ამ ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს ლიტაგორას კინო გურუმ, ნოდარ შერგელაშვილმა, უსაქმურობისგან დაღლილმა კეთილი საქმის გაკეთება გადაწყვიტა და 2015 წლის კარგი, მაგრამ არასაკმარისად დაფასებული და უყურადღებოდ დარჩენილი 20 ფილმისგან შემდგარი სია გააკეთა, რომელსაც ყოველგვარი შესავალის გარეშე გთავაზობთ.
The Gift – საჩუქარი
რეჟისორი: ჯოელ ედგერტონი
როლებში: ჯოელ ედგერტონი (ცხოველთა სამეფო-Animal Kingdom), ჯეისონ ბეიტმანი (აუტანელი ბოსები-Horrible Bosses), რებეკა ჰოლი (Vicky, Christina, Barcelona)
ჟანრი: თრილერი, მისტიკა
ხანგრძლივობა: 108 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 7 აგვისტო, 2015
ავსტრალიელი მსახიობი ჯოელ ედგერტონი ამ ფსიქოლოგიური თრილერის რეჟისორად, სცენარისტად და ერთ-ერთი როლის შემსრულებლადაც გვევლინება. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სამივე ფუნქცია მან ბრწყინვალედ შეასრულა. ფილმში მძაფრსიუჟეტიანი და ფსიქოლოგიური მომენტების ბალანსი კარგადაა დაცული. ერთ წამს გვგონია, რომ ჩვეულებრივ საშინელებათა ფილმს ვუყურებთ, ხოლო მეორე მომენტში კი ინტერესით ვაკვირდებით თუ როგორ ხდება უცხო ადამიანი დაქორწინებულ წყვილს შორის უნდობლობის და უთანხმოების გაჩენის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი შედარებით ნელია, ფლოთ თვისთების სიმრავლის გამო ის არცერთი წუთით არაა მოსაწყენი.
Slow west – ნელი დასავლეთი
რეჟისორი: ჯონ მაქლინი
როლებში: მაიკლ ფასბენდერი (სირცხვილი-Shame), ბენ მენდელსონი (ცხოველთა სამეფო – Animal kingdom)
ჟანრი: ვესტერნი, მძაფრსიუჟეტიანი
ხანგრძლივობა: 84 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 24 მაისი, 2015
კოენების სტილში გადაღებული, ეს შავი იუმორით გაჯერებული ვესტერნი, კიდევ ერთი, ამჯერად შოტლანდიელი მუსიკოსის ჯონ მაქლინის რეჟისორული დებიუტია. მაიკლ ფასბენდერის გარდა სამეფო ტახტის თამაშების (Game of Thrones) რორი მაქაანსაც (The hound) იხილავთ. ფილმი “ექშენის” ნაკლებობას ულამაზესი კინემატოგრაფიით და თითზე ჩამოსათვლელი ნანატრი, ველური დასავლეთისთვის შესაფერისი “პერესტრელკების” უმაღლეს დონეზე შესრულებით ანაზღაურებს.
99 Homes -99 სახლი
რეჟისორი: რამინ ბაჰრანი
როლებში: ენდრიუ გარფილდი (საოცარი ადამიანი ობობა-Amazing Spiderman), მაიკლ შენონი (ეძიე თავშესაფარი-Take shelter)
ჟანრი: დრამა
ხანგრძლივობა: 118 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 25 სექტემბერი, 2015
99 სახლი, The big short-ის უფრო სენტიმენტალური და ემოციური ბიძაშვილია. აქ უფრო ადამიანურად და ახლოდან ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის ფონზე მდიდრდებიან ან სახლებს კარგავენ. თუ ოსკარზე წარდგენილმა ფილმმა ამერიკის კრიზისზე ფილმების ნახვის მადა გაგიღვიძათ 99 სახლი არ უნდა გამოტოვოთ.
Mississippi grind – გასეირნება მისისიპიზე
რეჟისორი: ანნა ბოდენი, რაიან ფლეკი
როლებში: რაიან რეინოლდსი (დედპული-Deadpool), ბენ მენდელსონი (ცხოველთა სამეფო – Animal kingdom)
ჟანრი: დრამა, კომედია
ხანგრძლივობა: 108 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 25 სექტემბერი, 2015
სასოწარკვეთილი ბენ მენდელსონი და ქარიზმატული რიან რეინოლდსი, პოკერის მოთამაშეების იმდენად საინტერესო დუეტს ქმნიან, რომ რთულია მათ არ უგულშემატკივრო ან არ უთანაგრძნო. ფილმი სპეციფიურ მაყურებელზეა გათვლილი, თუ თქვენ დინამიური კინოს მოყვარული ხართ შეიძლება ოდნავ მოიწყინოთ, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ ნამდვილად არ ინანებთ. აღსანიშნავია, რაიან რეინოლდსის კარგი თამაში. რომელიც მენდელსონს არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევს.
Finders keepers – ნაპოვნი მპოვნელის საკუთრებაა
რეჟისორი: ბრაიან ქარბერი, ქლეი თვილი
ჟანრი: დოკუმენტური
ხანგრძლივობა: 82 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 25 სექტემბერი, 2015
ეს დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს დაუჯერებელი ისტორიის შესახებ. ამერიკის სამხრეთში, ყოფილი ნარკომანი საკუთარი ამპუტირებული ფეხის დაბრუნებას ცდილობდა ადამიანისგან, რომელმაც ის შემთხვევით იპოვა და გადაწყვიტა კომერციული საქმიანობისთვის გამოეყენებინა. სასიამოვნოდ გაოცდებით როცა აღმოაჩენთ, რომ ამ ერთი შეხედვით სასაცილო ამბავის უკან, ორი ადამიანის და მათი ოჯახების რეალური, იმედგაცრუებებით და ზოგჯერ ტკივილით სავსე ცხოვრება იმალება.
The end of the tour – ტურის დასასრული
რეჟისორი: ჯეიმს პონსოლდტი
როლებში: ჯესი აიზენბერგი (სოციალური ქსელი-Social network), ჯეისონ სეგელი (ჯეფი რომელიც სახლში ცხოვრობს-Jeff who lives at home)
ჟანრი: დრამა
ხანგრძლივობა: 106 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 31 ივლისი, 2015
ამ ფილმზე ჩვენს მეორე კინო პოდკასტში უკვე ვისაუბრეთ, თუმცა, ის იმდენად საინტერესო ნამუშევარია, რომ მისი ამ სიაში არ მოხსენიება უსამართლობა იქნებოდა. ფილმი დაფუძნებულია დევიდ ლიპსკის (მის როლს აიზენბერგი ასრულებს) ბესტსელერზე (“თუმცაღა, რა თქმა უნდა, ბოლოს შენ შენი თავი ხდები”), რომელიც თავის მხრივ მან ამერიკელ მწერალთან, “უსასრულო ხუმრობის” ავტორთან, დევიდ ფოსტერ უოლესთან ინტერვიუზე დაყრდნობით დაწერა. ჯესი აიზენბერგისგან ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვიღებთ, თუმცა ის პერსონაჟის ტიპაჟს ძალიან კარგად ერგება და ფილმს ერთგვარ ცინიკურ ელფერს სძენს. ჯეისონ სეგელზე კი თამამდ შეიძლება ითქვას რომ, მან საკუთარ კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო და ახლა მხოლოდ კომედიური, არასერიოზული როლებით აღარ შემოიფარგლება. მოკლედ, თუ გიყვართ დიალოგური ტიპის ფილმები სადაც ეგზისტენციალურ თემებზე საუბრობენ მაშინ ტურის დასასრული თქვენთვისაა.
Going clear: scientology and the prison of belief – გამოაშკარავება: საენტოლოგია და რწმენის ციხე
რეჟისორი: ალექს გიბნი
როლებში: პოლ ჰაგისი, ჯეისონ ბეჰი
ჟანრი: დოკუმენტური
ხანგრძლივობა: 120 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 25 იანვარი, 2015 (სანდენსი)
ალბათ წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტური ფილმი, ტომ კრუზის და ჯონ ტრავოლტას “საყვარელი” საენტოლოგიის ეკლესიის საშინელი პრაქტიკების გამოაშკარავების შესახებაა. ფილმი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის ლოურენს რაითის 2013 წელს გამოცემულ წიგნზეა დაფუძნებული. ფილმში შეხვდებით საენტოლოგიის ისტორიის დეტალურ აღწერას და მნიშვნელოვან ინფორმაციას მისი დამაარსებლის, რონ ჰუბარდის ცხოვრების შესახებ. იხილავთ ინტერვიუებს ამ სექტის/კულტის ყოფილ წევრებთან, რომლებსაც საენტოლოგიის წევრები დღემდე პრობლემებს უქმნიან და ოჯახის საენტოლოგ წევრებთან საუბარს უკრძალავენ. ფილმში ნანახის და მოსმენილის შემდეგ კი გაოცდებით თუ როგორ ახერხებს აშკარად ყალბი და აბსურდულად სულელური დოქტრინის მქონე ‘რელიგია’ სამი მილიარდი დოლარის აქტივების ქონას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალი ცენტრების გახსნას მისი ყოფილი წევრებისგან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებების პარალელურად.
In Jackson heights – ჯექსონის მაღლობებზე
რეჟისორი: ფრედერიკ ვაისმანი
როლებში:
ჟანრი: დოკუმენტური
ხანგრძლივობა: 190 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 6 ნოემბერი, 2015
ვაისმანის სამსაათიანი დოკუმენტური ფილმი ეზოში მოთამაშე ბავშვებს, მეჩეთში მლოცველ მამაკაცებს, ფეხბურთის ფანების შეკრებას, აღლუმებს, საპროტესტო აქციებს, სურსათის მაღაზიებს და ბიუროკრატიულ პროცესებს ქალაქის ხმაურის ფონზე გვაჩვენებს. ეს იმ ერთ-ერთ ფილმთაგანია სადაც რეჟისორი ცდილობს მაქსიმალურად ყველაფერი გვაჩვენოს, მათ შორის ბიუროკრატიულ შეკრებებზე გამომსვლელების ერთი შეხედვით მოსაწყენი სიტყვებიც კი. ეს ხანგრძლივი ფილმი ქალაქის მაცხოვრებლების და მათი ცხოვრების მიმართ დეტალური ყურადღებით და სითბოთია გაჟღენთილი.
Phoenix – ფენიქსი
რეჟისორი: კრისტიან პეცოლდი
როლებში: რონალდ ზერფელდი (ბარბარა-Barbara), ნინა ჰოსი (ძებნაში მყოფი კაცი-A most wanted man)
ჟანრი: დრამა, არტ-ჰაუსი
ხანგრძლივობა: 98 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 24 ივლისი, 2015 (აშშ)
ფენიქსი თითქმის სრულყოფილი ფილმია, რომელიც სწავლობს მისი პერსონაჟების ხასიათებს, ამავდროულად ახდენს მათ დეკონსტრუქციას და პირველი კადრიდან დასასრულის ჩათვლით, გვაიძულებს ვიგრძნოთ ტკივილი, რომელსაც ადამიანს ომი და საყვარელი ადამიანის ღალატი აყენებს. შეუძლებელია ფენიქსის მსგავსი ფილმის აღწერა რამდენიმე აბზაცში ჩაეტიოს, შეიძლება მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ეს მართლაც დაუფასებელი ნამუშევარია, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ალბათ კლასიკურ ნაწარმოებთა რიცხვში ჩაიწერება.
It follows – ის მოგდევს
რეჟისორი: დევიდ მიტჩელი
როლებში: მაიკა მონრო (სტუმარი-The guest), კირ გილქრისტი (სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი-The Stanford prison experiment)
ჟანრი: საშინელებათა ფილმი
ხანგრძლივობა: 94 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 13 მარტი, 2015 (აშშ)
ამ ფილმით და მასში შედარებით უცნობი მსახიობების გამოყენებით დევიდ მიტჩელმა დაადასტურა, რომ კარგი ჰორორის გადასაღებად ხანდახან უბრალოდ ნიჭი და მონდომებაც კმარა. სპეციფიური ელექტრონული მუსიკალური გაფორმება და ვიზუალური სტილი ფილმში 80-იანი წლების გარემოს განზრახ ქმნის. ზოგი თვლის რომ ამ ფილმმა სექსზე და სიკვდილზე ფილოსოფიურ აზრებს ხორცი მხატვრულად შეასხა, ზოგისთვის კი მიტჩელმა უბრალოდ, დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ ტექნიკურად უზადოდ შესრულებული საშინელებათა ინდი ფილმი შექმნა.
Spring – გაზაფხული
რეჟისორი: ჯასტინ ბენსონი, აარონ მურჰედი
როლებში: ლუ ტეილორ პუჩი (მუსიკა არასდროს გაჩერებულა-Music never stopped), ნადია ჰილკერი
ჟანრი: საშინელებათა ფილმი, სამეცნიერო ფანტასტიკა
ხანგრძლივობა: 109 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 20 მარტი, 2015 (აშშ)
გაზაფხულის ჟანრის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ის შეიძლება ორ, რომანტიკული ჟანრის პირველ და ჰორორის სტილის მეორე ნაწილებად დაიყოს. პირველი ნაწილი ხარისხობრივად მეორეზე იმდენად აღმატებულია და იმდენად კარგადაა გაკეთებული, რომ როდესაც ფილმი საშინელებათა ჟანრში გადადის ერთგვარი დისბალანსი იგრძნობა. მსახიობები როლებს უზადოდ ასრულებენ, სცენარიც საკმაოდ ჭკვიანური და ამბიციურია. რთულია ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი ჟანრისგან ერთგვაროვანი ფილმი გადაიღო, თუმცა ამ შემთხვევაში რეჟისორებმა ეს საკმაოდ მაღალ დონეზე მოახერხეს.
Meru – მერუ
რეჟისორი: ჯიმი ჩინი, ელიზაბეტ ჩაი ვაშარჰელი
ჟანრი: დოკუმენტური
ხანგრძლივობა: 87 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 14 აგვისტო, 2015
მერუ ალპინიზმზე მოგვითხრობს. ფილმი ცდილობს გამოიკვლიოს თუ რა ამოძრავებთ ადამიანებს, რომლებიც მთებში ხშირად თვითმკვლელ მისიაზე მიდიან. თუმცა, მსგავსი აღწერა მხოლოდ ზედაპირულად ასახავს იმას თუ რაზეა ეს ფილმი. არაჩვეულებრივად ლამაზი პეიზაჟებით დატვირთული მერუ შარშანდელი წლის მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმების სიას ეკუთვნის.
Experimenter – ექსპერიმენტატორი
რეჟისორი: მაიკლ ალმერეიდა
როლებში: პიტერ სარსგაარდი (ბიჭები არ ტირიან-Boys don’t cry), ვაინონა რაიდერი (ედვარდ მაკრატელხელება-Edward scissorhands)
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული
ხანგრძლივობა: 90 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 16 ოქტომბერი, 2015
ეს ბიოგრაფიული ფილმი სოციალური ფსიქოლოგის სტენლი მილგრამის ცხოვრების შესახებაა. მილგრამი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფსიქოლოგი იყო. საკმაოდ ცნობილია მისი მორჩილებასთან დაკავშირებული სკანდალური ექსპერიმენტი,რომლის შთაგონებაც მან ჰოლოკოსტის საკითხების კვლევისას და ცნობილი ნაცისტის ადოლფ ეიხმანის (ადამიანი რომლის გამოც ჰანა არენდტმა ფრაზა “ბოროტების ბანალურობა” ‘შექმნა’) სასამართლო პროცესისგან მიიღო.
Grandma – ბებია
რეჟისორი: პოლ ვაისი
როლებში: ლილი ტომლინი (ფლირტი კატასტროფასთან-Flirting with disaster), ჯულია გარნერი (მარტოსულობის უპირატესობები-The perks of being a wallflower)
ჟანრი: კომედია
ხანგრძლივობა: 82 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 21 აგვისტო, 2015
ბებია სიის ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ყურებადი და ერთი შეხედვით მსუბუქი ფილმია. რთულია ისეთი თემები როგორებიცაა აბორტი, არშემდგარი პროფესიული თუ პირადი ცხოვრება და ცალხმრივი სიყვარული ისე ძალდაუტანებლად და უპრეტენზიოდ ჩართო ფილმში როგორც ეს პოლ ვაისმა მოახერხა. ლილი ტომლინი ცინიკოსი, სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი და მუდამ ახალგაზრდა ბებიის როლს ისე კარგად ასრულებს, რომ ის რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი გეგონებათ.
James White – ჯეიმს უაითი
რეჟისორი: ჯოშ მონდი
როლებში: კრისტოფერ ებოტი (ყველაზე სასტიკი წელიწადი-A most violent year), რონ ლივინგსტონი (ოფისის ფართი-Office space), სინტია ნიქსონი (სექსი დიდ ქალაქში-Sex in the city)
ჟანრი: დრამა
ხანგრძლივობა: 85 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 13 ნოემბერი, 2015
ჯეიმს უაითი პირველ რიგში იმ ცვლილებებზეა, რომლებსაც ძლიერი ადამიანები ტრაგედიის დროს გადიან. ფილმის პროტაგონისტი ახალგაზრდა, ნიჭიერი, ყველაზე და ყველფერზე გაბრაზებული, ახალგაზრდა ჯეიმსია, რომელიც დედამისის კიბოთი ავადმყოფობის პარალელურად ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრებას ცდილობს. ფილმის მთავარი ღირსება სწორედ ის მომენტებია, რომლებიც შეიძლება უფრო სენტიმენტალური და უნიჭო რეჟისორის ხელში ნერვების მომშლელ და შესაბამისად ფილმის უმთავრეს ნაკლად ქცეულიყო. აქ ვერ ნახავთ მომაკვდავი ადამიანების თემის, ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ ბანალურ ექსპლუატაციას. პირიქით, ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ემოციური სცენა ერთდროულად უზომოდ სევდიანი და ამავე დროს იმედისმომცემი, სწორედ რეჟისორის და მსახიობების მიერ საკუთარი საქმის უზადოდ შესრულების გამოა.
Taxi – ტაქსი
რეჟისორი: ჯაფარ პანაჰი
როლებში:
ჟანრი: დოკუმენტური ფიქცია, ნახევრად დოკუმენტური
ხანგრძლივობა: 82 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 6 თებერვალი, 2015
ოდესღაც აბბას კიარასტომის ასისტენტი და ამჟამად დამოუკიდებელი ირანელი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის პატარა წყნარი ნახევრად დოკუმენტური ფილმი ნამდვილად ღირს ნახვად. მასში არაფერი რევოლუციური არ ხდება, თუმცა ის, რომ რეჟისორი ტაქსისტის როლში გვევლინება ინტერესის გასაღვივებლად უკვე საკმარისია. დღის განმავლობაში პანაჰის რამდენიმე საინტერესო პერსონაჟთან უწევს შეხვედრა, ერთ-ერთთან საუბრისას კი როდესაც მას სთხოვენ რჩევა მისცენ თუ რა ფილმს უყუროს, პაჰანი აღნიშნავს, რომ არ არსებობს კინო რომლის ნახვაც არ ღირს და ეს უბრალოდ გემოვნების საკითხია. ამიტომ თუ ოდნავ მაინც გაინტერესებთ თანამედროვე თეირანი და ზოგადად ირანი, ამ ფილმს ნახვას გირჩევთ.
Bone tomahawk – ძვლის ტომაჰავკი
რეჟისორი: ქრეიგ ცალერი
როლებში: კურტ რასელი (საძულველი რვა-Hateful eight), პატრიკ უილსონი (ასტრალი-Insidious)
ჟანრი: ვესტერნი, საშინელებათა ფილმი
ხანგრძლივობა: 133 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 25 სექტემბერი, 2015
პირველი რაც ამ ფილმის შესახებ უნდა ითქვას ის არის, რომ სუსტი ნერვების მქონე ადამიანებმა მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა უყურონ. ფილმში ბევრი სისხლია, მკვლელობები და გულისამრევი ძალადობა. თუმცა თუ ხერხის სერიების მოყვარული ხართ, შეიძლება ეს ფილმი ჩვეულებრივ გასართობად აღიქვათ. კურტ რასელი შერიფის როლს ასრულებს. ერთი შეხედვით ფილმი ვესტერნია, თუმცა, რაღაც მომენტში ის ოდნავ სიურრეალისტური ჰორორის ჟანრში გადადის. ის იმ ფილმთაგანია, რომელიც ან ძალიან მოგეწონებათ ან შეგზიზღდებათ. მესამე ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა სწორედ იმ ზღვარსგადასული სისასტიკის და ძალადობის გამო რაც ფილმში გვხვდება.
The salvation – ხსნა
რეჟისორი: კრისტიან ლევრინგი
როლებში: მედს მიკელსენი (ნადირობა-The hunt), ევა გრინი (მეოცნებენი-The dreamers), ჯეფრი დინ მორგანი (Watchmen-მაყურებლები)
ჟანრი: ვესტერნი, დრამა
ხანგრძლივობა: 100 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 27 თებერვალი, 2015 (აშშ)
ხსნა მორიგი ვესტერნია, რომელშიც მთავარ როლებს მედს მიკელსენი, ევა გრინი და ჯეფრი დინ მორგანი ასრულებენ. Revenant-ის მსგავსად ფილმს ფონად შურისძიების თემა გასდევს, ოღონდ ბევრად უფრო მეტი დიალოგით, ნაკლები სიცივით, ნაკლები ბუნებასთან ბრძოლით და ნაკლები ტარკოვსკით. ფილმში საკმაო დოზითაა “ექშენი” და “პერესტრელკები”. მარტივად რომ ვთქვათ, მძაფრსიუჟეტიანი, მაგრამ აზრიანი ფილმების მოყვარულებისთვის ხსნა სასიამოვნო სანახავი იქნება.
Queen of earth – დედამიწის დედოფალი
რეჟისორი: ალექს როსს პერი
როლებში: ელიზაბეტ მოსი (სიმართლე), კეტრინ უოტერსტონი (სტივ ჯობსი-Steve Jobs)
ჟანრი: დრამა, მისტიკა
ხანგრძლივობა: 90 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 26 აგვისტო, 2015
დედამიწის დედოფალი ძალიან ეფექტური ჰორორია, ეს მეტწილად რეჟისორის და მსახიობების ოსტატობის დამსახურებაა. Mad Men-ის ელიზაბეტ მოსი ბრწყინვალედ ასრულებს სიგიჟის ზღვარზე მყოფილი ქალის როლს. ძალიან საინტერესოა ორი მეგობრის ურთიერთობის დინამიკაზე დაკვრივება, რადგან ეს საკმაოდ უჩვეულო აბსოლუტურ გულახდილობასა და სიმართლეზე დაფუძნებული მეგობრობაა.
ადამიანები, ადგილები, საგნები -People, places, things
რეჟისორი: ჯეიმს სტროუსი
როლებში: ჯემეინ კლემენტი (ადამიანები შავებში 3-Men in black 3), რეჯინა ჰოლი (ძალიან საშიში კინო-Scary movie)
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
ხანგრძლივობა: 85 წუთი
კინოპრემიერის თარიღი: 14 აგვისტო, 2015
სიის ბოლო და ყველაზე მხიარულად სევდიანი ფილმი რომანტიული კომედიაა კომიქსების მხატვარის პირადი ცხოვრების შესახებ. მომენტებში სასაცილო, მომენტებში აბსურდული და ზოგჯერ უჩვეულოდ თბილი ფილმის ნახვა ნამდვილად ღირს.
როგორც ყოველთვის, საინტერესო და განსხვავებული პოსტი ყველასთვის საყვარელ, საინტერესო თემაზე ❤
LikeLike
დიდი მადლობა!
LikeLike