ავტორი: დათო ლობჟანიძე
დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე სხვადასხვა კატეგორიაში ოფიციალურ გამარჯვებულებს დაასახელებენ. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდეს, ლიტაგორა გამარჯვებულების საკუთარ ვერსიას გთავაზობთ.
აქ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფესტივალისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ ხდება ფილმების სხვადასხვა სექციებად დაყოფა და შერჩევის კრიტერიუმი მარტივია – სიაში წარმოდგენილი ფილმები ფესტივალზე მიღებულ შთაბეჭდილებებს ეფუძნება და მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესო ნამუშევრებს შეიძლება წარმოადგენდეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანახავი ფილმების სიის საკმაოდ სკრუპულოზურად შედგენა ვცადე, შესაძლებელია რომელიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი გამომრჩენოდა, რადგანაც ფესტივალზე ყველა ფილმის ნახვა ფიზიკურად შეუძლებელია.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიაში დიდი ალბათობით მოხვდებოდა კიმ კი-დუკის „ბადე“ (ოფიციალურ პროგრამაში ფილმს ქართულად “ქსელი” ერქვა, მაგრამ ვინაიდან ფილმი მეთევზის ისტორიას მოგვითხრობს, გავაკეთებ დაშვებას, რომ ფილმის ასეთი თარგმანი უფრო მართებული იქნება), თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ჩვენებისას არსებული ტექნიკური პრობლემის გამო, სუბტიტრები ეკრანზე დაგვიანებით ჩნდებოდა და დიალოგების გაგებას ართულებდა, ფილმის პირველ ნახევარში ჩვენების დატოვება გადავწყვიტე. შესაბამისად, ეს ფილმი შეუფასებელი დარჩა.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით საბოლოო სია შემდეგნაირად გამოიუყურება.
5.
იმედის მეორე მხარეს
ქვეყანა: ფინეთი/გერმანია
რეჟისორი: აკი კაურისმაკი
თავისებური იუმორით, ნელი ტემპით და რეჟისორისთვის დამახასიათებელი სიუჟეტური განვითარებით ფილმი უკვე კულტად ქცეული აკი კაურისმაკის ტრადიციების ღირსეული გამაგრძელებელია. ფილმს საინტერესოს ერთიორად ის ხდის, რომ ეს შესაძლოა რეჟისორის უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ კაურისმაკიმ 2017 ბერლინალეზე განაცხადა, რომ ეს მისთვის უკანასკნელი ნამუშევარია. თუმცა, მსგავსი განაცხადი წარსულში არაერთ რეჟისორს, მათ შორის კაურისმაკისაც გაუკეთებია, მაგრამ საბოლოო ჯამში ფილმების გადაღებაში ხელი არ შეუშლია
4.
უსიყვარულო
ქვეყანა: რუსეთი/საფრანგეთი
რეჟისორი: ანდრეი ზვიაგინცევი
მართალია ეს ფილმი ფესტივალზე ნაჩვენებ ფილმებს შორის ალბათ ყველაზე გახმაურებელია და მისი ხილვა მაყურებელს არამხოლოდ ამ ღონისძიების ფარგლებში შეეძლო, ვფიქრობ ზვიაგინცევის ამ ნამუშევრის სიაში არ ჩასმა სწორი არ იქნებოდა. ფილმი თანამედროვეობის ამსახველი შესანიშნავი და დროული ნამუშევარია. ეს არის ფილმი გაუცხოვებაზე, ეგოიზმზე და ემპათიის ნაკლებობაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ფილმის შინაარსიდან და რუსული სათაურის გათვალისწინებით, ფილმის ქართული თარგმანი (ისევე როგორც ინგლისური) არ გადმოსცემს რეჟისორის სათქმელს და ალბათ უფრო მართებული იქნებოდა „არა სიყვარული“ ან „ეს სიყვარული არ არის“ – ად თარგმნილიყო
3.
წვეულება
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
სალი პოტერი ინოვატორული და ექსპერიმენტალური მიდგომით ცნობილი რეჟისორია. წვეულებაც, რომელიც ერთი შეხედვით უფრო თეატრალურ პიესას მოგაგონებთ, მსგავსი მიდგომის მანიფესტაციას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი საკმაოდ მოკლეა (71 წუთი), ამ სხარტ ნამუშევარს, გადასარევი კასტით და მახვილგონივრულად დაწერილი დიალოგებით, მაყურებელში არაერთი არა ერთგვაროვანი ემოციის გამოწვევა შეუძლია
2.
პატიოსანი კაცი
ქვეყანა: ირანი
რეჟისორი: მუჰამად რასულოფი
ფილმი ირანული კინოს საუკეთესო ტრადიციებშია გადაღებული. რასულოფი მაყურებელს მთელი ფილმის განმავლობაში დაძაბულობაში ამყოფებს და მის ყურადღებას არცერთი წამით არ ადუნებს. აქ რთულ ვითარებაში ჩავარდნილი პროტაგონისტის, რეზას ცხოვრებას მივყვებით. რეზას რთული პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, თუმცა ამ გადაწყვეტილებების მიღმა ფილმის რეჟისორი მაყურებლის წინაშე ირანული საზოგადოების კორუმპირებულობის მთელ პალიტრას შლის
1.
განთავისუფლების დღე
ქვეყანა: ლატვია/ნორვეგია/სლოვენია
რეჟისორი: უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკი
როდესაც რომელიმე ფესტივალს ვესწრები, სეანსის დაწყებისას ყველა ფილმს ვგულშემატკივრობ. ძალიან მინდა ყოველმა ახალმა ფილმმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს, გამაკვირვოს და საკუთარი არსებობის შესახებ არასდროს დამავიწყოს. სამწუხაროდ მსგავსი რამ იშვიათად ხდება, თუმცა საბედნიეროდ ასეთი ფილმის ხილვა ბათუმის ფესტივალზე მომიწია. განთავისუფლების დღე არამხოლოდ უაღრესად საინტერესო თემის შესახებ, ჩრდილოეთ კორეაში სლოვენიური როკ ბენდის, ლაიბახის, ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს, არამედ ამას მაღალმხატვრულად და ორი სამყაროს (ჩრდილოეთ კორეის და ლაიბახის როგორც დასავლური სამყაროს სიმბოლოს) უნაკლო აღწერით აკეთებს