არ მოგატყუებთ, ეს პოსტი ორიგინალურ იდეას ნამდვილად არ წარმოადგენს. ინტერნეტი სავსეა მსგავსი სიებით, თუმცა ამის მიუხედავად გადავწყვიტეთ ქართულენოვან ქსელში ამ მხრივ ჩვენი წვლილი შეგვეტანა და თემაზე ჩვენი იდეები წარმოგვედგინა. აქვე გთავაზობთ, გააგრძელოთ სია და თქვენი ვერსიები შემოგვთავაზოთ.
1. დილით ტრანსპორტში ჩაჯდომისას ხვდები, რომ წიგნი სახლში დაგრჩა და ამ დღეს დაკარგულად თვლი. შეგრძნება გიმძაფრდება როდესაც ხედავ, რომ შენს გვერდით მჯდომი ადამიანი რაღაც საინტერესოს კითხულობს.
2. აუცილებლად გაქვს იმ ადამიანების სია, ვისაც წლების წინ შენი კოლექციის საუკეთესო წიგნები ათხოვე. მათ ეს წიგნები უკან არ დაუბრუნებიათ. სწორედ ამიტომ, არავითარ შემთხვევაში აღარასოდეს ათხოვებ არაფერს, თუნდაც პაულო კოელიოს რომანი გთხოვოს (რომელიც არ გაქვს).
3. საზოგადოებრივ ტუალეტში მოხვედრილი, ხვდები რომ ამ დაწესებულებიდან გამოსვლის ერთადერთი ჰიგიენური საშუალება იმის გამოყენებაა, რაც ლენინის მრავალტომეულიდან მორჩა, მაგრამ წიგნებისადმი შენი უსაზღვრო სიყვარულის გამო სხვა გამოსავალს ეძებ, შენს წინ თუნდაც ჰიტლერის “ჩემი ბრძოლა” იდოს.
4. დიდი არჩევანის მქონე წიგნების მაღაზიაში (ძირითადად საზღვარგარეთ) შესვლისას გგონია რომ სამოთხეში მოხვდი. 10-15 წუთი დასამშვიდებლად გჭირდება.
5. შენთვის ცნობილი ხდება, რომ მალე გამოსასვლელი ფილმი ნაკლებად ცნობილი წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს და რა თქმა უნდა თავს ვალდებულად თვლი ის წაიკითხო. შემდეგ ფილმს აუცილებლად მეგობრების წრეში უყურებ და შუა სეანსის დროს ფილმს და წიგნს შორის ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელოვან განსხვავებაზე უთითებ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის რომ წიგნი ყოველთვის სჯობია ფილმს, ამას მაინც ახსენებ და თან ეუბნები, რომ ეს წესი განსაკუთრებულად ამ წიგნის შემთხვევაში მოქმედებს (ამას მეტწილად იმიტომ აკეთებ, რომ იცი რომ შენს გარდა წიგნი არავის აქვს წაკითხული).
6. ბუკინისტებთან შემთხვევით მოხვედრილი, მზად ხარ ბოლო ათლარიანი ამოიღო და საჭმლის ფული მოიკლო, მაგრამ აუცილებლად თვლი მე-18 საუკუნის უცნობი ავტორის წერილები შეიძინო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მის წასაკითხად ვერ მოიცალო, რადგანაც ადრე ბუკინისტებთან ნაყიდი სხვა წიგნები გაქვს წასაკითხი.
7. არ გესმის იმ ადამიანების, რომლებიც გეუბნებიან რომ წიგნის წასაკითხად დრო არ ყოფნით და შენ რიტორიკული შეკითხვა გაფიქრდება, რომელსაც არ ახმოვანებ – “ჩემი ცოლის დაქალების საყურებლად დრო ხომ გრჩება?”
8. აბსოლუტურ იდიოტებად თვლი იმ ადამიანებს, რომლებიც გიყვებიან ისტორიებს იმაზე თუ როგორ გაგიჟდა “ვიღაც ვისაც იცნობდნენ” ბიბლიოთეკაში ზედმეტად ბევრი დროის გატარების შემდეგ და ამის გულწრფელად სჯერათ.
მე-7 პუნქტი ყველაზე კარგი იყო 🙂
LikeLike