თარგმანი: ბექა არაბული

 

— დეიდა ახლავე ჩამოვა, მისტერ ნატელ, — თქვა ფრიად გულმშვიდმა თხუთმეტი წლის გოგონამ. — მანამდე კი ჩემი გაძლება მოგიწევთ.

ფრემტონ ნატელი შეეცადა ეთქვა რაიმე ისეთი, რითაც დისშვილის გულს სათანადოდ მოიგებდა და ამავდროულად არასათანადოდ არ გაუფუჭებდა გუნებას დეიდას, რომელიც საცაა ჩამოვიდოდა. გულში ჩვეულებრივზე მეტად იჭვნეულობდა, შეეძლო თუ არა მთელ რიგ სრულიად უცნობ ხალხთან სტუმრობას, დახმარებოდა ნერვების დაწყნარებაში, რაც მისი აქ მოსვლის მთავარი მიზანი იყო.

— ვიცი, რაც მოხდება, — უთხრა დამ, როდესაც სოფელში გადასახლებისთვის და იქაურობისთვის თავის შესაფარებლად ემზადებოდა, — თავს დაისამარებ, საერთოდ არავის გამოელაპარაკები და მოწყენილობისკან ნერვები კიდევ უფრო გაგიუარესდება. უბრალოდ სარეკომენდაციო წერილს გაგატან ყველასთან, ვისაც იქ ვიცნობ. ზოგიერთი, რამდენადაც მახსოვს, საკმაოდ სანდომიანი ადამიანია.

ფრემტონს დააინტერესა, შედიოდა თუ არა მისის სეპლტონი, ლედი, რომლისთვისაც ერთ-ერთი სარეკომენდაციო წერილი ახლა უნდა წარედგინა, სანდომიანების რიგებში.

— აქ ბევრს იცნობთ? — იკითხა დისწულმა, როდესაც გადაწყვიტა, რომ უსიტყვო ურთიერთობა საკმაოდ დიდხანს გაუგრძელდათ.
— საერთოდ არავის, — უპასუხა ფრემტონმა. — რამდენიმე წლის წინ ჩემი და აქ მრევლის მღვდლის სახლში იყო გაჩერებული და რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელთან სარეკომენდაციო წერილი გამომატანა.
უკანასკნელი შენიშვნა აშკარა სინანულის ტონით გააკეთა.
— ანუ, დეიდაჩემზე პრაქტიკულად არაფერი იცით? — განაგრძო გულმშვიდმა ახალგაზრდა ლედიმ.
— მხოლოდ მისი სახელი და მისამართი, — აღიარა მომსვლელმა. უნდოდა სცოდნოდა, მისის სეპლტონი დაქორწინებული იყო, თუ ქვრივი. ოთახში რაღაც გაურკვეველი თითქოს სახლში მამაკაცის ბინადრობაზე მიუთითებდა.

— დიდი ტრაგედია ზუსტად სამი წლის წინ გადახდა, — თქვა ბავშვმა, — ანუ, იმ დროს თქვენი და აქედან უკვე გამგზავრებული იყო.
— ტრაგედია? — იკითხა ფრემტონმა, რომელსაც ამ მშვიდ სოფლურ ადგილას ტრაგედია რაღაც უადგილოდ ეჩვენა.
— ალბათ, გიკვირთ, რატომაა ოქტომბერში ეს ფანჯარა ღია, — თქვა დისწულმა და მიუთითა უზარმაზარი ფრანგული ფანჯრისკენ, რომელიც პატარა მდელობზე გადიოდა.
— წელიწადის ამ დროისთვის საკმაოდ თბილა, — თქვა ფრემტონმა, — განა ღია ფანჯარას ტრაგედიასთან რაიმე კავშირი აქვს?

— სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, დილით მისი ქმარი და ორი პატარა ძმა სანადიროდ ამ ფანჯარიდან გავიდნენ. უკან დღემდე არ დაბრუნებულან. ბეკასებზე სანადიროდ თავიანთი საყვარელი ადგილისკენ მიმავლები ჭაობზე გავლისას მაცდურ ზანზარაში ჩაიხრჩვნენ. იცით, საშინლად ტენიანი ზაფხული იდგა და ადგილები, რომლებიც სხვა წლებში უსაფრთხო იყო, გაუფრთხილებლად გეცლებოდა ფეხქვეშ. მათი სხეულები ვერაფრით იპოვნეს. ისეთი საზარელი ისტორიაა. — აქ ბავშვის ხმამ გულმშვიდობის კილო დაკარგა და გაუბედავად ადამიაური გახდა. — საცოდავი დეიდა სულ ფიქრობს, რომ ოდესმე დაბრუნდებიან და როგორც ყოველთვის ისევ ამ ფანჯარაში შემოვლენ, ისინიც და მათთან ერთად დაკარგული პატარა ყავისფერი სპანიელიც. აი რატომაა ფანჯარა ყოველ საღამოს დაბნელებამდე ღია. საცოდავი ჩემი დეიდა, ხშირად მიყვება, როგორ წავიდნენ, მის ქმარს მხარზე თეთრი საწვიმარი ჰქონდა გადაკიდული, და რონი, ყველაზე პატარა ძმა, როგორც ყოველთვის, „ბერტი, რატომ დახტუნავ?“-ს მღეროდა — ამას დეიდას გასაჯავრებლად აკეთებდა, რადგან ერთხელ უთხრა, რომ ეს სიმღერა მის ნერვებზე მოქმედებდა. იცით, ხანდახან ისეთ ჩუმ და წყნარ საღამოებს, როგორიც ახლაა, მეუფლება შემზარავი შეგრძნება, რომ ერთხელაც ყველანი ამ ფანჯარაში შემოაბიჯებენ…

საუბარი ოდნავ აკანკალებულმა შეწყვიტა. ფრემტონმა ოთახში დაგვიანებული გამოჩენისთვის ბოდიშების გრიგალით შემოვარდნილი დეიდის დანახვაზე შვება იგრძნო.
— ვიმედოვნებ, ვერამ გაგართოთ, — თქვა მან.
— ძალიან საინტერესო ბავშვია, — უპასუხა ფრემტონმა.

— ვიმედოვნებ, საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, ფანჯარა რომ ღიაა, — ცოცხლად იკითხა მისის სეპლტონმა, — ჩემი ქმარი და ძმები საცაა დაბრუნდებიან ნადირობიდან, და ყოველთვის ამ გზით მოდიან. დღეს ჭაობისკენ წავიდნენ სანადიროდ, ამიტომ ჩემს საცოდავ ხალიჩაზე პატარა ალიაქოთს მოაწყობენ. თქვენ, კაცები, სულ ეგრე იქცევით, ასე არაა?

მხიარულად განაგრძობდა ლაქლაქს ნადირობაზე, სანადირო ფრინველების ნაკლებობაზე და იხვებზე ზამთარში ნადირობის პერსპეტქივებზე. ფრემტონს ეს ყველაფერი სუფთა საშინელებად ეჩვენებოდა. ჰქონდა სასოწარკვეთილი, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებული მცდელობები, საუბარი შეებრუნებინა ნაკლებად საზარელი თემებისკენ; ხვდებოდა, რომ მასპინძელი მხოლოდ ყურადღების ნაწილს უთმობდა, მისი თვალები კი გამუდმებით მის გვერდით, ღია ფანჯარაში და პატარა მდელობზე, დაეხეტებოდა. უიღბლო დამთხვევაა, რომ სწორედ ტრაგიკული წლისთავის დღეს მოუწია სტუმრობა.

— ექიმები ჩემთვის სრული სიმშვიდის, გონებრივი აღელვებისთვის და ნებისმიერი სახის მძაფრი ფიზიკური დატვირთვისთვის თავის არიდების გამოწერაზე მარტივად შეთანხმდნენ, — განაცხადა ფრემტონმა, რომელიც იმყოფებოდა ფართოდ გავრცელებული ცდომილების მდგომარეობაში, რომ სრულიად უცნობები და შემთხვევითი ნაცნობები მკურნალობის და სნეულების, მათ მიზეზების და განკურნვის გზების უკანასკნელი სიახლეების მოსმენის სურვილით კვდებიან. — აი დიეტაზე შეთანხმება კი ცოტა უჭირთ, — განაგრძო მან.

— ხო? — თქვა მისის სეპლტონმა ხმით, რომელმაც მხოლოდ ბოლო მომენტში სძლია დამთქნარებას. შემდეგ დაძაბული ყურადღებით სახე უეცრად გაუბრწყინდა — მაგრამ არა იმაზე, რასაც ფრემტონი ამბობდა.
— როგორც იქნა, აი ისინიც! — წამოიყვირა მან. — ზუსტად ჩაის დროს მოვიდნენ. ერთი შეხედეთ, ყურებამდე ტალახში არიან ამოსვრილები!

ფრემტონი ოდნავ შეკრთა და დისწულისკენ შებრუნდა, უკვე მზად იყო მზერით გამოეხატა თანაგრძნობით აღსავსე გაგება. მაგრამ, ბავშვი ღია ფანჯარაში გაოცებული და თავზარდაცემული თვალებით იყურებოდა. უსახელო შიშის ცივ შერყევაში ფრემტონი სავარძელში მიბრუნდა და იმ მიმართულებით გაიხედა.

ჩამოწოლილ ბინდში პატარა მდელობზე ფანჯრისკენ მოემართებოდა სამი ფიგურა, სამივეს იღლიაში თოფი ამოეჩარა, ერთ-ერთ მათგანი დამატებით მხარზე გადაკიდული თეთრი საწვიმრით დამძიმებული იყო. მათ ფეხებთან ახლოს დაღლილი ყავისფერი სპანიელი მორბოდა. უხმაუროდ მიუახლოვდნენ სახლს, შემდეგ კი ჩახლეჩილმა ახალგაზრდა ხმამ სიბნელიდან წაიმღერა: „ბერტი, რატომ დახტუნავ-მეთქი?“
ფრემოტნი გაშმაგებით ეცა თავის ხელჯოხს და ქუდს; კარი ჰოლში, ხრეშის გზა და შესასვლელი ჭიშკარი იყო მისი პანიკური უკან დახევის ბუნდოვნად აღნიშნული ეტაპები. გზაზე მიმავალ ველოსიპედისტს გარდაუვალი შეჯახების თავიდან ასაცილებლად ცოცხალ ღობეზე მოუწია შეჯახება.

— აი ჩვენც დავბრუნდით, ძვირფასო, — თქვა თეთრი საწვიმრის მფლობელმა ფანჯარაში შემოსვლისას, — ცოტა ტალახიანები კი ვართ, მაგრამ თითქმის სულ გამხმარია. ჩვენი მოსვლისას შურდულივით რომ გაიქცა ვინ იყო?

— ფრიად ექსტრაორდინალური კაცი, მისტერ ნატელი, — უპასუხა მისის სეპლტონმა, — თავის ავადმყოფობებზე ლაქლაქების მეტი არაფერი უკეთებია და თქვენ გამოჩენაზე დამშვიდობების და ბოდიშის გარეშე გავარდა. გეგონება, მოჩვენება დაინახაო.

— მგონი, სპანიელის ბრალია, — მშვიდად გამოაცხადა დისწულმა, — მითხრა, ძაღლების მეშინიაო. თურმე ერთხელ სადღაც განგის ნაპირებზე მდებარე სასაფლაოზე მასზე ველური ძაღლების ხროვა ნადირობდა და ღამის გატარება ახლადამოთხრილ სასაფლაოში მოუწია, ეს ქმნილებები კი ზემოთ ღრიალებდნენ, ბრდღვინავდნენ და პირდაპირ მის სახეზე სდიოდათ დუჟი. ეს კი, ალბათ, ყველას გადაიყვანდა ჭკუიდან.

რომანტიკა გოგონას საყვარელი რამ იყო.