ხვალიდან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენა, Tbilisi Open Air, იწყება. ფესტივალის ფარგლებში ათეულობით ქართველი და უცხოელი არტისტი მიიღებს მონაწილეობას. ლისზე, იპოდრომთან მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სცენა დამონტაჟდება, იფუნქციონირებენ ბარები და კაფეები და გამოიყოფა ადგილი კარვებისთვის. დეტალური ინფორმაციის გასაგებად იხილეთ ფესტივალის ფეისბუქ გვერდი. ლიტაგორა ფესტივალიდან არაერთ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ, მანამდე კი გთავაზობთ რამდენიმე ჰედლაინერის მოკლე მიმოხილვას.

პარასკევი

Morcheeba_15094

Morcheeba

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

სტილი: ტრიპ ჰოპი, დოაუნტემპო, როკი

მართალია Morcheeba-ს 2013 წლის შემდეგ სტუდიური ალბომი არ ჩაუწერია, ეს ბრიტანული ბენდი (თითქმის სრული შემადგენლობით) ფესტივალზე წარმოდგენილ შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია.

ბენდმა, რომელის წევრები ძმები პოლ და როს გოდფრი და სქაი ედვარდსი არიან, თავიდან მოღვაწეობა ტრიპ ჰოპის ჟანრში დაიწყო, თუმცა მოგვიანებით უფრო მეინსტრუმული, პოპ ჟღერადობა აითვისა, ამ ცვლილებამ გარკვეულწილად ჯგუფის წარმატება განაპირობა. ამ პერიოდიდან Morcheeba-ს სიმღერები ჩარტებში კარგ ადგილებს იკავებენ და რადიოში პოპულარობით სარგებლობენ.

2003 წელს ჯგუფი დაიშალა, მიზეზად ძმებ გოდფრების და ედვარდსის განსხვავებული შეხედულებები დასახელდა. მოგვიანებით ედვარდსმა ჯგუფის დაშლაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ერთად ამდენი გატარებული დროის შემდეგ, ამდენი ჩაწერების, ტურების და ჩვენი ჩანაწერების პრომოუშენში ერთამენთი შევიძულეთ. პოლს და როსს ტურები ღლიდნენ. ტელე შოუები არ უყვარდათ, ამიტომ გადაცემებში სულ მე დავდიოდი და ჯგუფის სახელით ვლაპარაკობდი. ყურადღების ცენტრში ვიყავი, წარმოვადგენდი რაღაცას რასაც ისინი ქმნიდნენ, ვფიქრობ მათთვის რთული იყო იმის დანახვა, რომ ხალხი Morcheeba-ს ასოცირებას მხოლოდ ჩემთან ახდენდა.“ თუმცა, 2010-ში ჯგუფის რეიუნიონი შედგა, რის შემდგომაც ბენდმა კიდევ ორი ალბომი ჩაწერა.

Air_(band)_playing_in_2010

Air

ქვეყანა: საფრანგეთი

სტილი: დაუნტემპო, ელექტრონიკა, ფსიქოდელიური პოპი
ელექტრონული დუო საფრანგეთიდან. ჯგუფის არქიტექტორს ნიკოლა გოდენს, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ,პროფესიით ასევე არქიტექტორია, ცოტა ხანში ჟან ბენუა დანკელი შეუერთდა. დანკელი თავის მხრივ უნივერსიტეტში მათემატიკას სწავლობდა.

ერთად საერთო ჯამში რვა სტუდიური ალბომი ჩაწერეს. სრული დისკოგრაფიის სანახავად დააჭირეთ აქ. ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკოლა გოდენმა დანკელთან თანამშრომლობა შემდეგნაირად დაახასიათა: „ერთად რაღაც ახალის შექმნა შეგვიძლია, ქიმიურ რეაქციას ჰგავს.“

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი ადამიანი 1995 წლიდან დღემდე დაუშლელად მოვიდა, მათი ერთად მუშაობის ჰარმონიულობაზე მიუთითებს. მათი კავშირის გამყარების კიდევ ერთ ნიშანს 2009 წელს შეძენილი სტუდია წარმოადგენს. საკუთარი სტუდია AIR-ს კომერციული სტუდიებისგან დამოუკიდებლობას და ახალი კომპოზიციების ჩასაწერად მეტ თავისუფლებას აძლევს. დანკელის თქმით, „ყოველი კომპოზიცია გარკვეული ემოციების და სიტყვების, სხვისთვის სათქმელის ანარეკლს წარმოადგეს. ყოველი კომპოზიცია თითქოს რაღაც ნაკადია, რომელმაც ჩვენს ტვინებში გამოიარა.“

სავარაუდო სეტლისტი

Venus
Don’t Be Light
Cherry Blossom Girl
Playground Love
Remember
People in the City
Alpha Beta Gaga
How Does It Make You Feel?
Kelly Watch the Stars
Sexy Boy
La Femme d’Argent

შაბათი

fb8a781cdfb582294103225abc8b6291

Steve Vai

ქვეყანა: ა.შ.შ

სტილი: როკი, ჰარდ როკი, პროგრესივ როკი, პროგრესივ მეტალი, ექსპერიმენტალური როკი

“გარდა იმისა რომ გიტარისტი ვარ, გიტარის დიდი ფანი ვარ. მიყვარს ეს წყეული ინსტრუმენტი,” ეს ფრაზა სტივ ვაის ეკუთვნის, ლეგენდას, რომლის სახელიც იბანესის გიტარის დიზაინის შექმნას უკავშირდება. სტივ ვაი ჟურნალ Guitar World-ის ვერსიით ყველა დროის მეათე საუკეთესო გიტარისტად დაასახელდა.

ვაი იმ თაობას ეკუთვნის, რომელმაც 80იანებში ჰევი როკში და ჰევი მეტალში მოღვაწეობით გაითქვა სახელი. შეიძლება ითქვას, რომ ვაიმ მუსიკის ისტორიაში თავისი სახელი უკვე თინეიჯერობაში ჩაწერა, მაშინ როდესაც 18 წლის ასაკში ფრენკ ზაპას ბენდს შეუერთდა.

ზაპას გარდა, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ვაის ალბომები ისეთ მუსიკოსებთან ჩაუწერია როგორიც ოზი ოსბორნი, მერი ჯი ბლაიჯი, Spinal Tap, Whitesnake და სხვა ბენდებია. ვაის მდიდარი სოლო კარიერა აქვს, ის რვა სტუდიური ალბომის, ოცი კომპილაციის და არაერთი საუნდტრეკის ავტორია. მისი ბოლო ალბომი, Modern Primitive სულ ცოტა ხნის წინ, 24 ივნისს გამოვიდა.

unkle_003_kk

UNKLE

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

სტილი: ტრიპ ჰოპი, ალტერნატიული როკი

სულ ცოტა ხნის წინ UNKLE – მა ახალი ალბომი დაანონსა, თუმცა სანამ ახალ რილიზს მოვუსმენდეთ, ფესტივალზე ჯგუფის მოყვარულებს UNKLE – ის ძველი ჰიტების მოსმენის საშუალება ექნებათ.

იმის გათვალისწინებით, რომ დაარსებიდან, 1994 წლიდან, ჯგუფი რამდენჯერმე დაიშალა და აღდგა, UNKLE ამჟამად თავის მეოთხე სიცოცხლეშია. 22 წლიანმა კარიერამ, მუდმივმა ცვლილებებმა და სხვადასხვა არტისტებთან კოლაბორაციამ (ტომ იორკთან, იან ბრაუნთან, რიჩარდ აშკროფტან და სვებთან) ჯგუფის მრავალფეროვნება განაპირობა და ამიტომ ბენდის სტილის მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა რთულია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ UNKLE ტრიპ ჰოპის ერთ-ერთი პიონერია.

UNKLE ძალიან დიდ ყურადღებას ვიზუალს აქცევს, ამ მხრივ ჯგუფთან არაერთ გამორჩეულ არტისტს უმუშავია. ამის გათვალისწინებით მათი ფესტივალზე მონაწილეობა არა მხოლოდ ყურისთვის, არამედ თვალისათვისაც საინტერესო გამოცდილება უნდა იყოს.

სავარაუდო სეტლისტი

Eye for an Eye
Hold My Hand
Restless
Burn My Shadow
Lonely Soul
Morning Rage
Be There
Touch Me
Reign
Heaven
In a State
The Answer

კვირა

Blue_Foundation

Blue Foundation

ქვეყანა: დანია

სტილი: დრიმ პოპი, შუგეიზი

ჯგუფი დანიელმა მულტი-ინსტრუმენტალისტმა, მომღერალმა და პროდუსერმა ტობიას უილნერმა 2000 წელს ჩამოაყალიბა. მართალია დღეს ბენდი ორი წევრისგან, უილნერისგან და ბო რანდესგან შედგება, მაგრამ დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა დროს ჯგუფისთვის მუსიკას 15-მდე მუსიკოსი ქმნიდა. სხვადასხვა მუსიკოსების მოწვევა თავიდანვე უილნერის იდეა იყო, მისი აზრით ეს ჯგუფს „კრეატიულობაზე შთააგონებდა.“
სიმღერა “Eyes on Fire” – ის გამო ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ Blue Foundation-ს ფრონტმენად გოგონა ჰყავს. მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი სხვა რამე გვაქვს გაკეთებული. სიმღერების უმეტესობაში ვოკალი ჩემია, მაგრამ Mew -ს იონას ბიერთან, სარა სავერისთან, ფინდეი ბრაუთან, მარკ კოზელეკთან და არაერთ სხვა მუსიკოსთანაც ჩაგვიწერია სიმღერა,“ თქვა ერთ ინტერვიუში უილნერმა.
უილნერს სახლის დატოვება 17 წლის ასაკში მოუწია, მუდმივი საცხოვრებლის გარეშე მომდევნო რვა წლის განმავლობაში ის ერთი ადგილიდან მეორეში გადადიოდა , ძირითადად კოპენჰაგენში და ლონდონში მეგობრებთან რჩებოდა. ფულს მეტწილად დიჯეობით და დაბალბიუჯეტიანი ფილმებისთვის საუნდტრეკების წერით შოულობდა. უილნერი ბავშვობიდან სკეიტბორდინგით არის გატაცებული, მისი თქმით ამ საქმიანობას ჯგუფის მუსიკაზე დიდი გავლენა აქვს.

damien-rice-dont-wanna-change-video

Damien Rice

ქვეყანა: ირლანდია

სტილი: ინდი, ფოლკი, როკი

დემიენ რაისს ქართველი და ალბათ ზოგადად მსოფლიო მსმენელი მეტწილად საუნდტრეკების (Closer, Little White Lies, Grey’s Anatomy) დამსახურებით იცნობს. რა თქმა უნდა,რაისი გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ საუნდტრეკების ავტორი.

42 წლის ირლანდიელმა მუსიკოსმა კარიერა ჯერ კიდევ 90იანებში, როკ ჯგუფში სახელად Juniper დაიწყო. თუმცა, ჯგუფთან კოლაბორაცია მაინცდამაინც წარმატებული არ აღმოჩნდა და რაისს რამდენიმე წლით მუსიკაზე უარის თქმა მოუწია. ყველაფერი 2002 წელს, მისი პირველი სტუდიური ალბომის (O) გამოსვლის შემდეგ შეიცვალა. ალბომს კარგი შეფასებები ხვდა წილად, რამდენიმე სიმღერა კი ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა.

The Guardian -ის 2014 წელს მიცემულ ინტერვიუში რაისმა საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისას შემდეგი რამ თქვა: „მუსიკა მაძლევს საშუალებას გამოვამჟღავნო რაღაცეები რაც განვითარებაში და გაზრდაში ხელს მიშლის. მუსიკის დახმარებით გიჟი ნაბიჭვარი ვხდები. ხანდახან სცენაზე ვდგავარ და ყველაფერზე ვლაპარაკობ, ნებისმიერ თემაზე, ჩემს პირად გამოცდილებაზე, ერექციაზე და სპერმაზე, ამ ყველაფერს ადამიანების დიდ ჯგუფს ვეუბნები. გიტარა რომ არ მქონდეს შანსი არაა ასეთი რამის თქმა შევძლო, თითქოს გაძლევს საშუალებას რაც გინდა ის გააკეთო.“

სავაურაუდო პლიელისტი

My Favourite Faded Fantasy
9 Crimes
Delicate
I Remember
Trusty and True
Amie
The Rat Within the Grain
Insane
Cannonball
Colour Me In
Elephant
It Takes a Lot to Know a Man
Rootless Tree
The Blower’s Daughter
Volcano

 

download

Tricky

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

სტილი: ტრიპ ჰოპი

სამი წლის წინანდელი კონცერტის გათვალისწინებით, Tricky-ს ქართველი მსმენლის ვალი მმართებს. საქმე ისაა, რომ მაშინ მუსიკოსი არც თუ ისე საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა და ბევრი მსმენლის დიდი მოლოდინები ვერ გაამართლა.

ამ ჯერზე ბრიტანელ ტრიპ ჰოპელს შეცდომის უფლება არ აქვს, მსმენელი მისგან მაქსიმუმს მოითხოვს და თუ ეს მაქსიმუმი დაიდო, Tricky ლისზე საოცარ ამბებს დაატრიალებს. კარგი ისაა, რომ მუსიკოსი მსმენელის წინაშე ახალი ალბომით (Skilled Mechanics) და ახალი ენერგიით წარსდგება. ეს ალბომი სტაჟიანი ვეტერანის რიგით მე-12 ალბომია.

სავარაუდო სეტლისტი

You Don’t Wanna
(Instrumental intro)
I’m Not Going
Hero
Diving Away
Here My Dear
Overcome
Parenthesis
We Begin
My Palestine Girl
Valentine
Sun Down
Daughter
Boy
Do You Love Me Now?
(The Breeders cover)
Beijing to Berlin
Vent