ნუცა წიქარიძის 2023 წლის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “მცხუნვარე მზე” 18 წუთიანი ქრონომეტრაჟის მიუხედავად, სრულფასოვან და დამაჯერებელ სამყაროს აღწერს.
უფრო მეტიც, ფილმის მდიდარი დრამატურგიული და ვიზუალური მხარე, მის მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის.
მცხუნვარე მზის პერსონაჟები ბავშვები არიან, რომლებიც სოფელში ხეტიალისას მდინარესთან გამორიყულ ადამიანს აღმოაჩენენ. ფილმში აღწერილი ეს შემთხვევა თუ გარემო, და ამ გარემოსთან ბავშვების მიმართება, ქმნის მოცემულობას სადაც პერსონაჟებს უწევთ საკუთარ შეგრძნებების აღქმა, უკიდეგანო სამყაროსთან და ქაოსთან მიმართების სწავლა, და სამყაროსთან პირისპირ დარჩენილებს, თავიანთი გამოცდილების შექმნა.
ნუცა სცენარისტი და რეჟისორია, რომელსაც წლების განმავლობაში არა ერთ მნიშვნელოვან ქართულ ფილმზე რეჟისორის პირველ ასისტენად და სცენარისტად უმუშავია. მათ შორის არის “მე ვარ ბესო,” “უარყოფითი რიცხვები” და “წმინდა ელექტროენერგია”. ნუცა არის ასევე უტა ბერიას “ცრემლსადენი გაზის,” რეჟისორის თანაშემწე.
მცხუნვარე მზე ნუცას სარეჟისორი დებიუტია. ამ ინტერვიუში ნუცას ფილმსა და ზოგადად კინოს შესახებ ვესაუბრეთ.
