ინდექსი ლიტაგორას რუბრიკაა, რომელიც ყოველკვირეულად, ან შეძლებისდაგვარად ყოველკვირეულად, ამ ვებგვერდზე სხვადასხვა მედია რესურსს წარმოგიდგენთ. სიტყვა მედია აქ ყველაზე ფართო გაგებით უნდა გავიგოთ, რაც მოიცავს ყველაფერს, მუსიკიდან დაწყებული, წიგნებით გაგრძელებული და პოდკასტებით დამთავრებული.
ამ რუბრიკაში მოსახვედრად კონკრეტული რესურსი უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო ელემენტს, იყოს ქართული აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად სიახლე და ეხმაურებოდეს მნიშვნელოვან თემას.
დღეს ჯერი კინოზეა.
ელია კაზანი
ელია კაზანი ის სახელი და გვარია რომელსაც დიდი წარდგენა არ უნდა ჭირდებოდეს. ეს ვარაუდი დღეს ისევე მართებულია როგორც 1957 წელს, A Face in the Crowd (სახე ბრბოში) – ის გამოსვლისას. ამ მომენტისთვის კაზანს, რეჟისორს და სცენარისტს, ექვსი წლით ადრე უკვე გადაეღო თავისი მაგნუმ ოპუსი, A Streetcar Named Desire (“ტრამვაი სახელად სურვილი”). ამის მიუხედავად ახალ ნამუშევარს არაერთი პოზიტიური შეფასების მიღმა, გვარიანი კრიტიკაც შეხვდა, ზოგს ის ყალბად მოეჩვენა. დღეს, ფილმის გამოსვლიდან 60 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, სამყაროში სადაც მედია ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში იჭრება, “სახე ბრბოში” ერთიორად მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.
რაზეა ფილმი?
“სახე ბრბოში” მარგინალი, მოხეტიალე მუსიკოსის, ლარი როუდსის, შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ერთ დღეს პატარა დასახლებაში ადგილობრივ რადიოში დაპატიჟებენ. მას იმ დროისთვის გადაცემის წაყვანის უჩვეულო სტილი აქვს. ასეთი მანერის გამო ის ბევრს გულწრფელ წამყვანად ესახება, რაც მის პოპულარობას ხელს უწყობს. გარკვეული დროის შემდეგ მას მემფისის ტელეარხის მესვეურები შენიშნავენ. ლარი სამუშაოდ ახალ ქალაქში გადადის და აქაც წარმატებას აღწევს. რა თქმა უნდა, ის მემფისზე არ ჩერდება და მალევე ნიუ-იორკისკენ იკვლევს გზას. ის ნაციონალური მნიშვნელობის მოვლენად იქცევა, ის ვარსკვლავია, ლარი როუდსი სახელი ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობას აკერია პირზე.
ფილმის მნიშვნელობა დღეს
სიტყვა “ინფლუენსერი” დღეს სოცმედიაში გავლენიანი ადამიანის აღმნიშვნელი სიტყვაა. საინტერესოა, რომ ამ სიტყვას (ოდნავ სხვა, Influence -ის სახით) ჯერ კიდევ ელია კაზანის ფილმში ვხვდებით. მსგავსება ამ სფეროში დღევანდელ გავლენიან ადამიანებს შორის და ლარის შორის ამ სიტყვით არ იზღუდება. მეოთხე კედლის დანგრევა მედია პიროვნებას და მაყურებელს შორის, მოჩვენებითი გულწრფელობა და რაც მთავარია, ხშირად არაფრის მომცემი პროდუქტების რეკლამირება და გაყიდვა, ამ ყველაფერს კაზანი ჯერ კიდევ 1957 წელს ასახავდა. “სახე ბრბოში” არამხოლოდ მედია სამყაროს ამსახველი ფილმია, არამედ ნამუშევარი რომელიც პირველ რიგში ძალაუფლების მანკიერ მხარეებს ეხმაურება.
ეს ნამდვილად არ ვიცი, ჯერ-ჯერობით რა თქმა უნდა, მაგრამ ტრამვაი სახელად სურვილმა ნამდვილად გამაოცა.
LikeLike