ავტორი: დათო სამნიაშვილი
მიშელ ფუკომ ოდესღაც თქვა: „თუ შენ ცვლი ენას – ცვლი საზოგადოებას.“ იმისთვის, რომ ეს მოხერხებული გამონათქვამი განვავრცოთ, დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ როდესაც ენას ვცვლით. ერთი შეხედვით, იმისთვის, რომ შეცვალო ენა, უნდა შეიცვალო „შენ.“ მხოლოდ ამის შემდეგ იწყება გარეგანი ცვლილებები და ბოლოს ეს საზოგადოებაზე აისახება. საზოგადოება კი, რა თქმა უნდა, ხარ შენ! რთულია ისაუბრო შენზე საზოგადოებისგან განყენებულად და საზოგადოებაზე შენგან განყენებულად. ეს ინდივიდის და კოლექტივის ურთიერთობა იმდენად გადაჯაჭვული და არეულია, რომ მიდიხარ ჩვენი სახეობის მთავარ გამოწვევასთან – ქაოსთან!
ბევრი ჩვენგანი ქაოსს გაურბის, ზოგი კი ბედავს და მასში ცნობიერით ეშვება. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ასეთი პარაშუტისტი ზურა ჯიშკარიანია, რასაც თავის მხრივ მისი სადებიუტო რომანი „საღეჭი განთიადები. უშაქროდ“ ირეკლავს. ეს ქართული კიბერპანკია, სადაც მესია და მისია ერთმანეთშია გადახლართული. ქაოსი იპყრობს როგორც ნარკოტიკებით გადახარშული ადამიანების, ისე სულიერი მამების ტვინებს. „პირველნი გახდებიან უკანასკნელნი და უკანასკნელნი გახდებიან პირველნი“ – და ეს ორნი ერთად, როგორც სამყაროს დარაჯები, ამოსავალ წერტილს – მესიას ეძებენ. ხსნა კი ციფრული სამყაროა, სადაც არეული ალგორითმების გამო მესიაა გამომწყვდეული. ციფრული აპოკალიფსი დაწყებულია!
ციფრულ მეორედ მოსვლამდე, წიგნის პირველი ნაწილი თბილისში ვითარდება. რომანის მთავარი პერსონაჟები ფსიქოდელიკებით მოხარშულ ტვინებს ისევ ნარკოტიკების მოხმარებას და მათ გასაღებას ახმარენ. სხეული ჯანქი ცხოვრებისთვის – მტრედები ჯანქის გასაღებისთვის. ამ დალაგებულ ქაოსში მკითხველის თავი პერსონაჟებთან ერთად დუღდება, მათ მიერ დასმულ კითხვებს კითხულობს და მათივე დავიწყებულ პასუხებს ივიწყებს. ტვინს, ისევე როგორც ნეირონებს, კავშირების პოვნა უყვარს. რამდენიმე გვერდის წაკითხვისას გამიჩნდა შეგრძნება, რომ წიგნს ფილიპ დიკის აჩრდილი დასდევს. „ბუნდოვნად, სკანერში“ ალბათ ის წიგნია, რომელიც ჩემთვის ყველაზე ახლოს მოდის ზურას „განთიადებთან“. ისევე როგორც დიკთან, ზურასთანაც იხლართება სიუჟეტები, რომელშიც რთულია განასხვავო, სად გადის ზღვარი პერსონაჟსა და ავტორს შორის, რომელია რეალური სამყარო, შექმნილი თუ შემქმნელი?
“თრიფი” გრძელდება, წიგნის ნახევარი გალეულია და იქ, სადაც “ატხადნიაკი” უნდა დაიწყოს (რამაც შეიძლება წიგნის კითხვაც მოგაბეზროს) ზურა სხვაგან უხვევს, პირდაპირი მნიშვნელობით – მძღოლი საჭეს ატრიალებს და ყველა ეს მთავარი პერსონაჟი განთიადზე ჭეშმარიტ რევოლუციას ესალმება.
„კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიცეკვოთ, კრიშნა?“ – კითხულობს პერსონაჟი (ჩუჟოი) და პასუხიც არ აყოვნებს, „თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება, თუ არა და დილისკენ ადამიანები ტოვებენ კლუბებს მწარე ატხადნიაკით და მელანქოლიით იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა.“
ჩემი აზრით, სწორედ ამ გადახვევისას, ზურა ახერხებს მოსწყდეს როგორც ფილიპ დიკს, ისე მძიმე “ატხადნიაკს” და ქართველ მკითხველს ახალ, ჯერ კიდევ შეუჩვეველ სამყაროში ჩაყვინთვას აიძულებს.
„მოულოდნელად ღვთიური ინტერვენციის კოდში პატარა შეცდომა გაიპარა. ალგორითმი, ანუ მესია, ჩვენი პირატული ვერსიის რეალობაში უნდა ჩამოსულიყო, ეს ჩამოსვლა ყოველთვის ლიფტით მგზავრობას ჰგავს და რადგანაც ჩვენ უკვე ვქმნით ჩვენი აჩრდილის კიდევ ერთ აჩრდილს – კიბერსამყაროს, მესია გასცდა ჩვენი სამყაროს საფუძველს და ერთი სართულით ქვევით, კიბერსამყაროში აღმოჩნდა – მონაცემთა ბაზების, საბანკო ტრანზაქციების, ონლაინ ვიდეოთამაშებისა და დარქნეტის რეალობაში. მეორედ მოსვლა ინტერნეტში დაიწყო, რამაც დიდი დამანგრეველი ბიძგები გამოიწვია“ – ამბობს ღვთისმოშიში ბერი, უფლის ჯარისკაცი, დახმარებას კი გეტოებიდან ამოსულ აჩრდილს სთხოვს. იმისთვის, რომ მესია იხსნა და ის ციფრული თამაშიდან ჩვენთან გადმოიყვანო, თრიფზე გალესილი და დატესტილი ტვინია საჭირო.
„ტვინი ტრანსპორტირდება კიბერსივრცეში და თქვენ, ჩემო ძვირფასებო, თქვენ გადაარჩენთ უფალს. აი, ამ წამსაც კი არ ისვენებს ეშმაკი და ბევრი ზნედაცემული ადამიანი, ე.წ. „გეიმერები“, ცდილობენ, ჩვენი უფალი მოკლან, მაგრამ ვერ მივართმევთ. მე, გენერალი თევზაძე, სამი თვეა ბიოზე ვზივარ, რომ თქვენ დაგეწიოთ, იმისათვის, რომ ამ არმიას სათავეში ჩავუდგე, მეც თქვენთან მოვდივარ, ჩემო კარგებო. ჩვენი მისიაა, უფალი გადმოიყვანოთ ფიზიკურ სამყაროში, რათა აღსრულდეს ის, რაც დაწერილია და მეორედ მოსვლა ისევ გაგრძელდეს!“
„ზნე-ენა“ შეცვლილი გენერლისა და ბებერი ფუკოსი არ იყოს, დღეს ქართულ ლიტერატურას ისე სჭირდება ენის შეცვლა, როგორც არასდროს. ქართული ლიტერატურა ისე საჭიროებს სისხლის გამოცვლას, გადასხმას და ამით გაწმენდას, რომ აგერ უკვე ციფრული სამყაროებიდან მესიებიც მოდიან. ყველას გვაინტერესებს, რა მოხდა 90-იანებში, როგორი იყო აფხაზეთი, ვერა თუ ვაკე, მაგრამ ამის ფონზე სივრცე არ გამრუდებულა, დრო ჩვეული ტემპით მიედინება და ჩვენ ახალი ავტორებიც გვჭირდება. შეიძლება როგორც ერს, არ გვქონდეს მოწინავე ტექნოლოგია და კომპიუტერები, რომლებიც ცნობიერებას ალგორითმებად აქცევენ, მაგრამ გვაქვს ტვინები, რომელსაც ამის წარმოდგენა შეუძლია… ტვინები, რომლებიც თავად ამ წიგნში ხსენებული ილონ მასკის არ იყოს, აქამდე უცნობ გამოწვევას მიიღებს. ჩვენი მესია ხვალ შეიძლება სიმულაციაში არ მოვიდეს, მაგრამ სიმულაციის და ტექნოლოგიების სახით მოგვევლინოს.
ერთი სიტყვით, „საღეჭი განთიადები. უშაქროდ“ ეს ის განთიადია, რომელშიც აპოკალიფსის სიმულაცია დაწყებულია. ის შეიძლება დაღეჭო და თქვა, რომ კარგია, ან თქვა, რომ არ მოგწონს – შენთვის უცხოა, მაგრამ ნაგავში ნახმარი კევივით ნამდვილად ვერ მოისვრი, იმიტომ რომ ქართული ლიტერატურისთვის ეს ახალი ენაა – ნაგავში კი გაცვეთილის ადგილია.
დასასრულს, კიბერპანკი ფუტურისტული ლიტერატურის ჟანრია, რომლისთვისაც დამახასიათებელია განვითარებული ტექნოლოგიები და ცხოვრების დაბალი დონე – დიახ, ეს საქართველოა!