სერიალების მოყვარული თუ ხართ, მაგრამ თვლით, რომ მეინსტრიმული შოუები ამოწურეთ და რამე სიახლეს ეძებთ, დიდი ალბათობით ამ სიაში თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას იპოვით. ლიტაგორას კინო მიმომხილველმა, ნოდარ შერგელაშვილმა დავიწყებული და ნაკლებად პოპულარული სერიალების იმდენად დიდი სია შეადგინა, რომ დარწმუნებულები ვართ, აქ მოყვანილი ფილმები დიდი ხნის განმავლობაში გეყოფათ.

Ruth Wilson as Alison and Dominic West as Noah in The Affair (season 1, episode 5). - Photo: Mark Schafer/SHOWTIME - Photo ID: TheAffair_105_3684

In treatment – თერაპია

შემქმნელები: როდრიგო გარსია; ჰაგაი ლევი

ჟანრი: დრამა

სეზონების რაოდენობა: 3; 2008-2011

ეპიზოდების რაოდენობა: 109

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 25-30 წუთი

როლებში: გაბრიელ ბირნი, დაიენ უესტი, მიშელ ფორბსი, მია ვასიკოვსკა, ჯოშ ჩარლზი, ემბეთ დევიდცი, ჰოუფ დევისი, დეინ დეჰაანი

 

სიის პირველი სერიალი HBO-ს ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც ფსიქოთერაპევტის როლს გაბრიელ ბირნი ბრწყინვალედ ასრულებს. „თერაპია“, ჰაგაი ლევის მიერ შექმნილი პოპულარული ებრაული BeTipul-ის ტყუპისცალია. ამ ორ შოუს შორის არსებული მსგავსების გამო ამ უკანასკნელის სცენარისტები ამერიკული ვერსიის შემქმნენელების სიაშიც არიან მითითებულნი.

„თერაპიას“ Emmy-ს. ოქროს გლობუსის და მწერალთა გილდიის ჯილოდები აქვს მოგებული. კრიტიკული აღიარების მიუხედავად, სერიალის შესახებ ა.შ.შ-ში ძალიან ცოტას სმენია და კიდევ უფრო ნაკლებს საქართველოში. შოუს ფორმატი ძალიან მარტივი და მინიმალისტურია, ფსიქოლოგი საკუთარ სამუშაო ოთახში სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამიანებს ღებულობს და საკუთარი პირადი ცხოვრების მოწესრიგების მცდელობის პარალელურად ცდილობს მათ დაეხმაროს იმ ემოციური პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც ყველას სხვადასხვა მიზეზის გამო აწუხებს. აქ თქვენ შეხვდებით ნარცის სამხედრო პილოტს, საკუთარ ფსიქოლგზე შეყვარებულ ახალგაზრდა მიმზდიველ ქალს, მეამბოხე თინეიჯერ გოგონას და პრობლემებში ჩაძირულ დაქორწინებულ წყვილს. მათთან ურთიერთობის შემდეგ კი პაციენტის სავარძელში უკვე თავად სერიალის მთავარ გმირს იხილავთ. აქ საკმაო დოზითაა ხარისხიანი საპნის ოპერისთვის დამახასიათებელი ინტრიგა და საიდუმლოებები, რაც მის ოდნავ მონოტონურ სტილს სიცოცხლეს სძენს და მაყურებლისთვის უფრო ყურებადს ხდის. თუ ოდნავ მაინც გაინტერესებთ ფსიქოთერაპია ან გიზიდავთ სერიალები სადაც აქცენტი ვიზუალური მხარის მაგივრად უფრო შინაარსზე კეთდება, მაშინ ამ სერიალის 109 ეპიზოდის ყურებისას ბევრ საინტერესოს გაიგებთ და რაც მთავარია არავითარ შემთხვევაში არ მოიწყენთ.

 

The Affair – საყვარლები

შემქმნელები: სარა ტრიმი, ჰაგაი ლევი

ჟანრი: დრამა

სეზონების რაოდენობა: 2; 2012-

ეპიზოდების რაოდენობა: 22

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 55-60 წუთი

როლებში: დომინიკ უესტი, რუთ უილსონი, ჯოშუა ჯექსონი, მორა ტირნი

 

ჰაგაი ლევის კიდევ ერთი შესანიშნავი ქმნილება (ავტორის პერსონალური ფავორიტი ამ სიაში) ორი დაქორწინებული ადამიანის ვნებიან რომანზე მოგვითხრობს, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა რასაც სერიალში ნახავთ. სერიალმა, 2015 წელს, სრულიად დამსახურებულად აჯობა ოქროს გლობუსის დაჯილდოვების ცერემონიაზე საუკეთესო დრამების კატეგორიაში ისეთ კონკურენტებს როგორებიც Game of Thrones, Downton abbey და House of cards-ია. იმავე წელს, ქალის მთავარი როლების შესრულების კატეგორიაში რუთ უილსონმა,  რობინ რაითი (House of cards) და კლერ დეინსი (Homeland) დაამარცხა. 2016 წელს კი, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად უკვე მორა ტირნი აღიარეს.

სერიალის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მსახიობების არაჩვეულებრივი თამაშია, თუმცა, თვითონ სერიალის ხარისხი პირველ რიგში ძალიან ძლიერი და კარგი სცენარითაა განპირობებული, რომლის მიხედვითაც ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება ორი სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან დავინახოთ. ასეთი სტილით თხრობა საკმაოდ რთულად განსახორციელებელია, რეჟისორები კი ამ რთულ ამოცანას იმდენად დამაჯრებლად და ძალდაუტანებლად ართმევენ თავს, რომ მაყურებელს უკვე თავად უწევს იმის განსჯა თუ რომელი პერსონაჟის ხედვაა სიმართლესთან უფრო ახლოს. შოუ იდეალურად აჩვენებს იმას თუ რამდენად სუბიექტურები შეიძლება ვიყოთ ადამიანები როდესაც საქმე სიყვარულს, სექსს, ღალატს, ვნებას და უბრალოდ ელემენტარულ სიმართლეს ეხება. მამაკაცთა როლებს ასევე არაჩვეულებრივად ასრულებენ დომინიკ უესტი და ჯოშუა ჯექსონი. პირველი მათგანი ამბიციური, საკუთარ თავზე შეყვარებული, ოჯახურ რუტინაში ჩაძირული და მწერლობის მსურველ მასწავლებლის როლს ასრულებს. მეორე კი, ძლიერ, მაგრამ ჩუმ, საკუთარ რანჩოზე და ცოლზე შეყვარებულ სევდიან კოვბოის იმდენად კარგად ასახიერებს, რომ მდედრობითი სქესის მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

რა თქმა უნდა დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ამ სერიალის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, საბედნიეროდ ის დროსთან ერთად სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა ის იმდენად მაღალ დონეზე შესრულებული ნამუშევარია, რომ მისი არ ხსენება უფრო დიდი დანაშაული იქნებოდა ვიდრე ამ სიაში ჩართვა.

ისე კი თუ ამ სერიალის ნახვას მხოლოდ მისი „ინტრო“ არ მოგანდომებთ შეიძლება ეს სერიალი თქვენთვის სულაც არ იყოს.

 

Our friends in the north – ჩვენი მეგობრები ჩრდილოეთში

შემქმნელები: პიტერ ფლანნერი

ჟანრი: დრამა

სეზონების რაოდენობა: 1; 1996

ეპიზოდების რაოდენობა: 9

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 70 წუთი

როლებში: მარკ სტრონგი, დენიელ კრეიგი, მალკოლმ მაკდაუელი, კრისტიან ეკლესტონი, ჯინა მაკქი

 

BBC-ის ეს დრამა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ბრიტანულ სატელევიზიო პროგრამადაა აღიარებული. სიუჟეტური ხაზი ოთხი ახლო მეგობრის ცხოვრების 31 წელიწადზე მოგვითხორბს და 1964 წლიდან 1995 წლამდე პერიოდს მოიცავს. პერსონაჟების ჩახლართული პირადი ცხოვრების პარალელურად ბრიტანეთის ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს გვაჩვენებს როგორიც, მარგარეტ ტეტჩერის არჩევნებში გამარჯვება, 1984 წლის მაღაროელების გაფიცვა და 1987 წლის დიდი შტორმია.

სერიალმა სერიოზული ბიძგი მისცა მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობების კარიერულ წინსვლას. სწორედ ეს სერიალი შეგვიძლია ჩავთვალოთ დენიელ კრეიგის პირველ მნიშვნელოვან ნამუშევრად, რომელმაც მის საკმაოდ შთამბეჭდავ კარიერას ჩაუყარა საფუძველი. შოუს უამრავი ბრიტანული ჯილდო აქვს მოგებული და კრიტიკოსების ქებაც არაერთხელ დაუმსახურებია. შეიძლება ითქვას, რომ შოუს შემქმნელებმა სოციალური და ცხოვრებისეული რეალობის ერთმანეთთან შეზავება კარგად მოახერხეს. მოკლედ, თუ გინდათ დააკვირდეთ თუ როგორ იცვლებოდა ბრიტანეთი და ბრიტანელი ახალგაზრდობა 20 საუკუნის მეორე ნახევარში მაშინ ეს სერიალი აუცილებლად უნდა ნახოთ.

 

Rick and Morty – რიკი და მორტი

შემქმნელები: ჯასტინ როილანდი, დენ ჰარმონი

ჟანრი: შავი კომედია, სამეცნიერო ფანტასტიკა, სათავგადასავლო, ანიმაციური

სეზონების რაოდენობა: 2; 2013-

ეპიზოდების რაოდენობა: 21

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 22 წუთი

როლებში: კრის პარნელი, ჯასტინ როილანდი, სპენსერ გრამერი

 

დიახ, ვიცით, რომ რიკი და მორტი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა და ერთგვარ საკულტო სერიალადაც ჩამოყალიბდა. თუმცა, ეს ანიმაციური შოუ ერთდროულად იმდენად გიჟური, სასაცილო, ჭკვიანური და ინოვაციურია, რომ ჩემი აზრით თითოეული მაყურებლის საკრალური მისიაა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სახით მზად იყოს ყველას აცნობოს თუ რამდენად გენიალურია ჯასტინ როილანდის და დენ ჰარმონის ეს არაჩვეულებრივი ქმნილება. შესაბამისად, თუ ამ სიასთან გაცნობის შემდეგ თუნდაც ერთი ადამიანი მაინც გადაწყვეტს სერიალის ყურებას, ჩვენი მოკრძალებული წვლილი უკვე შეტანილი გვექნება ამ არაპოლიტკორექტული და უზომოდ შეშლილი შოუს სავალდებულო პოპულარიზაციაში.

თავად სერიალს რაც შეეხება, ცნობილია, რომ სერიალის მთავარი გმირები რიკი და მორტი “უკან მომავალში”-ის დოკ ბრაუნის და მარტი მაკფლაის ინსპირაციით არიან შექმნილნი. რიკი, მორტის გენიოსი ალკოჰოლიკი ბაბუაა, რომელიც ოჯახს დიდი ხნის არ ყოფნის შემდეგ დაუბრუნდა და ერთი სული აქვს როდის გაახვევს საშუალო ინტელექტის მქონე, კეთილი სულის პატრონ შვილიშვილს რამე ფანტასმაგორიულ ხათაბალაში. თითქმის შეუძლებელია მოკლედ ავხსნათ რაზეა ეს სერიალი. ალბათ ყველაზე ამომწურავი პასუხი იქნებოდა: ყველაფერზე და არაფერზე. ორი წლის განმავლობაში შექმნილ 21 სერიაში უჩვეულოდ ბევრ უცნაურ, საინტერესო და მრავალფეროვან გმირს შეხვდებით. აქ ნახავთ ყველა ჯიშის და ჯურის პერსონაჟს, მაღაზიის გამყიდველი სატანიდან დაწყებული, მოაზროვნე გიგანტური ობობებით და პარაზიტი უცხოპლანეტელებით დამთავრებული.

გაითვალისწინეთ მხოლოდ ერთი რამ, მიუხედავად იმისა რომ შოუ ანიმაციურია ის არავითარ შემთხვევაში და არაფრის დიდებით არაა ბავშვებისთვის განკუთვნილი. შოუში მოურიდებლად ხუმრობენ ყველაზე და ყველაფერზე, რელიგიაზე, რასაზე, სექსზე, მკვდარ ბავშვებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე და გენოციდზეც კი. შოუ სავსეა ბინძური და აბსურდული იუმორისტული მომენტებით რომლებსაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რაღაც დოზით ფილოსოფიური დატვირთვაც აქვთ.

 

Louie – ლუი

შემქმნელები: ლუი სი-ქეი

ჟანრი: კომედია, სატირა, სიურრეალისტური კომედია

სეზონების რაოდენობა: 5; 2010-

ეპიზოდების რაოდენობა: 61

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 20-30 წუთი

როლებში: ლუი სი-ქეი, მეთიუ ბროდერიკი, რიკი ჯერვაისი, მიურეი აბრაჰამი, ჯეი ლენო, მელისა ლეო, დევიდ ლინჩი, პოლ რადი, სიუზან სარანდონი, რობინ უილიამსი, მაიკლ რაპაპორტი

 

ლუიც იმ სერიალების სიას ეკუთვნის რომლის შესახებაც ბევრად უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს ვიდრე ამჟამად იცის. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომიკოსი, ლუი სი-ქეი საკუთარი თავის გამოგონილი/ფიქციური ვერსიის როლს ასრულებს.

მისი კომედიური გამოსვლებისგან განსხვავებით, სერიალი საკმაოდ სევდიანი და მელანქოლიურია. სერიალი ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი და გულწრფელი შოუა მარტოხელა, განქორწინებული მამაკაცის მოსაწყენ ცხოვრებაზე. ამ ცხოვრების სიურრეალისტური ელემენტების იდეალური და უპრეტენზიო ადამიანური აღწერით . ლუის ძალიან კარგად გამოსდის ყველაზე  რუტინული პროცესების საინტერესო კუთხით წარმოჩენა. შოუში ნახავთ არარეალური სასაცილო სიტუაციებს, რომლებიც გადაღების მინიმალისტური სტილის გამო სავსებით რეალურად მოგეჩვენებათ და გაფიქრებინებთ, რომ ასეთი რამ ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს, მომენტებში კი რეალისტურ უხერხულ და არაკომფორტულ სიტუაციებს წააწყდებით, რომლის ყურების დროსაც სურვილი გექნებათ ტელევიზორში შეძვრეთ და ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოთ. ამ ეგზისტენციალურ და ყოველდღიურ საკითხებზე ფოკუსირებული სერიალის საბოლოო მიზანი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე უბედურ მომენტებშიც კი ბედნიერების და სიხარულის ძებნაა.

ამჟამად ლუის შესვენება აქვს აღებული, თუმცა, მეექვსე სეზონის გადაღება უკვე დაგეგმილია და იმედი ვიქონიოთ რომ ეს ძალიან, ძალიან მალე მოხდება.

 

Man seeking woman – მამაკაცი ქალის ძებნაში

შემქმნელები: საიმონ რიჩი

ჟანრი: რომანტიული კომედია, აბსურდული კომედია

სეზონების რაოდენობა: 2

ეპიზოდების რაოდენობა: 16; 2015-

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 22 წუთი

როლებში: ჯეი ბარუჩელი, ერიკ ანდრე

 

სერიალი, მისივე შემქმნელის მოკლე მოთხრობების კრებულის (უკანასკნელი გერლფრენდი დედამიწაზე – The last girlfriend on earth) მიხედვითაა გადაღებული. სერიების უმეტესობა პირადი და პროფესიული ცხოვრების სირთულეებს ეხება, ოღონდ ერთი დამატებითი ელემენტით… ყველა ეს სირთულე აბსურდულ დონეზეა აყვანილი. თქვენ მოხვდით სამყაროში სადაც მეგობრების ქორწილები ჯოჯოხეთში იმართება, თქვენ სამხედრო საბჭოებს მართავთ იმის გადასწყვეტად თუ რა მისწეროთ გოგოს, რომელიც ძალიან მოგეწონათ, პაემნები გაქვთ მახინჯ ტროლებთან, თქვენი და ცოლიან სანტა-კლაუსს ხვდება და ოჯახს უნგრევს, თქვენი ყოფილი მეგობარი გოგოს ახალი ბოიფრენდი კი ადოლფ ჰიტლერი ან სულაც თავად იესო ქრისტეა, თქვენი ახალი გოგო კი ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული მანქანაა, შეგიძლიათ დროში მოგზაურობა რათა გამოასწოროთ ყველა დაშვებული შეცდომა და რაც მთავარია გვერდით გყავთ გამოთაყვანებული, მაგრამ მაინც თქვენთვის საყვარელი საუკეთესო მეგობარი, რომელიც არასდროს დაგზარდებათ მოგცეთ სამყაროს არსებობის ისტორიაში ყველაზე იდიოტური რჩევა.

P.S. … და კვლავ. არ დაგავიწყდეთ! არც ამ სერიალის ყურებაა ბავშვებისთვის მიზანშეწონილი.

 

OZ – ოზი

შემქმნელები: ტომ ფონტანა, ბარი ლევინსონი

ჟანრი: კრიმინალური დრამა, შავი კომედია

სეზონების რაოდენობა: 6; 1997-2003

ეპიზოდების რაოდენობა: 56

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 55

როლებში: ჯეი ქეი სიმონსი, ერნი ჰადსონი, რიტა მორენო, კრისტოფერ მელონი, ეამონ უოქერი, დინ ვინტერსი, ედი ფალკო

 

Oz-მა ძნელად შესაყვარებელი და მძიმედ საყურებელი, მაგრამ კარგად გადაღებული და საინტერესო სერიალებს შორის კუთვნილი ადგილი გამოსვლის პერიოდშივე დაიმკვიდრა, ხოლო დასრულების შემდეგ, მისი კლასიკურ ნამუშევრებს შორის შეყვანაც არ უნდა იყოს გადამეტებული.

ოზი, ალბათ, ამ სიის ყველაზე ბნელი, შეულამაზებელი და ძალადობით გაჟღენთილი ბინძური სერიალია. HBO-ს ერთ-ერთი პირველი დრამატული შოუ, ფიქციური ციხის და მისი პატიმრების შესახებ მოგვითხრობს. სერიალის სახელი “ოზის ჯადოქარი”-იდან მოდის, თავად ციხის იმ ნაწილსაც, რომელიც მოქმედების მთავარი არეალია, “ზურმუხტის ქალაქი” ჰქვია, ხოლო მთლიანად სერიალის ერთგვარი სლოგანი, ოზის ჯადოქარის ცნობილი ფრაზის (არცერთი ადგილი არაა ისეთი როგორიც სახლი – there’s no place like home) დეპრესიული (ეს ადგილი სახლს არ ჰგავს – it’s no place like home) ვარიაციაა.

ციხეში შეხვდებით არიელთა საძმოს, იტალიელ მაფიოზებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს, შავკანიანების, ირლანდიელების, ბაიკერების და ჰომოსექსუალების ბანდებს. ყველა მათგანი ცდილობს გადარჩეს ამ მტრულ გარემოში, სადაც ადამიანური თვისებების გამოვლენა სისუსტედ ფასდება და ფიზიკური განადგურების ტოლფასია. იმ ძალადობის და სექსის გრაფიკული სცენების გამო, რომლებიც სერიალში საკმაო დიდი დოზითაა OZ-ის ყურება არამც და არამც არ შეიძლება სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისათვის , თუმცა, მისი მძიმე ხასიათის მიუხედავად კრიმინალური დრამების მოყვარულებმა ეს კლასიკური სერიალი, ალბათ, მაინც არ უნდა გამოტოვონ.

 

Berserk – ბერსერკი

შემქმნელები: ნაოჰიტო ნაკატანი, ტოშიაკი ოკუნო, კენტარო მიურა

ჟანრი: ფენტეზი, ტრაგედია

სეზონების რაოდენობა: 1; 1997-1998

ეპიზოდების რაოდენობა: 25

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 20-25 წუთი

 

მანგას მიხედვით შექმნილი ეს ანიმე მორიგია არასაბავაშვო ანიმაციათა სიაში. ძალადობა და სექსი აქაც არცთუ ისე პატარა დოზით გვხვდება. ისევე როგორ ზებუნებრივი ელემენტები, კანიბალიზმი, დემონები და სიგიჟე. ანიმე დაქირავებული მეომრის გატსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ერთ-ერთი რაზმის წევრი ხდება ამ რაზმის მეთაურთან ბრძოლაში დამარცხების გამო რაც მის შემდგომ ცხოვრებას კარდინალურად ცვლის.

სერიალს თავისი დროისთვის მართლაც, რომ არაჩვეულებრივი საუნდტრეკი აქვს, საჭირო მომენტებში მელანქოლიური და საჭირო მომენტებში აგრესიული. ზოგიერთი სხვა “over the top”, სენტიმენტალური იაპონური ანიმესგან განსხვავებით, სერიალის თემები ბევრად უფრო ღრმაა და ნაკლები ყალბი დრამატიზმითაა გაჟღენთილი. რა თქმა უნდა, ბედისწერის, სიყვარულის, მეგობრობის, არჩევნის თავისუფლების და ამბიციურობის თემა საკმაოდ ძველია, თუმცა ბერსერკი მაინც ახერხებს ამ ერთი შეხედვით გაცვეთილი თემების საინტერესოდ წარმოჩენას. თავად მანგა არცთუ ურიგო, ერთგვარი ‘ლიტერატურული’ ნამუშევარია, რომელიც არა ნაკლებ კარგადაა გადატანილი ეკრანზე.

P.S. აღსანიშნავია, რომ ამ სერიალის გარდა 2012 წლიდან 2013 წლის თებერვლის პერიოდში, ბერსერკის ახალი სრულმეტრაჟიანი ტრილოგია გამოვიდა (ანიმატრიცის შემქნმელების მიერ გადაღებული), რომელიც ორიგინალ ანიმეში აღწერილ პერიოდს და მოვლენებს ასახავს.

 

The writers’ room – მწერლების ოთახი

 

შემქმნელები: ტომ ფორმანი, ბრედ ბიშოფი

ჟანრი: თოქ შოუ

სეზონების რაოდენობა: 2; 2013-

ეპიზოდების რაოდენობა: 12

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 22 წუთი

როლებში: ჯიმ რაში

 

დროა კარგი სერიალების კულისებს მიღმა გადავინაცვლოთ და შევხედოთ თუ როგორ მუშაობენ ყველასთვის საყვარელ სერიალებზე მწერლები და სცენარისტები. ამ თოქ-შოუში ჯიმ რაში (The Descendants-ის ადაპტირებული სცენარის ავტორი) სხვადასხვა სერიალების ავტორებს, მათ შემოქმედებით პროცესზე და მწერალთა ოთახში შექმნილ აურაზე სასაუბროდ, ხვდება. თუ ოდნავ მაინც გაინტერესებთ ვინ დგას Breaking bad-ის, Dexter-ის, Game of thrones-ის, American horror story-ს, House of cards-ის და The walking dead-ის უკან მაშინ ნამდვილად ღირს ყურადღება მიაქციოთ ამ საინტერესო და საკმაოდ ხანმოკლე ეპიზოდების მქონე შოუს.

 

The west wing – დასავლეთის ფრთა

 

შემქმნელები: აარონ სორკინი

ჟანრი: პოლიტიკური დრამა

სეზონების რაოდენობა: 7; 1999-2006

ეპიზოდების რაოდენობა: 156

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 40 წუთი

როლებში: რობ ლოუ, მარტინ შინი, მერი მაკკორმაკი, რიჩარდ შიფი, მოირა კელი, მერი ლუიზ პარკერი, ჯოშ ლიმანი

 

ამერიკულ House of cards-მდე დასავლეთის ფრთა არსებობდა, რომელიც პოლიტიკური მეცნიერების პროფესორებს და თვით თეთრი სახლის თანამშრომლებსაც კი მოსწონთ. სერიების უმრავლესობა ა.შ.შ-ის პრეზიდენტზეა ფოკუსირებული, რომლის როლსაც მარტინ შინი ასრულებს.

შოუს სცენარი ძალიან კარგადაა დაწერილი და მსახიობების მაღალ საშემსრულებლო ოსტატობასთან ერთად, სერიალის მთავარ ღირსებას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მსგავს შოუებზე საუბრისას ყოველთვის ჩნდება კითხვა თუ რამდენად რეალურია ის სამუშაო გარემო რომელსაც გვაჩვენებენ. თავად სცენარზე ბევრ ისეთ ადამიანს უმუშავია , რომელიც მანამდე სენატში ან თავად თეთრ სახლში იყო დასაქმებული, შესაბამისად, რეალიზმის დონე აქ საკმაოდ მაღალია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ The west wing შოუა და არა დოკუმენტური სერიალი. როგორც უკვე ვთქვი, მიუხედავად იმ ერთგვარი იდეალისტური და ზედმეტად მორალური ხასიათისა რასაც პერსონაჟები ამჟღავნებენ, სერიალის რეალიზმის დონე შეძლებისდაგვარად მაღალია. მოკლედ, თუ გინდათ იმაზე მეტი იცოდეთ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე ვიდრე ახლა იცით და გაინტერესებთ ისეთი საკითხები როგორებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრძოლა კონგრესში კანონების მისაღებად, საარჩევნო კამპანიის წარმოება, ტერორიზმთან ბრძოლა და მაღალი თანამდებობის პირების ჩვეულებრივი ადამიანური, პიროვნული პრობლემები, მაშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შოუ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ.

The honourable woman – პატივსაცემი ქალი

შემქმნელები: ჰიუგო ბლიკი

ჟანრი: პოლიტიკური თრილერი

სეზონების რაოდენობა: 1; 2014

ეპიზოდების რაოდენობა: 8

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 60 წუთი

როლებში: მეგი გილენჰოლი, სტივენ რი, ლუბნა აზაბალი, ჯანეტ მაკტირი, ტობიას მენზისი

 

სერიალში ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ფონზე ჩახლართული “ჯაშუშური” მოვლენები ვითარდება. მთავარ როლში მეგი გილენჰოლია, რომელმაც ამ როლისთვის ოქროს გლობუსის ნომინაციაში გაიმარჯვა. მისი პერსონაჟი ისრეალსა და პალესტინას შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში წვლილის შეტანას კონფლიქტის ზონაში საგანმანათლებლო ინსტიტუტის შექმნით ცდილობს. ამ დიდი თემის პარალელურად ის კომპლექსური და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, რვა სერიაში ჩატეული ემოციური ისტორიაა ერთგულებაზე, პატიების უნარსა და შურისძიების წყურვილზე. ბლიკი ერთდროულად სცენარის ავტორი და სერიალის რეჟისორია. The honourable woman ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური სერიალია სწორედ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი შემქმნელს არ ეშინია ამბიციურად მიუდგეს  ახლო აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი კონფლქტის მიზეზების კვლევის თემას.

ბლიკი ოსტატურად ახერხებს სერიალის  საიდუმლოებების ჩვენგან დამალვას ისე, რომ არცერთი წამით არ მოვიწყინოთ. შოუს თითოეული პერსონაჟი, მათ შორის მეორეხარისხოვანი გმირებიც კი, თითქმის იდეალურად არიან გაწერილები სცენარში და უფრო იდეალურად არიან განსახიერებულნი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ უდავოდ ნიჭიერი მსახიობების მიერ. სანამ ამ სერიალის ყურებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ: ცდუნება ყველაფერი გვერდზე გადადოთ და რვავე სერიას ერთდროულად უყუროთ ძალიან, ძალიან დიდი იქნება.

 

 

Curb your enthusiasm – შეზღუდეთ თქვენი ენთუზიაზმი

შემქმნელები: ლარი დევიდი

ჟანრი: კომედია

სეზონების რაოდენობა: 8; 2000-2011

ეპიზოდების რაოდენობა: 80

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 25-30 წუთი

როლებში: ლარი დევიდი, ჯეფ გარლინი, სუზიე ესსმანი

 

სიტკომების ისტორიაში კლასიკად აღიარებული სეინფილდის შემქნმელმა ლარი დევიდმა დაახლოებით ლუის სტილის სერიალი გადაიღო, თუმცა ნაკლები სევდით და უფრო მეტი იმპროვიზაციული და დაკვირვების ელემენტებით. ლარი დევიდს საკმაოდ უცნაური იუმორის გრძნობა აქვს. სათაურის შერჩევისას  მან სპეციალურად შეარჩია ისეთი, რომელიც მაყურებლებს პირდაპირ და გულახდილად ეუბნება, რომ მათ ზედმეტად დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ. სერიალი სოციალურ ურთიერთობებზეა.

ამ შოუსთან ძალიან საინტერესო შემთხვევაა დაკავშირებული. 2003 წელს ლოს-ანჯელესის მაცხოვრებელ, ხუან კატალანს, მკვლელობაში სდებდნენ ბრალს და მას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. მისი ალიბი “დოჯერსის” სტადიონზე ყოფნა იყო რის დამტკიცებასაც ის ბილეთის არსებობის მიუხედავად  ვერ ახერხებდა. ზუსტად იმავე დღეს სტადიონზე სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა, კატალანის ადვოკატმა დევიდის მიერ გადაღებულ კადრებში კატალანი ქალიშვილთან ერთად აღმოაჩინა. ის ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს. როგორც ამ ინციდენტთან დაკავშირებით დევიდი ამბობს მან ცხოვრებაში ერთი კარგი რამ მაინც გააკეთა ოღონდ სრულიად შემთხვევით.

 

Rectify – შეცდომების გამოსწორება

შემქმნელები: რეი მაქკინონი

ჟანრი: დრამა

სეზონების რაოდენობა: 3; 2013-

ეპიზოდების რაოდენობა: 22

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 45-55 წუთი

როლებში: ეიდენ იანგი, ებიგეილ სპენსერი, კლეინ კროუფორდი, ლიუკ კირბი

ეს საკმაოდ უყურადღებოდ დარჩენილი სერიალი მოგვითხრობს იმის შესახებ თუ როგორ ცდილობს ადამიანი ციხიდან გამოსვლის შემდეგ იმ საზოგადოებაში ინტეგრირებას რომელიც მას შიშით და სიძულვილით ხვდება. სერიალის მთავარი გმირი თინეიჯერობისას შეყვარებულის მკვლელობის და გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. თუმცა, მას 19 წლის შემდეგ მოულოდნელად ათავისუფლებენ, სახლში დაბრუნებულს ოჯახის წევრებთან და მშობლიური ქალაქის იმ მაცხოვრებლებთან შეხვედრა უწევს, რომლებიც მას შეიძლება კვლავ დამნაშავედ თვლიან. სერიალი ნაკლებად დინამიური, ფსიქოლოგიურ ასპექტებით დაინტერესებული შოუა და მოთმინების და დაკვირვების უნარის მქონე მაყურებელზეა გათვლილი. ამასთანავე, ის უმაღლესი დონის სამსახიობო შესრულებით, თვითმყოფადი სამხრეთული პეიზაჟებით და ძალიან კარგი სცენარითაც გამოირჩევა.

The IT crowd – “აიტიშნიკები”

შემქმნელები: გრემ ლაინჰენი

ჟანრი: კომედია

სეზონების რაოდენობა:4; 2006-2013

ეპიზოდების რაოდენობა: 24+1

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა:  25 წუთი

როლებში: კრის ო’დაუდი, რიჩარდ აიოადე, კეტრინ პარკინსონი

 

ბრიტანული კომედია ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტებზეა ანუ ჩვენებურად “აიტიშნიკებზე”, რომლებიც დიდ კორპორაციაზე მუშაობენ მილიარდიანი კომპანიისთვის შეუფერებელ პატარა, მოუწესრიგებელ, მაგრამ მყუდრო სარდაფში. როგორც თავად სერიალში ამბობენ ,კომპანიის აიტი დეპარტამენტს აქტიური ფხიანი ქალი, გენიოსი და ირლანდიელი მართავენ. ძალიან სასაცილო და საკმაოდ არა-ნერდული სერიალი “გიქებზე” რომლებმაც არ იციან როგორ მოიქცნენ საზოგადოებაში და ხშირად მათთვის ძალიან გაურკვეველ სიტუაციებში ხვდებიან.

 

The Kingdom (riget) – სამეფო

შემქმნელები: ლარს ფონ ტრიერი

ჟანრი: შავი კომედია, ფანტასტიკა, ჰორორი

სეზონების რაოდენობა: 2; 1994-1997

ეპიზოდების რაოდენობა:  8

ეპიზოდის საშუალო ხანგრძლივობა: 70 წუთი

როლებში: ერნესტ-ჰუგო არეგორი, კირსტენ როლფესი, სორენ პილმარკი

 

როგორც ჩვენს ბოლო პოდკასტში ვახსენეთ, ლარს ფონ ტრიერის მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება გვაქვს, თუმცა ერთი რამ სიმართლეა ამ დანიელ რეჟისორს ძალიან კარგად გამოსდის ჟრუანტელის მომგვრელი, creepy, საშინელებათა ფილმების გადაღება. თუ ზოგს [არ] გაგიმართლათ ტრიერის ამ უჩვეულო სერიალს ბავშვობაში რუსთავი-2 წააწყდებოდით. ალბათ ვერაფერს გაიგებდით და უამრავი კითხვა გაგიჩნდებოდათ, რომლებზეც პასუხის მიღებას ჩათვლიდით, რომ სერიალის მეორედ ნახვისას, უფრო ზრდასრულ ასაკში შეძლებდით, როცა ფსიქიკაც უფრო მყარი გაქვთ და გარდაცვლილი ადამიანთა სულების არსებობისაც აღარ გჯერათ.

იმედი უნდა გაგიცრუოთ, ტრიერის ეს ნაკლებად შემჩნეული შედევრი ზრდასრულებისთვისაც ზუსტად ისევე დამაბნეველია როგორც ბავშვებისთვის. თუ გინდათ დანიელი რეჟისორის ავადმყოფური წარმოსახვით შექმნილ სამყაროში დაიკარგოთ და კითხვები უფრო მეტი გქოდნეთ ვიდრე პასუხები მაშინ სამეფოს ნახვას გირჩევთ.