხსნათ; ამ ოთახის ორივე მხარეს ჩვენი საძინებლების კარები იყო, მოპირდაპირე მხარეს კი — შორეული ნაწილისკენ მიმავალი კორიდორი; კორიდორის გავლის შემდეგ გახსნიდი მუხის კარს, რომლის იქითაც სახლის მეორე ნაწილი იყო; ან ზუსტად კარის წინ შეგეძლო მარცხნივ შეგეხვია და უფრო ვიწრო გასასვლელით სამზარეულოში და აბაზანაში მომხვდარიყავი. მუხის კარის გაღებისას ნათლად ჩანდა, რამდენად დიდი იყო სახლი. ხოლო როცა ვკეტავდით, თითქოს ახლანდელ ვიწრო ბინაში იმყოფებოდი, სადაც სამოძრაო ადგილიც კი არაა. მე და ირენი აქეთ, კარამდე ვცხოვრობდით, და მუხის კარსუკან მხოლოდ დასალაგებლად გავდიოდით. პირდაპირ გასაოცარია, როგორ ეკრობა მტვერი ავეჯს! ბუენოს-აირესი სუფთა ქალაქია, მაგრამ ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ თავის მაცხოვრებლებს უნდა უმადლოდეს. ჰაერი მტვრითაა სავსე, ქარის ერთი დაბერვა და ისევ მარმარილოს კონსოლებს და სუფრის სახიან ქსოვილებს ედება. ვერაფერს გახდები, ყველგან არის; საგველას გადაბერტყვა და ისევ სავარძლებზე და როიალზეა მიკრული.

ეს ყოველთვის მემახსოვრება, რადგან ყველაფერი ძალიან სადად და მარტივად მოხდა. ირენი თავის საძინებელში ქსოვდა, რვა საათმა ჩამოკრა, და მატეს დალევა მომინდა. კორიდორი ჩავიარე, გამოღებულ მუხის კარამდე მივაღწიე, სამზარეულოსკენ შევბრუნდი და ბიბლიოთეკიდან ან სასადილოდან ხმაური შემომესმა. ყრუ ხმაური იყო, ბუნდოვანი, თითქოს ვიღაცეები საუბრობდნენ ან თითქოს სავარძელი ხალიჩაზე დაეცა. და მაშინვე, ან ოდნავ მოგვიანებით, ხმაური გაისმა დერეფნის ბოლოდან, რომელიც იმ ორი ოთახიდან კარისკენ მოდიოდა. სანამ გვიანი იქნებოდა კარს ვეცი და მივაჯახუნე, ზედ მივეყუდე. საბედნიეროდ, გასაღები ჩვენი მხრიდან ეკეთა; უფრო მეტიც, დასარწმუნებლად ურდულიც გავუყარე.

შემდეგ სამზარეულოში შევედი, მატე მოვხარშე, და უკან დაბრუნებულმა დას ვუთხარი:
— კარის ჩაკეტვა მომიწია. ის ოთახები მიიტაცეს.
ნაქსოვი დაბლა დაუშვა და სერიოზული, დაღლილი მზერა მომაპყრო.
— დარწმუნებული ხარ?
თავი დავუქნიე.
— რა გაეწყობა, — თქვა მან და ისევ საქმეს შეუდგა, — ამ მხარეს მოგვიწევს ცხოვრება.

ფრთხილად მოვწრუპე მატე. ირენი ქსოვის გაგრძელებამდე ცოტა ხანს შეყოვნდა. მახსოვს, ნაცრისფერ ჟილეტს ქსოვდა; ძალიან მომწონდა.

პირველი დღეები საკმაოდ მძიმე იყო, რადგან კარს იქით ბევრი საყვარელი ნივთი დაგვრჩა. ჩემი ფრანგული წიგნები ისევ ბიბლიოთეკაში იყო. ირენს რამდენიმე ხელსახოცი და თბილი საშინაო ფეხსაცმელი დარჩა იქ. მე ღვიის ჩიბუხი მენატრებოდა, ირენი კი, მგონი, ძველი ღვინის ბოთლის დაკარგვას განიცდიდა. წამდაუწუმ (მაგრამ მხოლოდ პირველ რამდენიმე დღეს) რომელიმე უჯრას ვხურავდით და, კიდევ ერთ საჭირო ნივთს რომ ვერ მივაგნებდით, ნაღვლიანად გადავხედავდით ერთმანეთს.
— არა, აქ არაა.

თუმცა, რაღაცას მაინც გამოვრჩით. დალაგება უფრო მარტივი გახდა: ახლა, გვიანაც რომ ავმდგარიყავით, მაგალითად ათის ნახევარზე, თერთმეტზე უკვე უსაქმოდ ვისხედით. ირენი ჩემთან ერთად დადიოდა სამზარეულოში. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ, სანამ მე სამხარს მოვამზადებდი, ის ვახშმისთვის გააკეთებდა რაიმეს, რასაც საღამოს ცივად შევჭამდით. ეს შეთანხმება მოგვწონდა, რადგან ყოველთვის ისე გვეზარებოდა საღამოს საძინებლებიდან გამოსვლა და საჭმლის მომზადება. ახლა კი ირენის ოთახში ცივ ვახშამს ვჯერდებოდით.

ვინაიდან ქსოვისთვის მეტი დრო რჩებოდა, ირენი კმაყოფილი იყო. მე, წიგნების გამო, ცოტა მიჭირდა; მაგრამ, დისთვის რომ გუნება არ გამეფუჭებინა, მამას მარკების კოლექციის წესრიგში მოყვანა დავიწყე და როგორღაც ამით ვკლავდი დროს. კარგად ვცხოვრობდით, არცერთი ვიწყენდით. უფრო მეტად ირენის ოთახში ვისხედით, იქ უფრო მყუდროდ ვიყავით, და ხანდახან ის იტყოდა:
— შეხედე, რა თვალია! პირდაპირ სამყურაა.

მე კი ქაღალდის კვადრატს ვაჩვენებდი, რათა უცხოური მარკის სრულყოფილებით დამტკბარიყო. კარგად ვიყავით, მაგრამ თანდათანობით ფიქრებს გადავეჩვიეთ. მათ გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.
(როდესაც ირენი ძილში დაილაპარაკებდა, მეღვიძებოდა და ვეღარ ვიძინებდი. ვერაფრით ვეჩვეოდი ქანდაკების თუ თუთიყუშის ამ ხმას, ხმას, რომელიც ყელიდან კი არა სიზმრებიდან მოდიოდა. ირენმა თქვა, რომ ძილში ხელებს ვიქნევდი და საბანს ვიხდიდი. ჩვენ შორის სასტუმრო ოთახი იყო, მაგრამ ღამით სახლში ყველაფრის გაგება იყო შესაძლებელი. გვესმოდა ერთმანეთის სუნთქვა, ხველა, იმასაც კი ვგრძნობდით, როცა რომელიმე შუქის ჩასართავად წამოიწეოდა, რაც ხშირად ხდებოდა, რადგან დაძინება ორივეს გვიჭირდა.

თუ არ ჩავთვლით ჩვენი ღამის დრტვინვებს, სახლში სიწყნარე სუფევდა. დღისით ოჯახისთვის დამახასიათებელი ხმები ისმოდა, საქსოვი ჩხირების ლითონური ჩხაკუნი, საფოსტო მარკების ალბომის ფურცვლის შრიალი. მუხის კარი რომ უზარმაზარი იყო, მგონი, ეს უკვე ავღნიშნე. სამზარეულოში ან სააბაზანოში, რომლებიც სახლის მიტაცებულ ნაწილს ემიჯნებოდნენ, ხმამაღლა ვლაპარაკობდით, ხანდახან კი ირენი დასამშვიდებელ სიმღერებს მღეროდა. სამზარეულოში თეფშების და ჭიქების ხმაური ყოველთვისაა, რათა სხვა რაიმეს ხმა გაისმეს. იქ სიჩუმის უფლებას საკუთარ თავს იშვიათად ვაძლევდით, მაგრამ როდესაც ჩვენს ოთახებში ან სასტუმრო ოთახში ვბრუნდებოდით, სახლი დუმდებოდა, შუქები ქვრებოდა, უფრო ნაზად ვაბიჯებით, ერთმანეთი რომ არ შეგვეწუხებინა. მგონი, როცა ირენმა ლაპარაკი დაიწყო, სწორედ ამიტომ მეღვიძებოდა ყოველთვის და მაშინვე.)

გარდა შედეგისა, ყველაფერი თითქმის ისევე მოხდა, როგორც პირველად. ერთ საღამოს, დაძინებამდე, წყლის დალევა მომინდა, და ირენს ვუთხარი, რომ სამზარეულოში დასალევად მივდიოდი. ზღურბლს რომ გადავაბიჯე, სამზარეულოდან ან სააბაზანოდან ხმა მომესმა (დერეფანი განზე მიდიოდა, და გარჩევა რთული იყო). ირენმა — ქსოვდა — შენიშნა, რომ შევჩერდი, და ხმაამოუღებლივ მოვიდა ჩემთან. ერთად დავუგდეთ ყური. ხმაური, ეჭვგარეშეა, კარს იქიდან კი არა, აქედან მოდიოდა — დერეფნიდან, სამზარეულოდან ან სააბაზანოდან.

ერთმანეთისთვის შეხედვა არ გვინდოდა. ირენს ხელი ჩავავლე და, ისე რომ მისთვის არც შემიხედავს, რკინით ნაჭედი კარისკენ წავათრიე. უკან მოხედვა არ მინდოდა. ჩვენს ზურგს უკან ყრუ ხმაური უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ცხაურა მივაჯახუნე და დერეფანში გავჩერდით. აღარაფერი ისმოდა.
— ჩვენი ნაწილიც მიიტაცეს, — თქვა ირენმა. შალის ძაფი იატაკზე დაეცა და კარქვეშ შეგორდა. მეორე მხარეს შეგორებული გორგლის დანახვაზე ირენმა გულცივად მოისროლა ნართი.
— არაფერი წამოგიღია? — უიმედოდ ვკითხე მე.
— არა, არაფერი.

მხოლოდ ის დაგვრჩა, რაც თან გვქონდა. მომაგონდა, რომ კარადაში თხუთმეტი ათასი პესო მქონდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო.
საათი ისევ ხელზე მეკეთა და დავინახე, რომ უკვე თერთმეტი საათი იყო. ირენს ჩავეხუტე (მგონი, ტიროდა) და ქუჩაში გავედით. დანაღვლიანებული ვიყავი; მაგრად გადავრაზე კარი და გასაღები წყალსადინარში ჩავაგდე. არ ივარგებდა, თუ ვინმე საბრალოს ამ დროს სახლის გაქურდვა მოუნდებოდა; თან სახლიც ხომ მიტაცებულია.