trumbo

ავტორი: დათო ლობჟანიძე

1947 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პროცესი დაიწყო. ცოტა ხნით ადრე The Hollywood Reporter-ში გამოქვეყნებულ სტატიებზე დაყრდნობით, “არაამერიკული საქმიანობების კომიტეტმა” ეგრეთწოდებული ჰოლივუდური ათეულის საქმის შესწავლა დაიწყო. ჰოლივიდურ ათეულს, რომლის წევრებიც გამოჩენილი და მრავალი პრემიის მფლობელი სცენარისტები, რეჟისორები და პროდუსერები იყვნენ, ბრალი კომუნისტურ და ანტი-სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ედებოდა. „ტრამბო“ ზემოაღნიშნული ათეულის, უფრო მეტად კი მისი ცენტრალური ფიგურის, დალტონ ტრამბოს შესახებ მოგვითხრობს. მართალია, ფილმი კონკრეტულ ისტორიას წარმოადგენს და ტრამბოს და მისი თანამოაზრეების დაუმსახურებელ დამცირებაზე, საზოგადოებიდან მოკვეთაზე, მათთვის თავისუფლების აღკვეთაზე და შავ სიებზე მოგვითხრობს, ეს პირველ რიგში უნივერსალური ისტორიაა, ისტორია რომლის მთავარი თემა ამბოხის და ავტორიტარიზმის, თავისუფალი აზროვნების და ძალადობის, პრინციპულობის და კონფორმიზმის დაპირისპირებაა.

კარიერის პიკში მყოფ ტრამბოს, ისევე როგორც მის თანამოაზრეებს საჯარო მოსმენებზე კომუნისტურ პარტიაში წევრობა შეეძლოთ უერყოთ. ეს ტყუილი იქნებოდა, მაგრამ ყველასათვის მისაღები ტყუილი. ადამიანი სუსტი არსებაა და ნონკონფორმიზი ძვირადღირებული ფუფუნებაა.

“შენ რადიკალივით ლაპარაკობ, მაგრამ მდიდარი ადამიანივით ცხოვრობ,” ეუბნება ტრამბოს არლენ ჰერდი (მის როლს ლუი სი კეი ასრულებს). ტრამბო ვაბანკზე მიდის და სისტემასთან დაპირისპირებაში ფსონად მთელ თავის მატერიალურ სიმდიდრეს და რეპუტაციას ჩადის. ცხადია ამ დაპირპირებაში ის მარცხდება, ის და მისი მეგობრები შავ სიაში ხვდებიან. ტრამბო ოჯახის შესანახად ფსევდონიმით წერას იწყებს და მაშინ, როდესაც მთელი ამერიკა და მსოფლიო “რომაული არდადეგების” ყურებით ტკბება, ტრამბო აბაზანაში ჩაკეტილი, სცენარების ანონიმურად წერას განაგრძობს და ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გრეგორი პეკის და ოდრი ჰეპბერნის დიალოგები ამერიკის მტრად გამოცხადებულმა, ყველასგან დავიწყებულმა ოსტატმა დაწერა.

სისტემასთან დაპირისპირებულმა ტრამბომ ციხეში თითქმის ერთი წელი გაატარა, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ის უამრავი სხვადასხვა ფსევდონიმით სცენარების წერას განაგრძობს, თუმცა ამას ძალიან დაბალი გასამრჯელოს სანაცვლოდ აკეთებს. ამ პერიოდში ტრამბო წერს ბევრს, მაგრამ უხარისხოდ. სტუდიები, რომლებიც მისგან სცენარებს ყიდულობენ ხარისხს არ დაეძებენ. ამრიგად, ტრამბო მონაა, თუმცა ის მონა, რომლის მისიაც გათავისუფლება და ტირანიის დამარცხებაა. სიმბოლურია, რომ ტრამბოს რეაბილიტაცია სპარტაკის ეკრანებზე გამოსვლას ემთხვევა. მას აღარ სჭირდება ფსევდონიმები, ის თავისუფალია მაყურებლის, საზოგადოების და ქვეყნის წინაშე.

ფილმი პირობითად რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, პირველი ნაწილი “დანაშაულს” წარმოადგენს, სადაც სისტემა ჰოლივუდური ათეულის გამოაშკარავებას და დემონიზაციას ცდილობს. მეორე ნაწილი “სასჯელს” წარმოადგენს, სადაც ტრამბოს და ათეულის სხვა წევრებს არარსებული დანაშაულისათვის საზღაურის გაწევა უწევთ. აქ ტრამბოს მაგალითზე ვხედავთ ადამიანს, ძალადობის მსხვერპლს, რომელიც თავად შეიძლება იქცეს მოძალადედ სახელმწიფოს მინი მოდელში, ანუ ოჯახში. აქ მაყურებელი ხედავს, თუ რა გავლენა ჰქონდა სახელმწიფოს ძალადობრივ პოლიტიკას ათასობთ უდანაშაულო ადამიანის ცხოვრებაზე და მათ ურთიერთობებზე ახლობელ ადამიანებთან. პირდაპირ დაზარალებულების გარდა,

საინტერესო ის ადამიანებიც არიან, რომლებმაც კარიერის დანგრევის შიშით “გამოძიებასთან” თანამშრომლობა და მეგობრებზე ტყუილების თქმა ამჯობინეს. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ფილმი მათ დემონიზაციას თავს არიდებს. ტრამბოს სიტყვებს, რომ დავესესხოთ, იმ პერიოდში არ არსებობდნენ დამნაშავეები, არსებობდნენ მხოლოდ მსხვერპლები. ტრამბო ამის შესახებ ფილმის დასკვნით ნაწილში საუბრობს, სცენაში რომელიც 1970 წელს ლეგენდარული სცენარისტის მწერალთა გილდიაში სიტყვით გამოსვლას ასახავს.

კი, შეიძლება კინემატოგრაფიულობის მხრივ ფილმს მეტის შემოთავაზება შეეძლო, ლუი სი კეის საკმაოდ უჭირს საკუთარი კანიდან გამოძვრომა და ტრამბოს თანამერბძოლის როლის ბოლომდე დამაჯერებლად შესრულება, ასევე ზოგიერთი პერსონაჟი, თუნდაც ჯონ ვეინის სახით ოდნავ კარიკატურულია, მაგრამ ამ ყველაფრის პატიება შეიძლება, პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ დალტონ ტრამბო ჰოლივუდის ისტორიაში უნიკალურად ჰეროიკული და მისაბაძი ფიგურაა. დალტონ ტრამბო და ჰოლივუდური ათეულის ისტორია იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ამ ამბავის შესახებ ყოველი ეკრანიზაცია თუ წიგნი დიდ ინტერეს იწვევს. აქვე აღსანიშნავია ბრაიან კრანსტონის შესანიშნავი თამაში, რომელიც როლს ბუნებრივად ირგებს.

ფილმს კიდევ ერთხელ, რომ დავესესხოთ ტრამბოს არათუ უყვარდა, არამედ სჯეროდა ჰეპი ენდების. ამიტომ, სიმბოლურია, რომ მისი ცხოვრება მისივე შემოქმედებას დაემსგავსა. ტრამბო 1976 წელს მოსიყვარულე ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა, ამ დროს ის სრულად რეაბილიტირებული და საყოველთად აღიარებული იყო. 2012 წელს კი, The Hollywood Reporter-ის მთავარი რედაქტორის, უილიამ უილკერსონისი შვილმა მამამისის სტატიებისთვის ჰოლივუდურ ათეულს საჯარო ბოდიში მოუხადა.