თარგმანი: ანა გოგოჭური
ორიგინალი

ტიმ ნოუკსი
2016 წლის 5 აპრილი

ჟურნალ Rough Trade-ის პირველ ნომერში გამოქვეყნდა სტატია ათი პიონერი მუსიკოსის შესახებ, რომელთა შემოქმედებაზეც დიდი გავლენა მოახდინა ბრუტალისტურმა არქიტექტურამ, მრავალბინიანმა საცხოვრებელმა სახლებმა (tower block) და ჯ. გ. ბალარდის რომანებმა.

[2016 წლის] მარტიდან კინოთეატრებში  ჯეიმს ბალარდის რომან „ცათამბჯენის“ (High-Rise) ბენ უიტლისეულ ეკრანიზაციას უჩვენებენ, რომელსაც თან ახლავს კლინტ მანსელის მომაჯადოებელი და, ალბათ, საუკეთესო პარტიტურა („შავი გედის“ შემდეგ), ABBA-ს SOS-ის შემზარავი ქავერი Portishead-ისგან და საუნდტრეკი, რომელშიც ამოიცნობთ CAN-ს, Amon Düül-ს, The Fall-ს და Deutsch Amerikanische Freundschaft-ს. მართალია, ბალარდის რომანების მიმართ თაყვანისცემა მეინსტრიმულ ფილმებზე იშვიათად აისახება – მისი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ბოლო ფილმი იყო დევიდ კრონენბერგის „შეჯახება“ (1996), რომელსაც წინ უსწრებდა სტივენ სპილბერგის „მზის იმპერია“ (1987), მაგრამ, სამაგიეროდ, 1970-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, გარდაცვლილი ავტორის ზეგავლენა თანამედროვე მუსიკის კულტურაზე უდავო და საოცრად მრავალფეროვანია.

1975 წელს, როდესაც „ცათამბჯენი“ პირველად გამოქვეყნდა, დიდი ბრიტანეთი დისტოპიურ ნაოხარს ჰგავდა. ქვეყანა უკვე მეორედ იხრჩობოდა რეცესიისგან; ინდუსტრიული გაერთიანებების გამო ეკონომიკა ჩიხში მოექცა, ხოლო ირლანდიის რესპუბლიკური არმია ხელაღებით აფეთქებდა სამგზავრო მატარებლებს, სასტუმროებსა და პაბებს ინგლისის მეინლენდში. მთავრობის მიერ აგებული ფუტურისტულ-ბრუტალისტური მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეპუტაციაც უარესდებოდა. როგორც იუწყებოდნენ, ამგვარი სახლები უტოპიური „ცის ქუჩები“ უნდა გამხდარიყო, მაგრამ საექსპლუატაციო ხარჯების არასწორი განაწილებისა და საშინლად უდიერად მოპყრობის გამო ნიჰილისტურ „ცის ჯურღმულებად“ იქცა.

მაშინ, როდესაც „ევროპის დაუძლურებული ქვეყანა“ შეშფოთებით მოიწევდა ომის შემდგომი თანამედროვეობისკენ, ბალარდმა შეამჩნია ის მოსალოდნელი პათოლოგიური და სოციალური საფრთხეები, რომლებიც ადამიანების „ვერტიკალურ“ ცხოვრებას შეიძლება მოჰყოლოდა. ასე შეიქმნა ამბავი მრავალბინიანი სახლისა, რომლის მცხოვრებლებიც მხეცებს ემსგავსებიან მას შემდეგ, რაც შენობა ნგრევას იწყებს. განსხვავებით თავისი თანამედროვე მწერლებისგან, რომელთა სამეცნიერო ფანტასტიკაც ძირითადად ლაზერის იარაღიან, ლიკრით შემოსილ და შორეულ გალაქტიკებში გაფანტულ ასტრონავტებზე მოგვითხრობდა, ბალარდის რომანები – „სისასტიკის გამოფენა“ (The Atrocity Exhibition) (1970), „შეჯახება“ (1972), „ბეტონის კუნძული“ (1974) და „ცათამბჯენი“ – თანამედროვე ურბანული ცხოვრების სასტიკ რეალობას ასახავდა. ამასთან, ავტორმა როგორღაც მოახერხა, რომ ბეტონის ამ მონოლითურ ნაგებობებში ცხოვრების პერსპექტივა ამავე დროს მიმზიდველადაც დაენახვებინა მკითხველისთვის.

მთავრობით უკმაყოფილო ახალგაზრდა მუსიკოსები თანაუგრძნობდნენ სამყაროს ბალარდისეულ სასტიკ აღქმას. 1970-80-იან წლებში, ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც იყვნენ Joy Division, The Normal, Cabaret Voltaire, Hawkwind, დევიდ ბოუი, გარი ნიუმენი, გრეის ჯონსი, ჯონ ფოქსი, The Human League და This Heat, შექმნეს ღრმა შინაარსის მქონე სიმღერები, რომლებიც პირდაპირ ასახავდნენ ბალარდის პროზის კოშმარულ „შიდა სივრცეებს“. თავისი სლოგანით „არა მომავალს!“, Sex Pistols, რომელიც „ცათამბჯენის“ გამოქვეყნების წელს შეიქმნა, დისტოპიური მუსიკალური ჯგუფის ტიპურ ნიმუშად იქცა. „მე კარგად ვხედავ კავშირს ბალარდსა და პანკს შორის, – ამბობდა ფილმის რეჟისორი ბენ უიტლი, – ეს იყო სრულიად ახალი ხედვა, რომელიც თანამედროვე სამყაროს დამსხვრევას უქადდა. ბალარდს სულაც არ აშინებდა ქაოსი“. ამავე დროს, ლონდონის აღმოსავლეთით, მუსიკალური ჯგუფი Throbbing Gristle ქუჩის ხმების ნიმუშებს თეთრ ხმაურთან აერთიანებდა და ასე ქმნიდა ინდუსტრიულ მუსიკას.

90-იანების დასაწყისში ბალარდის ბრუტალიზმი კარგად გამოიყენა ჯგუფმა Suede-მა, რომლის წევრებიც ძალიან ამაყობდნენ სინგლით „High Rising“, ბოლო სიმღერით მათ სადებიუტო ალბომში „Suede“. 1994 წელს The Manic Street Preachers-მა თავის ალბომში The Holy Bible გამოიყენა ბალარდის საუბრის სემპლი, სადაც იგი რომან „შეჯახებაზე“ ლაპარაკობს. სიმღერაში Mausoleum მკაფიოდ ისმის ავტორის შეწუხებული ხმა: „მინდოდა, ადამიანი სახით მეთრია თავისსავე ნარწყევში და შემდეგ კი მეიძულებინა, რომ სარკეში ენახა საკუთარი თავი“.

იმ დროისთვის, როცა ტექნოლოგიურმა საფრთხემ, სახელად Millennium bug, მარცხი განიცადა, სიტყვა „ბალარდისეული“ „დისტოპიურის“ სინონიმად იქცა, თუმცა ამ ტერმინის გავლენა მუსიკაზე თანდათანობით შესუსტდა. მიუხედავად ამისა, უკომპრომისო ადგილობრივმა ჟანრებმა, გრაიმმა და UKG-მ, ბრიტანული უღიმღამო ურბანული ფსიქოგეოგრაფია სრულიად ახალ სფეროდ აქცია. პირატულმა რადიომ დედაქალაქის ცათამბჯენების სამზარეულოებიდან და სასადილოებიდან ხელი შეუწყო ახალი ტიპის ჩარტის ვარსკვლავის გაჩენას.

ვიდეოკლიპში „21 seconds“ ასახულია, თუ როგორ იბრძვის სამხრეთლონდონელი ჯგუფი So Solid Crew დანახშირებული, პოსტაპოკალიფსური ქალაქის პეიზაჟის ფონზე, რომელსაც თან ახლავს ჭექა-ქუხილი, მავთულბადეები, Chinook-ის შავი შვეულმფრენები და ბეტონის ბუნდოვანი კონსტრუქციები. 2002 წელს, როდესაც The Street-მა მუშაობა დაიწყო თავის პირველ ალბომ Original Pirate Material-ზე, მაიკ სკინერმა ალბომის გარეკანისთვის ისლინგტონის 18-სართულიანი Kestrel House აირჩია. ერთი წლის შემდეგ დიზი რასკალმა, რომელიც Crossway-ს კრიმინალურ რაიონში გაიზარდა, გრაიმი საერთაშორისო სარბიელზე გამოიყვანა ჰიტით Boy In Da Corner, ზუსტად ისევე, როგორც ბალარდმა გამოსცა თავისი ბოლოსწინა რომანი, „ათასწლეულის ხალხი“.

2005 წელს, ლივერპულში, electroclash-ის ვარსკვლავმა, Ladytron-მა, სიმღერით „High Rise“ ხელახლა ააგორა ინტერესის ახალი ტალღა ბალარდის მიმართ. ერთი წლის შემდეგ, დაბსტეპის ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსი, Kode9 გამოვიდა სიტყვით „ჯ. გ. ბალარდის აკუსტიკური პროზა“ და თან Burial-ის ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომიც გამოსცა თავის ხმის ჩამწერ სტუდიაში Hyperdub. ალბომმა უსასრულო წვიმებითა და მელანქოლიური რიტმით გააცოცხლა წარმოდგენა მეტროპოლისზე, რომელიც წყალშია ჩაძირული ეკოლოგიური კატასტროფის გამო. ამგვარი ამბავი ბალარდმა პირველად 1962 წელს აღწერა თავის რომანში „ჩაძირული სამყარო“. 2007 წელს The Klaxons-მა მოიპოვა მერკურის პრიზი ალბომისთვის Myths of the Near Future, რომელსაც სახელი ბალარდის მოთხრობების კრებულის მიხედვით ეწოდა. ავსტრალიური synth-pop-ის კონცეპტუალისტმა ჯგუფმა Empire of the Sun, „შეპერტონელი წინასწარმეტყველისადმი“ პატივისცემის ნიშნად ჯგუფის სახელად სწორედ მისი 1984 წლის წიგნის სათაური აირჩია.

ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან Death Grips, Arca, Prurient და Roly Porter, ელექტრონული მუსიკა უცნაურ ახლებურ საერთაშორისო ზონად გადააქციეს, თუმცა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბალარდისეული მუსიკის კონცეფცია ყველაზე მეტად გამოვლინდა „Gulf Futurism“-ში, რომლის ინიციატორიც ავანგარდისტი არტისტი, ფატიმა ალ ქადრია. გამაღიზიანებელი სინოგრიმული რიტმებით და ვიდეოკლიპებით, სადაც მიწასთანაა გასწორებული სავაჭრო ცენტრების, მიტოვებული ცათამბჯენების და თვით სექსტინგის კულტურის იდეოლოგიები, ქუვეითელი მუსიკოსის სიმღერები ბალარდის „მომდევნო ხუთი წუთის მომავლის“ კონცეფციის იდეალური განსხეულებაა. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ მის ბოლო ალბომს, რომელიც მარტში გამოვიდა Hyperdub-ში, სწორედ Brute დაერქვა.

ფილმ „ცათამბჯენის“ ფონზე, რომელმაც უკვე გამოიწვია გაცხოველებული ინტერესი ავტორის არაჩვეულებრივი რომანების მიმართ, ჩვენ ვესაუბრეთ ათ ნოვატორ მუსიკოსს, იმისათვის, რომ გაგვერკვია, რა გავლენა მოახდინა მათ შემოქმედებაზე ბალარდისეულმა მრავალბინიანმა შენობებმა.

Clint_Mansell_by_Fiona_Garden__March_2016_1498656875_crop_550x369.png
ფოტო: The Quietus

კლინტ მანსელი

კლინტ მანსელმა ბალარდის „ცათამბჯენი“ პირველად „სისასტიკის გამოფენის“ საშუალებით აღმოაჩინა სკოლაში. „იმ დროს მინდოდა, რომ უჩინარი ვყოფილიყავი, – იხსენებს ის, – მან შექმნა პერსონაჟები, რომელთა შეხედულებებმაც სამყაროს შესახებ დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე“.

1986 წელს, როცა მანსელმა Pop Will Eat Itself ჩამოაყალიბა, იგი უმუშევრის შემწეობას იღებდა და ცხოვრობდა ბრუტალისტური საცხოვრებელი კორპუსის, Byron House-ის მეცხრამეტე სართულზე, რომელიც გარეუბან სტაუერბრიჯში იდგა. „სახლი სავსე იყო ახალგაზრდებითა და საზოგადოებისგან გარიყული ადამიანებით. ირგვლივ პანკი სუფევდა. პასუხისმგებლობებიც არ გვქონია. იმას ვაკეთებდით, რაც მოგვეპრიანებოდა, – ღიმილით იხსენებს Grebo-ს პიონერი.
მანსელმა, რომელიც ამჟამად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, შექმნა მუსიკა ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა „შავი გედი“, „ოცნების რეკვიემი“ და სულ ახლახან – „ცათამბჯენი“. „ჩემი აზრით, გარემო უდავოდ ახდენს გავლენას შენს აზროვნებასა და შემოქმედებაზე, – ამბობს ის, – როდესაც რაიმე გეჩვენება, მაგალითად, ხმაური, ამ შეგრძნებას მარტივად მოიცილებ, თუკი ნამდვილ ხმაურს მოუსმენ და ამით შენს მოჩვენებით შეგრძნებას რეალურთან გაათანაბრებ. როცა სადმე სოფელში სეირნობ, არა მგონია, Nurse With Wound-ის მოსმენა მოგინდეს, რადგან იქაური ატმოსფერო შენს გონებას სხვა მხარეს წარმართავს. მაგრამ, როდესაც ლოს-ანჯელესის ცენტრში მგზავრობ, Tangerine Dream-ის, Miracle Mile-ის და Thief-ის მუსიკა შესანიშნავად ერწყმის გარემოს. ამ დროს ტვინი გარკვეულ ვიზუალურ ნიუანსებს ეჭიდება და მუსიკას გადააქცევს ცეცხლად, რომელიც შენს ნეირონებს და სინაფსებს ააბრიალებს“.

1169613
ფოტო: dazeddigital

ACTRESS

კლინტ მანსელის მსგავსად, Actress, რომელიც ავანგარდული ელექტრონული მუსიკის შემსრულებელია, ქარხნების გარემოცვაში გაიზარდა ინგლისის მიდლენდში. მამამისი Goodyear-ის საბურავების საწარმოში მუშაობდა მთელი ცხოვრება. „ასეთი საქმეები მხოლოდ მუშათა კლასის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი. მათ სახეზე კი ღიმილს ვერასოდეს ნახავდით, – იხსენებს იგი, – ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს მუსიკაზე – მასში ყოველთვის იგრძნობა მელანქოლიური მარტოობა“.

ლონდონში გადასვლის შემდეგ, სანამ მისი მუსიკალური კარიერა დაიწყებოდა, იგი ბრიქსტონში, ერთსაძინებლიან მუნიციპალურ ბინაში ცხოვრობდა. მისთვის სასიამოვნოა ის ამბავი, რომ ადამიანები, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ ადგილებში ცხოვრობენ, ექსტრემალურ მუსიკას მარტო თერაპიისთვის კი არ არა მიმართავენ, არამედ გასართობადაც. „თეთრ ხმაურს“ შემიძლია, მთელი დღე ვუსმინო, რადგან იგი ადამიანს ცვლის. მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიები გაუმჯობესდა, ყველაფერი თითქოს უშეცდომოდაა მომართული – მკაფიო სიგნალები, მკვეთრი გამოსახულება. მე კი ჭეშმარიტი ხმაური მირჩევნია“.

თებერვალში Actress-მა ბრუტალიზმის ტაძარში – ბარბიკანში დაუკრა. სწორედ აქ შედგა მისი სახელგანთქმული ტექნომუსიკის კლასიკური რეინტერპრეტაციის პრემიერა, რომელიც ლონდონის თანამედროვე ორკესტრასთან თანამშრომლობით შეიქმნა. წარმოდგენა იმით გამოირჩეოდა, რომ გაჩნდა ახალი ბგერები, რომელთა ჟღერადობაც ბარბიკანის კოშკის ფორმებით იყო ნაკარნახევი – დაწყებული ორკესტრის აბსტრაქტული მოტივებით და დამთავრებული სინთეზური სინუსისებრი ტალღებით, რომლებიც კოშკის სილუეტებს წააგავდა. „მინდოდა, რომ ბარბიკანის შენობების შიდა და გარე ფორმების საშუალებით ზეგავლენა მომეხდინა იმ ბგერებზე, რომლებსაც შემდეგ ხალხი მოისმენდა შენობაში, შიგნით. მსურდა, რომ მუსიკის შექმნისას ბრუტალისტური მეთოდები გამომეყენებინა იანის ქსენაკისივით.“

Lonelady.jpg
ფოტო: Clash Magazine

LONELADY

Lonelady-მ ალბომი Hinterland სახლში (რომელსაც სიყვარულით „ბეტონის თავშესაფარს“ უწოდებს), მანჩესტერის ცათამბჯენის მეშვიდე სართულზე ჩაწერა. „მას შემდეგ, რაც 18 წელი შემისრულდა, მრავალბინიან სახლში ვცხოვრობ, – ამბობს Warp Records-ის მუსიკოსი. – აქ ყველას ვიცნობ, ზევითაც და ქვევითაც. ასეთ სახლებში ხშირად გაიგებ მოულოდნელ, სასაცილო და, ზოგჯერ, ტრაგიკულ ამბებს“.

მას შემდეგ, რაც Joy Division-ის სიმღერა The Atrocity Exhibition-ით (სიმღერას სახელი 1970 წელს გამოცემული რომანის მიხედვით ჰქვია) ბალარდი აღმოაჩინა, პოსტპანკის შემსრულებელი იმ „საზიზღარი უცნაურობის, მღელვარებისა და ფსიქოზის“ ზეგავლენის ქვეშ მოექცა, რითაც ასეა გაჯერებული ავტორის წიგნები.
მუსიკოსს თავისი ბრუტალისტური მუსიკით ექსპერიმენტების ჩატარება უნდოდა და ავტომაგისტრალ A57-ის მიწისქვეშა გადასასვლელის კედელში ჩაამაგრა mp3 პლეიერი ყურსასმენების შესაერთებელი ბუდით და თავისი გამოუქვეყნებელი კომპოზიციებით, რომლებიც გარე სამყაროსთვის იყო განკუთვნილი. მან პროექტს სახელად „უტილიტარული პოეზია“ უწოდა. „უცნაურ კმაყოფილებას მგვრიდა ადამიანების გაგზავნა მანჩესტერის ავტომაგისტრალის გვერდით, მიტოვებულ მიწაზე, იმისათვის, რომ ამ უცნაურ ადგილას დამდგარიყვნენ, ბეტონს მიყრდნობოდნენ და მხოლოდ მუსიკა მოესმინათ სრულ სიმარტოვეში“.

Genesis-P-Orridge-755x396
ფოტო: Crack Magazine

ჯენეზის ბრეიერ პი-ორიჯი

Throbbing Gristle-ისა და Psychic TV-ს მამოძრავებელი ძალა, ჯენეზის ბრეიერ პი-ორიჯი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც შექმნა ინდუსტრიული მუსიკა 1970-იან წლებში. ექსპერიმენტული ხელოვნების სიმბოლო, რომელმაც 1993 წლიდან პანდროგინული ცხოვრება არჩია, თავის თავს მრავლობით რიცხვში და „მესამე სქესად“ მოიხსენიებს. გასაკვირია, მაგრამ ბალარდის შემოქმედებას მასზე პირდაპირი ზეგავლენა არ მოუხდენია. „ჩვენ უფრო მეტად ბეროუზით და ბერჯესით ვიყავით გატაცებული“ – იცინის იგი. London Fields-ში, Throbbing Gristle-ის ძველი სტუდიის გვერდით ახლა უზარმაზარი, 16-სართულიანი საცხოვრებელი ცათამბჯენი დგას.

„მართლა?“ – უკვირს მას და მანჰეტენზე, მეექვსე სართულზე მდებარე თავისი აპარტამენტის ფანჯრიდან იყურება. – ეგ ადგილი ოდესღაც ინდუსტრიული მუსიკის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. რკინიგზის ხაზის თაღებქვეშ სახელოსნოები იყო, იქვე, გვერდით კი – All Nations Club. შაბათ-კვირას ჯოჯოხეთური ხმაური იდგა – ყველა ჩვენი შენობის გვერდით, ტროტუარზე აჩერებდა მანქანას, ყვიროდა და ასიგნალებდა. სრული აკუსტიკური ჯოჯოხეთი იყო. ვფიქრობდით, რა გვექნა ისეთი, რომ ეს ყველაფერი გამაღიზიანებელი და დამღლელი კი არა, მისაღები და, იქნებ, კრეატიულიც კი გამხდარიყო. სწორედ ასე მივიღეთ მუსიკის ახალი მიმდინარეობა. ფაქტი, რომ ის დღემდე იცვლება, გავლენას ახდენს სტუდიებზე, DJ-ებზე, კლუბებსა და ტანსაცმელზე, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ხალხს ველაპარაკებოდით იმ ახალ ენაზე, რომელიც მას ესმოდა. ჩვენ ქალაქის თეთრი ხმაური ვიყავით “ .

1169616.jpg
ფოტო: dazeddigital

THE BUG

კევინ მარტინმა, რომელიც ვეიმაუტში გაიზარდა, მაშინ გაიცნო ბალარდის შემოქმედება, როცა განსაკუთრებით დაინტერესდა პოსტპანკით, Joy Division-ით, The Sex Pistols-ით, The Birthday Party-ითა და Throbbing Gristle-ით. „ვცდილობდი, გამერკვია, რა კულტურული გავლენის ქვეშ ქმნიდნენ ისინი მუსიკას, – იხსენებს იგი, – ბალარდი ქვეცნობიერის ეკიპაჟის წევრი იყო. „ურბანულმა კატასტროფამ“, რომელიც მისი წიგნების უმეტესობაში ვითარდება, ღრმა ნაიარევი დამიტოვა“.

მომღერალი თავდაპირველად ფსევდონიმებით – GOD, Techno Animal და Ice – ქმნიდა მუსიკას, მაგრამ საბოლოოდ ფართო აუდიტორიამდე The Bug-ით მიაღწია. 2008 წელს გამოვიდა მისი ალბომი London Zoo, რომელშიც შერწყმული იყო ისეთი მუსიკალური ჟანრები, როგორებიცაა დენსჰოლი, გრაიმი და დაბსტეპი. „ამ სიმღერებით ვიბრძოდი, რომ არ ჩავძირულიყავი ლონდონში. ეს მუსიკა მაძლევდა ძალას, რომ რთულ ვითარებაში საღად მეაზროვნა“.

სანამ ლონდონიდან ბერლინში გადავიდოდა საცხოვრებლად, იგი პოპლარში, Balfron Tower-ის მეთვრამეტე სართულზე ცხოვრობდა. საინტერესოა, რომ სწორედ Balfron Tower მიიჩნევა „ცათამბჯენის“ მთავარი ბრუტალისტური შენობის ინსპირაციად. „ვიღაც აგონიაში მყოფი ტიპი ზედა სართულიდან კვირაში რამდენჯერმე ყვიროდა თავზარდამცემი მაღვიძარასავით, თანაც ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, – ზიზღით იხსენებს იგი. – იქ ცხოვრება ციხეში გამომწყვდევას ჰგავდა. პარანოია, შიში და სიბინძურე შეიძლება კარგი იყო მუსიკალური შთაგონებისთვის, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როცა იმ ადგილს გავეცალე. იქაურობა გაუცნობიერებლად მიწამლავდა გონებას – ფინანსები მწირი მქონდა და დიდი არჩევანი არ იყო. და ამიტომ იქიდან გაქცევის სურვილი ძალზე ძლიერი აღმოჩნდა“.

Kode9-Photo-Maximilian-Montgomery-616x440.jpg
ფოტო: Fact Magazine

KODE9

Hyperdub-ის ხმის ჩამწერი სტუდიის ბოსი, Kode9, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბალარდისეული მუსიკოსია. დაბსტეპის სულისჩამდგმელმა და მამამ, The SpaceApe-თან თანამშრომლობით შექმნა ალბომი Memories of the Future, რითაც მსმენელები დააბრუნა იმ ინგლისში, სადაც უპრეცედენტო თვალთვალი დამყარდა 2005 წლის ტერაქტების სერიის (7/7) შემდეგ. ბალარდის პატარა მოთხრობა The Sound Sweep-ით შთაგონებულმა Kode9-მა დაწერა წიგნი აუდიოტექნიკაზე და ვრცელ მოხსენებაში მიმოიხილა ავტორის აკუსტიკური პროზა. „სულაც არ მგონია, რომ ლონდოში ბევრი ცათამბჯენია, – განმარტავს იგი, „და მათგან კიდევ უფრო ცოტაა საცხოვრებლად გამიზნული. უფრო სწორად, ისინი ზუსტად ის შენობებია, რომლებზეც ბალარდი მოგვითხრობს და რომლებშიც, უეჭველია, პირქუშ და სევდიან საშუალო კლასს დაუდვია ბინა. პრობლემა კი უფრო ის მგონია, ვინ იცხოვრებს ძვირად ღირებულ მდიდრულ შენობებში, ახლა რომ წამოუჭიმავთ.“

2006 წელს მან გამოსცა Burial-ის ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი. ეს იყო კონცეპტუალური ჩანაწერი ჩაძირული მეტროპოლისის შესახებ, რომელსაც Kode9 ბალარდის „ჩაძირულ სამყაროს“ ადარებდა. Burial-ის გამოსვლიდან 10 წელი გავიდა და ახლა Hyperdub-თან თანამშრომლობენ ისეთი წარმატებული შემსრულებლები, როგორებიც არიან ფატიმა ალ ქადირი, Cooly G და Laurel Halo. ამიტომ, მისი აზრით, საინტერესოა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ურბანულ არქიტექტურას ახალი თაობის მუსიკის პიონერებზე?

„თამაშის ამ ეტაპისთვის ინდუსტრიულმა პეიზაჟმა, როგორც მუზამ, მეტისმეტად გაჟღინთა ელექტრონული მუსიკა. – ამტკიცებს იგი, „ცხადია, ინდუსტრიული ეპოქის გულგრილობა 70-იანების, 80-იანებისა და 90-იანების უამრავი მუსიკოსის შთაგონების წყარო გახდა, მაგრამ ჩვენ ახლა სრულიად სხვა ტექნოლოგიურ სამყაროს შევყურებთ. ამიტომაც მგონია, რომ მუსიკოსებმა და არტისტებმა დრო უფრო ნაყოფიერად უნდა დახარჯონ და მეტი ყურადღება მიაქციონ იმ ახალ ამოცანებს, რომლებსაც ციფრული კაპიტალიზმი ყოველდღიურად გვისახავს“.

1169618
ფოტო: dazeddigital

KANO

მართალია, Kano-ს მრავალბინიან სახლებში არ უცხოვრია, მაგრამ სწორედ მათ აქციეს იგი ისეთ შემსრულებლად, როგორიც დღესაა. მას შემდეგ, რაც სტრატფორდის ცათამბჯენში მდებარე პირატულ რადიოსადგურ Déjà Vu-ში თავისი პირველი სიმღერა შეასრულა, ხელშეკრულება გააფორმა 679 Recordings-თან და 2006 წელს გამოუშვა პირველი ალბომი Home Sweet Home. ახლა, 10 წლის შემდეგ, როცა იგი გრაიმის ერთ-ერთ გავლენიან პიონერად მიიჩნევა, აღსანიშნავია მისი სამსახიობო კარიერაც. Kano-ს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორებიცაა Tower Block, Rollin` With The Nines და მეოთხე არხის სახელგანთქმულ დრამაში Top Boy, სადაც ნარკოდილერი Sully-ს როლი შეასრულა.

„ქალაქის არქიტექტურამ, შესაძლოა, დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს შენზე”, გვიყვება ის, “ჩემს ახალ ალბომში ერთი ფრაზააა, სადაც ვამბობ: „ამ რაიონში ტბები და მწვანე მინდვრები რომ ყოფილიყო“. მართლაც საინტერესოა, ვიქნებოდით კი უფრო უდარდელები, მშვიდები და ტოლერანტულები? სწორედ ესაა მთავარი არგუმენტი აღზრდისა და ბუნების პაექრობაში. სადაც გავიზარდე, იქ სჯეროდათ, რომ ჩვენ ძალიან უმნიშვნელოები ვართ, რომ სამყარო ჩვენ წინააღმდეგაა განწყობილი. ზოგი ადვილად ექცევა ამგვარი აზროვნების ზემოქმედების ქვეშ, ზოგი კი არ ემორჩილება მას. ჩემდა საბედნიეროდ, ამ ყველაფერმა იმად მაქცია, რაც ვარ. ისევე როგორც ბევრმა ჩემმა თანატოლმა, მეც შევქმენი ცუდისგან კარგი. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ საცხოვრებელი კორპუსის პატარა ბინა დიზი რასკალს მოგვივლენდა?

roly_porter_1354622831_crop_550x349
ფოტო: The Quietus

როლი პორტერი

დუეტ Vex`d-ის ყოფილმა წევრმა, როლი პორტერმა, მთავარი როლი შეასრულა დაბსტეპის განვითარებაში. მიუხედავად ამისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ის სულ უფრო და უფრო დაშორდა იმ ჟანრს, რითაც სახელი გაითქვა და ინსტრუმენტულ კომპოზიციებსა და ელექტრონულ ექსპერიმენტებზე გადაინაცვლა. ხმის ჩამწერმა სტუდია Tri Angle Records-მა, იანვარში გამოუშვა მისი ალბომი Third Law. ამ სტუდიასთან ბოლო დროის წამყვანი მუსიკოსები მუშაობენ.

პორტერისთვის, რომელიც ახლახან გადავიდა ლონდონიდან ბრისტოლში, ფსიქოგეოგრაფია ყოველთვის რჩება მისი შემოქმედების მამოძრავებელ ძალად. „ქალაქი ხელოვნური გარემოა და, მიუხედავად იქ გატარებული მრავალი წლისა, არაცნობიერად მაინც მძაფრად განვიცდი ამ ხელოვნურობას, – ამბობს ის, – შემოქმედებითი იმპულსების უმეტესობა გარემოზე რეაქციითაა გამოწვეული, ხოლო რაც უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს, მით უფრო ნაკლებად აუჯანყდები რეალობას. თუ რამის წინააღმდეგ არ იბრძვი, მოდუნდები და უკან დაიხევ, კომფორტისკენ.“

1169619.jpg
ფოტო: dazeddigital

DEERHUNTER

ქალაქ ატლანტაში, სადაც თავს იწონებს უშნო ბრუტალისტური ბიბლიოთეკა, შეიქმნა ჯგუფი Deerhunter და ამიტომ ცოტა არ იყოს გასაკვირია, რომ მის წევრს, ბრედფორდ კოქსს, დიდად არ ადარდებს ბეტონის შენობები. „გულგრილობა ახლა თითქოს მოდაშია. ირგვლივ გათიშულობა, სისასტიკე, ირონიაა. – გვიყვება ის. – ჩემს წარმოსახვაში ჯოჯოხეთი ძალიან ჰგავს უზარმაზარ, ბრუტალისტურ სახაზინო შენობას ან საავადმყოფოს, რომელიც, გარდა იმისა, რომ ოფიციალურია, ამავე დროს უსიცოცხლოცაა“.

მას შემდეგ, რაც 19 წლისა შემთხვევით წააწყდა „სისასტიკის გამოფენის“ ასლს, შეიძლება ითქვას, რომ კოქსს ბალარდის ლიტერატურის მიმართ ინტერესი არ განელებია. გასულ წელს მან გამოაქვეყნა ინტერაქტიული რუკა, სადაც მითითებულია ყველა, ვინც კი ჯგუფის ბოლო ალბომ Fading Frontiers-ზე მოახდინა გავლენა. აქ, ალ გრინისა და ანრი მატისის სახელების გვერდით ვხედავთ ბალარდსაც. „არ შემიძლია, ჩვენს სიმღერას, Leather and Wood-ს ისე მოვუსმინო, რომ ბალარდი და მარვინ გეი არ გამახსენდეს. – აცხადებს კოქსი. – სიმღერა დისტოპიური და შიშის მომგვრელია, თუმცა ჩემთვის საინტერესო ისაა, თუ რა იმალება მის მიღმა. ვეცადეთ, რომ ელექტრონული დისონანსით, რომელიც თითქოს ჩვენ არ გვემორჩილება, გარკვეული პანიკა გამოგვეწვია. სიმღერის მთავარი იდეა ისაა, თუ როგორ ცვლის ყალბი არომატი ნამდვილს – როგორც ხედავთ, ასახსნელადაც კი რთულია“.

1169621.jpg
ფოტო: dazeddigital

LANGHAM RESEARCH CENTRE

Langham Research Centre გამოირჩევა ნამდვილი კლასიკური ელექტრონული მუსიკის პერფორმანსით. 2014 წელს ქალაქ ოსლოში ჩატარდა ფესტივალი Only Connect, რომელიც ბალარდის ცხოვრებას და მოღვაწეობას მიეძღვნა. ფესტივალზე წარდგა Langham Research Centre-იც. ერთ-ერთი პერფორმანსისათვის მათ მოუხდათ, ჩაღრმავებოდნენ ბალარდის 1992 წლის ინტერვიუს, რომელიც მან რადიოგადაცემა Desert Island Discs-ს მისცა. საკვირველია, მაგრამ ბალარდი არ იყო თანამედროვე მუსიკის თაყვანისმცემელი და ყოველთვის ნოელ ქაუარდს, რიტა ჰეიუორთს, ასტრუდ ჟილბერტუს და, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ჰენრი ჰოლის The Teddy Bears Picnic-ს ამჯობინებდა.
სანამ ამ კონტექსტში არ გავიგეთ, ეს ამბავი ასე ავბედითად არ ჟღერდა“, – იხსენებს LRC-ის წევრი იან ჩემბერსი.
მისი თანაგუნდელის, რობერტ ვორბის აზრით, ამდენი „ცათამბჯენური“ ახალი და წარმატებული მუსიკალური ჟანრის წარმოქმნის მიზეზი ადამიანის ბუნებას უკავშირდება. „ჩვენ მაიმუნები, უფრო ზუსტად კი, პრიმატები ვართ, – განმარტავს იგი, – დროდადრო გუნდებად და ჯოგებად ვგროვდებით, მაგრამ, მეტწილად მაინც ცარიელ სივრცეში მოგვწონს განმარტოება, იმისათვის, რომ ჩვენს ნებაზე ვიქნიოთ ხელ-ფეხი. როცა თავისუფალ გარემოს გვიზღუდავენ, ეს ჩვენს ფსიქოლოგიას დარტყმას აყენებს, რაც, თავის მხრივ, კრეატიულ აზროვნებაზე ახდენს გავლენას“.