თარგმანი: ბექა არაბული

სასტუმრო ოთახში მოლაპარაკე საათი დაჟინებით იმეორებდა: ტიკ-ტაკ, შვიდი საათია, დილის შვიდია, ადგომის დროა! — თითქოს ეშინოდა, რომ არავინ მოუსმენდა. დილის სიჩუმეში გახვეული სახლი ცარიელი იყო. საათი წიკწიკს განაგრძობდა და სიცარიელეში თავისთვის იმეორებდა: რვის ცხრა წუთია, საუზმის დროა, რვის ცხრა წუთია!

სამზარეულოში ღუმელმა ხრინწიანად ამოიხვნეშა და ცხელი შიგნეულიდან გამოაგდო რვა უზადოდ გაფიცხებული ტოსტი, ოთხი ჩახლილი ერბო-კვერცხი, ბეკონის თექვსმეტი ნაჭერი, ორი ფინჯანი ყავა და ორი ჭიქა ცივი რძე.

— დღეს კალიფორნიის შტატის ქალაქ ელენდეილში ორი ათას ოცდაექვსი წლის ოთხი აგვისტოა, — განაგრძო სხვა ხმამ სამზარეულოს ჭერიდან. თარიღი სამჯერ გაიმეორა, რათა უკეთ დაეხსომათ. — დღეს მისტერ ფეზერსთოუნის დაბადების დღეა. დღეს ტილიტის ქორწილის წლისთავია. სადაზღვეო შენატანის ვადა ამოიწურა, წყლის, გაზის და დენის გადახდის დროა.

სადღაც კედლებში რელებმა დაიწკაპუნეს და ელექტრული თვალების წინ მეხსიერების ლენტები გამოცურდა.

ცხრის ერთი წუთია, ტიკ-ტაკ, ცხრის ერთი წუთია, სკოლაში წასვლის დროა, სამსახურში წასვლის დროა, ცოცხლად, ცოცხლად, ცხრის ერთი წუთია! მაგრამ კარის ჯახუნი არ ყოფილა, არც ხალიჩაზე რეზინის ქუსლების რბილი ნაბიჯების ხმა.

გარეთ წვიმდა. სადარბაზო კარზე მეტეოყუთი მშვიდად ღიღინებდა: „წვიმა, წვიმა მთელი დღე, ბოტები და საწვიმარი არ დაგავიწყდეს…“ წვიმის წვეთები ხმაურიანად რაკუნობდა ცარიელი სახლის სახურავზე.

ეზოში გარაჟმა კარი ასწია და წასასვლელად გამზადებული ავტომანქანა გამოაჩინა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ კარი ისევ დაბლა დაეშვა.

ცხრის ნახევარზე ერბო-კვერცხი დანაოჭდა, ტოსტი კი ქვასავით გამაგრდა. ალუმინის შპატელმა ისინი ნიჟარაში ჩაყარა, საიდანაც ცხელი წყლის ნაკადმა წაათრია ლითონის ყელისკენ, რომელმაც ყველაფერი მოინელა და კანალიზაციის გავლით შორეულ ზღვაში გაგზავნა. ჭუჭყიანი თეფშები ცხელ წყალში ჩაეშვა და იქიდან მოელვარე სიმშრალით ამოყურყუმელავდა.

ათის თხუთმეტი წუთი, — წაიმღერა საათმა, — სახლის დალაგების დროა.

კედელში მდებარე სოროებიდან პაწაწინა რობოტ-თაგვები გამოცვივდნენ. მთელ სახლს ლითონისა და რეზინის პატარა ფუსფუსა დამლაგებლები მოედნენ. სავარძლებს ეხეთქებოდნენ, თავიანთი ჯაგარა გორგოლაჭებს ატრიალებდნენ, ხალიჩის საოს წეწდნენ, ფარულ მტვერს ნაზად ისრუტავდნენ. შემდეგ იდუმალი გარმიანელებვით გაუჩინარდნენ, ისევ თავიანთ თავშესაფარში შეძვრნენ. მათი ვარდისფერი ელექტრული თვალები ჩაქრა. სახლი გასუფთავდა.

ათი საათი. წვიმის ფარდის უკნიდან მზე გამოჩნდა. სახლი განმარტოებით იდგა ფერფლში და ნანაგრევებში. მთელ ქალაქში მხოლოდ ის გადარჩა. ღამით დანგრეული ქალაქის გამოსხივებული რადიოაქტიური ნათების დანახვა კილომეტრების დაშორებიდანაც მოჩანდა.

ათის თხუთმეტი წუთი. ბაღში წყალგამშხეფმა ოქროს შადრევნები ამოტყორცნა, დილის ნაზი ჰაერი წყლის მოელვარე მძივებით გაავსო. წყალი ფანჯრის მინებს მიეშხეფა, ჩაედინა სახლის დანახშირებული დასავლეთ კედლისკენ, რომელზეც თეთრი საღებავი სუფთად ამომწვარიყო. გარდა ხუთი პატარა ადგილისა, დასავლეთ კედელი მთლიანად შავი იყო. აი, საღებავში მამაკაცის ფიგურაა გამოკვეთილი, გაზონსაკრეჭს აგორავებს. და აი, თითქოს ფოტოსურათიაო, ყვავილების დასაკრეფად დახრილი ქალი. ჯერ კიდევ სილუეტები, ხეზე ერთ ტიტანურ წამში ამომწვარი… ხელაწეული ბიჭი, მის ზემოთ აგდებული ბურთის კონტური, ბიჭის პირდაპირ — გოგონა, ხელაღმართული, გამზადებული ბურთის დასაჭერად, რომელიც არა და არ დაეშვა.

საღებავის მხოლოდ ხუთი ლაქა — მამაკაცი, ქალი, ბავშვები, ბურთი. დანარჩენი მხოლოდ ხის ნახშირის თხელი ფენაა.

წყალგამშხეფის ჩუმმა წვიმამ ბაღი სინათლის ნაპერწკლებით გაავსო…

რა საიმედოდ შეინარჩუნა სახლმა მყუდროება დღემდე! რა ფხიზლად კითხულობდა: „ვინ არის? პაროლი?“ და, მას შემდეგ, რაც ეული მელიებისა და საცოდავად აკნავლებული კატებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებდა, ქალიშვილური შეპყრობილობით ფანჯრებს ხურავდა და ფარდებს დაბლა უშვებდა. ფსიქოზისმაგვარი თავდაცვა, — საერთოდ თუა შესაძლებელი, რომ მექანიზმს პარანოია ჰქონდეს.

ამ სახლს ყველანაირი ხმა აკრთობდა. მერცხალი თუ ფანჯარას ფრთით შეეხებოდა, ფარდა მაშინვე ხმამაღლა გაიჩხარუნებდა და დამფრთხალი ჩიტი მიფრინავდა. არავის — მერცხალსაც კი — ჰქონდა სახლთან შეხების უფლება!

სახლი საკურთხეველი იყო ათი ათასობით მღვდელმსახურის და მნათის, დიდის და პატარის, რომლებიც გუნდური გალობით მუშაობდნენ და მსახურობდნენ. მაგრამ ღმერთები არსად ჩანდნენ და რიტუალი აზრის და მნიშვნელობის გარეშე გრძელდებოდა.

თორმეტი.
წინა პარმაღზე აკანკალებულმა ძაღლმა დაიწკმუტუნა.
კარმა ძაღლის ხმა მაშინვე იცნო და გაიღო. ძაღლმა, ოდესღაც ზორბამ და მაძღარმა, ახლა კი გაძვალტყავებულმა და ქეცით დაფარულმა, სახლში შეირბინა, ტალახიანი ნაკვალევი დატოვა. მის უკან გულმოსული თაგვები აფუსფუსდნენ — გულმოსული, რადგან შეაწუხეს, რადგან ახლიდან უნდა დაელაგებინათ!

კარის ღრეჩოდან ერთი ბეწვა მტვრის შემოღწევისასაც კი კედლის პანელები მაშინვე იხსნებოდა და იქიდან ლითონის დამლაგებლები გამორბოდნენ. თამამი მტვრის ნამცეცი, ბეწვი ან ქაღალდის ნაგლეჯი ფოლადის პაწაწა ყბებში ხვდებოდა და კედლებში უჩინარდებოდა. იქიდან ნაგავი მილებით სარდაფში ეშვებოდა, ნაგავსაწვავის მოზუზუნე სასულეში, რომელიც ბოროტი ბაალივით ჩაცუცქულიყო ბნელ კუთხეში.

ძაღლმა მეორე სართულზე აირბინა, ყველა კარის წინ ისტერიულად ყეფდა, სანამ არ მიხვდა, როგორც ამას სახლი მიხვდა დიდი ხნის წინ, — იქ არავინ იყო, გარდა მკვდარი სიჩუმისა.
შეიყნოსა და სამზარეულოს კარი ჩამოკაწრა, შემდეგ იქვე დაწვა და ყნოსვა განაგრძო. იქ, კარს უკან, ქურა ბლინებს აცხობდა, რაც მთელ სახლს მადისაღმძვრელი სუნით და ნეკერჩხლის ბადაგის მაცდუნებელი სურნელებით ავსებდა.

ძაღლს პირზე დუჟი მოადგა, თვალებში ალი აუკიაფდა. ფეხზე წამოხტა, აწრიალდა, კუდზე იკბინა, გაშმაგებულმა რამდენიმე წრე გააკეთა და სული დალია. თითქმის ერთი საათი იწვა სასტუმრო ოთახში.

ორი საათია, — წაიმღერა ხმამ.

ბოლოს თაგვებმა ძლივს შესამჩნევი ხრწნის სუნი იგრძნეს და სოროდან ელექტრული მარაოთი დევნილი გამხმარი ფოთლებივით ნაზად და სწრაფად გამოცვივდნენ.
ძაღლი გაქრა.

სარდაფში უეცრად ნაგასაწვავი აენთო და კვამლსადენიდან გრიგალივით გამოქანდა ნაპერწკლების კონა.

სამის ოცდახუთი წუთი.

შიდა ეზოს კედლებიდან საბანქოვე მაგიდები გამოხტა. მოციმციმე ქულებიანი სათამაშო ბანქო თავის ადგილზე გაქანდა. მუხის დახლზე კოქტეილები და კვერცხიანი სენდვიჩები გამოჩნდა. მუსიკა ჩაირთო.

მაგრამ მაგიდებთან სიჩუმე იყო და ბანქო არავის აუღია.
ოთხ საათზე მაგიდები უზარმაზარი პეპლებივით დაიკეცნენ და ისევ კედლებში დაბრუნდნენ.
ხუთის ნახევარი.

საბავშვო ოთახის კედლები აკაშკაშდა.

ზედ ცხოველები გამოჩნდნენ: ყვითელი ჟირაფები, ცისფერი ლომები, ვარდისფერი ანტილოპები და იისფერი პანტერები ბროლის ნივთიერებაში ნავარდობდნენ. კედლები მინის იყო, საღებავების და წარმოსახვის თამაშების მარტივად შემთვისებელი. ფარული კინოლენტები ბობინიდან ბობინაზე კბილებით სრიალებდნენ და მათ აცოცხლებდნენ. საბავშვო ოთახის იატაკი ქარით ამოძრავებული მდელოსავით შეირხა და ზედ ალუმინის ტარაკნებმა და რკინის ჭრიჭინებმა დაიწყეს სირბილი, ცხელ, უმოძრაო ჰაერში კი, მხეცების ნაკვალევის მძაფრ სუნში, ნაზი ვარდისფერი ქსოვილის პეპლები აფრინდნენ! გაისმა საბერველის შავ სიცარიელეში მოფუთფუთე ფუტკრების უზარმაზარი გუნდის მაგვარი ხმა: მაძღარი ლომის ზანტი ღრენა. გამქრქალებულ ბალახზე ოკაპის ჩლიქების ბაკაბუკი და ტყის გრილი წვიმის ხმა გაისმა. შემდეგ კედლები გადნა, თვალუწვდენელ გადამწვარ მდელოებში და უსაზღვრო მცხუნვარე ცაში გაიხსნა. ცხოველები ბარდნარში და წყალსატევებში გაიფანტნენ.
საბავშვო გადაცემების დრო იყო.

ხუთი საათი. აბაზანა ანკარა ცხელი წყლით გაივსო.

ექვსი, შვიდი, რვა საათი. სადილიანმა თეფშებმა საოცარი ფოკუსები შეასრულეს, შემდეგ კაბინეტში რაღაცამ დაიჩხაკუნა და გაჩაღებული ბუხრის გვერდით ლითონის სადგარზე უეცრად რბილ ნაცრისფერფერფლიანი სიგარა გამოხტა.

ცხრა საათი. უხილავმა მავთულებმა ზეწრები გაათბეს — აქ ღამით ციოდა.
ათის ხუთი წუთი. კაბინეტში ჭერიდან ხმა გაისმა:
— მისის მაკლელან, დღეს რომელი ლექსის მოსმენა გსურთ?
დუმილი.
ბოლოს ხმამ თქვა:
— ვინაიდან თქვენ სურვილი არ გამოგითქვამთ, რამეს თვითონ ავარჩევ.
აჟღერდა წყნარი მუსიკალური აკომპანიმენტი.
— სარა ტისდეილი. თუ არ ვცდები, თქვენი საყვარელი მწერალი…
მოვა ნაზი წვიმა, მიწას აუვა სუნი,
აჭიკჭიკდება მერცხალი, იმღერებს მთელი გულით.
გუბურებიდან ბაყაყთა ყიყინს მოიტანს ნიავი,
გადათეთრებულ ბაღებში აყვავილდება ქლიავი;
გულწითელები ცეცხლოვანი ბუმბულით შეიმოსებიან
და ფრენისგან დაღლილები ღობეებზე შემოჯდებიან;
და არავის ეცოდინება ომზე, არავის
აღელდებიან მხოლოდ დასრულებისას, არა მანამდის
და არც ჩიტს, არც ტირიფს ცრემლი არ ჩამოუვარდება,
თუ ადამიანთა მოდგმა სრულად გაქრება და როცა ზაფხული… ზაფხული ალიონზე გამოიღვიძებს,
ჩვენს აქ არ ყოფნას ვერც კი შეამჩნევს.

ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. სიგარა ფერფლის მდუმარე გროვად იქცა. ჩუმ კედლებს შორის ერთიმეორის პირისპირ ცარიელი სავარძლები იდგა, მუსიკა უკრავდა.

ათ საათზე სახლმა კვდომა დაიწყო.

ქარმა დაუბერა. ხიდან ჩამოვარდნილი მოტეხილი ტოტი სამზარეულოს ფანჯარას დაეცა. ლაქების ამომყვანის ბოთლი ქურაზე დაიმსხვრა. წამი — და მთელი სამზარეული ცეცხლში გაეხვა!

— ხანძარი! — გაისმა ყვირილი. სახლში ნათურები აციმციმდა, ჭერიდან წყლის ტუმბოებმა წყლის ჭავლები გადმოათქრიალეს. მაგრამ სითხე ლინოლეუმზე მოიღვარა, კარის ქვეშ შესრიალდა და უკვე ყველაფერმა ერთად შესძახა:
— ხანძარი! ხანძარი! ხანძარი!

სახლი თავის გადარჩენას ცდილობდა. ყველა კარი მჭიდროდ დაიხურა, მაგრამ ფანჯრის მინები სიცხისგან დასკდა და შემოღწეულმა ქარმა ცეცხლი გააღვივა.

სახლმა ვეღარ გაუძლო ცეცხლის იერიშს, ათობით მილიარდ ბრაზიან ნაპერწკალს, რომლებიც მძვინვარე მოურიდებლობით დაფრინავდნენ ოთახიდან ოთახში და კიბეზე დაქროდნენ.
კედლიდან ფაციფუცით გამოიქცნენ წყლით შეიარაღებული ვირთხები, წყლის ჭავლები გაისროლეს და მეტის მოსატანად გაბრუნდნენ. და კედლის საფრქვეველებმა მექანიკური წვიმის ჩანჩქერები გადმოტყორცნეს. გვიანი იყო. სადღაც მძიმე ამოხვნეშით ტუმბო გაჩერდა. წვიმა-მეხანძრე შეწყდა. სათადარიგო ავზში გამოილია წყალის მარაგი, რომელიც მრავალი დღის განმავლობაში ასაზრდოებდა აბაზანებს და ჭურჭლის სარეცხ მანქანებს.

ცეცხლი ტკრციალებდა, კიბის საფეხურს საფეხურზე ნთქავდა. ზედა ოთახებში, თითქოსდა გურმანიაო, პიკასოს და მატისის სურათებით ჩაიკოკლოზინა ყელი, ზეთოვანი ქერქი გალოკა და ტილო მზრუნველობით აქცია შავ ბურბუშელად.

საწოლებს მიაგნო, აი უკვე ფანჯრის რაფებზე ხტება, ფარდებს სხვაფრად ღებავს!
მაგრამ ამ დროს დამატებითი ძალები გამოჩნდა.

სხვენის ლიუკებიდან რობოტების უსინათლო სახეებმა ჩამოიხედეს, პირ-ფრქვევანებიდან მწვანე ქიმიკალიები გადმოანთხიეს.

ცეცხლმა უკან დაიხია: სპილოც კი იხევს უკან მკვდარი გველის დანხვაზე. იატაკზე უკვე ოცი გველი დასრიალებდა, ცეცხლს მწვანე ქაფის ცივი შხამით აკლავდნენ.

მაგრამ ცეცხლი გაქნილი იყო, ენები გარეთა კედლით ზემოთ გაგზავნა, სხვენში, სადაც ტუმბოები იდგა. აფეთქება! ელექტრული ტვინი, რომელიც ტუმბოებს მართავდა, ბრინჯაოს შრაპნელებად შეესო კოჭებს.

შემდეგ ცეცხლი უკან გაიტყორცნა და ყველა საკუჭნაო დაიარა, იქ დაკიდული ტანსაცმელი მოიზომა.
სახლი შეირყა, მუხის ძვლებმა დაიბრახუნეს, მისი შიშველი ჩონჩხი სიცხისგან იკრუნჩხებოდა, მავთულების ქსელი — სახლის ნერვები — გატიტვლდა, თითქოს ქირურგს მისთვის კანი გაეცალოს, რათა წითელი ვენები და კაპილარები გავარვარებულ ჰაერში ათრთოლებულიყო. ყარაულო, ყარაულო! ხანძარი! გაიქეცით, თავს უშველეთ! ცეცხლმა სარკე ზამთრის მყიფე ყინულივით დაფშვნა. ხმა კი მოთქვამდა: „ხანძარი, ხანძარი, გაიქეცით, თავს უშველეთ!“ სევდიანი საბავშვო სიმღერასავით, რომელსაც თორმეტ ხმაში, ზოგი მაღლით, ზოგი დაბლით, მივარდნილ ტყეში მიგდებული მომაკვდავი ბავშვები მღერიან. მაგრამ მავთულების იზოლაციის შემწვარი წაბლივით გასკდომის შემდეგ ხმები ერთმანეთის მიყოლებით მიჩუმდა. ორი, სამი, ოთხი, ხუთი ხმა მიყუჩდა.

საბავშვო ოთახში ცეცხლმა ჯუნგლები მოიცვა. ცისფერი ლომები ბრდღვინავდნენ, ვარდისფერი ჟირაფები ხტოდნენ. პანტერები გარშემო დარბოდნენ, წამდაუწუმ ფერებს იცვლიდნენ; ათობით მილიონი ცხოველი, ცეცხლისგან თავდასაღწევად, მოშორებით მდუღარე მდინარისკენ გაიქცა…
კიდევ ათი ხმა მიკვდა. ბოლო წამს ცეცხლოვანი ზვავების გრგვინვაში, გარკვევით ისმოდა სხვა გუნდური სიმღერა, თავგზააბნეული ხმების, რომლებიც ისევ აცხადებდნენ დროს, უკრავდნენ მუსიკას, ტელემართული სათიბელებით გაზონზე აქეთ-იქით აწყდებოდნენ. გადარეული ქოლგა სადარბაზო კარის ზღურბლზე წინ და უკან დახტოდა, კარი კი განუწყვეტლივ იღებოდა და იხურებოდა, — ერთდროულად ათასობით რაღაც ხდებოდა, როგორც საათების სახელოსნოში, როცა უამრავი საათი შეუთანხმებლად, გამალებით აცხადებს დროს: საშინელი ქაოსის მიუხედავად, რაღაც ერთიანობა მაინც იგრძნობოდა; სიმღერები, ყვირილი, ბოლო რამდენიმე დამლაგებელი თაგვები მამაცად გამოვარდნენ სოროდან — გასასუფთავებლად, ამ შემზარავი, საზიზღარი ფერფლის მოსაცილებლად! ამასობაში, სანამ ყველა ფირი არ დაიბუგა, მავთულები არ დადნა და ყველა სქემა არ დაიმსხვრა, აგიზგიზებულ კაბინეტში ერთი ხმა მომხდარის არაფრად ჩაგდებით აგრძელებდა ლექსების კითხვას.

და ბოლოს, ცეცხლმა სახლი ააფეთქა და ის ფენებად ჩამოინგრა, ბოლის და ნაპერწკლების ბუღი დააყენა.

სამზარეულოში, მუგუზალების და აალებული კოჭების მოფანტვამდე წამით ადრე, ქურამ გიჟური სიჩქარით მოამზადა საუზმეები: ათი დუჟინი კვერცხი, ტოსტის ექვსი ბატონი, ბეკონის ოცი ნაჭერი — და ყველაფერი, ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა, აშიშინებულ ქურას აიძულა საჭმელები ისტერიულად ეკეთებინა და ეკეთებინა!

გრგვინვა. სხვენი სამზარეულოში და სასტუმრო ოთახში ჩაინგრა, სასტუმრო ოთახი — ცოკოლის სართულში, ცოკოლის სართული — სარდაფში. მაცივრები, სავარძლები, ფირები, საწოლები, ელექტრული მოწყობილობები — ყველაფერი დანახშირებულ ჩონჩხთან ერთად ჩაიქცა.
კვამლი და სიჩუმე. კვამლის უზარმაზარი ბოლქვები.

აღმოსავლეთით გარიჟრაჟის მაუწყებელი პირველი სინათლე გამოჩნდა. ნანგრევებს შორის მხოლოდ ერთი კედელიღა იდგა. ამ კედლიდან უკანასკნელი მარტოსული ხმა საუბრობდა, იმეორებდა და იმეორებდა, მაშინაც კი, როცა მზე აიწვერა და ნანგრევების და ორთქლის გროვას დააშტერდა:
— დღეს 2026 წლის 5 აგვისტოა, დღეს 2026 წლის 5 აგვისტოა, დღეს…