ავტორი: დათო ლობჟანიძე
ფილმის ნახვის შემდეგ ხშირად ვიძახით, “ოპერატორული ნამუშევარი გადასარევი იყო,” ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ფილმი ძალიან კარგი იყო და ოპერატორულმა ნამუშევარმა ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ასევე იმას, რომ ფილმი დიდი ვერაფერი გამოდგა, მაგრამ ვიზუალი მხარე ნამდვილად უნდა აღინიშნოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ გამოსახულება კინოს ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ამის მიუხედავად, კინომოყვარულებმა ხშირ შემთხვევაში იციან რეჟისორის, სცენარისტის, კომპოზიტორის, პროდუსერის ვინაობაც კი, მაგრამ გაცილებით იშვიათად ინტერესდებიან ოპერატორით. ამ პოსტში იმ მოქმედ კინო ოპერატორებზე ვისაუბრებთ, რომლებიც თანამედროვე კინემატოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშებს ქმნიან.
ემანუელ ლუბეცკი
Meet Joe Black, Children of Men, The Tree of Life, Birdman or (The Unexpected Virtue of Ignorance)…
ამ სიაში რიგითობას რამე მნიშვნელობა რომ ჰქონოდა, ამ ადამიანს გაცილებით ქვემოთ შეხვდებოდით. თუმცა, თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ პრინციპს აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და ლუბეცკით დაწყება მხოლოდ მისი ცნობადობის გამო გადავწყვიტე. შესავალში გამოთქმულ მოსაზრებას რომელიმე ოპერატორი თუ არ შეესაბამება, ეს სწორედ ლუბეცკია. ჰკითხეთ რამდენიმე კინო მოყვარულს თუ რომელი ოპერატორი ახსენდებათ პირველ რიგში და უმეტეს შემთხვევაში ლუბეცკის სახელს გაიგონებთ.
ლუბეცკი იმით არის საინტერესო, რომ მისი სტილი სხვადასხვა რეჟისორების და ფილმების შემთხვევაში განსხვავებულია. ამ შემთხვევაში სხვაობა დეტალებშია, მაგრამ თუ უფრო მნიშვნელოვან განსხვავებებზე ვისაუბრებთ მისი ადრეული და მიმდინარე ნამუშევრები უნდა ვახსენოთ. პირველის შემთხევაში (Reality Bites, Meet Joe Black, Great Expectations) მისი კადრები მეტწილად სტატიკურია, ხოლო განათება ხელოვნური. ბოლოდროინდელ ფილმებში (Children of Men, Birdman, The Revenant) ლუბეცკი უპირატესობას ბუნებრივ განათებას და მოძრავ კამერას ანიჭებს. გადაღებისას ის ძალიან ხშირად იყენებს ფართო კუთხეს, რაც კადრის მაქსიმალურად დატვირთვის საშუალებას იძლევა.
როჯერ დიკინსი
Barton Fink, The Shawshank Redemption, Skyfall, Sicario
მართალია როჯერ დიკინსი აქტიურ კინო ოპერატორად ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში მოგვევლინა, ნამდვილი აღიარება მას ძმებ კოენებთან თანამშრომლობამ მოუტანა. ხანდახან მას მესამე კოენადაც კი მოიხსენიებენ. “როდესაც როჯერივით შესანიშნავ ვინმეს პოულობ და მასთან ერთად ერთ ფილმს მაინც გადაიღებ, რთულია წარმოიდგინო მის გარეშე მუშაობა,” თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯოელ კოენმა. მართალია კოენებმა და დიკინსმა ერთად თორმეტი ფილმი გადაიღეს, ამ უკანასკნელს არაერთ სხვა მნიშვნელოვან რეჟისორთან უმუშავია.
ბოლო დროს განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი დენი ვილნიოვთან თანამშრომლობა (Prisoners, Sicario). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამ ორის ამბიციური პროექტი, Blade Runner – ის სიქველი. აქ მის ოსტატობას ფილმის წარმატებაში გადამწყვეტი თუ არა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. დიკინსს გადამღებ ჯგუფებთან ახლო მუშაობის სტილი ახასიათებს, ის ცალკეული ფილმის იდეის ბოლომდე გააზრებას ცდილობს და ყველა დეტალს დიდ ყურადღებას უთმობს, ასეთი მიდგომა იმედს გვაძლევს, რომ საკულტო ნაწარმოების გაგრძელება საიმედო ხელშია.
კრისტოფერ დოილი
In the Mood for Love, Hero, 2046, Lady in the Water
კრისტოფერ დოილს მარტო In the Mood for Love რომ გადაეღო სახელის შესაქმნელად ალბათ საკმარისი იქნებოდა. ეს ხომ ის ფილმია, რომელიც საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრებზე საუბრისას სხვადასხვა კინო სკოლაში მაგალითად მოჰყავთ ხოლმე. თუმცა, ვონ კარ ვაის შედევრი მხოლოდ ერთ-ერთია იმ ნამუშევრებს შორის რომლითაც დოილს შეუძლია იამაყოს. ვონ კარ ვაის გარდა, დოილს სხვების გარდა, ჯონ ფავროსთან, ჯიმ ჯარმუშთან და გუს ვან სანტთან უთანამშრომლია.
თუ ემანუელ ლუბეცკი და როჯერ დიკინსი რეჟისორებთან, მსახიობებთან და ზოგადად ფილმზე მომუშავე გუნდთან ახლოს მუშაობენ და ყველა დეტალის შესწავლას ცდილობენ, დოილი რადიკალურად განსხვავებული ვინმეა, ის უმეტეს შემთხვევაში სცენარსაც კი არ კითხულობს, მისი თქმით მისთვის როგორც ოპერატორისთვის გადასაღები გარემოს და პეიზაჟების შესწავლა გაცილებით მნიშვნელოვანია. ასეა თუ ისეა, მისი ფორმულა მუშაობს და მის მიერ გადაღებული ფილმები განსაკუთრებული, ულამაზესი (ეს სიტყვა ყველაზე კარგად ახასიათებს მის ნამუშევრებს) ვიზუალით გამოირჩევა.
იანუშ კამინსკი
Saving Private Ryan, Munich, The Diving Bell and the Butterfly, Lincoln
ამ ადამიანის მიერ გადაღებული ზოგიერთი ფილმი ერთმანეთს რომ შეადარო, შეიძლება ერთი შეხედვით ვერ მიხვდე, რომ ერთი ადამიანის ნამუშევარია, შეიძლება იმიტომ, რომ კამინსკის თქმით კინო ოპერატორის დანიშნულება კონკრეტული ფილმის და კონკრეტული ამბისთვის შესაბამისი კადრის შექმნაა, ამიტომ ის ყოველ ფილმს ინდივიდუალურად უდგება. თუმცა, ასეთი მიდგომა კამინსკის საკუთარი ხელწერის ქონაში ხელს არ უშლის.
მისი ვიზუალის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი სინათლის მაქსიმალური გამოყენებაა. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ზედმეტიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ მიდგომით ის პერსონაჟებზე ფოკუსირებისთვის დამატებით ინსტრუმენტს იყენებს. კამინსკის ფილოსოფიის მიხედვით ოპერატორი უბრალოდ დავალებების შემსრულებელი არ უნდა იყოს, ის საბოლოო ნამუშევარში თავის სიტყვას უნდა ამბობდეს და მასში განსხვავებული, საკუთარი წვლილი უნდა შეჰქონდეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ როჯერ დიკინსი ძმებ კოენებთან ასოცირდება, კამინსკი სტივენ სპილბერგის ოპერატორია.
ვოლი ფისტერი
Memento, The Dark Knight, Inception, Moneyball
ფისტერის პროფესიული ბიოგრაფია ორ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ, კარიერის პირველ ნახევარში (მან პროფესიონალური გადაღება 18 წლის ასაკში დაიწყო) ის მეტწილად დაბალბიუჯეტიან კომერციულ ფილმებს, მათ შორის ეროტიულ ტრილერებს იღებდა. მდომარეობა ეკრანებზე The Hi-Line – ის სანდენსის ფესტივალზე ჩვენების შემდეგ შეიცვალა, როდესაც ფილმი კრისტოფერ ნოლანმა ნახა. სწორედ აქედან იწყება ფისტერისთვის პირადი აღორძინების ხანა. „მემენტო“, ნოლანის და ფისტერის პირველი თანამშრომლობის შედეგი იყო, მას შემდეგ მათ ერთად კიდევ ექვსი ფილმი გადაიღეს. საკუთარ სტილს ფისტერი ნატურალისტურს ეძახის, ფილმებში ის განათების მხრივ ცდილობს მაქსიმალურად ბუნებრივი, ხელოვნურობას მოკლებული კადრები შექმნას, ეს განსაკუთრებით ისევ და ისევ ნოლანთან ერთად გადაღებულ ფილმებში ჩანს.
ჰოიტე ვან ჰოიტემა
The Girl, The Fighter, Tinker Tailor Soldier Spy, Her
ნოლანზე საუბარი ინტერსტელარით შეგვიძლია გავაგრძელოთ, უფრო სწორედ ჰოიტემაზე ლაპარაკით. სწორედ ამ ადამიანმა გადაიღო ნოლანის ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი და მასთან მუშაობას განაგრძობს. ეს ორი, ამჟამად 2017 წელს გამოსასვლელ “დანკირკ”-ზე მუშაობენ. თუმცა, 45 წლის ჰოლანდიელი ოპერატორის კარიერა ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა. მისი ბიოგრაფიის საინტერესო ფაქტს ის წარმოადგენს, რომ ნიდერლანდების კინო აკადემიამ მას მიღებაზე ორჯერ უთხრა უარი. ამის შემდეგ პოლონეთის ლოძის კინო სკოლაში სწავლა გადაწყვიტა.
“ვაფასებ იმ წლებს, როდესაც იმედგაცრუებული ბინაში საცვლებში დავდიოდი, ვჭამდი იმას რაც ხელთ მომხვდებოდა და ვუყურებდი სისულელეებს ტელევიზორში,“ ასე დაახასიათა ჰოიტემამ აღიარებამდელი პერიოდი. შეიძლება ითქვას, რომ ჰოუტემა ექსპერიმენტატორია, შედარებით მოკლე კარიერის მიუხედავად, საინტერესოა რომ ფილმებზე მუშაობისას მან დღეისათვის არსებული პრაქტიკულად ყველა ტიპის კამერა გამოიყენა, სატელივიზიო კამერით დაწყებული, RED – ით დამთავრებული.
ბრუნო დელბონელი
Amélie, Harry Potter and the Half-Blood Prince, Inside Llewyn Davis, Big Eyes
ბრუნო დელბონელის აზრით, გადაღების ტექნიკის სწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კარგი ამბავის კარგად მოსაყოლად კი თავისუფლება, შთაგონება და იმის პოვნაა საჭირო რაც ნამდვილად გიყვარს, შთაგონების მიღება კი არამხოლოდ კარგი კინოს ყურებით, არამედ ნებისმიერ სხვა ვითარებაში, თუნდაც შთაბმეჭდავი არქიტექტურული ნიმუშის აღქმით შეიძლება. მისი ფილმები მკვეთრი, სტილიზირებული ფერებით და ატმოსფერულობით გამოირჩევა.
ატმოსფერულობის მხრივ ალბათ ყველაზე მეტად გამოსარჩევი ძმები კოენების Inside Llewyn Davis – ია. ამ ფილმზე დელბონელიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ამ კონკრეტულ ფილმს ძალიან ბნელი და ბოჰემური სტილი შევურჩიე. მთავარი თემა ოსკარის (ფილმის მთავარი გმირი) სცენაზე ყოფნა იყო და არა აუდიტორია. ამიტომ, ოსკარს სინათლე ეცემოდა, თუმცა ჩრდილებიც ჩანდა. საჭირო იყო რაღაცის გამოჩენა, ამიტომ უბრალოდ სილუეტს ვერ გადავიღებდი,“ ფილმზე მუშაობისას დელბონელისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული კინოსთვის შესაბამისი კონცებციის პოვნა, „განწყობის შექმნას ვცდილობ. რა არის განწყობა? განწყობა შეიძლება იყოს მოწყენილობა, ბედნიერება და ა. შ. მაგრამ ყველა ფილმისთვის, რომელზეც მიმუშავია, კონცეპციის პოვნას ვცდილობდი.“
ჰოსეინ ჯაფარიანი
Nargess, Crimson Gold, About Elly, The Salesman
ჯაფარიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინო კულტურის მქონე ქვეყნის, ირანის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას, შუქის მინიმალურად გამოყენების და მუქი ფერების გამო, ამერიკული კინოს გამორჩეულ კინო ოპერატორს, გორდონ უილის (ნათლიმამას სამივე ნაწილი, მანჰეტენი) ადარებენ. ჯაფარიანმა კარიერა სატელივიზიო და დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაიწყო, თუმცა აღიარება მხატვრულ ფილმებზე მუშაობისას მოიპოვა. ირანულ ჟურნალმა Sanaat Cinama (კინო ინდუსტრია) ის 2001-2011 წლის საუკეთესი ირანელ კინო ოპერატორად დაასახელა. თავისი ხანრგძლივი კარიერის განმავლობაში მას ისეთ კლასიკოსებთან უმუშავია როგორიც აბას ქიაროსტამი, ასგარ ფარჰადი და ჯაფარ ფანაჰია.
რობერტ რიჩარდსონი
The Doors, Kill Bil: Vol 1, Vol 2, The Good Shepherd, The Hateful Eight
მარტინ სკორსეზე, ოლივერ სტოუნი და ქვენტინ ტარანტინო იმ დიდი რეჟისორების არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც რიჩარდსონს უმუშავია. იმის გათვალისწინებით, რომ რიჩარდსონის აზრით ოპერატორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორ რეჟისოთან და გუნდთან მუშაობაა, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ მას გაუმართლა (მიუხედავად იმისა, რომ მან ზოგიერთ შემთხვევაში იმედგაცრუებას ვერ აარიდა თავი).
ემანუელ ლუბეცკისთან და ვიტორიო სტორაროს გარდა, ის ერთადერთი ოპერატორია, რომელსაც საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ოსკარი სამჯერ აქვს მოპოვებული. რიჩარდსონი თავის ოპერატორულ ნამუშევარზე საუბრისას ტარანტინოს Hateful Eight – ს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს ფილმი მან Ultra Panavision 70 – ით გადაიღო, კამერით, რომლითაც თავის დროზე ბენ ჰური გადაიღეს. რიჩარდსონმა ამ მუშაობის შედეგი ბობ დილანის და ნილ იანგის საუკეთესო ნამუშვრებს შეადარა.
ვიტორიო სტორარო
Last Tango in Paris, Apocalypse Now, Little Buddha, Caravaggio
სტორარო გოეთეს ფერების თეორიის მიმდევარია. ამ თეორიის მთავარი თემა იმის შესწავლაა, თუ რა ფსიქოლოგიური ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ ფერს ადამიანზე. სტორაროს ფილმებში ფერები ყოველთვის გამორჩეულია და თუ ბევრი ოპერატორი სტილს არგებს ფილმს და ამბავს, სტორაროს ხელწერა კადრში იგრძნობა ხოლმე. სტორაროს აზრით, „ამბებს შუქის და სიბნელის, მოძრაობის და ფერების, გამოყენებით ვწერთ. ამ ენას აზრების და გრძნობების გამოსახატად საკუთარი ანბანი და შეუზღუდავი პოტენციალი გააჩნია.“
გავრცელებული ვერსიის თანახმად, ფრენსის ფორდ კოპოლამ სტორარო „უკანასკნელი ტანგო პარიზის“ ნახვის შემდეგ შეამჩნია და „აპოკალიფსი დღეს“ გადასაღებად მოიწვია. კოპოლამ სტორაროს, ფილმის ვიზუალური სახის შესაქმენლად სრული თავისუფლება მისცა, შედეგად მივიღეთ მე-20 საუკუნის სანახაობრივად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი. სტორარომ კი თავის მხრივ საოპერატორო ნამუშევრისთვის პირველი ოსკარი აიღო.
საინტერესო სტატიაა და ინფორმაციული ^^ ჩემი მხირდან ვეს ანდერსონის ოპერატორს მივამატებდი :3 სილამაზე და სიანტიფე თუ გინდა ეგაა :დ
LikeLike