ავტორი: მარი სანფონი

 

ჩაკ პალანიკის მოთხრობა “ზომბის” ერთ ეპიზოდში მთხრობელი შენიშნავს, რომ ინგლისური ენის გაკვეთილზე კი ვსწავლობთ “ყოფნა-არყოფნას,” თუმცაღა ამ ორს შორის დიდ ნაცრისფერ შუალედს დაუდია ბინაო და ამას იმით ხსნის, რომ შესაძლოა, შექსპირის დროს ადამიანებს მხოლოდ ეს ორი არჩევანი ჰქონდათო. სწორედ ეს ფრაზა გამახსენდა მაშინ, როდესაც “რადეცკის მარშის’’ ბოლო გვერდებს მივადექი და ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ მყოფი ნაწარმოების კითხვის დასრულებას ვაჭიანურებდი.

“რადეცკის მარში” ებრაული წარმოშობის ავსტრიელი მწერლის იოზეფ როთის 1932 წლის რომანია, რომელიც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დამხობის ფონზე ამ დიდ ნაცრისფერ შუალედში გამოვლილ ტროტას ოჯახის სამ თაობაზე მოგვითხრობს. ეს თაობები ერთმანეთს ენაცვლებიან და, როგორც ნაწარმოებში ჩანს, ისტორიული მოცემულობა მათ თავისებურ დაღს ასვამს.

წიგნის ავტორი იოზეფ როთი დასავლეთ უკრაინულ ქალაქ ბროდიში დაიბადა, სკოლის დასრულების მერე, ჯერ ვენაში, ხოლო შემდგომ ბერლინში განაგრძო მოღვაწეობა და იმ დროისთვის მნიშვნელოვან საგაზეთო გამოცემებში ჟურნალისტად მუშაობდა. მის შემოქმედებას თუ თვალს გადავავლებთ, არ მოგვეჩვენება უცნაურად, რომ, როგორც თავად ამბობდა, მის ცხოვრებაში ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება სწორედ ომს უკავშირდებოდა. “რადეცკის მარში’’ დღემდე რჩება როთის შემოქმედების მაგნუმ ოპუსად. როთი ნაფიქრი სიზუსტითა და გასაოცარი სიღრმით აღწერს გარდამავალი ეპოქის სურათსა და ერთ ოჯახს, რომლის ცხოვრებაც საბედისწეროდ დაჰკავშირებია ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ისტორიულ ბედ-იღბალს. უნდა ითქვას ისიც, რომ მსოფლიო ლიტერატურაში საოჯახო საგას ჟანრში დაწერილი უამრავი ნაწარმოების გვერდით თავისი საპატიო ადგილი ინდივიდუალური სიუჟეტური ხაზითა და მხატვრული ღირებულებით დამსახურებულად ეკუთვნის “რადეცკის მარშსაც.’’

ავტორმა ნაწარმოების სათაური იოჰან შტრაუს უფროსის მიერ შექმნილი არაჩვეულებრივი “რადეცკის მარშიდან’’ აიღო, რომელიც რომანის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტში ჟღერდება. თავად შტრაუსმა კი ეს კომპოზიცია ავსტრიელ გენერალ-ფელდმარშალს, იოზეფ რადეცკის, მიუძღვნა, რომელმაც სახელი კასტოზასა (1848) და ნოვარას (1849) ბრძოლებში გამარჯვებით გაითქვა. ნაწარმოების სათაური ერთგვარად ირონიულიც კია, რამდენადაც ის საომარი აღტკინება, რომელიც კომპოზიცია “რადეცკის მარშის’’ შექმნასა და ამ შექმნის შთაგონებას უკავშირდება, რომ არაფერი ვთქვათ მის ჟღერადობაზე, რომანის ბოლოს მინავლებული და კომიკურიც კი ხდება.

ნაწარმოები ლეიტენანტ ტროტას გმირობით სოლფერინოს ბრძოლაში (1859) იწყება, სადაც ის სიკვდილისგან იხსნის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ს, ამის დამსახურებით კი აზნაური ხდება და მარია ტერეზას ორდენით ჯილდოვდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტმა ტროტას ოჯახის შემდგომი თაობების ბედი სრულად განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ გააზნაურებული ტროტას დიდ განცვიფრებას იწვევს სასკოლო სახელმძღვანელოში სოლფერინოს გმირობის შესახებ დამახინჯებული და სახელცვლილი ლეგენდების სწავლება, იმპერატორისა და იმპერიის მიმართ ერთგულების მძაფრი განცდა მისი ოჯახის სამივე თაობისთვის შეუცვლელ ვნებად რჩება. ბატონი ფონ ტროტას ვაჟი, რომელიც ოლქის მმართველია ისევე გრძნობს პასუხისმგებლობას იმპერატორის წინაშე, როგორც მისი სახელოვანი მამა და ამავე განცდით ასულდგმულებს შვილსაც, რომელიც სამხედრო სამსახურს შედგომია. უფროსი ფონ ტროტას სახელსა და გავლენას მისი შთამომავლობის ცხოვრებაზე, იმას, რომ იგი, ერთგვარად მუდმივად განსაზღვრავს მათ ბედს, კარგად გამოხატავს მისი პორტრეტი, რომელიც ტროტას ოჯახში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

“რადეცკის მარში’’ გასაოცარი სიზუსტით გვიჩვენებს იმპერიის დაცემის თანამდევ მოვლენებს და ნათელი ხდება, რომ ეს აღსასრული აღსასრულია მისი აპოლოგეტებისთვისაც. ოლქის მმართველი ტროტა კი, რომელიც იმპერატორის სახელსაც კი ვერ წარმოთქვამს მისდამი უპირობო მორჩილებისა და მოწიწების გამო, მომსწრეა ყველა იმ ღირებულების რღვევისა, რომლისაც მთელი ცხოვრება სწამდა. მისი ვაჟი, კარლ-იოზეფ ფონ ტროტა, რომლის პიროვნულ ტრაგედიებსაც განცდების გარეშე ვერ წაიკითხავთ, სრულად იმეორებს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ბედ-იღბალს.

ეს არის წიგნი, რომლის წაკითხვაც ემოციებისა და ღრმა განცდების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. მკითხველი, რომელიც ამ ნაწარმოების გაცნობას გადაწყვეტს, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ კითხვის პროცესში ის სრულად იცხოვრებს იმ ცხოვრებით, რა ცხოვრებითაც ამ წიგნის გმირებმა იცხოვრეს. თომას მანი, რომელიც  თავის “ჯადოსნურ მთაში’’ გენიალურად აღწერდა ომის ტრაგედიას, ხოლო ერთი ოჯახის არანაკლებ ტრაგიკულ ბედს “ბუდენბროკებში,’’ ზუსტად შენიშნავდა, რომ ომი არის გამოჩენილი სიმხდალე, გაექცე მშვიდობის პერიოდში შექმნილ პრობლემებს. “რადეცკის მარშის’’ სულისკვეთება ერთგვარად თანხვდება კიდეც თომას მანის ამ მსოფლმხედველობას და თავისი გენიალური ფინალით სამუდამოდ რჩება მკითხველის მეხსიერებაში.