ინდექსი ლიტაგორას რუბრიკაა, რომელიც ყოველკვირეულად, ან შეძლებისდაგვარად ყოველკვირეულად, ამ ვებგვერდზე სხვადასხვა მედია რესურსს წარმოგიდგენთ. სიტყვა მედია აქ ყველაზე ფართო გაგებით უნდა გავიგოთ, რაც მოიცავს ყველაფერს, მუსიკიდან დაწყებული, წიგნებით გაგრძელებული და პოდკასტებით დამთავრებული.
ამ რუბრიკაში მოსახვედრად კონკრეტული რესურსი უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო ელემენტს, იყოს ქართული აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად სიახლე და ეხმაურებოდეს მნიშვნელოვან თემას.
ამ პოსტში ინდექსის მორიგ რესურსს გთავაზობთ.
დღევანდელი ინდექსის გმირი ინგლისურენოვანი პოდკასტი Team Human-ია, რომელსაც მედია თეორეტიკოსი, ავტორი და დოკუმენტალისტი, დაგლას რაშკოფი უძღვება.

ვინ არის პოდკასტის ავტორი?

დაგლას რაშკოფი კიბერ მოძრაობის და 90იანი წლების კონტრკულტურის სათავეებთან იდგა, მეგობრობდა და თანამშრომლობდა ისეთ ადამიანებთან როგორიც ტიმოთი ლირი და ჯენესის პი-ორიჯია. მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ინტერნეტ ტერმინის შექმნა, მათ შორის ყველაზე ცნობილი ალბათ “ვირუსული მედია”-ა. 90იანების დასაწყისში მისი პირველი წიგნის, Cyberia-ს გამოცემაზე, რაშკოფის თქმით, გამომცემლებმა უარი განაცხადეს, იმ მოტივით, რომ მაშინდელი პროგნოზებით “ინტერნეტი 1993-ში დამთავრდებოდა.” ინტერნეტი, მოლოდინის მიუხედავად, არ დამთავრდა და წიგნი საბოლოო ჯამში 1994 წელს გამოიცა. მას შემდეგ რაშკოფმა ახალი მედიის მიმართულებით ათზე მეტი მნიშვნელოვანი წიგნი გამოსცა, მათ შორისაა წელს გამოცემული Team Human, ნაშრომი, რომლის სახელწოდება მის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე წამოწყებული პოდკასტის სათაურს ემთხვევა.

რაზეა პოდკასტი?

რაშკოფი იმ ადამიანებს რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც თანამედროვე სამყაროში ცვლილებების შეტანა სურთ. რაშკოფი ცვლილებების აუცილებლობას მეტწილად ახალი მედის სფეროში ხედავს, თუმცა პოლიტიკის, გლობალური დათბობის და არაერთ სხვა თანამედროვე პრობლემურ თემას ეხება. მისი პოდკასტის მთავარი იდეა კი სხვადასხვა ძალაუფლების სისტემების გაადამიანურებაში და ჰუმანური მიზნების მისაღწევად კოლაბორაციული გარემოს ძიების პროცესს წარმოადგენს. რაშკოფის სტუმრებად თანამედროვე დასავლეთის მნიშვნელოვანი მოაზროვნეები ჰყავს, აქტივისტები, ავტორები და პროფესორები, რომლებიც ერთ რამეზე თანხმდებიან – უკეთესი მომავლის შესაქმნელად საჭიროა ადამიანებს შორის უფრო მეტი თანამშრომლობა.

როგორ მოვუსმინოთ?

სამწუხაროდ პოდკასტის მინუსი [ქართული თვალთახედვიდან] იმაში მდგომარეობს, რომ ის მხოლოდ ინგლისურადაა ხელმისაწვდომი და მის სრულფასოვნად მოსასმენად ამ ენის კარგ დონეზე ცოდნაა საჭირო. თუმცა, თუ ენას ფლობთ მისი ინტერნეტში მოძიება არ გაგიჭირდებათ, პოდკასტი სხვადასხვა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის castbox-ზე. პოდკასტის მოსმენა და მასზე უფრო მეტი ინფორმაციის გაგება, ასევე მის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.