ავტორი: გურამი ღონღაძე

39 წლის ჯონათან ფრენზენი ნიუ-იორკში, ერთოთახიან ბინაში, დივანზე წევს და სქელტანიან წიგნს კითხულობს. 1998 წელია. პირველი ორი რომანის გამოცემით გამოწვეულმა აღმაფრენამ გადაუარა. კრიტიკოსებმა დადებითად მიიღეს მისი ჩახლართული, გონებამახვილური, პოსტმოდერნისტული ნამუშევრები; აქეს და ადიდეს ახალგაზრდა ავტორის დახვეწილი ინგლისურით გაწყობილი წინადადებები; თაობის ერთ-ერთ საუკეთესო რომანისტად მონათლეს. ჯონათან ფრენზენი კი დივანზე წევს და სქელტანიან წიგნს კითხულობს…

სამუშაო მაგიდაზე, განუყრელი ლეპტოპის გვერდით (რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ინტერნეტის ჩასახშობად სპეციალური წერტილი ცვილით ამოუვსო), ათასობით ფურცელი დაუწყვია: ტექსტით გატენილი, გადაჩხაპნილი, გადახაზული, ჩასწორებული… ჯერ კიდევ დაუსრულებელ რომანს ფრენზენი ხშირად სრულ სიბნელეში წერდა. სქელკედლებიან სამუშაო ოთახში, ორმაგი მინით ჩარაზულ ფანჯრების მიღმა. ფარდები მუდამ ჩამოშვებული ჰქონდა. შუქი აუცილებლად ჩამქრალი. თავისი ხელით შეკეთებულ ხის სკამზე იჯდა. წელში მოხრილ მწერალს ყურის საცობები ეკეთა; ხანდახან თვალსაც ხუჭავდა ხოლმე. „საჭირო ასოების მოძებნა არასდროს მიჭირდა“, იხსენებს ის, „მთავარია ყურადღება არ გაგეფანტოს; პერსონაჟები არ დააფრთხო“.

ეს იყო ცუდი დღეები! დაუღალავ მუშაობაში გატარებული ასობით საათი, შუადღის ძილი, ლიტრობით ყავა ან არაყი. წამიერი გამონათებები, მერე სასოწარკვეთილება. მშვენიერი თავები, საძაგელი აბზაცები, ამოუხსნელი კვანძები, გადახეული ქაღალდები, წაშლილი ფაილები…

იმ დღეს კი ფრენზენი წევს, ერთი დიდი მწერლის სქელტანიან რომანს კითხულობს და ხვდება, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ეზიარა; რაღაც ძალიან საინტერესოს მიაგნო!

მოგვიანებით, 2001 წელს, ამერიკას ეროვნული ტრაგედია დაატყდება თავს. 11 სექტემბრის ტერაქტი ყველა ოჯახის კარს შეამტვრევს, გაანადგურებს წარმოდგენებს, ჩამოშლის ძველ იდეალებს. ახალი საუკუნის შფოთვებსა და შიშებს დანერგავს. ხალხი დემოკრატიის, ომის, ოჯახის, ტერორიზმის იდეების გადახალისებას დაიწყებს.

რამდენიმე თვეში ლიტერატურულ წრეებში სხვა აფეთქება მოხდება. ჯონათან ფრენზენის ახალი რომანი – „შესწორებები“, წიგნის მაღაზიის თაროებიდან რომ ქრება და ხელიდან ხელში გადადის, ყველას გულს (თუ პრესტიჟულ ჯილდოს) მოიგებს და ერთხმად განაცხადებენ, ამ კაცმა ერის სულიერი მდგომარეობა იწინასწარმეტყველაო.

„შესწორებების“ შინაარსის მოყოლა რთულია. იმიტომ რომ წიგნს უბრალოზე უბრალო შინაარსი აქვს: ასაკოვანი მშობლები და სხვადასხვა შტატში გაფანტული შვილები ახალი საუკუნის დადგომას ელიან. მამას სერიოზული დაავადება აქვს და ნელ-ნელა „გონებას კარგავს“. დედა გადაწყვეტს, შვილები მოინახულოს და დაითანხმოს, უკანასკნელი შობა ყველამ ერთად, მშობლიურ სახლში გაატაროს.

ფრენზენი ნელ-ნელა გაგვაცნობს მთავარ პერსონაჟებს. ალფრედ ლამბერტი, ოჯახის პატრიარქი და ყოფილი რკინიგზის მუშაკი, პარკინსონის დაავადებისგან იტანჯება, გონება ეფანტება, დეპრესიაშია; მისი მეუღლე – ინიდი, მათი არეულ-დარეული სახლისა თუ ცხოვრების დალაგებას არ ეშვება. თავისუფალ დროს შვილებთან მეუღლეზე წუწუნებს და სთხოვს, ემუდარება, ხანდახან ემუქრება – სასწრაფოდ დაუბრუნდნენ მშობლიურ ბუდეს. შვილები კი დედას უძალიანდებიან; ისინი წლების წინ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გადასახლდნენ, უფროსების ნაღვლიანი ცხოვრების ბედი რომ არ გაეზიარებინათ. თუმცა უბედურებას თავი ვერ დააღწიეს.

ჩიპ ლამბერტი უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორია, საიდანაც სექსუალური შევიწროების გამო გაათავისუფლეს, ახლა კი იაფფასიანი ფილმის სცენარზე ამაოდ მუშაობს. მისი უმცროსი და, დენიზი, ეჭვიანი და ამბიციური ჰიფსტერი, ფილადელფიაში თანამედროვე რესტორანს ხელმძღვანელობს მანამ, სანამ თავის უფროსსა და მის მეუღლესთან სასიყვარულო სამკუთხედში არ აღმოჩნდება. მათი უფროსი ძმა, გარი, ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ნამდვილი სნობი და ცივსისხლიანი კაპიტალისტია, ჯოჯოხეთურ ქორწინებაში გაება და შფოთვებს სასმელით იკლავს.

ფრენზენის სატირულ ტონში ნათლად იხატება ყველა ადამიანური უგუნურება, ამაოება და ფარისევლობა. რომანის მსოფლიო გეოგრაფია – სიუჟეტი ამერიკის ერთი შტატიდან მეორეში გადადის, მერე აღმოსავლეთ ევროპაში ისკუპებს და არც თავისუფალ წყლებს დატოვებს უყურადღებოდ, – ისეთივე მყარი და გამართულია, როგორც ლამბერტების ემოციური გეომეტრია: გარის მამის მსგავსი შფოთვები გამოჰყვა, დენიზი კი ინიდისგან სახელის მოხვეჭის სურვილებით დაავადდა; ჩიპის სამყაროსგან გაუცხოება დედამისის მარტოსულობას ირეკლავს, გარის ცხოვრება კი ალბერტის ბიოგრაფიის შესწორებული ვერსიაა მხოლოდ.

„შესწორებები“ ფანტასტიურად აგებული რომანია, სადაც თხრობას ზუსტად აღწერილი დეტალები და უხილავი თემები კრავს, რომელიც მეოცე საუკუნის ამერიკის პორტრეტის მოზაიკას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი კულმინაციისკენ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვით მიექანება (ალფრედის მეტალურგიული პატენტი თუ გაამართლებს? ჩიპი ლიეტუველ ბანდიტებს გაექცევა? ლამბერტების სარდაფში დაკიდებული თოფი გაისვრის?), წიგნის მთავარი დაძაბულობა პერსონაჟების პირადი კონფლიქტებიდან ამოდის. ეს არის ერთგვარი ხუთმოქმედებიანი მუსიკალური სიმფონია, რომელიც პაუზის გარეშე, ერთი ამოსუნთქვით სრულდება და ბოლოს, შობა დღეს, ფანტასტიკურ კრეშენდოს აღწევს.

თუმცა 1998 წელს პატარა ნიუიორკულ ბინაში დივანზე წამოგორებულმა ჯონათან ფრენზენმა ამის შესახებ ჯერ არაფერი იცის. ის ერთი დიდებული ავტორის სქელტანიან რომანს კითხულობს. „ლიტერატურა ჩემი რელიგიაა“, წერს ფრენზენი, „კარგი მწერლისთვის, ყველაზე დიდი შთაგონების წყარო მხოლოდ კარგი წიგნი თუ გახდება“. გული მიგრძნობს, სადღაც, დივანზე წევს ვინმე ახალგაზრდა, რომელიც ახლა ფრენზენის „შესწორებებს“ კითხულობს და ხვდება, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ეზიარა; რაღაც ძალიან საინტერესოს მიაგნო!