თარგმანი: ბექა არაბული

 

იყო დრო, როცა აქსოლოტლებზე ბევრს ვფიქრობდი. ბოტანიკური ბაღის აკვარიუმში დავდიოდი და საათობით არ ვაშორებდი მათ თვალს, ვაკვირდებოდი მათ უმოძრაობას, ოდნავ შესამჩნევ მოძრაობებს. ახლა თვითონ ვარ აქსოლოტლი.

მათთან შემთხვევით მივედი გაზაფხულის ერთ დილას, როცა პარიზი ზამთრის დუნე ძილის შემდეგ ფარშევანგის კუდს შლიდა. პორტ-როიალის ბულვარს მივუყვებოდი, სენ-მიშელზე შევუხვიე, შემდეგ ლ’ოპიტალის ბულვარზე გადავედი, ნაცრისფერი მასივების ფონზე სიმწვანე დავინახე და ლომები მომაგონდა. ლომები და პანტერები მომწონდა, მაგრამ აკვარიუმის ნესტიან და ბნელ შენობაში უწინ არასოდეს შევსულვარ. ველოსიპედი გისოსებთან დავტოვე და ცხოველების საყურებლად შევედი. ლომები მახინჯები და მოწყენილები მეჩვენა, ჩემს პანეტრას კი ეძინა. აკვარიუმში შესვლა გადავწყვიტე, წამით შევავლე თვალი ჩვეულებრევ თევზებს და მოულოდნელად აქსოლოტლებს წავაწყდი. მათ გვერდით მთელი საათი გავატარე, შემდეგ კი გამოვედი, სხვა უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობდი.

წმინდა ჟენევევის ბიბლიოთეკაში ლექსიკონში შევამოწმე და გავიგე, რომ აქსოლოტლები ამბლისტომის ერთ-ერთი სახეობის ლაყუჩებიანი ლარვები არიან. მექსიკურები რომ არიან უკვე ვიცოდი მათი პატარა ვარდისფერი აცტეკური ფიზიონომიიდან და აკვარიუმის თავზე მდებარე ფირფიტდან. წავიკითხე, რომ აფრიკაში ნაპოვნი იქნა ეგზემპლარები, რომელთაც გვალვის დროს ხმელეთზე ცხოვრება შეეძლოთ, შემდეგ კი წვიმის სეზონის მოსვლისას ისევ წყალს უბრუნდებოდნენ. მათი ესპანური სახელიც ვიპოვე — ახოლოტე — და მოხსენება, რომ საჭმელად ვარგისები არიან, და რომ მათი ქონი ადრე თევზის ქონივით გამოიყენებოდა (ახლა, როგორც ჩანს, აღარ გამოიყენება).

სპეციალიზებული გამოცემებისთვის არ მიმიმართავს, მაგრამ მომდვენო დღეს ბოტანიკურ ბაღში დავბრუნდი. ყოველდღე დავდიოდი იქ, ხანდახან დღეში ორჯერ. ბილეთის გამორთმევისას დარაჯი დაბნეულად მიღიმოდა. აკვარიუმის გარშემო შემოვლებულ რკინის მოაჯირს იდაყვებით ვეყრდნობოდი და აქსოლოტლებს ვუყურებდი. ამაში არაფერია უცნაური, რადგან პირველივე წუთიდან ცხადი იყო, რომ დაკავშირებულები ვიყავით, რომ რაღაც დაკარგულ და დაუჯერებელი ისევ გვიზიდავდა ერთმანეთისკენ. საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ პირველ დილას დავმდგარიყავი მინის წინ, რომელის უკანაც წყალში ჰაერის ბუშტები დარბოდნენ. აქსოლოტლები შექუჩებულიყვნენ ავზის პაწაწინა და ვიწრო (მხოლოდ მე ვიცი, რამდენად პაწაწინა და ვიწრო) ხვიფლით და ხავსით დაფარულ ქვის იატაკზე. ცხრანი იყვნენ და თითქმის ყველას მინასთან იყო მიყუჟული, მომსვლელებს თავიანთი ოქროსფერი თვალებით აკვირდებოდნენ. აღელვებული, თითქმის შერცხვენილი ვიდექი მათ წინ; უხამსობად მეჩვენებოდა აკვარიუმის ფსკერზე მოგროვილი ამ მდუმარე, უძრავი ფიგურების თვალიერება. გულში ერთი გამოვყე, დანარჩენებისგან მარჯვნივ და ცოტა მოშორებით მყოფი და ყურადღებით შევუდექი მის შესწავლას. დავინახე თხუთმეტსანტიმეტრიანი ხვლიკის მსგავსი პატარა მოვარდისფრო და თითქოს ნახევრად გამჭვირვალე სხეული (რძისფერი შუშისგან დამზადებული ჩინური სტატუეტები გამახსენდა), რომელიც ბოლოვდებოდა თევზის დაუჯერებლად ნაზი კუდით, ჩვენი სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილით. ზურგზე სიგრძივ მიუყვებოდა გამჭვირვალე ფარფლი, რომელიც კუდს უერთდებოდა, მაგრამ განსაკუთრებით განმაცვიფრა ფეხებმა, კოხტამ და აზიზმა, პატარა თითებით დაბოლოებულმა, ზუსტად ადამიანის ფრჩხილებივით. შემდეგ კი მისი თვალები, მისი სახე შევამჩნიე. არაფრის გამომხატველი სახე, რომელზეც გამოყოფილი იყო მხოლოდ თვალები — ორი პაწაწინა ნახვრეტი — მთლიანად გამჭვირვალე ოქროსფრით ამოვსებული, მოკლებული ყველანაირ სიცოცხლეს, მაგრამ მომზირალი, თანახმანი, რომ მათში შემეღწია ჩემი მზერით, რომელიც თითქოს ოქროსფერ წერტილს სცდებოდა და გამჭვირვალე იდუმალებაში იკარგებოდა. თვალს გარს ევლებოდა წვრილი შავი შარავანდი და მას ხაზავდა ვარდისფერ სხეულში, ვარდისფერი ქვის თავში, მგონი, სამკუთხა, მაგრამ მომრგვალებული უსწორო გვერდებით, რაც მას დროისგან ამოჭმული სტატუეტის სრულ მსგავსებას აძლევდა. პირი ზედ სამკუთხა სახის ნიკაპზე ჰქონდა, და მის მნიშვნელოვან ზომას მხოლოდ პროფილში მიხვდებოდით; წინა მხრიდან უსიცოცხლო ქვაზე მხოლოდ წვრილი ნაპრალი მოჩანდა. თავის ორივე მხარეს, იქ, სადაც წესით ყურები უნდა ყოფილიყო, წამოზრდოდა მარჯნის მსგავსი სამი წითელი შტო, — მცენარეული წანაზარდი, როგორც ჩანს, ლაყუჩები. და ეს იყო მასში ერთადერთი ცოცხალი: ყოველ ათ-თხუთმეტ წამში შტოები იჭიმებოდა და ისევ ეშვებოდა. ხანდახან ერთ-ერთი ფეხი ოდნავ გამოძრავდებოდა — ვხედავდი, როგორ ეშვებოდა პატარა თითები ნაზად ხვიფლზე. საქმე იმაშია, რომ ბევრი მოძრაობა არ მოგვწონს, ავზი ხომ ასეთი პაწაწინაა; ოდნავ გამოძრავდები, და მაშინვე ვიღაცის კუდს ან თავს შეეჩეხები; ამას მოჰყვება ჩხუბები, ჭიდილი, ყველა იღლება. როცა წყნარად ვართ, დრო შეუმჩნევლად გადის.

სწორედ ამ სიწყნარემ მომაჯადოვა, როცა პირველად გადავიხარე აკვარიუმთან. მომეჩვენა, რომ ბუნდოვნად ჩავწვდი მათ ფარულ მისწრაფებას: მოესპოთ დრო და სივრცე თავიანთი უხალისო უძრაობით. შემდეგ უკეთ მივხვდი: ლაყუჩების შეკუმშვა, ნატიფი ფეხების მსუბუქი შეხება ქვაზე, ანაზდად წინ წაწევა (ზოგიერთ მათგანს უბრალოდ სხეულის რხევით შეუძლია ცურვა) ამტკიცებდა, რომ შეეძლოთ გამოეღვიძათ ამ უსიცოცხლო გაშტერებიდან, რომელშიც საათებს ატარებდნენ. ყველაზე ძლიერ მათმა თვალებმა შემძრა. მათ გვერდით, სხვა აკვარიუმებში, განსხვავებული თევზების ლამაზი თვალები, ასეთი მსგავსი ჩვენი თვალებისა, უბრალო უგუნურებას ასხივებდნენ. აქსოლოტლების თვალები რაღაც სხვა სიცოცხლის არსებობაზე მიყვებოდნენ, მხედველობის სხვაგვარ გზაზე. მინაზე სახე მიკრული (დროდადრო დარაჯი შეწუხებული ახველებდა), ვცდილობდი უკეთ დამეთვალიერებინა პაწაწინა ოქროსფერი წერტილები — შესასვლელი ვარსდისფერი არსებების უსასრულოდ ნელ და შორეულ სამყაროში. ამაო იყო მათი სახეების წინ მინაზე თითით მიკაკუნება; ოდნავი რეაქციაც კი არასდროს შემინიშნავს. ოქროსფერი თვალები თავიანთი ნაზი, შემაძრწუნებელი სინათლით წვას განაგრძობდნენ; განაგრძობდნენ ჩემს ცქერას იმ უზომი სიღრმეებიდან, რომელსაც თავბრუსხვევამდე მივყავდი.

და მიუხედავად ამისა, მაინც ახლოს იყვნენ. ამაზე ჯერ კიდევ ადრე გავიგე, ჯერ კიდევ მანამ, სანამ აქსოლოტლი გავხდებოდი. ამაზე იმ დღეს გავიგე, როცა პირვლად მივედი მათთან. მაიმუნის ანთროპომორფული თვისებები, გავრცელებული აზრის წინააღმდეგ, მათ ჩვენგან გამყოფ მანძილს უსვამს ხაზს. აქსოლოტლებს და ადამიანებს შორის მსგავსების აბსოლუტურმა არარსებობამ დაადასტურა, რომ ჩემი ვარაუდი სწორია, რომ მარტივ ანალოგიებზე არ ვარ დაყრდნობილი. მარტოოდენ მათი პატარა ხელები… მაგრამ ხვლიკებსაც ასეთივე ხელები აქვთ, ისინი კი არაფრით გვგვანან. ვფიქრობ, საქმე აქსოლოტლების თავშია, ოქროსფერთვალებიან ვარდისფერ სამკუთხა ნიღაბში. იყურებოდნენ და იცოდნენ. პრეტენზიას აცხადებდნენ. ისინი ცხოველები არ იყვნენ.

მარტივი, თითქმის ბუნებრივი, იყო მითოლოგიაში გადასვლა. აქსოლოტლების თვალიერება დავიწყე როგორც შედეგზე მეტამორფოზისა, რომელმაც ვერ მოახერხა მათი იდუმალი ადამიანური ბუნება მოესპო. წარმოვიდგინე, რომ ესენი არიან გონიერი არსებები, თავიანთი სხეულის მონები, სამარადისოდ წყალქვეშა სიჩუმისთვის განწირულები, ფიქრისთვის და სასოწარკვეთილებისთვის. მათი ბრმა გამოხედვა, პაწაწა ოქროსფერი დისკი, არაფრის გამომხატველი და მაინც დამაფრთხობლად გონიერი, ჩემს სულში მუდარასავით აღწევდა: „გვიშველე, გვიშველე“. უცებ შევამჩნიე, რომ სანუგეშო სიტყვების ვჩრჩულებდი, ვცდილობდი მათში გულუბრყვილო სასოება ჩამენერგა. ისინი, უძრავები, ჩემს ცქერას განაგრძობდნენ; დროდადრო ლაყუჩების მოვარდისფრო შტოებს ჭიმავდნენ. სწორედ ამ დროს რაღაც ყრუ ტკივილმა განმგმირა: იქნებ, მხედავდნენ, ამჩნევდნენ ჩემს ძალვას ჩავწვდომოდი მათ მიუწვდომელ ცხოვრებას. ადამიანური არსებები არ იყვნენ, მაგრამ არცერთ ცხოველში მინახავს ასეთი ღრმა კავშირი ჩემთან. აქსოლოტლები თითქოს რაღაცის მოწმეები იყვნენ, ხანდახან კი მრისხანე მოსამართლეები. მათ წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ისეთი საზარელი სისპეტაკე ანათებდა ამ გამჭვირვალე თვალებიდან. ლარვები იყვნენ, მაგრამ ლარვა ნიღაბსაც ნიშნავს, და კიდევ — აჩრდილს. როგორი გარეგნობა ელოდა თავის საათს ამ აცტეკური სახეების უკან, უმეტყველოს და ამავრდოულად უწყალოდ სასტიკის?

მათი მეშინოდა. ვფიქრობ, რომ არა სხვა დამთვალიერებლების და დარაჯის სიახლოვე, მათთან პირისპირ დარჩენას ვერ გავბედავდი. „თვალებით ცოცხლად ჭამთ,“ — მითხრა დარაჯმა სიცილით, ალბათ ცოტა შეშლილად ჩამთვალა. არ ესმოდა, რომ ეს ისინი, თავის ოქროს კანიბალიზმში, ნელა მშთანთქავდნენ თვალებით. აკვარიუმიდან წამოსულიც მხოლოდ მათზე ვფიქრობდი, თითქოს მანძილზე ახდენდნენ ჩემზე ზემოქმედებას. ბოლოს ყოვდელდღე დავიწყე იქ სიარული, ღამით კი წარმოვიდგენდი, როგორ ეკიდნენ სიბნელეში უძრავად, როგორ დინჯად წევდნენ ხელს და მაშინვე სხვის ხელს ხვდებოდნენ. შესაძლოა, მათი თვალები ღამეშიც ხედავენ, ასე რომ დღე მათთვის უსასრულოდ გრძელდება. აქსოლოტლების თვალებს ქუთუთოები არ აქვს.

ახლა ვიცი, რომ აქ არაფერი იყო უცნაური, რომ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. ყოველ დილას, როცა აკვარიუმის წინ ვიხრებოდი, მათზე უფრო მეტს ვიგებდი. იტანჯებოდნენ — და სხეულის ყველა უჯრედით ვგრძნობდი მათ უჩუმარ ტკივილს, უმოძრაო წამებას წყლის სიღრმეებში. თითქოს რაღაცას ელოდნენ — დიდი ხნის წინათ დაკარგულ ძალაუფლებას, თავისუფლების ეპოქას, როცა სამყარო აქსოლოტლების ეკუთვნოდათ. შეუძლებლად ჩანდა, რომ ასეთ შემზარავ გამოხედვას, მათ ქვის სახეებზე იძულებითი უძრაობის დამმარცხებელს, არც სამწუხარო ამბავი აღენიშნა, არც ამ საზარელ ჯოჯოხეთში სამუდამო ტანჯვის დამამტკიცებელი საბუთი წარმოედგინა. ტყუილაუბრალოდ ვცდილობდი საკუთარი თავი დამერწმუნებინა, რომ ჩემი მგრძნობიარობა აწერდა აქსოლოტლებს არარსებული გონების ქონას. მე და მათ ვიცოდით. ამიტომ მომხდარში არაფერი იყო უცნაური. სახე ავზის მინაზე მქონდა მიჭერილი, ჩემი თვალები ამ უგუგებო და უირისო ოქროსფერი თვალების საიდუმლოს ჩაწვდომას ცდილობდნენ. მინასთან ძალიან ახლოს აქსოლოტლის უმოძრაო სახე დავინახე. გადასვლის გარეშე, გაკვირვების გარეშე, მინაზე ჩემი სახე დავინახე, აქსოლოტლის სახის მაგიერ მინაზე საკუთარი სახე დავინახე, ის აკვარიუმის გარეთ დავინახე, მინის მეორე მხარეს. შემდეგ ჩემი სახე გაიწია, და მივხვდი.

მხოლოდ ერთი რამ იყო უცნაური: ფიქრის გაგრძელება, უწინდელივით, ცოდნა. ამის მიხვედრა თავიდან ტოლფასი იყო გამყინველი თავზარის კაცისა, რომელიც გამოიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ცოცხლადაა დამარხული. გარეთ ჩემი სახე ისევ მიუახლოვდა მინას, საკუთარი პირი დავინახე, აქსოლოტების გაგების მცდელობით მოკუმული ტუჩებით. აქსოლოტლი ვიყავი და ახლა წამიერად ვიცოდი, რომ არავითარი გაგებაა შესაძლებელი. ის აკვარიუმის გარეთ იყო, მისი ფიქრი აკვარიუმს გარეთა ფიქრი იყო. მისმა ცოდნამ, თვითონ მად ყოფნამ, ახლა აქსოლოტლი ვიყავი და საკუთარ სამყაროში ვიმყოფებოდი. დაიწყო საშინელება — ამას მაშინვე მივხვდი — იმისგან, რომ საკუთარ თავს აქსოლოტლის სხეულში დატყვევებულად ვთვლიდი, მასში გარდაქმნილად საკუთარი ადამიანური ფიქრებით, აქსოლოტლში ცოცხლად დამარხულად, განწირულად, გონებრივად მეარსება უგუნურ ქმნილებებს შორის. მაგრამ ამან მაშინვე ჩაიარა, როცა სახეზე ვიღაცის ფეხი შემეხო, როცა, ოდნავ გვერდზე გაწევისას, გვერდით ჩემზე მოშტერებული აქსოლოტლი დავინახე, და მივხვდი, რომ მანაც იცოდა, ასევე ნათლად იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამოხატვა არ შეგვეძლო. ან მე მასშიც ვიყავი, ან ჩვენ ყველა ადამიანებივით ვაზროვნებდით — თვითგამოხატვის უნაროები, როცა ყველაფერი დადის კაცის მინაზე მოჭერილ სახეს მიჩერებულ ჩვენი თვალების ნათებამდე.

კიდევ ბევრჯერ დაბრუნდა, მაგრამ ახლა უფრო იშვიათად მოდის. ხანდახან მთელი კვირები არ ჩანს. გუშინ დავინახე, დიდხანს მიყურა, შემდეგ სწრაფად შებრუნდა და წავიდა. მგონია, რომ ჩვენით უკვე არც ისე ძალიანაა დაინტერესებული, რომ უბრალოდ ჩვეულების გამო მოდის აქ. და ვინაიდან ერთადერთი, რის გაკეთებაც შემიძლია — ფიქრია, ბევრს ვფიქრობ მასზე. აზრად მომივიდა, რომ თავიდან ჯერ კიდევ დაკავშირებულები ვიყავით, და ის, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, თავს გრძნობდა განდობილად საიდუმლოსი, რომელიც მისი საცდური გახდა. მაგრამ ჩვენ შორის ხიდები ჩაინგრა, რადგანაც ის, რაც მისი საცდური იყო, ახლა აქსოლოტლი გახდა, ესეოდენ უცხო მისი ადამიანური ცხოვრებისთვის. ვფიქრობ, რომ თავდაპირველად შემეძლო გარკვეულწილად იგი გავმხდარიყავი — ახ, რომ მხოლოდ გარკვეულწილად — და მასში ჩვენი უკეთ გაგების სურვილისთვის ხელი წამეშვლებინა. ახლა საბოლოოდ გავხდი აქსოლოტლი, და თუ ადამიანივით ვაზროვნებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა აქსოლოტლი, მათი ვარდისფერი ქვის ნიღბის უკან, ადამიანივით აზროვნებს. მგონია, რომ გამომივიდა ამ ყველაფრიდან მისთვის ზოგი რამ გადამეცა პირველ დღეებში, როცა ჯერ კიდევ იგი ვიყავი. და ამ უსასრულო სიმარტოვეში, — რადგან ის უკვე აღარ დაბრუნდება — მანუგეშებს ფიქრი მხოლოდ იმაზე, რომ, შესაძლოა, ჩვენზე დაწეროს, — დარწმუნებულმა, რომ იგონებს, რომ აქსოლოტლებზე მოთხრობას წერს.