ავტორი: დათო ლობჟანიძე
“წიგნის კითხვა სახალისო რამ უნდა იყოს. წიგნის წერაც შესაძლებელია სახალისო აქტივობად იქცეს,”
ჯონათან ფრენზენი.
ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველი უბედური ოჯახი თავისებურადაა უბედური. შესწორებებში ჯონათან ფრენზენის მიერ ასახული ოჯახი თავისებურია, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრ სხვა ოჯახს ჰგავს. ეს ოჯახი ლამბერტების გვარს ატარებს, ამერიკულია და ქვეყნის შუადასავლეთში ბინადრობს, მანამ სანამ ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენლები სახლს და მშობლიურ ქალაქს არ დატოვებენ. ლამბერტების თავი მკაცრი მამა და ქმარია. სახელად ალფრედი ჰქვია, თუმცა ფრენზენი თხრობისთვის ამ ოდესღაც ფეხზე მყარად მდგომი მამაკაცის ცხოვრების დაისს ირჩევს, მომენტს როდესაც ალფრედი დემენციას სულ უფრო უახლოვდება.
ამრიგად, ჩვენ ტრადიციული მკაცრი სტრუქტურის მქონე ოჯახის სტატუს ქვოს დაშლის მომსწრე ვხდებით. თუმცა, მკითხველს ამ პროცესის არამხოლოდ ოჯახის წარსულში მსუყე ნარატიული გადახვევებით, არამედ სხვა მთავარი პერსონაჟების ცხოვრების ასახვის ფონზე დანახვის საშუალება ეძლევა. ფრენზენის ასეთი სტილისტური გადაწყვეტილება ოჯახის სამყაროს სრულად აღქმის საშუალებას იძლევა.
ალფრედის გარდა ოჯახის ცენტრალურ პერსონაჟები არიან; ინიდი – ალფრედის მეუღლე და სამი შვილის დედა, რომლის მთავარი საზრუნავი ოჯახის ერთიანობის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა, გარი – ალფრედის და ინიდის უფროსი ვაჟი, რომელსაც თავის მეუღლესთან და შვილებთან ურთიერთობაში პრობლემები აქვს, ჩიპი – გარის უმცროსი ძმა, რომელიც იდეოლოგიურ და ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის და დენიზი – ალფრედის და ინიდის ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც იდენტობის ძიებაში არაერთ სასიყვარული თავგადასავალში ეხვევა.
ცხადია, ეს სინოფსისი არამხოლოდ 595 გვერდიანი [ქართულ თარგმანში] წიგნის უკიდურესად გამარტივებულ ვერსიას, არამედ პერსონაჟების კომპლექსურობის უკიდურესად ზედაპირულ სურათს წარმოადგენს, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც ფრენზენის პერსონაჟების დეტალურად აღწერილი ბუნება ალბათ წიგნის ყველაზე დიდი ღირსებაა. ამიტომაა, რომ ჯონათან ფრენზენის თქმით წიგნის გამოსვლის შემდეგ მისთვის არაერთ ადამიანს უთქვამს, რომ ამა თუ იმ პერსონაჟთან საერთო თვისებები აღმოუჩენია. ყოველი ცენტრალური პერსონაჟის დეტალური აღწერა კი ავტორს აძლევს საშუალებას თხრობა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გაშალოს და არაერთ თემას შეეხოს, იქნება ეს ამერიკული ოჯახების ფინანსური თუ კულტურული ყოფა, კლასობრივი ურთიერთობები, სექსუალობა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პოსტსაბჭოური ქვეყნების მდგომარეობაც კი.
ვფიქრობ, ეს მონაკვეთები ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს. აქ ავტორი ლიტვას [ლიეტუვას] აღწერს, სადაც ჩიპი მილიონის მოსახვეჭად გაიქცევა. ჩემი ცოდნა 90-იანი წლები ლიტვის შესახებ ძალიან მწირია, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ ფრენზენი აბსურდისტანს გვიხატავს, ვფიქრობ ავტორის აღწერა საქართველოს მსგავს ქვეყანასთან გაცილებით ახლოს დგას. აქ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი ერთი მონაკვეთია სადაც გამოგონილი პარტია ინვესტორებს ლიბერტარიანულ უტოპიას სთავაზობს. ვრცელი სიიდან რამდენიმე ასეთი დაპირება შემდეგნაირად გამოიყურება:
“…სიცოცხლის ბოლომდე ძველ ვილნიუსში მანქანის პარკირების ოცთაოთხსაათიანი ექსკლუზიური უფლება…
ლიტველი გოგონების შეუფერხებლად შვილად აყვანის უფლება!..
სახელმწიფო უსაფრთხოების მოსასმენ და სხვა აპარატურაზე შეუზღუდავი წვდომის უფლება!..”
თუმცა, 2001 წელს გამოსული წიგნი საბოლოო ჯამში ამერიკული წიგნია და ამერიკული ოჯახის ამსახველი რომანია. არაერთმა შემფასებელმა ოჯახის კომპლექსური აღწერილობის გამო წიგნი ლევ ტოლსტოის ტრადიციების გამგრძელებლად და რუსული რომანის ამერიკულ ვერსიად მონათლა. საინტერესო, მაგრამ გადაჭარბებული აზრი მგონია, რომელსაც შესაძლოა ფრენზენიც კი არ ეთანხმებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ფრენზენი საკუთარ ლიტერატურას მსუბუქად არ უყურებს და მის ნაწარმოებს შორის დღემდე ყველაზე გავლენიან რომანად სწორედ რომ “შესწორებები” გვევლინება, რომანში ტოლსტოისებრი ან ამერიკაშივე რომ დავრჩეთ, ტომას პინჩონისეური, სიღრმეების ძებნა შესაძლოა შეცდომა იყოს. ვფიქრობ ფრენზენი ასეთ ამოცანას მიზნად არც ისახავდა, ბოლოსდასბოლოს “წიგნის კითხვა ხომ სახალისო რამ უნდა იყოს” და ფრენზენის ეს ნაწარმოები ნამდვილად განეკუთვნება ისეთი წიგნების რიცხვს, რომლის კითხვისას მკითხველი უთუოდ სახალისოდ და საინტერესოდ გაატარებს დროს.
ამავე წიგნზე: გურამი ღონღაძის რეცენზია