ავტორი: მარი სანფონი

 

„ეს გამორთული ეკრანია. ნებისმიერი ტელევიზორის, აიპედის, აიფონის თუ ლეპტოპის გამორთვისას ჩვენ წინაშე შავი სარკეა. ეს ისეთი საშინელია და ამ დროს კი შიგნით საკუთარ გამოსახულებას ვუყურებთ.’’

„ეს არის ფილმი ადამიანებზე, ტექნოლოგიები აქ ფონია, მეორეხარისხოვანია.’’

ჩარლი ბრუკერი, „შავი სარკის’’ შემქმნელი

2011 წლის დეკემბერში ბრიტანულ Channel 4-ზე გამოჩენილმა სერიალმა „შავმა სარკემ’’ აღგვაფრთოვანა ის მრავალჭირნახული მაყურებლებიც კი, რომლებსაც გვეგონა, რომ ბევრი რამ გვქონდა ნანახი ტელეეკრანზე და უკვე „ყოვლისმნახველი რეალობის პირზე მორბენალების“ გაოცება, შეუძლებელი თუ არა, ცოტა რთული კი ნამდვილად უნდა ყოფილიყო, თუმცა სერიალმა ეს შესანიშნავად შეძლო. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული ეს სატირული ნამუშევარი 2015 წელს კომპანია Netflix-მა გადაიბარა და სერიალისთვის დაწესებულმა თამასამაც ერთი-ორად მოიმატა. 2011 წლიდან დღემდე Black Mirror-ის სამმა სეზონმა იხილა მზის შუქი; პირველ ორ სეზონში 3-3, ხოლო მესამე სეზონში 7 სერია საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ მეოთხე სეზონის პრემიერის თარიღის გაცნობის მოთხოვნით, მაყურებლებს აეკლოთ სერიალის ფეისბუქ გვერდი. გულშემატკივრების გასახარად აქვე ვიტყვით, რომ Netflix-ის ოფიციალური ვებ-საიტის მიხედვით, შემდეგი სეზონის პრემიერა ამა წლის 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.

თუმცა საინტერესოა, არის კი შავი სარკე კლასიკური სტანდარტებით სამეცნიერო ფანტასტიკა? თუკი აზიმოვის გალაქტიკური მასშტაბის ისტორიები, დიკის კიბერ-პანკისა და ადამიანი-მანქანის თანაარსებობა, რაღაც შორეული ზღაპრული მოვლენის განცდას ტოვებს, შავი სარკე უფრო ისეთ ამბებზეა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თითქოს შენს უახლოეს მეგობარს გადახდა თავს ან თავად შენ, სამყაროში გაურკვეველი მისიით მოსიარულე არსებას, გადაგხდება ხვალ. მოდი ასე ვთქვათ, ეს შოუს ნაკლი არაა, თუმცა არც პლუსია, ალბათ, უფრო თავისებურებაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გავიაზროთ, და ეს გააზრებაა ზუსტად ემოციური ხაფანგის საფუძველია, რადგანაც ვიცი, რომ კიბერ-პანკის ეპოქა ჯერ კიდევ დიდხანს არ დადგება, შავი სარკის ეპოქაში კი უკვე ვცხოვრობთ.

იჭვნეული მაყურებელს „შავი სარკის’’ ყურებისას ბევრი რამ გაახსენდება. ყველაზე ხშირად ინტერნეტში წააწყდებით კავშირებს „შავ სარკესა’’ და ცნობილ ამერიკულ სერიალ The Twilight Zone-თან. ეს პარალელები უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შექმნილი რემინისცენციებით გაჯერებული სამეცნიერო ფანტასტიკის ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის სერიებიც Black Mirror-ის მსგავსად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შინაარსით გამოირჩევა, შესაძლებელია ყოფილიყო კიდეც შთაგონების წყარო „შავი სარკის’’ შემქმნელებისთვის. მიუხედავად ამისა, განსხვავებით ამ რეცენზიის ობიექტისა, Twilight Zone-ში არ არის აქცენტირებული ტექნოლოგიების თემა და მოქმედებაც, „შავი სარკისგან’’ განსხვავებით, დისტოპიურ გარემოში არ მიმდინარეობს.

გავიხსენოთ ერთ-ერთი გამორჩეული  Twilight Zone-ის პირველი სეზონის მერვე სერია, „დრო, როგორც იქნა, საკმარისია,’’ რომელშიც ბანკში მომუშავე ლიტერატურის მოყვარული ჰენრი, სამსახურშიც კი ვერ უმკლავდება წიგნის კითხვის ცდუნებას, რის გამოც მუდმივად პრობლემები ექმნება. მეორე დღისით ბანკიდან შესვენებაზე გამოსული ჰენრი გადაურჩება დამანგრეველ აფეთქებას, რომელიც ყველაფერს შეიწირავს ბიბლიოთეკის გარდა. მთავარი გმირი მისთვის სანატრელი, ჯერ კიდევ წაუკითხავი წიგნების წინ დგას და დრო საკმარისია იმისათვის, რომ დაუბრკოლებლად გაეცნოს თითოეულ მათგანს, მაგრამ მას სათვალე დაუვარდება და გაუტყდება, ის ფაქტობრივად მხედველობის გარეშეა, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ამდენი წაუკითხავი წიგნია, ის სასოწარკვეთილი მოთქვამს; „ეს უსამართლობაა, ახლა ხომ საკმარისი დრო იყო ყველაფრისთვის, ეს არ არის სამართლიანი!’’ ამ სერიის მოკლე შინაარსიც ადვილად მიგახვედრებთ, რომ „შავ სარკეს’’ სრულიად სხვა მხარისკენ მიჰყავს მაყურებელი და ახალ, მაგრამ ყველასათვის კარგად ცნობილ ლაბირინთებში ატარებს.

„დრო, როგორც იქნა, საკმარისია,’’ Twilight Zone, მსახიობი ბარჯეს მერედითი

Twilight Zone-ისგან განსხვავებით „შავი სარკე,’’ წარმოგვიდგენს ტექნოლოგიური პროგრესის თანამდევ სირთულეებს, საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. 60-იან წლებში, ბუნებრივია, არ იყო მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების თემა, რამაც აქტუალობა „შავი სარკის’’ შექმნისას შეიძინა. თავად ავტორები „შავ სარკეს’’ მოკლედ და ლაკონიურად აღწერენ; „ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სერიათა ანთოლოგია იკვლევს უახლოეს ჩახლართულ მაღალ ტექნოლოგიურ მომავალს, რომელშიც კაცობრიობის უდიდესი გამოგონებები და მისი შავბნელი ინსტიქტები ერთმანეთს ეჯახება.’’ ავტორის მიზანი ნამდვილად არ არის თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნა ადამიანის მიერ დაშვებულ შეცდომად წარმოგვიდგინოს. ის გვისახავს ალტერნატიულ რეალობას, რომლის დროსაც ტექნოლოგიები ადამიანის წინააღმდეგაა გამოყენებული. ყველაფერი რეალურია, შესაძლებელი, განხორციელებადი.

სერიალის შემქმნელი ჩარლი ბრუკერი ვინმე ობსკურანტი ფანატიკოსი არ გეგონოთ, ეს არ არის 13 მორალური ისტორია იმის შესახებ, თუ რას გვიშვება ეს ტექნოლოგიები, უბრალოდ სამყაროს განვითარების სრულიად შესაძლებელ სურათს წარმოგვიდგენს და მას ვერაფერს ვუპირისპირებთ. როდესაც ბრუკერს ერთ-ერთ გადაცემაში ჰკითხეს, დარდობს თუ არა ტექნოლოგიებზე, მან უპასუხა, რომ ის ამ ქვეყნად ყველაფერზე დარდობს. მართლაც, პრობლემა ტექნოლოგიებში არ არის, ტექნოლოგია არ არის ბოროტება, არამედ ადამიანია ის, ვისაც შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ბევრი რამ, მათ შორის, კაცობრიობის თანამედროვე მიღწევებიც. სამყაროს ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ნებისმიერ ეპოქაში შეგიძლია იმ დროისთვის არსებული მიღწევების გამოყენებით ზიანი მიაყენო გარშემომყოფებს, ნეოლითიდან ენეოლითის ხანაში გადასული ადამიანისთვის „ტექნოლოგიური’’ პროგრესი ქვის იარაღის სპილენძის იარაღით ჩანაცვლება იყო, რასაც ის სამუშაოდ უკეთ გამოიყენებდა, თუმცა ამ იარაღით ადამიანის მოკვლაც იყო შესაძლებელი. ამის გამო, ვერ შევებრძოლებით სამყაროს განვითარების პროცესს. ამის მსგავსად, 21-ე საუკუნეში გააქტიურებულმა სოციალური ქსელებმა ბევრი რამ გაამარტივა, თუმცა გააჩინა პირადი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების საფრთხეც. „შავი სარკის’’ ეპიზოდები არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მომავლის წინასწარმეტყველება, რადგანაც ყველაფერი ამ სერიალში ხდება აქ და ახლა, ის უპირისპირდება არა ტექნოლოგიებსა და სამყაროს განვითარებას, არამედ ადამიანის ბუნებასა და მის შავბნელ ინსტიქტებს.

ან იქნებ ტექნოლოგიისა და ადამიანის დამოკიდებულების კიდევ უფრო მტკივნეული მხარე ადამიანის ბუნების შავბნელ მხარესა და მის ფროიდისიანულ გაგებაში სულაც არ იმალება. ამ სერიალის ნახვისას რაც სასოწარკვეთასა და პესიმიზმს იწვევს ადამიანში არის ის, რომ, პირიქით, ადამიანი არც ცუდია და არც კარგი, არამედ ის არის უბრალოდ ადამიანი, დეტერმინირებული მექანიზმი, tabula rasa და რადიკალური ბიჰევიორიზმის გამოვლინება, MACHINA-მანქანა, მექანიზმი, რომელიც ისეთივე ცარიელია როგორც ჩვენი გამორთული სმარტფონი და რომელიც ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც მას გარემო აქცევს. განა, მართალაც, რომ დავფიქრდეთ, რა უფრო საშინელია, იმის განცდა რომ შენ ცუდი ხარ? მაგრამ იცი, რომ ეს შენ ხარ, შენია, შენ მოგაქვს ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში, თუ ის, რომ შენ „არაფერი ხარ,’’ არამედ ჭურჭელი, რომელსაც რა საწყაოთიც უნდათ, იმით აავსებენ – ტელევიზია მომხმარებლური ფსიქოლოგიით, ვიდეოთამაშები – აგრესიით, პორნო ინდუსტრია – ტრენდული პერვერსიებით.

ვინ არის სერიალის შემქმნელი? ეს კითხვა პირველი სერიის ნახვისთანავე ჩნდება. „შავი სარკის’’ მამამთავარს, ჩარლი ბრუკერს, სატირისტს უწოდებენ, მაგრამ თავად ამბობს, რომ სიტყვა „სატირისტი’’ სძულს. ახალგაზრდობაში მასობრივ კომუნიკაციებს სწავლობდა უნივერსიტეტში, თუმცა ბოლომდე სწავლა არ დაუსრულებია, რადგანაც, როგორც თავად ამბობს, დისერტაცია ვიდეოთამაშების შესახებ დაწერა, რაც იმ პერიოდში ნაკლებად სასურველი და აქტუალური თემა იყო. მოკლედ, ჟიური ვერ აღაფრთოვანა, თუმცა სოციალური მედიის, ვიდეოთამაშებისა თუ ტექნოლოგიების თემას ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც მიუბრუნდა. „შავი სარკე’’ ბრუკერის წინა ნამუშევრების ერთგვარად ლოგიკური გაგრძელებაა. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი “Dead Set.” საშინელებათა ჟანრის კომედია ზომბი პერსონაჟებით, რომელმაც გარკვეული პოპულარობა მოუტანა ავტორს. ამ ჟანრის ელემენტებსა და ზომბებს მაყურებელი Black Mirror-შიც იხილავს. ბრუკერის შემოქმედება სავსეა სატირისა და კომედიური ჟანრის სატელევიზიო პროდუქტებით. 2013 წელს მან შექმნა სატელევიზიო პროგრამა სახელწოდებით „როგორ შეცვალა ვიდეოთამაშებმა მსოფლიო,’’ რომელშიც ის გვიყვება, თუ როგორ განვითარდა ვიდეოთამაშების ინდუსტრია და რა გავლენა მოახდინა მან ჩვენს სოციუმზე. ნამდვილად გირჩევდით ამ პროგრამის ყურებას, რომელიც იუთუბზეც ხელმისაწვდომია.

დავუბრუნდეთ უშუალოდ “შავ სარკეს’’ და მისი სერიების მცირე მიმოხილვას. სამწუხაროდ, ამ ნაწილში გვერდს ვერ ავუვლით სპოილერებს, ამიტომაც თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა კითხვის გაგრძელება.

სერიალის თითოეული სერია დამოუკიდებელია თავისი შინაარსით სხვა დანარჩენებისგან. ყოველ მათგანში მსახიობთა განსხვავებული შემადგენლობაა წარმოდგენილი. პირველი სეზონის პირველივე სერია სახელწოდებით „სახელმწიფო ჰიმნი’’ საკმაოდ შთამბეჭდავად იწყება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომლის როლსაც რორი კინერი ასრულებს, უდიდესი დილემის წინაშე აღმოჩნდება. სამეფო ოჯახის წევრ, პრინცესა სუსანას გაიტაცებენ, ხოლო გამტაცებელთა მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის ლაივ-ჩართვაა.

დატყვევებულის გამოსაშვებად ერთადერთი გზაა, პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში არც მეტი, არც ნაკლები, ღორთან დაამყაროს სქესობრივი კონტაქტი. სერიაში კარგად ჩანს, პრემიერს თავისი გარემოცვა როგორ მოუწოდებს ტვიტერსა თუ ფეისბუქზე ხალხის აღშფოთება გაითვალისწინოს და პრინცესას გამოსახსნელად გამტაცებელთა მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულოს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი სასოწარკვეთილია, უბრალოდ ვერც კი წარმოუდგენია ხალხის სურვილს დაჰყვეს, მისი პიარისა და სამომავლო კარიერისთვის ის იძულებულია ტერორისტთა მოთხოვნა შეასრულოს. სინამდვილეში კი ეს არის ტერორისტთა ნება, რომელიც კონვერტირდება ხალხის მოთხოვნად და საბოლოოდ ასეთადაც ფორმდება.

სოციალური ქსელების ხმა და ამ ხმის სიმძლავრე მთავარ გმირს არჩევანს არ უტოვებს. ეს სერია ტელეეკრანებზე 2011 წელს გამოჩნდა, ხოლო 2015 წელს ინგლისის მაშინდელი პრემიერის, დევიდ კემერონის შესახებ ბიოგრაფიული წიგნი გამოვიდა, რომელშიც ავტორები მთავარი გმირის მკვდარ ღორთან სექსუალური ხასიათის ქმედებასთან დაკავშირებით ანეკდოტს აჟღერებდნენ. წიგნის გამოსვლიდან მალევე ყველამ „შავი სარკის’’ პირველი სერია გაიხსენა და ბრუკერს თავის მართლებაც კი მოუწია, მან უარყო კავშირი სერიის შინაარსსა და კემერონს შორის, მომხდარს კი „ანომალიური, აუხსნელი დამთხვევა’’ უწოდა.

ფოტო მანიპულაცია – ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, დევიდ კამერონი “შავი სარკის” პირველი სერიის ფონზე

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სერია „შავი სარკიდან’’ პასტელის ფერებში გადაწყვეტილი Nosedive-ია. ქართულად Nosedive შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „მოულოდნელად დაცემა,’’ „უცაბედი დაღმასვლა.’’ Nosedive-ში წარმოდგენილია სამყარო, რომელშიც ადამიანები ყოველი ნახვის შემდეგ ერთმანეთს 5 ბალიანი სისტემით აფასებენ. მთავარი გმირი, ახალგაზრდა ქალი ლეისი, მთლიანად მოცულია ქულების დაგროვების პროცესით და თითქმის არასდროს ავიწყდება გაუღიმოს გარშემომყოფებს, რათა მათგან მაქსიმალური შეფასება დაიმსახუროს. ამ სამყაროში ადამიანის ყველანაირ სტატუსს განსაზღვრავს სწორედ ის, თუ შეფასების რომელ ნიშნულთან არის ის ახლოს, 3.5-ზე ნაკლები რეიტინგის შემთხვევაში, დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ ზოგიერთ შენობაში შესვლის უფლებას მავანი არ დაგრთავთ. თანამედროვე სოციალურ ქსელებში მიმდევრების რაოდენობით ამა თუ იმ შემოქმედის ნამუშევრის, თუ გადაღებული ფოტოს ხარისხობრივი გაზომვა ან ტრენდისა თუ მეინსტრიმის შექმნის მცდელობა სწორედაც რომ მრავალრიცხოვნობის ეფექტით, არ არის ჩვენთვის ახალი. ეს ყველაფერი „შავი სარკის’’ ამ სერიაში კიდევ უფრო აბსურდულ სახეს იძენს და მთლიანად ააშკარავებს ადამიანთა შექმნილ წარმოდგენებს სოციალურ სამყაროზე და თავად ადამიანისვე შექმნილ ამ სამყაროს. ამ სერიის საუნდტრეკების ავტორი მაქს რიხტერია და ეს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მის ყურება-მოსმენას.

შეფასებით გახარებული ლეისი, სერია Nosedive. მსახიობი-ბრაის დალას ჰოვარდი

„ადამიანები ცეცხლის წინააღმდეგ’’ მესამე სეზონის მეხუთე სერიაა საკმაოდ მოულოდნელი შინაარსით. სერიის სახელწოდება უკავშირდება გენერალ სემუელ მარშალის წიგნს „ადამიანები ცეცხლის წინააღმდეგ: საბრძოლო განკარგულების პრობლემა,’’ რომელშიც მარშალი ირწმუნება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მეომრების 75% არ ხსნიდა ცეცხლს მოწინააღმდეგის მიმართულებით მყისიერი საფრთხის დროსაც კი, ხოლო ცეცხლის გახსნისას უმრავლესობა მათგანი მტრის მოკვლას ერიდებოდა. „შავი სარკის’’ ამ სერიაში უსახელო მილიტარისტული ორგანიზაციის მებრძოლები მთელ თავის დროს ამოწყვეტილი, სახეცვლილი ადამიანების, ე.წ. პარაზიტების დევნასა და განადგურებას უძღვნიან.

„მასის’’ იმპლანტი, რომელიც ამ მებრძოლების სისხლშია შეყვანილი, უზრუნველყოფს მათთვის წარმოსახვითი რეალობის შექმნას. ის წარმოადგენს მოწინააღმდეგეს იმგვარად, რომ მისი განადგურება უფრო მარტივი გახდეს, ანუ ის შენს წარმოსახვაში სახეს იცვლის, საშინელ ხმებს გამოსცემს და საზარელი შესახედაობა აქვს. როგორც სერიის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, “უფრო მარტივია გასროლა, როდესაც მონსტრს უმიზნებ”. მთვარი გმირი, ახალგაზრდა სტრაიპი ერთ-ერთი დავალებისას ადგილზე აღმოჩენილი მოწყობილობის შემთხვევით თვალში შესხმისას დააზიანებს იმპლანტს, თუმცა ამას, მიუხედავად სამედიცინო ჩივილებისა, ვერავინ მიხვდება. შემდეგი სამხედრო ოპერაციის დროს კი, სხვა თანამებრძოლებისგან განსხვავებით, სტრაიპი პარაზიტებად წოდებულებში დაინახავს ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც მისგან არაფრით განსხვავდებიან, მათ მონსტრებად წარმოდგენას კი მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზმში არსებული იმპლანტი უზრუნველყოფდა.

მთავარმა გმირმა ამ მომენტამდე არ იცოდა, რომ ის ჩვეულებრივ ადამიანებს ხოცავდა და ამ აღმოჩენის შემდგომ მასში ცვლილებები იწყება. საინტერესოა არგუმენტები, რომლებსაც მას მილიტარისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ეუბნება; „იცი საერთოდ რამდენი საშინელებაა მათ დნმ-ში? სიმსივნის მაღალი რისკი, კუნთების დისტროფია. დადასტურებულია, რომ მათ აქვს დაბალი ინტელექტი, კრიმინალური მიდრეკილებები, სექსუალური გადახრები, ყველაფერი იქაა. ნუთუ ეს გინდა მომავალი თაობისთვის?’’ კატარინა, ერთ-ერთი ამ ე.წ. პარაზიტებიდან სტრაიპს უყვება, რომ მისი ხალხი გენოციდის მსხვერპლია, სოფელში ისინი მათ წინააღმდეგ აგორებული პროპაგანდისა თუ ცრურწმენების გამო სძულთ, რაც დააკავშირებულია საზოგადოების მხრიდან მათი დნმ-ის „დაბალხარისხიანად’’ ცნობასთან.

თუმცა მოსახლეობა მათ ვერ ებრძვის, რამდენადაც ისინი, მებრძოლებისგან განსხვავებით, იმპლანტს არ იყენებენ, ისინი ჩვეულებრივ ადამიანებს ხედავენ, მიუხედავად სიძულვილისა. იმპლანტის სახელწოდება „მასა’’ რა თქმა უნდა, შემთხვევით არ არის შერჩეული. „მასის’’ იმპლანტი შეგვიძლია ვუწოდოთ ყველა იმ სიძულვილსა თუ ფობიას, რომელიც ჩვენ გარშემოა. ფობიების თემის ამგვარად გაშლამ კიდევ ერთხელ დაგვანახა „შავი სარკის’’ თანადროულობა ჩვენს სამყაროსა და ეპოქასთან. საზოგადოების ცრუ წარმოდგენებითა და აგრესიით დამუხტული ნაწილი ცდილობს განწმინდოს გარემო მისთვის დემონებად და მისტიკურ არსებებად წარმოდგენილი ინდივიდებისგან და ამ საქმეში უდიდესი როლის შესრულება სწორედ ზემდგომთ, „მასის’’ იმპლანტის შემქმნელებს ძალუძთ.

კადრი სერიიდან „ადამიანები ცეცხლის წინააღმდეგ’’

ზემოთ ხსენებულების გარდა, „შავი სარკის’’ სხვა სერიებიც არ დაგტოვებთ გულგრილს. ეს ნამდვილად ის სერიალია, რომლის ყურებისას განვლილ დროს დაკარგულად არ ჩათვლით.

ბოლოსთვის კი, დაგიტოვებთ საუნდტრეკს სერიიდან „Hated in the Nation,’’ რომლის დასასრულიც კიდევ უფრო მეტ ინტერესს უჩენს მაყურებელს, კიდევ რა უნდა ვნახოთ მე-4 სეზონში ისეთი, რაც წინა სეზონებში არ გვინახავს? კიდევ რა საფრთხეებს გვიმზადებს ადამიანი ტექნოლოგიებთან თანამშრობლობით?

დამატებით თემაზე 
დათო ლობჟანიძეს კინო ესსე სერიალზე

კავშირები და ალუზიები შავ სარკეზე სერიალის მეოთხე სეზონში