2006 წელს სტუდია გიბლიმ, გორო მიაძაკის რეჟისორობით, ურსულა კრებერ ლე გუინის ნაწარმოების მიხედვით ანიმაციური ფილმი გამოუშვა. ფილმის ნახვის შემდეგ ორიგინალური ნაწარმოების ავტორმა ფილმის შეფასება გადაწყვიტა და მისი შემოქმედების მოყვარულებს ეს საჯარო წერილი მიწერა. გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას, რომელიც ქართულად მარი სანფონმა თარგმნა.
Gedo Senki – ზღაპრები ზღვამიწეთის შესახებ
პირველი რეაქცია „Gedo Senki-ზე,’’ სტუდია გიბლისთვის გორო მიაძაკის მიერ გადაღებულ ზღვამიწეთის ფილმთან დაკავშირებით. დაწერილია იაპონიაში მცხოვრები ჩემი ფანებისთვის, რომლებიც ფილმის შესახებ მწერენ და ასევე სხვაგან მყოფი იმ გულშემატკივრებისთვისაც, რომლებსაც შესაძლოა ეს საკითხი აინტერესებდეთ.
წინასწარ აღსანიშნავი:
ძალიან ცოტა ავტორს თუ ეძლევა საშუალება აკონტროლოს სტუდიების მიერ საკუთარი ნაწარმოებების გამოყენება. აქ ერთადერთი კანონი მოქმედებს; როგორც კი კონტრაქტს ხელს მოაწერს, წიგნის ავტორი უხილავი ხდება. მსგავსი იარლიყები, როგორიცაა „კრეატიული კონსულტანტი’’ შინაარსს მოკლებულია. გთხოვთ ნუ დააკისრებთ მწერლებს, სცენარისტების გამოკლებით, ისეთ რამეზე პასუხისმგებლობას, რაც ფილმში ხდება. არ ჰკითხოთ წიგნის ავტორს „რატომ მოიქცნენ ასე…?’’ ის ხომ თავადაც გაოცებულია.
მოკლე ისტორია:
დაახლოებით 20 წლის წინ ბატონმა ჰაიაო მიაძაკიმ მომწერა, რომ დაინტერესებული იყო ზღვამიწეთის (იმ დროისთვის მხოლოდ სამი) წიგნის მიხედვით ანიმაციური ფილმის გადაღებით. მე არ ვიცნობდი მის შემოქმედებას, მაშინ მხოლოდ დისნეის ტიპის ანიმაციური ფილმების შესახებ ვიცოდი და არ მომწონდა. ასე რომ, უარი ვუთხარი. 6 თუ 7 წლის წინ ჩემმა მეგობარმა ვონდა მაკინთაირმა „ჩემი მეზობელი ტოტოროს’’ შესახებ მითხრა და ერთად ვუყურეთ. სამარადჟამოდ მიაძაკის ფანი გავხდი. ვთვლი, რომ ისეთივე კალიბრის გენიოსია, როგორიც კუროსავა ან ფელინი.
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ზღვამიწეთის მოგვიანებით გამოსული წიგნების არაჩვეულებრივი იაპონელი მთარგმნელი ბატონი მასაკო შიმიძუ იცნობდა ბატონ ჰაიაო მიაძაკის, ვთხოვე, მისთვის გადაეცა, თუ კიდევ იყო დაინტერესებული ზღვამიწეთის წიგნებით, სიამოვნებით გავესაუბრებოდი ფილმის გადაღების თაობაზე.
სასიამოვნო მიმოწერა მქონდა ბატონ ტოშიო სუძუკისთან, სტუდია გიბლის წარმომადგენელთან. წერილებში ვეკამათებოდი მას ამბისა და გმირების რადიკალური ცვლილების სისულელესთან დაკავშირებით, რადგანაც წიგნები კარგად იყო ცნობილი უამრავი მკითხველისთვის, როგორც იაპონიაში, ისე სხვაგან. იმ მიზნით, რომ მას ის შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონოდა, რომელიც ფილმის შექმნისას ევალებოდა, შევთავაზე, რომ ბატონ მიაძაკის გამოეყენებინა 10-15 წლიანი შუალედი თავდაპირველ ორ წიგნს შორის, ჩვენ ხომ არ ვიცით ჯედი [მთავარი გმირი- მთარგმნ.შენიშვნა] ამ წლებში რას საქმიანობდა, ჯადოქრად გახდომის გარდა და ბატონ მიაძაკის შეეძლო მისთვის ის გაეკეთებინებინა, რაც მას სურდა (არ არსებობს სხვა რეჟისორი, რომელსაც მსგავს რამეს შევთავაზებდი).
2005 წლის აგვისტოში ბატონი ტოშიო და ბატონი მიაძაკი ჩემთან მოვიდნენ და ჩემს ვაჟთან (რომელიც აკონტროლებს საავტორო უფლებებს ზღვამიწეთის წიგნებზე) სასაუბროდ. შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა.
გვაცნობეს, რომ ბატონი ჰაიაო თავის საქმიანობას თავს ანებებდა და ოჯახსა და სტუდიას სურდათ, ზღვამიწეთის წიგნებზე ფილმი მის შვილ გოროს გადაეღო, რომელსაც იქამდე არაფერი გადაუღია. ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვიყავით, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ ბატონი ჰაიაოს ზედამხედველობის ქვეშ შექმნიდნენ ფილმს. სწორედ ამ პირობით დავთანხმდით.
იმ დროისთვის ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო: დრაკონისა და ბავშვის პოსტერის ასლები საჩუქრად გადმოგვცეს და ასევე Hort Town-ის ესკიზი ბატონი ჰაიაოსგან, ხოლო სტუდიის არტისტებისგან კი მისი საბოლოო ვერსია.
ამის შემდგომ ფილმზე მუშაობა განსაკუთრებული სისწრაფით წარიმართა. მალევე გავიგე, რომ ბატონი ჰაიაო არანაირ მონაწილეობას არ იღებდა ფილმის გადაღების პროცესში. მე მისგან ძალიან ამაღელვებელი წერილი მივიღე და შემდგომ ბატონი გოროსგანაც. ვუპასუხე მათ, როგორც კი შევძელი.
ვწუხვარ, რომ ეს გაბრაზება და იმედგაცრუება ფილმის გადაღების პროცესში წყნარი ოკეანის ორივე მხარეს გვქონდა.
მითხრეს ისიც, რომ ბატონი მიაძაკი სულაც არ ასრულებდა თავის კარიერას, უბრალოდ იმ დროისთვის სხვა ფილმის გადაღებით იყო დაკავებული. ამან ჩემი იმედგაცრუება კიდევ უფრო გაზარდა. ვცდილობ, ამ ყველაფერზე აღარ ვიფიქრო.
ფილმი.
მე და ჩემმა ვაჟმა ტოკიოში ფილმის პრემიერაზე ჩასვლა ვერ შევძელით, თუმცა სტუდია გიბლიმ ნამუშევარი სახლში გამოგვიგზავნა და 2006 წლის 6 აგვისტოს დახურული კინოჩვენება თეატრში მოგვიწყო. შესანიშნავი ადგილი იყო. ბევრი მეგობარი მოვიდა თავიანთი შვილებით. თავშესაქცევი იყო პატარების რეაქციებზე დაკვირვება. უმცროსები შეშინებული ან დაბნებულიც კი იყვნენ, მოზრდილებმა კი ფილმს კარგად აუღეს ალღო.
შემდეგ ბატონმა გორო მიაძაკიმ მკითხა; „მოგეწონათ ფილმი?’’ შექმნილი ვითარების გამო პასუხის გაცემა მარტივი არ იყო, მაგრამ მივუგე;
დიახ. ეს არ არის ჩემი წიგნი. ეს თქვენი ფილმია და ეს არის კარგი ფილმი.
ვერ ვაცნობიერებდი, რომ არა მას და მის გარშემო რამდენიმე ადამიანს, არამედ ყველა დანარჩენს ვესაუბრებოდი. უკეთესი იქნებოდა ეს არაოფიციალური პასუხი პირად კითხვაზე არ გასაჯაროებულიყო. ამას აქ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ თავად ბატონმა გორომ ეს ყოველივე თავის ბლოგში გაიხსენა.
იქედან გამომდინარე, რომ ყველაფერი 15 წუთით მაინც ყოველთვის ხდება საჯარო, ჩემი შთაბეჭდილებების უფრო ვრცელ მოხსენებას გაგიზიარებთ:
დიდი ნაწილი მშვენიერი იყო. ბევრი რამ ამოჭრილი იყო, მას არ ჰქონდა „ტოტოროს’’ მსგავსი აკურატულობა ან „მოჩვენებების მიერ გატაცებულისთვის’’ დამახასიათებელი ძლიერი და საუცხოო დეტალების მრავალფეროვნება. გამოსახულება ეფექტურია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არაფრითაა განსაკუთრებული.
ძირითადი ნაწილი ამაღელვებელი იყო. ეს აღელვება კი მიღწეული იყო ძალადობის იმ ხარისხით, რაც მე საკმაოდ არადამაჯერებლად მეჩვენა წიგნის განწყობებიდან გამომდინარე. უმეტესწილად არათანამიმდევრული იყო. ეს შესაძლოა იმის ბრალია, რომ ვცდილობდი ამბავს ჩემი წიგნების მიხედვით მივყოლოდი, მაშინ როდესაც ვუყურებდი სრულიად განსხვავებულ ისტორიას, იმ პერსონაჟთა მონაწილეობით, რომლებიც იგივე სახელებით ჩემს წიგნშიც იყვნენ, მაგრამ სრულიად განსხვავებული ტემპერამენტით, ისტორიებითა და ბედ-იღბლით.
რა თქმა უნდა, ფილმი დეტალურად არ უნდა მიჰყვებოდეს წიგნს – ისინი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას ემსახურებიან, ძალიან განსხვავდებიან თხრობის ფორმებით და რა თქმა უნდა, საჭიროა მთელი რიგი ცვლილებები, მაგრამ საპასუხისმგებლოა, შეინარჩუნო პერსონაჟების სიზუსტე და ძირითადი ამბავი ფილმში, რომლის სახელსაც არქმევ და ამბობ, რომ ეფუძნება წიგნს, რომელიც უკვე 40 წელია გამოიცემა.
ამერიკელი და იაპონელი რეჟისორები ამ წიგნებს ისე მოექცნენ, როგორც რაღაც სახელებისა და რამდენიმე კონცეპტის საბადოს, ნაწილი კონტექსტიდან ამოგლიჯეს, ამბავი დატვირთეს სულ სხვა შინაარსით, რომელიც ნაკლებად თანამიმდევრული და ლოგიკურია. ამით უპატივცემულობას არა მხოლოდ წიგნების, არამედ მათი მკითხველების მიმართაც ვგრძნობ.
ვფიქრობ, ფილმის „გზავნილები’’ რაღაცნაირად მოუხელთებელია, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მასში წიგნში გაჟღერებული ციტატები მეტნაკლები სიზუსტით არის მოხმობილი, შეხედულებები ცხოვრებასა და სიკვდილზე, ბალანსი და ა.შ. არ მიჰყვება პერსონაჟების იმ მოქმედებებს, რომლებიც წიგნშია აღწერილი. ისინი არ იქნა „გამომუშავებული.’’ ასე რომ, ისინი დამრიგებლურად ჟღერენ. ზღვამიწეთის პირველ სამ წიგნში არის რამდენიმე საინტერესო სენტენციური ნაწილები, თუმცა არა მგონია, რომ ისინი ასე პირდაპირ უნდა წარმოჩენილიყვნენ.
წიგნების მორალი ფილმში არეულია. მაგალითად: ეირენის მიერ მამის მკვლელობა ფილმში ახირებულ, უმოტივაციო აქტად არის გამოყვანილი. ამის ახსნა შავი მოჩვენების ანაც ალტერ ეგოს მიერ მოგვიანებით არ არის დამაჯერებელი. რატომ არის ბიჭი ორად გახლეჩილი? ჩვენ არ ვიცით. იდეა აღებულია „ზღვამიწეთის ჯადოქრიდან,’’ მაგრამ ამ წიგნში ვიცით, თუ როგორ გაუჩნდა ჯედს აჩრდილი და ამის მიზეზიც ვიცით და ფინალში იმასაც ვიგებთ, ვინ არის ეს მოჩვენება. წყვდიადი ჩვენში ჯადოსნური ხმლის მოქნევით ხომ არ გაიფანტება.
მაგრამ ფილმში ეშმაკი კომფორტულად ამჟღავნებს თავს ბოროტებაში, ჯადოქარი კუმო/კობი, რომელიც შესაძლოა უბრალოდ მომკვდარიყო, ყველა პრობლემას წყვეტს.
თანამედროვე ფენტეზიში (სალიტერატურო თუ სამთავრობო) ადამიანების სიკვდილი ჩვეული გამოსავალია ამ ე.წ. ომში კეთილსა და ბოროტს შორის. ჩემს წიგნებში არ არის ჩაფიქრებული მსგავსი ომები და არც უმარტივეს კითხვებზე მიღებული ზედაპირული პასუხები არ არის შემოთავაზებული.
თუმცა, ვფიქრობ, ჩემი ზღვამიწეთის დრაკონები უფრო მშვენიერები არიან და ვაღმერთებ გოროს დრაკონების ფრთების მოქნევის დიდებულებას. მის წარმოდგენაში არსებული ცხოველები დანახულია სათუთად – მომეწონა ცხენი-ლამას მეტყველი ყურები. ძალიან მომეწონა ასევე ხვნის სცენა, წყალზე ხატვა, პირუტყვების თავლა და ა.შ. მათ მისცეს ფილმს მიწიერი და პრაქტიკული სიმშვიდე – მუდმივი კონფლიქტიდან გონიერი ცვლილება და „ექშენი.’’ როგორც მინიმუმ, მათში ამოვიცანი მე ზღვამიწეთი.
შეფერილობის საკითხი:
ჩემი გადაწყვეტილება ზღვამიწეთში ადამიანების უმრავლესობა ფერადები, თეთრები კი მარგინალები და ერთგვარად უკანმდგომი ხალხი ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა, მორალურ გადაწყვეტილება იყო, მიემართებოდა რა ახალგაზრდა ამერიკელ და ევროპელ მკითხველებს. ევროპული ტრადიციის ფანტასტიკური გმირები თითქმის ყოველთვის თეთრები იყვნენ, 1968 წელსაც კი, მუქი კანი ხშირად ეშმაკეულთან ასოცირდებოდა. მოლოდინის უბრალო ჩამოშლით მწერალს შეუძლია ცრურწმენას ძირი გამოუთხაროს.
ამერიკული სატელევიზიო ვერსიის შემქმნელებმა, რომლებიც სიამაყით იქადნებოდნენ, რომ „ფერებს ვერ არჩევდნენ’’, ზღვამიწეთის ფერადი მოსახლეობა ერთნახევრამდე შეამცირეს. ზღვამიწეთის დამახინჯების გამო მათზე ძალიან ვბრაზობდი და ამას არასდროს ვაპატიებ.
იაპონიაში საკითხი განსხვავებულად დგას. მე არ შემიძლია რასობრივი საკითხი განვავრცო იაპონიაზე, რადგანაც მწირი ინფორმაცია მაქვს ამ საკითხზე, მაგრამ ვიცი, რომ ანიმაციური ფილმი ამ ჟანრის შეუცვლელ პრინციპებს მიჰყვება. ანიმაციაში ადამიანების უმრავლესობა თეთრკანიანად ამერიკული/ევროპული თვალის ფორმით აღიქმება. მითხრეს, რომ იაპონელი მაყურებელი მათ განსხვავებულად აღიქვამს. ისიც მითხრეს, რომ შესაძლოა მათ ჯედი უფრო მუქი კანით აღექვათ, ვიდრე ამას ჩემი თვალი აღიქვამს. ვიმედოვნებ, რომ ასეა. პერსონაჟების უმრავლესობას მე პირადად თეთრკანიანებად აღვიქვამ, მაგრამ ყოველშემთხვევაში აქ რუჯისა და კრემისფრის მშვენიერი ვარიაციაა. ტენარის შესაფერისი თმა და ლურჯი თვალები ზუსტია, რადგანაც კარგიშის კუნძულების უმცირესობას წარმომადგენს.
როდის შევძლებთ „Gedo Senki-ს’’ ან „ზღვამიწეთის ზღაპრების’’ ხილვას ამერიკაში?
როდესაც კონტრაქტი ტელევიზიის წარმომადგენლებთან ფილმთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ამოიწურება: თუმცა, ეს 2009 წლამდე არ მოხდება [წერილი დაწერლია 2006 წელს]. აფსუს! რამდენი ავი ძაღლია, არც თვითონ რომ არ სჭამს და არც სხვას აჭმევს!
შენიშვნა: ვერსია, რომელიც ჩვენ გვიჩვენეს სუბტიტრების თანხლებით იყო და არა დუბლირებული. სტუდია გიბლი არაჩვეულებრივ დუბლირებას აკეთებს, თუმცა იაპონური ხმების მოსმენით მოვიხიბლე. ჯედის თბილი, ბოხი ხმა არაჩვეულებრივი იყო. იმედი მაქვს, ტერუს შესანიშნავი ნამღერი დუბლირების შემდეგაც ორიგინალური ფორმით შენარჩუნდება.
ურსულა ლე გუინი / 2006 წ.
ნანახი მაქვს ეს ანიმე და ვერაფრით დავაკავშირე ურუსლას წიგნთან. ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ანიმეა, რაც მინახავს (ცოტა არ მინახავს) და გულდასაწყვეტია, რომ ჩემი საყვარელი მწერლის სახელთან ასოცირდება.
LikeLike
გეთანხმებით, ძალიან სუსტი ანიმეა და მე პირადად სრულად ვიზიარებ ურსულას შენიშვნებს
LikeLike