თავის უკანასკნელ ინტერვიუში გერმანელმა ნობელიანტმა მწერალმა, გიუნტერ გრასმა მესამე მსოფლიო ომის საშიშროების შესახებ ისაუბრა. გრასმა ინტერვიუ ესპანურ გაზეთს El Pais-ს მისცა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან მეორე დღეს, 14 აპრილს დაიბეჭდა.
“ერთის მხრივ, არის უკრაინა და აქ სიტუაცია არ უმჯობესდება. ისრაელში და პალესტინაში ყველაფერი უარესობისკენ მიდის, ერაყში ამერიკელების მიერ დატოვებული კატასტროფაა, ისლამური სახელმწიფო (ISIS) საშინელებებს სჩადის და სირიაშიც კონფლიქტია,” თქვა გიუნტერ გრასმა.
“ყველგან ომია, ძალიან დიდია იმის რისკი, რომ უკვე ჩადენილ შეცდომებს კვლავ ჩავიდენთ, ასე რომ, შეიძლება გაუაზრებლად მსოფლიო ომში მთვარეულებივით შევაბიჯოთ,” დაამატა გრასმა.
მან ასევე გლობალური დათბობის საფრთხეების შესახებ ისაუბრა: “პირველად ისტორიის განმავლობაში, ჩვენ საკუთარი თავის განადგურების წინაშე ვდგავართ და ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად არაფერს ვაკეთებთ. ეს ყველაფერი მაიძულებს ვიფიქრო, რომ ყველაფერი სრულდება და ჩვენი დრო შეზღუდულია.”
გიუნტერ გრასმა, მსოფლიო პოპულარობა “თუნუქის დოლის” გამოსვლის შემდეგ მოიპოვა, 1999 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა.