ავტორი: თეონა წილოსანი
მე-20 საუკუნის ორი ინტელექტუალის სიმონ დე ბოვუარის და ჟან-პოლ სარტრის ურთიერთობა შორს იდგა ქალის და მამაკაცის ტრადიციული ურთიერთობისგან. ეს უფრო ორი ინდივიდის კავშირი იყო, რომლებიც საერთო მეგობრებს, ერთიდაიგივე დროს, პარიზის სხვადასხვა კაფეებში, სხვადასხვა მაგიდასთან მსხდომები ხვდებოდნენ, ერთ სივრცეში და მაინც ცალ-ცალკე.
მათი ეს უჩვეულო კავშირი არასოდეს ყოფილა დაფარული არც საერთო მეგობრების და არც სხვებისთვის, თუმცა მათი მიმოწერა, რომელიც სიმონ დე ბოვუარის სიკვდილის შემდეგ, მისმა შვილობილმა, სილვიე ლე ბონდე ბოვუარმა გამოაქვეყნა, მაინც ერთგვარი შოკი იყო საზოგადოებისთვის. წერილებში, ბოვუარიც და სარტრიც დეტალურად აღწერენ ერთმანეთის ფიქრებს, სურვილებს და განცდებს. დაუფარავად უზიარებდნენ ისეთ ინტიმურ დეტალებსაც კი,რომელიც სხვა პარტნიორებთან რომანტიკული ურთიერთობების დროს ჰქონდათ.
მიუხედავად იმისა, რომ სიმონე სიკვდილის ბოლომდე არ აღიარებდა თავისივე სქესთან სექსუალურ კავშირს, წერილებში საპირისპიროს წერს და სარტრის გულწრფელად უყვება იმ განცდებზე რომელსაც ქალებთან ურთიერთობა ანიჭებდა. სარტრს, ისევე როგორც ბოვუარს,არასოდეს შეუზღუდავს საკუთარი სურვილები. ორივესთვის თავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რამენაირი შეზღუდვის დაწესება შეუძლებელი იყო. სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა, რადგან თვითონ სარტრი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ადამიანი თავისუფლებისთვის განწირული იყო.
როგორც დე ბოვუარის, ასევე სარტრის ცხოვრებაშიც, მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებდათ. მათი რომანები ხანდახან სერიოზულ სახეს იღებდა. ერთი ასეთი რომანი სიმონეს ამერიკელ მწერალთან, ნელსონ ალგრენთან აკავშირებდა, რომელსაც შემდგომში თავისი ერთერთი ყველაზე ცნობილი წიგნი “მანდარინები” მიუძღვნა. თუმცა, არც სარტრისთვის და არც ბოვუარისთვის ამ სასიყვარულო კავშირებს ხელი არ შეუშლია სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ყოფილიყვნენ.
ალბათ, ამის გამოც იყო, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ მიღწევად, ბოვუარი სწორედ სარტრთან კავშირს მიიჩნევდა და არა იმ წარმატებებს, რომელიც როგორც მწერალმა, ფილოსოფოსმა და თანამედროვე ფემინისტისური მოძრაობის აქტივისტმა მოიპოვა.
სიმონ დე ბოვუარი საფრანგეთში, კათოლიკურ-ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა,რომელიც ზუსტად იმ პატრიარქალური ტრადიციების მატარებელი იყო, რომლის წინააღმეგ ბრძოლასაც მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.
თავის წიგნში, “ზრდილი ქალიშვილის მოგონებები” სადაც იგი თავისი ბავშვობის და ახალგაზრდობის წლებს იხსენებს, კარგად ჩანს გარემო რომელშიც იზრდებოდა.ბავშვობის მოგონებებში ბოვუარი აღტაცებით ყვება მამაზე, როგორც ჭკვიან და ქარიზმატურ ადამიანზე, რომელსაც უზომოდ უყვარდა თეატრი და გამორჩეულად კარგი გემოვნება ჰქონდა.
თუმცა, მისი მამით აღფრთოვანება, ზრდასრულ ასაკში შეიცვალა, როდესაც გააცნობიერა, რომ მამამისი, არაფრით განსხვავდებოდა იმ მამაკაცებისგან, რომლებიც ქალს მეორეხარისხოვან, მამაკაცზე დამოკიდებულ არსებად მიიჩნევდნენ. სიმონეს მამის მორალი ეყრდნობოდა პატრიარქალურ ტრადიციებს, სადაც მამაკაცს ჰქონდა შეუზღუდავი უფლებები, რომელიც საკუთარი ცხოვრების თავისუფლად წარმართვის საშუალებას აძლევდა. ის რაც დასაშვები იყო მამაკაცისთვის, მიუღებელი იყო ქალისთვის, რადგან პატრიარქალური კულტურა ქალს არასოდეს მოიაზრებდა დამოუკიდებელ, თავისუფალ პიროვნებად.
პატრიარქალურ ოჯახში ქალის სახეს კი, სიმონეს დედა წარმოადგენდა, რომლის ცხოვრება სხვა არაფერი იყო, თუ არა ქმარზე და შვილებზე ზრუნვა. რომ არა სიმონეს წიგნებისადმი სიყვარული, იქნებ ისიც ისეთივე ქალად ქცეულიყო, როგორსაც მისგან საზოგადოება და ოჯახი მოითხოვდა. თუმცა, მისი სურვილი, ეცხოვრა ცხოვრებით რომელიც სურდა, რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ყოფისგან რომელშიც დედამისი, ან ქალების უმრავლესობა ცხოვრობდა და რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა მზრუნველი დიასახლისის ყოველდღიური რუტინა, ქმრისთვის და შვილებისთვის სადილის მომზადება, სტუმრების მიღება და ოჯახზე ზრუნვა…
ბოვუარის ბუნებისთვის ეს ნორმები და წესები უცხო იყო, ამიტომ წავიდა მათ წინააღმდეგ და დიასახლისის რუტინის ნაცვლად საკუთარი ცხოვრება წიგნების წერას დაუთმო. მისი იდეები, შემოქმედება და ცხოვრების სტილი, ისევე როგორც მისი პიროვნება, ხშირად იყო კრიტიკის საგანი, მაგრამ მისთვის მთავარი ის პრინციპები იყო რომლითაც სურდა რომ ეცხოვრა, საკუთარი თავისუფლება, იდეალები და მათთვის ბრძოლა. თავი წიგნების და წერის გარეშე ვერ წარმოედგინა, ვერც იმ იდეების გარეშე რომლისაც ბოლომდე სჯეროდა.
რა წყაროს ეყრდნობა ეს ბლოგი?
LikeLike