ავტორი: გიორგი სილაგაძე

ჯოზეფ ლუის ბაროუ ალაბამას შტატის სოფელ ჩემბერს ქაუნთიში დაიბადა, სადაც თორმეტ წლამდე იზრდებოდა. კუ კლუქს კლანის მხრიდან შევიწროების გამო მისი ოჯახი საცხოვრებლად დეტროიტში გადავიდა. სწორედ დეტროტში დაინტერესდა ახალგაზრდა ჯო კრივით.

ყველაფერი 1936 წლის 19 ივნისს დაიწყო, როდესაც იმ დროისთვის დაუმარცხებელმა ლუისმა საკუთარ პროფესიონალურ კარიერაში ზედიზედ 27-ე ბრძოლა მოიგო, რამაც მთელი ქვეყანა ტიტულისთვის ბრძოლაზე აალაპარაკა. ამისათვის ლუისს, მძიმე წონით კატეგორიაში იმჟამინდელ ჩემპიონ, ჯეიმს ბრედოკთან მოუწევდა დაპირისპირება.

პირველი აფრო-ამერიკელი რომელმაც მძიმე წონაში ჩემპიონობის მოპოვება მოახერხა ჯეკ ჯონსონი გალდათ (1908 წელს). 30-იანი წლების იდეოლოგიურად დაქსაქსულ ამერიკაში შავკანიანი მძიმე წონოსანი ჩემპიონის არსებობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იქნებოდა მესიჯი თეთრი ამერიკის მიმართ, რომ შავკანიანებსაც შეუძლიათ იყვნენ წარმატებული, პროდუქტიული მოქალაქეები. ეს აზრი თავად ლუისსაც ძალიან კარგად ჰქონდა გათავისებული, შავკანიანი ამერიკა მას უბრალოდ აღმერთებდა, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ იგი იქნებოდა მეორე მძიმე წონოსანი ჩემპიონი. მაგრამ ამისთვის რთული გზა იყო გასავლელი და პირველ რიგში, გადასალახი იყო დაბრკოლებები სახელად – პრიმო კარნერა და მაქს შმელინგი.

ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, იტალიელი გიგანტი და ბენიტო მუსოლინის პროტეჟე, პრიმო კარნერა ლუისმა მარტივად მე-6 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს ბრძოლა ჰგავდა პატარა ეთიოპიის ბრძოლას ფაშისტურ იტალიასთან, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა.

შმელინგთან პირველი ბრძოლა ლუისმა, რომელიც უდავო ფავორიტად იყო მიჩნეული, გადაჭარბებული თავდაჯერების გამო განიხილა როგორც ფორმალობა. მსგავსმა მიდგომამ მას ხელი შეუშალა სათანადოდ მომზადებაში, შედეგად კი ბრძოლის ღამეს შმელინგმა ახალგაზრდა ჯოს მარტივი გაკვეთილი ჩაუტარა, ლუისი მე-12 რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. აღნიშნული ბრძოლა ყველაზე პრესტიჟულმა ჟურნალმა „რინგმა“ წლის ბრძოლად აღიარა.

„ეს იყო გამანადგურებელი გაელვება ამერიკელი შავკანიანებისთვის“ ამბობდა ლუისის ვაჟი. „ყოველი დარტყმა რომელიც მაქს შმელინგმა მამაჩემს ბრძოლის დროს მიაყენა იყო დარტყმა ინდივიდუალურად ყველა შავკანიან ამერიკელზე რომელიც ბრძოლას რადიოთი ადევნებდა თვალ-ყურს. და როდესაც ის საბოლოოდ დაეცა მე-12 რაუნდში, ჩვენი ყველა ოცნება, იმედი და სურვილი მიჰყვა მას და განადგურდა ერთ საღამოში, ერთ ბრძოლაში“.

ეს იყო გამოცდილება რომელსაც ლუისი არასდროს გაიმეორებდა. წლების შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნე შედგა მოსალოდნელი საჩემპიონო ბრძოლა ჯეიმს ბრედოკის წინააღდეგ. მე-8 რაუნდის ნოკაუტით ჯო ლუისი კრივში მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონობა ლუისის ყველაზე დიდი გამარჯვება როდი გახლდათ. იგი სულ სხვა მიღწევის გამო გახდა ამერიკელების გმირი. 1938 წლის 22 ივნისს ბრონქსში, იანკის სტადიონზე ჯო მეორედ დაუპირისპირდა მაქს შმელინგს. თუმცა ამჯერად სასწორზე გაცილებით მეტი რამ იდო. ნაცისტური გერმანია ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით აქტიურად ქადაგებდა არიული რასის უპირატესობას. ჰიტლერის აზრით, შმელინგის მეორედ გამარჯვება ლუისზე არა მხოლოდ დაამტკიცებდა საკუთარი მოძღვრების ჭეშმარიტებას, არამედ თვალნათლივ გამოაჩენდა, თუ რამდენად წინ იყო გერმანია ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ასე რომ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ლუისი ამჯერად არა მარტო აფრო-ამერიკელებს, არამედ მთელს ქვეყანას წარმოადგენდა. პირველი მარცხის მიუხედავად, ლუისი იმაზე უფრო თავდაჯერებული იყო ვიდრე ოდესმე. მისმა მონდომებამ უკვალოდ არ ჩაიარა, ლუისს სულ რაღაც 2 წუთი და 4 წამი დასჭირდა შმელინგის დასამარცხებლად. მთელმა ამერიკამ გააღმერთა იგი, ისე როგორც არასდროს არავინ. ეს იყო სიგნალი მძლავრი გერმანიის მისამართით, რომ დღის ბოლოს მათ აღარ ჰყავდათ უპირატესი რასა. ჟურნალმა „რინგმა“ ეს შეხვედრა უკვე დეკადის ბრძოლად აღიარა.

ლუისის მცდელობა და სიყვარული ამერიკის მიმართ შმელინგთან ბრძოლით არ დასრულებულა. მოგვიანებით, იგი შეუერთდა შეერთებული შტატების არმიას. გარდა სამხედრო სამსახურისა მან თავისი ორი ბრძოლის შემოსავალი მთლიანად გადასცა არმიას, რომელიც იმ პერიოდში ფინანსურად არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო.

მიუხედავად ჯოს ძალისხმევისა ამერიკის დემოკრატიზირების და შავკანიანთა უფლებების გაზრდისთვის, მან თავი მაინც ვერ დააღწია კრიტიკას. 60-იან წლებში უარი თქვა შეერთებოდა სამოქალაქო უფლებების ნაციონალისტურ ფრთას, რის გამოც ბევრი აქტივისტი მას „ბიძია ტომად“ მოიხსენიებდა.

ჯო ლუისმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა, გამომდინარე იქედან, თუ რა გარემოშიც გაიზარდა, მან შეძლო და გაარღვია რასობრივი საზღვრები. რომ არა ლუისი შეიძლება არ ყოფილიყო ჯეკი რობინსონი, მუჰამედ ალი, ბარაკ ობამა და კიდევ ვინ იცის რამდენ წარმატებულ შავკანიანს ვერ მოეხერხებინა საკუთარი თავის რეალიზება.

ჯო ლუისს საკრივო კარიერისგან განსხვავებით ცხოვრება არც თუ ისე კარგად აეწყო. ფლანგავდა ფინანსებს, თამაშობდა გოლფს ფსონების სანაცვლოდ, სიცოცხლის ბოლო წლებში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა და ბოლოს 1981 წლის 12 აპრილს გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარდაიცვალა კიდევაც.

ჯო ლუისი აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ და ყველა დროის საუკეთესო „ფანჩერად“, მას ეკავა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული თითქმის 12 წლის განმავლობაში, რაც რეკორდია არა მარტო მძიმე წონაში არამედ სხვა დანარჩენ წონით კატეგორიებშიც.