ინგლისურიდან თარგმნა ნოდარ შერგელაშვილმა
სახლში მიდიოდი, რომ მოკვდი.
არაფრით გამორჩეულ, მაგრამ მაინც სასიკვდილო ავტო-ავარიაში მოჰყევი. მეუღლე და ორი შვილი დაგრჩა. უმტკივნეულოდ მოკვდი. სასწრაფო დახმარება შენს გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. სხეული ისეთი დასახიჩრებული გქონდა, რომ დამიჯერე, ჯობდა არ გადარჩენილიყავი.
და აი ზუსტად მაშინ შემხვდი.
– რა… რა მოხდა? სად ვარ?
– მოკვდი, – გიპასუხე მე ისე თითქოს არაფერი მომხდარა. სიტყვების ფრთხილად შერჩევის დრო ნამდვილად არ იყო.
– სატვირთო მანქანა მახსოვს… საჭე გაექცა…
– ჰო
– მე… მოვკვდი?
– ჰო, მაგრამ არ ინერვიულო, ყველა კვდება
მერე ირგვლივ მიმოიხედე. გარშემო სიცარიელე იყო. მხოლოდ მე და შენ ვიყავით.
– სად ვარ ? სულ ესაა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე ? – იკითხე
– მეტ-ნაკლებად, –
– შენ, ღმერთი ხარ?
– ჰო, ღმერთი ვარ.
– ჩემი ცოლი… და ბავშვები – ჩაიბურტყუნე შენ.
– რა?
– კარგად არიან?
– აი, ეს ძალიან მომწონს, ახლახანს დაიღუპე და სიკვდილის მერეც ოჯახზე ღელავ. ძალიან კარგია.
სრულიად მოხიბლულმა შემომხედე. შენთვის ღმერთივით ნამდვილად არ გამოვიყურებოდი. ჩვეულებრივ კაცად აღმიქვამდი. ან ქალად. ვიღაც გავლენიან ადამიანად ბუნდოვანი, გაურკვეველი სახით. უფრო დაწყებითი კლასების მასწავლებლად, ვიდრე ყოვლისშემძლე ღმერთად.
– ნუ ღელავ, – დაგამშვიდე მე.
– კარგად არიან. შვილებს შენზე მხოლოდ კარგი ემახსოვრებათ, საკმარისი დრო არ ჰქონდათ შენს შესაზიზღებლად. ცოლი იტირებს, მაგრამ შინაგანად შვებას იგრძნობს. გულახდილად, რომ გითხრა, შენი ქორწინება ისედაც ინგრეოდა. თუ დაგამშვიდებს, შემიძლია გითხრა, რომ ამ შვების გამო შენს ცოლს დანაშაულის გრძნობა ექნება.
-ოოოო…. – აღმოგხდა შენ, – და ახლა რა მოხდება? სამოთხეში ან ჯოჯოხეთში უნდა გამიშვა ან რაღაც მსგავსი ?
– არც ერთი და არც მეორე. შენი სული სხვა სხეულში გადასახლდება
– ააა, ანუ ინდუისტები მართლები იყვნენ…
– ყველა რელიგია თავისებურად მართალია – გიპასუხე – წამოდი ცოტა გავისეირნოთ.
სიცარიელეში ვსეირნობდით.
– სად მივდივართ?
– კონკრეტულად არსად – უბრალოდ, საუბრისას სეირნობა სასიამოვნოა
– მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერს ? – ხელახლა, რომ დავიბადები, სუფთა ფურცელივით ვიქნები ? უბრალოდ ჩვილი ბავშვი. ესეიგი მთელი ჩემი გამოცდილება და ყველაფერს რასაც ცხოვრებაში მივაღწიე არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება.
– სულაც არა! – ვცადე შენი დარწმუნება – შენში უკვე ჩადებულია წინა სიცოცხლეების გამოცდილება და სიბრძნე. უბრალოდ, ამ კონკრეტულ მომენტში ეს ყველაფერი არ გახსოვს.
გაგაჩერე და ჩაგეხუტე.
– შენი სული ბევრად უფრო დიდი, განმაცვიფრებელი და მშვენიერია ვიდრე ოდესმე წარმოგედგინა. ადამიანის ცნობიერება მხოლოდ იმის ძალიან მცირე ნაწილებს აღიქვამს რაც არსებობს. ეს რაღაცით იმას წააგავს, ჭიქაში თითი რომ შეამოწმო წყალი ცივია თუ ცხელი. შენს ნაწილს სამყაროს უზიარებ და შემდეგ მას გამოცდილებით და ცოდნით სავსე ტოვებ. 48 წლის განმავლობაში ადამიანის სხეულში იყავი, სწორედ ამიტომ ვერ გრძნობ შენი ცნობიერების დარჩენილ უზარმაზარ ნაწილს. ცოტა კიდევ, რომ გავიაროთ ნელ-ნელა გაგახსენდებოდა ის რაც წინა სიცოცხლეებში გამოიარე. თუმცა შენს სიცოცხლეებს შორის ამის გახსენებას, აზრი არ აქვს.
– სულ რამდენჯერ დავიბადე ხელახლა ?
– ძალიან ბევრჯერ. ძალიან, ძალიან ბევრჯერ. თან, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად. ამჯერად ჩვენს წელთაღრიცხვიდან 540 წელს დაიბადები და ჩინელი გლეხი გოგო იქნები – გითხარი მე.
– მოიცა, ეგ როგორ ?წარსულში მგზავნი ? – გაგიკვირდა
-ტექნიკურად კი, შეიძლება ასეც ითქვას. დრო როგორც შენ მას ასეთად აღიქვამ მხოლოდ შენს სამყაროში არსებობს. იქ საიდანაც მე ვარ ყველაფერ სხვანაირადაა.
– საიდანაც შენ ხარ ?… -მკითხე გაკვირვებულმა
– რა თქმა უნდა. მეც საიდანღაც ვარ. სულ სხვა განზომილებიდან. იქ სხვა ჩემი მსგავსებიც არსებობენ. ვიცი გინდა იცოდე როგორია იქ, მაგრამ სიმართლე გითხრა, რომც ვცადო ახსნა მაინც ვერც მიხვდები.
– ააა – აღმოგხდა იმედგაცრუებულს – მაგრამ, მოიცა, თუ სხვადასხვა ადგილებში და სხვადასხვა დროს ვიბადები, გამოდის რომ რაღაც მომენტში ჩემს თავსაც შევხვედრილვარ?…
– რა თქმა უნდა. ხშირად ხდება ხოლმე. იმის გამო, რომ ყოველი სიცოცხლე მხოლოდ საკუთარ არსებობას იაზრებს, შენ ვერც კი ხვდები, რომ ასეთ შეხვედრას ადგილი ჰქონდა.
– მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?
– სერიოზულად მეკითხები? – გავოცდი – გაინტერესებს ცხოვრების აზრი რაში მდგომარეობს? არ გგონია, რომ ცოტა სტერეოტიპული მიდგომაა ?
– მემგონი აზრიანი კითხვაა, – გააგრძელე დაჟინებით.
თვალებში ჩაგხედე.
– სიცოცხლის აზრი იმაშია, რისთვისაც მე ეს სამყარო შევქმენი, იმისთვის რომ განვითარდე.
– კაცობრიობას გულისხმობ? გინდა, რომ კაცობრიობა განვითარდეს?
– არა, არა, მხოლოდ შენ. ეს სამყარო მხოლოდ შენთვის შევქმენი. ყოველ ახალ სიცოცხლესთან ერთად, იზრდები და ვითარდები, ყოვლისმომცველ გონად/ინტელექტად იქცევი.
– მხოლოდ მე? …და სხვები?
– სხვები არ არსებობენ. ამ სამყაროში სხვა არავინაა. მხოლოდ შენ და მე
დაბნეული მომაჩერდი.
– მაგრამ დედამიწაზე ვინც ცხოვრობს….
– ყველა შენ ხარ. ყველა შენი სხვადასხვა ვერსია
– მე… მე -ყველა?
– ზუსტად, – კმაყოფილმა დაგიდასტურე და ზურგზე ხელით რბილად დაგარტყი
– მე ვარ ყველა ადამიანი, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია?
– კი ბატონო, და ასევე ყველა ის ადამიანი რომელიც ოდესმე იცხოვრებს.
– აბრაამ ლინკოლნი ვარ? – მკითხე გაკვირვებულმა
– და ჯონ უილკს ბუთი.
– ჰიტლერიც?
– და მას შეწირული მილიონობით ადამიანიც.
– იესოც მე ვარ?
– და მისი ყველა მიმდევარიც.
გაჩუმდი.
– ყოველ ჯერზე ვიღაცისთვის ტკივილის მიყენებით, ტკივილს საკუთარ თავს აყენებდი. ყოველ ჯერზე როდესაც ვინმეს კეთილ საქმეს უკეთებდი, მაშინაც საკუთარი თავის მიმართ იჩენდი კეთილშობილებას. დედამიწაზე განცდილი თითოეული ბედნიერი და სევდიანი წამი მხოლოდ შენ განიცადე.
დაფიქრდი.
– რატომ? რისთვისაა საჭირო ეს ყველაფერი?
– იმიტომ, რომ ერთ დღესაც შენ ჩემნაირი გახდები. იმიტომ რომ შენ მე ხარ. ჩემი ნაწილი ხარ. ჩემი პირმშო.
– ღმერთიც მე ვარ? – მკითხე ეჭვიანად.
– არა, ჯერ არა. ახლა მხოლოდ ჩამოუყალიბებელი ნაყოფი ხარ. იზრდები. როცა თითოეული ადამიანის სიცოცხლით იცხოვრებ და მოილევ, დაბადებისთვის მზად იქნები.
გაოცებულმა გააგრძელე.
– გამოდის, რომ მთელი სამყარო, უბრალოდ…
– კვერცხია.ახლა კი დროა, ახალი სიცოცხლე დაიწყო – გიპასუხე მე და შენს გზაზე გაგიშვი.
ბრრ… რა კარგი იყო!
LikeLike
რა დებილობაა💀💀💀
LikeLike