წერილი პირველად გამოქვეყნდა გადაცემა ჰეშთეგის (აჭარის ტელევიზია – საზოგადოებრივი მაუწყებელი) ფეისბუქ გვერდზე 2017 წლის 2 ნოემბერს, პიერ პაოლო პაზოლინის გარდაცვალებიდან 42 წლის თავზე

ავტორი: ამირან ქავთარაძე

“ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა;
არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.“ (მათე 10.34-35)

1975 წლის, 2 ნოემბერს, ოსტიაში, რომის ერთ-ერთ გარეუბანში 53 წლის ასაკში მოკლეს პიერ პაოლო პაზოლინი. ადამიანი აღორძინების ეპოქიდან: ლინგვისტი, პოეტი, რომანისტი, დრამატურგი, სცენარისტი, პუბლიცისტი, მსახიობი, მხატვარი.
ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მკვლელობამდე პაზოლინი გააუპატიურეს, რის შემდეგ სასტიკად აწამეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 17 წლის ჯუზეპე პელოზი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს, თუმცა სულ სხვა მიზეზით: მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის გამო. გაირკვა, რომ პელოზი ატარებდა დანაშაულის ადგილიდან გატაცებულ მანქანას. მოგვიანებით ისიც დადგინდა, რომ პაზოლინის საკუთარი მანქანით რამდენჯერმე გადაუარეს წამების დროს.

პელოზის 9 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 1982 წელს, ვადამდე ადრე გაათავისუფლეს. ის რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ კლინიკაში, კიბოს დაავადებით გარდაიცვალა, 58 წლის ასაკში. სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ პაზოლინი მას არ მოუკლავს.
მიუხედავად იმისა რომ იკვეთებოდა რამდენიმე კონკრეტული ადამიანის შესაძლო თანამონაწილეობა, გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა პელოზი მარტო მოქმედებდა თუ თანამზრახველებთან ერთად.
მკვლელობის მოტივები დღესაც ბურუსითაა მოცული. ვერსია მრავალია.

პაზოლინი იყო იტალიის „რთული ბავშვი“, რომელმაც ბრძოლის ველზე გამოიწვია იმდროინდელი იტალიური საზოგადოების მრავალი ძალა: ხელისუფლება, ვატიკანი, მსხვილი კორპორაციები, ნეო-ფაშისტური დაჯგუფებები.
ბოლო წვეთი აღმოჩნდა მარკიზ დე სადის რომანის, „სოდომის 120 დღის“, მიხედვით გადაღებული ფილმი – „სალო ანუ სოდომის 120 დღე“, რომელზეც მუშაობა პაზოლინიმ მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე დაასრულა და ეკრანებზე გამოსვლისთანავე დიდი სკანდალი გამოიწვია წამების, ძალადობისა და პერვერსიული სცენების გამო. ის მთელი სისავსითა და რადიკალიზმით შეეხო თემას, რომელიც მუდამ აწუხებდა: ძალაუფლების, სექსისა და ძალადობის ურთიერთკავშირი. „შავ შედევრად“ მონათლული ეს ფილმი დღესაც აკრძალულია რამდენიმე ქვეყანაში.

კინემატოგრაფი მისი მრავალმხრივი გენიის მხოლოდ ერთი პლასტი იყო. კინოში მოსვლამდე პაზოლინი იტალიაში უკვე იყო ცნობილი როგორც პოეტი, პუბლიცისტი და მწერალი. აღიარებდა რომ მისი პირველი სიყვარული პოეზია იყო. ბევრს მუშაობდა როგორც სცენარისტი – სხვადასხვა რეჟისორთან.

ფედერიკო ფელინიმ ის რამდენიმე ფილმზე მიიწვია კონსულტანტად, როგორც რომის გარეუბნების მაცხოვრებლების ჟარგონის საუკეთესო მცოდნე.

ღარიბი ფენა, გარეუბნები, ხიფათი, ახალგაზრდა ქუჩის ბიჭები მისი სტიქია და ვნება იყო. 1956 წელს გამოქვეყნებულ მის პირველ რომანს ასეც ერქვა „ქუჩის ბიჭები“. წიგნმა გამოსვლისთანავე გამოიწვია ვნებათაღელვა. ავტორს ბრალს სდებდნენ ამორალურობასა და სკაბრეზული ენის უხვად გამოყენებაში.

ამ რომანიდან იწყება პაზოლინის მარტვილობა. ცენზურა, მუქარები, სასამართლოები მის ყოველდღიურობად იქცა. საკუთარი ცხოვრებისა წესის (ის არ მალავდა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას), პროვოკაციული შემოქმედებისა და მწვავე საგაზეთო პუბლიკაციების გამო მუდამ დევნის ობიექტი იყო. ჯამში, მთელი სიცოცხლის მანძილზე მის წინააღმდეგ სხვადასხვა მოტივით 33 სასამართლო პროცესი გაიმართა. ერთ-ერთ გვიანდელ ინტერვიუში იტყვის: „იტალიურმა საზოგადოებამ მე გამასამართლა.“
პაზოლინის მუდამ ტანჯავდა მესიის კომპლექსი. ათეისტმა, მარქსისტმა და კომუნისტმა გადაიღო კინოს ისტორიაში საუკეთესო ფილმი ქრისტეზე -„მათეს სახარება“. სინამდვილეში ეს არის პაზოლინის სახარება. მან გადაიღო ავტოპორტეტი-ფილმი საკუთარ თავზე.

პაზოლინის მსგავსად ქრისტეს ფიგურა წარმოგვიდგება როგორც მეამბოხე და უკომპრიმისო მებრძოლი. შემთხვევით არ არის რომ მოციქულების როლებში თავისი მეგობრები ათამაშა, ხოლო ღვთისმშობლის როლში, საკუთარი დედა გადაიღო.

მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ის თითქოს მიზანმიმართულად ამზადებდა საკუთარ გოლგოთას, სადამდეც მისასვლელი გზა ტანჯვით უნდა გაიარო, ხოლო ბოლოში მოწამეობრივი სიკვდილია, რასაც აუცილებლად მოყვება ამაღლება.ეს არის ქრისტეს გზა. პოეტის გზა.

უკანასკნელი ფილმის „სალო ანუ სოდომის 120 დღის“ საშუალებით მან თითქოს წინასწარ დადგა საკუთარი სიკვდილი. შეიძლება უკარნახა კიდეც მკვლელებს როგორ სიკვდილს ისურვებდა. რამდენიმე თვეში მას ისევე გაუსწორდნენ, როგორც ამ ფილმის გმირებს უსწორდებიან: წამებითა და დაუნდობელი სისასტიკით. წრე შეიკრა. შემოქმედი გარდაიქმნა საკუთარ ქმნილებად.

თავის ერთ-ერთ სტატიაში („შენიშვნა ხედი-ეპიზოდის გამო“) პაზოლინი წერს:
„სიკვდილი აუცილებელია. სიცოცხლეს ჩვენი გამოხატვა მხოლოდ სიკვდილის საშუალებით შეუძლია .“