თარგმანი: ბექა არაბული

 

— ზუსტად ვიცი, რომ ეს ნამდვილ ადამიანს გადახდა, რადგან ის ადამიანი მე ვარ. ვჩქარობდი, რათა მატარებლისთვის მიმესწრო. ეს 1976 წლის აპრილს კემბრიჯში მოხდა. სადგურში ოცი წუთით ადრე მივედი. მატარებლის გასვლის დრო შემშლია. ან, იქნებ, — დაამატა მან წამით ჩაფიქრების შემდეგ, — ბრიტანეთის რკინიგზების ქსელს აერია მატარებლის გასვლის დრო! ეს აქამდე არასდროს მომსვლია თავში.
— განაგრძე, — გაეცინა ფენჩერჩს.
— ამგვარად, კროსვორდებიანი გაზეთი ვიყიდე და ყავის დასალევად ბუფეტში შევედი.
— კროსვორდებსაც ავსებ ხოლმე?
— კი.
— რომელ გაზეთში?
— ჩვეულებრივ, „გარდიანში”.
— ჩემი აზრით, „გარდიანი“ ძალიან გაუგებარია. მე „თაიმსი” მირჩევნია. შეავსე?
— რა?
— „გარდიანის“ კროსვორდი.
— ჯერ ზედ დახედვის დროც არ მქონია, — თქვა არტურმა. — ბუფეტში ვარ ყავის საყიდლად.
— კარგი. მიდი, ყავა იყიდე.
— ვყიდულობ, — დაუდასტურა არტურმა. — და ნამცხვარიც დავამატე.
— რომელი?
— „ჩაისთან ერთად“.
— კარგი არჩევანია.
— ხო, მეც მომწონს. ეს ყველაფერი ავიღე, დახლს მოვშორდი და მაგიდასთან დავჯექი. ოღონდ არ მკითხო, როგორი მაგიდა იყო, რადგან ეს კარგა ხნის წინ მოხდა და აღარ მახსოვს. ალბათ, მრგვალი იქნებოდა.
— კარგი.
— მოდი, ყველაფრის განლაგებას აგიღწერ. მაგიდასთან ვზივარ. მარცხენა ხელში გაზეთი მიჭირავს. მარჯვენაში ყავის ფინჯანი, ნამცხვრის შეკვრა მაგიდის შუაში დევს.
— თითქოს ყველაფერს საკუთარი თვალებით ვხედავ.
— რასაც ან, უფრო სწორედ, ვისაც ვერ ხედავ, იმიტომ რომ ჯერ არც კი მიხსენებია, არის ერთი ტიპი, რომელიც ასევე ზის მაგიდასთან, — თქვა არტურმა. — ჩემ პირდაპირ.
— როგორ გამოიყურება?
— რაც შეიძლება ჩვეულებრივად. პორტფელი. საქმიანი კოსტიუმი. ვერაფრით შეატყობდი, რომ მალე რაღაც ძალიან უცნაურის გაკეთებას აპირებდა.
— ჰო, ვიცი ეგეთი ტიპები. რა გააკეთა?
— რა და მაგიდაზე გადმოიხარა, ნამცხვრის შეკვრა აიღო, გაგლიჯა, ერთი ცალი ამოიღო და…
— რა?
— შეჭამა.
— რა?
— ნამცხვარი შეჭამა.
ფენჩერჩმა განცვიფრებით შეხედა არტურს.
— შენ როგორ მოიქეცი?
— რა ვიცი, ისე, როგორც ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ფხიანი ინგლისელი მოიქცეოდა. მომხდარზე თვალი დავხუჭე, — უპასუხა არტურმა.
— რა? რატომ?
— რა ვიცი, ასეთი სიტუაციებისთვის მომზადებული ხომ არ ვართ. ჩემი სული გადავქექე და აღმოვაჩინე, რომ არც ჩემ აღზრდაში, არც პირად გამოცდილებაში, პირველყოფილ ინსტინქტებშიც კი არაფერი იყო ისეთი, რაც მიკარნახებდა, თუ როგორ უნდა მოვიქცე, თუ ვიღაც, პირდაპირ ჩემ წინ მჯდომი, სრულიად მშვიდად და წყნარად ნამცხვარს მპარავს.
— შეგეძლო… — ფენჩერჩი ჩაფიქრდა. — იცი, მგონი მეც არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი. მერე რა მოხდა?
— აღშფოთებული ჩავაჩერდი ჩემს კროსვორდს, — განაგრძო არტურმა თხრობა. — ვერცერთ სიტყვას ვერ ვიცნობდი, ყავა მოვსვი, ძალიან ცხელი იყო, ასე რომ სხვა გზა აღარ მქონდა. თავი ხელში ავიყვანე. და ნამცხვარი ავიღე, ძალიან ვცდილობდი არ შემემჩნია, რომ პაკეტი რაღაც სასწაულის ზემოქმედებით უკვე გახსნილი იყო…
— ანუ, ფარ-ხმალს არ ყრი, დათმობაზე არ მიდიხარ.
— გარკვეულწილად, ხო. ნამცხვარს ვჭამ. ამას ძალიან ნელა ვაკეთებ, ისე, რომ თვალში მოხვდეს და დაინახოს, რასაც ვაკეთებ. როდესაც ნამცხვარს ვჭამ, — თქვა არტურმა, — ისე ვჭამ, როგორც საჭიროა.
— და მან რა გააკეთა?
— კიდევ ერთი ნამცხვარი ამოიღო. მერწმუნე, სწორედ ეს გააკეთა. კიდევ ერთი ნამცხვარი ამოიღო და შეჭამა. სრული სიმართლეა. ისეთივე სიმართლეა, როგორიც ის, რომ ახლა მიწაზე ვსხედვართ.
ფენჩერჩი რაღაც გაუგებარი უხერხულობით შეინძრა.
— სირთულე იმაში მდგომარეობდა, — განაგრძო არტურმა, — რომ ვინაიდან პირველად ხმა არ ამოვიღე, მეორე ჯერზე საუბრის წამოწყება უფრო რთული აღმოჩნდა. თან რა შეიძლებოდა რომ მეთქვა? „უკაცრავად… შემთხვევით თვალი მოვკარი, ისა…“ არა, ეს არ ივარგებდა. ამიტომ თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს ვერც ეს შევამჩნიე, მგონი, ამჯერად ეს უფრო მეტი მონდომებით გავაკეთე.
— ის…
— ისევ კროსვორდს მივაჩერდი და ადგილიდან ისევ ვერ დავიძარი, ასე რომ ბრიტანული სულისკვეთების ისეთივე ძალა გამოვიჩინე, როგორიც ჰენრი მეხუთემ წმინდა კრისპინის დღეს … [1415 წლის 25 ოქტომბერს (წმინდა კრისპინის დღეს) ჰენრი მეხუთემ აზენკურის ბრძოლაში ფრანგების ლაშქარი გაანადგურა]
— რა?..
— ისევ ჯიქურ მივაწექი და მეორე ნამცხვარი ავიღე, — თქვა არტურმა. — ამ დროს წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.
— ეგრე, უბრალოდ?
— ხო, უფრო სწორად არა, მთლად უბრალოდაც არა. მაგრამ ერთმანეთს შეხვდნენ. მხოლოდ ერთი წამით. და შემდეგ ორივემ სხვა მიმართულებით გავიხედეთ. მაგრამ გარწმუნებ, ჰაერში რაღაცამ გაიკვესა. ჩვენს მაგიდასთან დაძაბულობა ღვივდებოდა.
— წარმომიდგენია.
— ასე გამოვცალეთ მთელი შეკვრა. ის, მე, ის, მე…
— მთელი შეკვრა?
— ჰო, შიგ სულ რვა ცალი იყო მაგრამ იმ დროს ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მთელ ცხოვრებას ჩაეაროს. მგონი, გლადიატორებიც არ განიცდიდნენ ასეთ რაღაცას.
— გლადიატორები მზის გულზე იბრძოდნენ, — თქვა ფენჩერჩმა. — ფიზიკურად ისინი უფრო იტანჯებოდნენ.
— რა მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, როდესაც ჩვენს შორის მხოლოდ განადგურებული შეკვრის ნეშტი ეგდო, ის ტიპი, თავისი საზიზღარი საქმის შესრულების შემდეგ, როგორც იქნა წამოდგა და წავიდა. ცხადია, მაშინვე შვებით ამოვისუნთქე. ჩემი მატარებლის მოსვლამდე რამდენიმე წუთიღა რჩებოდა. ყავა გამოვცალე, ავდექი, გაზეთი ავიღე და ქვეშ…
— რა?
— ჩემი ნამცხვრის შეკვრა იდო.
— რა? — პირი დააღო ფენჩერჩმა. — რა-ა?
— მართლა.
— არა!
ამ ამბავში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ სადღაც ინგლისში დაიარება კაცი ზუსტად იგივენაირი ისტორიით, თუმცა, მისსას ისეთივე დასასრული არ აქვს, როგორიც ჩემსას.