ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი

მეოცე საუკუნეს ბევრი დიდი მწერალი ახსოვს, ზოგი სიცოცხლეშივე აღიარეს, მაგრამ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი ის იშვიათი ავტორია, რომელსაც წარმატება სიკვდილის შემდგომაც დიდი ხანი არ ხვდა წილად.. გავიდა დიდი რეპრესიის პერიოდი, გადაიარა მეორე მსოფლიო ომმა და აშკარა იყო, რომ დროის ხვეულ ბილიკებში გამორჩათ ერთი არცთუ დიდი წიგნი „დიდი გეტსბი“. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს ხიბლავდა მდიდარი ადამიანების ცხოვრება და სულიერი მსხვრევის, უიმედობის, ადამიანთა გულგრილობის ფონზე ხატავდა იმ ჭეშმარიტ და წმინდა განცდას, რომელსაც სიყვარული ჰქვია.

ფიცჯერალდმა ლიტერატურაში შექმნა უკვდავი პერსონაჟი ჯეი გეტსბის სახით. ის, უგონოდ შეყვარებული მდიდარი კაცია, რომლისთვისაც სიყვარული აღმოჩნდა უხილავი, დახურული კარის გასაღები. ზოგს მიაჩნია, რომ სიმდიდრით ყველაფერი მიიღწევა, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ იყიდი. თუმცა გეტსბი განა ამას ცდილობდა? ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი პროტაგონისტს რომანის დასაწყისში ათქმევინებს: „გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, დაიხსომე, რომ ყველას შენნაირი შესაძლებლობა არ ჰქონია.“ ეს სიტყვები თითქოს ექოსავით მიჰყვება მთელ ნაწარმოებს და ყველა საკვანძო მომენტში იჩენს თავს.

მკითხველს ერთი შეხედვით ხიბლავს გეტსბის ხელგაშლილობა, სიმდიდრე, დიდებული წვეულებები, მანქანები, ლამაზი სილუეტები, მაგრამ დაკვირვებული ადამიანი მაშინვე შეამჩნევს, რომ ყველაფერ ამის ფონზე ჰორიზონტზე მწვანე შუქი ციმციმებს. გეტსბისთვის ყველა ზემოთ ხსენებულზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს სინათლეა. ის ერთდროულად აერთიანებს იმედს და აჩენს მიუწვდომლობის განცდას. დეიზი ხომ გეტსბისგან მეორე ნაპირზე ცხოვრობს და ყოველ ღამით ზმანებასავით სტანჯავს ჯეის მასზე ფიქრი. მრავალწლიანი განშორების შემდგომ, როდესაც გეტსბი ისევ შეხვდება დეიზის და მასთან ერთად გახედავს ჰორიზონტს, ავტორი შენიშნავს: „სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მწვანე შუქი მისთვის აღარაფერს ნიშნავდა.“ მწვანე შუქმა, როგორც ჯადოსნურმა თილისმამ დაკარგა თავისი ელფერი და ახლა ის უბრალოდ მწვანე ფერია.

ჯეი გეტსბის შეუძლია გაიღოს ყველაფერი, მაგრამ საპასუხოდ არაფერი მოითხოვოს, თუმცა მის ქმედებას აქვს სერიოზული მოტივი. მას სურს დეიზი ბიუკენენის დაბრუნება და სწორედ ამიტომ მართავს წვეულებებს, ხარჯავს უშურველად, რადგან ერთ დღეს იქნებ დეიზიმდეც მივიდეს ხმა მისი ჩამოსვლის შესახებ. შემდეგ გამოჩნდება ნიკ კარაუეი და გეტსბი მასთანაც იმავე გეგმით აგრძელებს მოქმედებას. თუმცა ნიკი დიდებული ადამიანი აღმოჩნდება. პრინციპში ერთადერთიც ვინც პირნათლად ასრულებს მეგობრის მოვალეობას. თუმცა ხვდება რატომ ხდება ეს ყველაფერი. ნაწარმოების ბოლოს გარდამტეხი ფრაზაც გაისმის, რომელიც თითქოს აერთიანებს მთელ არსს ცხოვრებისას და ერთგვარ თავის მართლებას ჩამოჰგავს: „ადამიანებს სიცოცხლეში უნდა ვუმეგობროთ და არა გარდაცვალების შემდგომ.“

გეტსბი ეწირება იმ დიდ იდეას, რომელსაც სიყვარული ჰქვია. მზადაა ყველაფერი თავად დაიბრალოს, ოღონდ დეიზი იყოს კარგად. ელის ზარს, მაგრამ ისე კვდება, რომ ეს იმედი მიჰყვება იმქვეყნად. ფიცჯერალდი წერდა: „წიგნები ძმები არიან. მე დედის ერთა ვარ, თუმცა მყავს წარმოსახვითი ძმა გეტსბის სახით.“ ეს ნაწარმოებშიც კარგად ჩანს. გეტსბის კარაუეიზე მეტად ავტორი თანაუგრძნობს. უგულოა საზოგადოება. მხოლოდ უაზრო სიტყვები, ყალბი გამონათქვამები და გულისწყრომა. დასაფლავების შემდგომ ერთადერთ ჭეშმარიტებას „ბუსთვალა“ იტყვის: „როგორ მეცოდება ეს მამაძაღლი.“

მართლა საცოდავია გეტსბი, მაგრამ ამასთან ის ნელ-ნელა ხდება დიდებული. სათაურიც როგორ საუცხოოდ შეარჩია ავტორმა(ინგლისურ ვარიანტში „The Great Gatsby” და თითქოს ამ სიტყვაში “Great” გამოხატა მთელი თავისი დამოკიდებულება). გასაკვირი არცაა, რომ ასეთ პერსონაჟს ჭეშმარიტი ლიტერატურა არ დაკარგავდა. მას აფასებენ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ყველგან, სადაც ესმით სიყვარული. ალბერტ კამიუ წერდა: „თქმა არ უნდა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული გამონაკლისია: საუკუნეში ერთს ან ორს თუ შეხვდება კაცი. სხვა დანარჩენი კი პატივმოყვარეობა, ან მოწყენილობაა და მეტი არაფერი.“ ეს სიტყვები თუ ვინმეს ზუსტად მიესადაგება სწორედ ჯეი გეტსბია. მთელი არსით შეყვარებული კაცი, რომელიც ბოლოს მსხვერპლად იქცევა.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ეს ნაწარმოები თავის დროზე ძალიან მცირე ტირაჟით გაიყიდა. ეს იყო კომერციული თვალსაზრისით სრული კრახი. თავად ავტორს ამაზე შემდეგი მოსაზრება გააჩნდა: „თუ ჩემს „დიდ გეტსბის“ დაიწუნებენ ამის მიზეზი ამ ორიდან რომელიმე იქნება(შესაძლოა ერთადაც). პირველი-სათაურია. ის რაღაც შუალედურს გამოხატავს. არც კარგს და არც ცუდს. მეორე და უმნიშვნელოვანესი კი ისაა, რომ მასში ქალის ბუნება არაა გადმოცემული მთელი სიმძაფრით, დღეს კი მხატვრული ლიტერატურის ბაზარს სწორედ ისინი განაგებენ. არ მიმაჩნია, რომ უბედური დასასრული რამეს ცვლიდეს.“

გამართლდა ერთგვარად მისი წინასწარმეტყველება, მაგრამ წლების შემდგომ ლიტერატურამ დაიბრუნა და იმდენად შეითვისა დიდი გეტსბი, რომ მისი არაერთი ეკრანიზაციაც არსებობს, თუმცა არც ერთი მათგანი არ ყოფილა იმდენად დიადი, როგორიც წიგნია.

ფიცჯერალდმა ამ ნაწარმოებით თითქოს ცხოვრებაზე გაიმარჯვა. მოკვდა ფაქტობრივად უსახელოდ და დატოვა პერსონაჟი, რომელზეც იქამდე ისაუბრებენ, სანამ სიყვარული იარსებებს.