635795425733528421612437262_twin peaks

ავტორი: ნოდარ შერგელაშვილი

დაბალი რეიტინგის გამო დევიდ ლინჩის საკულტო სერიალი Twin peaks (თვინ ფიქსი) 1991 წლის ზაფხულში გაქრა ეკრანებიდან. და აი, შოუს გაუქმებისა და საბჭოთა კავშირის დაშლიდან 26 წლის შემდეგ, სერიალი კვლავ განახლდება, სავარაუდოდ 2017 წელს.

ამ არაჩვეულებრივად უცნაურმა შოუმ სერიოზული მუსიკალური, კინემატოგრაფიული და იდეური გავლენა მოახდინა პოპ-კულტურის სხვადასხვა პროდუქტებზე, მათ შორის ისეთ ცნობილ ვიდეო თამაშზე, როგორიც პირველი Silent Hill-ია (Sony Playstation-ის ყველაზე ადრინდელი კონსოლისთვის) და ისეთ კრიტიკულად აღიარებულ სერიალებზე როგორებიცაა Bates Motel, Gravity Falls და True Detective.

საოცრად შთამბეჭდავია როდესაც გენიალური ალფრედ ჰიჩკოკის შედევრზე დაფუძნებული სერიალის (Bates Motel) შემქმნელი კარლტონ კიუზი დაუფარავად ამბობს, რომ მისი შთაგონების წყარო სწორედ თვინ ფიქსი იყო. ეს ფაქტი თავისთავად მიუთითებს იმაზე თუ რამდენად ღირებული ხელოვნების ნიმუშის ავტორია დევიდ ლინჩი, რაც თავის მხრივ, ერთიორად დასაფასებელია შემოქმედებით პროცესში პროდიუსერების მუდმივი ჩარევის ფონზე.

და მაინც რაზეა და რატომაა ასე მისტიურად მიმზიდველი სერიალი, რომლის ნახვაც ქართველ ტელემაყურებელს 90-იან წლებში ტელეკომპანია კავკასიაზე შეეძლო? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა, ისევე რთულია, როგორც დევიდ ლინჩის მიერ ამ და სხვა ნამუშევრებისთვის შექმნილი სიზმრისმაგვარი ლამაზი კადრებიდან ლოგიკური აზრების გამოტანა.

ლინჩის სხვა ფილმების მსგავსად მუსიკა აქაც სერიოზულ როლს თამაშობს და მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელ ჟრუანტელის მომგვრელ ატმოსფეროს ქმნის. შოუს კომპოზიტორი ანჯელო ბადალამენტია, რომელსაც რეჟისორთან სერიალამდეც და მას შემდეგაც უთანამშრომლია (ლურჯი ხავერდი, უბრალო ისტორია, მალჰოლანდ დრაივი). ზოგგან მუსიკა უბრალოდ წყნარი, მაგრამ საზარლად ავისმომასწავებელია, ზოგიერთ შემთხვევაში კი მოურიდებლად აღწევს მაყურებლის კანქვეშ და მსმენელს ძარღვებში სისხლს უყინავს.

პერსონაჟებს შორის კომედიური ინტერაქციებით, ჩახლართული რომანტიული ურთიერთობებით, აუხსნელი მკვლელობებით, ზებუნებრივი მოვლენებით, საშინელებათა ფილმებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური გაფორმებითა და კინემატოგრაფიული სტილით, თვინ ფიქსი ერთდროულად ამერიკული საპნის ოპერების პაროდიაცაა, შავი კომედიაც და ინოვაციური ელემენტების დამნერგავი დეტექტიურ-მისტიური, ჰორორის ჟანრის სერიალიც.

ტექსტის მომდევნო ნაწილები სპოლიერებითაა გაჯერებული, ამიტომ, მათ ვისაც სიამოვნების მიღება სურს და სერიალის ორი სეზონის ყოველგვარი წინასწარი შემზადების გარეშე ნახვა უნდა, კითხვის შეწყვეტას და უშუალოდ სატელევიზიო შოუების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის ყურებას ვურჩევ.

შოუ სავსეა სიურრეალისტური მოვლენებით და პერსონაჟებით. ხის მორთან მოლაპარაკე ხანში შესული ქალი, ტრანსგენდერი დევიდ დუხოვნი, გაუგებარი ქარაგმებით მოსაუბრე ჯუჯა და დევიდ ლინჩის ფედერალური გამოძიების ბიუროს ნახევრად ყრუ აგენტი. ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია იმ უცნაური ადამიანებისა, რომლებსაც თვინ ფიქსში ვხვდებით. მსახიობები, რომლებიც რეჟისორმა შეარჩია ცალკე განხილვის თემაა.

კაილ
კაილ მაკლაქლანი

1990 წლის კვალობაზეც კი, სერიალში მხოლოდ ერთი-ორი მეტ-ნაკლებად ცნობილი მსახიობია, მათ შორის ალბათ ყველაზე ცნობილი კაილ მაკლაქლანია, რომელსაც ლინჩის სხვა ფილმებშიც უთამაშია (ლურჯი ხავერდი, დიუნა). მის გარდა აღსანიშნავები არიან ლარა ფლინ ბოილი, რეი უაიზი და ფრენკ სილვა. ამ უკანასკნელის ისტორია ალბათ იდეალურად აღწერს დევიდ ლინჩის შემოქმედებითი პროცესის სპონტანურობას. ფრენკ სილვას პერსონაჟი, თვინ ფიქსის მთავარი ანტაგონისტი, სერიალის თავდაპირველ სცენარში საერთოდ არ ფიგურირებდა. სილვა გადამღები გუნდის წევრი იყო. ლინჩმა შემთხვევით მოისმინა გუნდის სხვა წევრი როგორ ეხუმრებოდა მას და სთხოვდა შემთხვევით არ ჩაკეტილიყო ოთახში, რომელშიც გადაღება უნდა დაწყებულიყო.
“არანირი ბობი არ არსებობდა.” ამბობს რეჟისორი. გადამღები ჯგუფის წევრის ზემოთხსენებულმა ხუმრობამ, ლინჩის გონებაში წარმოსახვითი მექანიზმი ჩართო და ოთახში ჩაკეტილი სილვას სურათი ამოატივტივა.

როგორც თავად იხსენებს, ის სილვას მივარდა, თუმცა ბოლომდე არ ესმოდა რისთვის ან რატომ. მას შემდეგ რაც გაარკვია, რომ სილვა მსახიობიც იყო, მასთან ერთად რამდენიმე სცენა გადაიღო ისე, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა როგორ გამოიყენებდა ამ კადრებს ან საერთოდ რა როლი უნდა ეთამაშა ახლადგამოჩეკილ მოქმედ პირს. ამ მომენტიდან რაღაც ხნის შემდეგ, იგივე ფრენკ სილვა შეცდომით სარკეში გამოჩნდა იმ კადრში, რომელშიც არ უნდა აღმოჩენილიყო. ეს ყველაფერი ლინჩმა ერთგვარ ბედისწერად აღიქვა.

სილ
ფრენკ სილვა

მარტივად რომ ვთქვათ, ბობს (BOB), სერიალის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერსონაჟს, რომელსაც ზოგჯერ ტელევიიზის ისტორიაში ბოროტების ყველაზე საშინელ, კოშმარების გამომწვევ ბოროტმოქმედად და ბოროტების იდეალურ, მინიმალისტურ განსახიერებად მიიჩნევენ, ლინჩმა სრულიად შემთხვევით ასოციაციური და აბსტრაქტული აზროვნების წყალობით მიაგნო.

BOB-ის თემის განხილვა და მისი არსებობის ანალიზის მცდელობა შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. ის სერიალის მთავარი ანტაგონისტია. მთლიანობაში სერიალის ეპიზოდების საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 26 საათია, თუმცა, ბობს მხოლოდ ექვსი-შვიდი წუთი ეთმობა. ეკრანზე ცოტა ხნით გამოჩენის მიუხედავად, ის იმდენად წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მისი სიახლოვით გამოწვეული საზარელი განცდა იმ სერიებშიც იჩენს თავს რომლებშიც ის საერთოდ არ გვხვდება.

სამწუხაროდ, ფრენკ სილვა 1995 წელს გარდაიცვალა და მას მესამე სეზონში ვეღარ ვიხილავთ. ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ მოახერხებს ლინჩი, ამ უჩვეულო გარეგნობის მქონე მსახიობის ჩანაცვლებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი და ქარიზმატული პერსონაჟი როგორიც ბობია სრულიად უკვალოდ გაქრეს. მნიშვნელობით თვინ ფიქსის სამყაროში მისი არსებობა, შეგვიძლია გოთემისთვის ჯოკერის არსებობას შევადაროთ. თუმცა, ბობის ზემოთხსენებული გავლენა, ალბათ უფრო ლინჩის რეჟისორული ოსტატობის და ძალიან კარგი მონტაჟის დამსახურება უფროა, ვიდრე ფრენკ სილვას სამსახიობო შესრულების, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი ჩანაცვლების პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის.

ასევე არაჩვეულებრივად ასრულებს თავის როლს, ავხორცი გარეგნობის მქონე, რეი უაიზიც, რომელიც სწორედ მისი სპეციფიური ჰაბიტუსის გამო არასკმარისად დაფასებულია და კარიერაში უმეტესწილად ბოროტმოქმედების როლებით კმაყოფილდება (მათ შორისაა ეშმაკიც, სერიალიდან Reaper).

რი
რეი უაიზი

სერიალის პირველი სეზონის ყველა ასპექტი თითქმის იდეალურადაა განხორციელებული. მეორე სეზონი სწორედ პროდიუსერების ჩარევის და პირველის მიერ შექმნილი გადამეტებული მოლოდინების გამო უნაკლო ნამდვილად აღარაა, თუმცა მაინც საინტერესო საყურებელია.

თვინ ფიქსი ის სერიალია, რომელიც ერთ მომენტში შეგაშინებთ, მეორე წუთს კი გულიანად გაგაცინებთ. ორი რამის რჩევა შემიძლია, პირველ რიგში, ტყუილად ნუ დაიძაბებით და ყველაფრის გაანაზილებას ნუ შეეცდებით, რადგან საკუთარი ქმნილების ყველა დეტალი უშუალოდ დევიდ ლინჩსაც კი არ ესმის. ამის დამამტკიცებელ საბუთად წითელი ოთახიც გამოდგება, რომელიც თვინ ფიქსის სავიზიტო ბარათია.

ერთ-ერთი გერმანული გამოცემისთვის დაწერილ სტატიაში თავად ლინჩი აღნიშნავს, რომ ბოლომდე არ ესმის თუ რა დატვირთვა აქვს ზემოთ აღნიშნულ წითელ ოთახს.
“ზუსტად მახსოვს როდის და როგორ მომივიდა თავში ეს იდეა, მაგრამ არ ვიცი რატომ. რომც მინდოდეს ამ ყველაფრის ახსნა, მაინც ვერ მოვახერხებდი, რადგან ინტუიცია არარაციონალურია. რეალობასა და წარმოსახვას შორის სხვაობა ჩემთვის გასაგები და ნათელი არასდროს ყოფილა”- წერდა ლინჩი.

ეს ოთახი ადვილად მოგნუსხავთ უცნაური ვიზუალური დეტალებით. ეს არის ადგილი სადაც შეიძლება თქვენს ბოროტ ორეულს შეხვდეთ, რომელშიც ჯუჯები წითელი ფარდების ფონზე და კუბოკრულ პრიალა იატაკზე ცეკვავენ, გარდაცვლილები ცოცხლდებიან, კონტექსტიდან ამოვრადნილ ოფიციანტ გოლიათებს კი ყავის მაგივრად თქვენთვის ნავთობი მოაქვთ. სერიალის განსაკუთრებული სილამაზის საფუძველი სწორედ მაყურებლის ქვეცნობიერ გრძნობებსა და აღქმის უნარზე დაყრდნობაა. აქ არ არსებობს სწორი ან მცდარი ინტერპრეტაციები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ყველაფერი ერთი შეხედვით მარტივი, აშკარა და ნათელია, თუმცა ამ დროსაც კი შეუძლებელია ბოლომდე დარწმუნებულები ვიყოთ იმაში რასაც ვხედავთ.

ჩვეულებრივი მაყურებლის დამოკიდებულებას სერიალისადმი იდეალურად აღწერს ნაწყვეტი მულტსერიალ სიმფსონებიდან, რომელშიც თვინ ფიქსის ყურებისას, მთვარის და ხეზე ჩამოკიდებული შუქნიშნის ფონზე, უცნაურად ჩაცმული, ცხენთან მოცეკვავე მამაკაცს დანახვისას ჰომერ სიმფსონი ამბობს: “ბრწყინვალეა!” შემდეგ კი ამატებს: “აბსოლუტურად არანაირი წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება.”

თვინ ფიქსი არის სერიალი ცხოვრების იმ საიდუმლოებების შესახებ რომელთა ბოლომდე ჩაწვდომა და გააზრება შეუძლებელი, ხშირად კი უბრალოდ არასაჭიროა.

ჩემი მეორე რჩევა კი ძალიან მარტივია, უყურეთ თვინ ფიქსს.

გადაწყვეტილების ადვილად მიღებაში დახმარების და ინტერესის გაღვივების მიზნით, მეორე სეზონის ერთ-ერთი სერიის დასასრულს დაგიტოვებთ.