ავტორი: სალომე ლეჟავა

ეს ამბავი, საცავში საფასურის გადაუხდელობის გამო შენახული ნივთების აუქციონზე გამოტანით დაიწყო. ერთ-ერთ ლოტად ფოტო ნეგატივებით სავსე ყუთები იყო წარმოდგენილი, რომელიც კოლექციონერმა ჯონ მალუფმა შეიძინა. გამჟღავნებული ფოტოების ნახვისას მალუფი გაოცებული დარჩა ჯერ კიდევ მისთვის უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევრებით.

“Finding Vivian Maier” (ვივიან მაიერის აღმოჩენა) 2013 წელს ჯონ მალუფის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმია, რომელიც ოსკარზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმების სექციაში იყო წარდგენილი. რეჟისორი, ნეგატივების აღმოჩენიდან, მაიერსის მსოფლიო პოპულარობამდე გზას გვიყვება. გვიჩვენებს ინტერვიუებს ხალხთან ვინც იცნობდა მას. ფილმში მაიერსის ბევრი ნამუშევარია ნაჩვენები რომლის ობიექტი სხვადასვა რასის, ფერის და სოციალური კუთვნილების ადამიანია.

ოფიციალური ბიოგრაფიული მონაცემებით ვივიენ მაიერმა ბავშვობა საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში გაატარა დედის ნათესავებთან, სადაც მისი ერთ-ერთი პირველი ფოტებია გადაღებული. მოგვიანებით ის ნიუ-იორკში, შემდეგ კი ჩიკაგოში გადადის საცხოვრებლად, სადაც ძიძად იწყებს მუშაობას და აქტიურად იღებს ფოტოებს. ძიძა რომელიც გამუდმებით ფოტოაპარატით დადიოდა, სოციალისტი, ფემინისტი და პირდაპირი ადამიანი იყო, ინგლისური ენა თეატრში სპექტაკლებზე სიარულით ისწავლა, ფოტოებს რომელსაც ის იღებდა არავის აჩვენებდა – იხსენებს მისი ერთ-ერთი აღსაზრდელი.

რადგან ქალისთვის საჯარო სივრცე ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ეს მამაკაცის შემთხვევაში იქნებოდა, ვივიენისთვის ძიძობა ერთგვარი ფარი იყო, უსაფრთხო საშუალება, ბავშვებთან ერთად ევლო ჩიკაგოს ქუჩებში, ჰქონოდა მეტი ნდობა და ნაკლებად შესამჩნევი ყიფილიყო გადასაღები ობიექტებისთვის.

ქუჩის ფოტოგრაფისთვის მნიშვნელოვანია კომფორტულად გრძნობდეს თავს საჯარო სივრცეში. მით უმეტეს, თუ ფოტოგრაფი – ქალია და მით უმეტეს, თუ მას 50-იანი წლების ამერიკული სტერეოტიპული საზოგადოების კლიშეებთან უწევს შეჯახება. 1950-60-იანი წლების ამერიკული სახელოვნებო სივრცე იმ დროინდელი საზოგადოების ანარეკლია სადაც ხელოვან ქალებს მუდამ უწევდათ ბრძოლა ადგილის დასამკვიდრებლად, რადგან დასავლურ კულტურაში დომინანტებად და სრულუფლებიან შემოქმედებად მხოლოდ მამაკაცები მიიჩნეოდნენ, ქალები კი მხოლოდ მათ მუზებად აღიქმებოდნენ.

ამით აიხსნება ალბათ ვივიენის, როგორც ხელოვანის ჩაკეტილი, თითქმის იდუმალი ცხოვრების წესი. ოფიციალური წყაროებით თითქოს მას არ ჰქონდა საკმარისი ამბიცია და ცოდნა იმისათვის რომ გამხდარიყო პროფესიონალი ფოტოგრაფი, თუმცა მისი უზადოდ შედგენილი არქივიდან რომელის 15 000-ზე მეტ ნეგატივს, გაზეთიდან ამონარიდს და ჩანაწერს მოიცავს ნათლად ჩანს მისი ხედვა, ინტერესი მიმდინარე მოვლენებით, რეალიზმით, საზოგადოებით, მისი სოციალური მოწყობით და ქალის როლით ამ სოციუმში.


დღეს, რთულია იმის თქმა ჰქონდა თუ არა მაიერსს თავისი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის სურვილი. სავარაუდოა, რომ იმდროინდელი სოციალური და გენდერული მოწყობის პირობებში დიდი დაბრკოლებების და წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდებოდა. თუმცა, მეორეს მხრივ ეს მისი გააზრებული არჩევანიც შეიძლება ყოფილიყო, რადგან თანამედროვე კაპიტალისტური კულტურის იდეოლოგია წესებით თამაშია, სადაც რთულია ხელოვანმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნო, როცა ის მუდმივად ითხოვს შენგან მორჩილებას და შესაძლოა ვივიენ მაიერმა, თავისუფალი სულის ადამიანმა, თავისი აბსოლუტური ანონიმურობით, პერსონალური, რადიკალური ბრძოლა გამოუცხადა კიდევაც კაპიტალისტურ სისტემას.