1967 წელს კურტ ვონეგუტის შვილმა, მარკ ვონეგუტმა ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე უარი თქვა. მამამისმა, ამ გადაწყვეტილებაში თავის ვაჟს მხარი დაუჭირა და სამხედრო კომისარიატს წერილი მისწერა.
ბატონებო,
ჩემი შვილი, მარკ ვონეგუტი თქვენთანაა დარეგისტრირებული. მან მორალური პრინციპებიდან გამომდინარე ჯარში მსახურობაზე უარი თქვა და ამ ეტაპზე ელოდება პასუხს თავის მოთხოვნაზე.
მე სრულად ვუჭერ მხარს მის გადაწყვეტილებას, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ პრინციპებს რომელიც აღზრდისას ჩავუნერგე. მთელი ცხოვრების განმავლობაში ის სწავლობდა, თუ როგორ უნდა სძულდეს კაცთა კვლა და ეს მე ვასწავლე. მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავედი. ქვეითი ვიყავი, უამრავ თავგადასავალში მოვხვდი და საბოლოო ჯამში დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე გერმანიაში ომის ტყვედ ვიმყოფებოდი. „მეწამული გულის“ (ამერიკელი სამხედროებისთვის განკუთვნილი მედალი – განმარტ – ლიტაგორა) მფლობელი ვარ. ომიდან პატივით წამოვედი. ვფიქრობ, მაქვს უფლება ჩემს შვილს კაცთა კვლის შესახებ ჩემი აზრი მოვახსენო.
დღესდღეობით სანადიროდ და სათევზაოდაც კი აღარ დავდივარ. მემკვიდრეობით თოფები მერგო, თუმცა სრულად დაჟანგულია. კაცთა კვლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, ჩემი ღმერთის რწმენიდან გამომდინარეობს. ორგანიზებულ რელიგიაში ნაკლებად ვიღებ მონაწილეობას, ბიბლია ბევრჯერ მაქვს წაკითხული, ავად თუ კარგად, ვქადაგებ. წიგნები მაქვს დაწერილი იმის შესახებ, თუ როგორ მძულს ადამიანები, რომლებისთვისაც მკვლელობა ჩვეულებრივი და გამართლებული ამბავია.
ოჯახში სადილის დროს ყოველ ჯერზე ვლოცულობთ. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მადლობას უხდის ღმერთს იმ მადლისთვის რაც გაგვაჩნია. მარკის ეს გადაწყვეტილება ღმერთის მსახურებას წარმოადგენს, ღმერთის რომლის შვილიც უაღრესად ეწინააღმდეგებოდა ომს. ამ ყველაფერში სიმხდალის მარცვალიც კი არ არის.
მარკი ძლიერი, გაბედული მამაკაცია. რასაც ის ახლა აკეთებს, უფრო მეტ სიმამაცეს და ასევე წესიერებას მოითხოვს, ვიდრე მე ოდესმე გამაჩნდა.
ჩემი ოჯახი ამ ქვეყანაში უკვე ხუთი თაობაა რაც ცხოვრობს. ჩემი წინაპრები აქ ევროპულ მილიტარისტულ სიგიჟეს და ტირანიას გამოექცნენ, სურდათ სინდისის წინაშე თავისუფლები ყოფილიყვნენ. ისინი და მათი შთამომავლები კარგი ამერიკელები იყვნენ. მარკი ამაყობს ამერიკელობით და მე, როგორც მის მამას მგონია, რომ ის უმაღლესი ხარისხის მოქალაქეა.
ის არ შეიძულებს, არ მოკლავს, ეს გამორიცხულია. ომს მომავალი არ აქვს.
საუკეთესო სურვილებით,
კურტ ვონეგუტი, უმცროსი