ინდექსი ლიტაგორას რუბრიკაა, რომელიც ყოველკვირეულად, ან შეძლებისდაგვარად ყოველკვირეულად, ამ ვებგვერდზე სხვადასხვა მედია რესურსს წარმოგიდგენთ. სიტყვა მედია აქ ყველაზე ფართო გაგებით უნდა გავიგოთ, რაც მოიცავს ყველაფერს, მუსიკიდან დაწყებული, წიგნებით გაგრძელებული და პოდკასტებით დამთავრებული.
ამ რუბრიკაში მოსახვედრად კონკრეტული რესურსი უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო ელემენტს, იყოს ქართული აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად სიახლე და ეხმაურებოდეს მნიშვნელოვან თემას.ამჯერად წიგნს წარმოგიდგენთ.
თვალის დახამხამებაში
კინოში მონტაჟის მნიშვნელობა ალბათ ყველასათვის ცნობილია და ამიტომ, ამ პოსტში ლაპარაკიც კი ზედმეტია თუ რა როლი ენიჭება ამ კომპონენტს კინოს შექმნის პროცესში. რესურსი რომელსაც აქ წარმოგიდგენთ ნებისმიერი მემონტაჟის სამაგიდო წიგნია. მას თვალის დახამხამებაში (In the Blink of an Eye) ჰქვია, თუმცა, არ გეგონოთ, რომ ეს წიგნი მხოლოდ ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვისაა. ის ვიწრო სპეციალიზაციის ფარგლებს სცდება და ნებისმიერი ცნობისმოყვარე ადამიანისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. ამის მიზეზი მეტწილად წიგნის ავტორის, უოლტერ მერჩის, დამსახურებაა, რომელიც წიგნში ტექნიკურ საკითხებზე უფრო მეტად აზროვნების ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას.
წიგნის ავტორზე
აქ წიგნის “გასაყიდად” ალბათ იმის თქმა იქნებოდა საკმარისი, რომ უოლტერ მერჩს ისეთ ფილმებზე აქვს ნამუშევარი როგორიც “აპოკალიფსი დღეს”, “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” და “ნიჭიერი მისტერ რიპლი” – ა, თუმცა, გარდა იმისა რომ მერჩს მონტაჟის კუთხით დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს, ის პირველ რიგში, კარგი მასწავლებელია. გარდა იმისა, რომ მერჩს აქვს უნარი გასაგებად გადმოსცეს ის გამოცდილება, რომელიც მან სხვადასხვა ფილმზე მუშაობისას წლების განმავლობაში მიიღო, მას ასევე მკითხველის შთაგონება შეუძლია და ისევდაისევ არამხოლოდ მემონტაჟის პროფესიის წარმომადგენელი მკითხველის.
წიგნის აქტუალობა დღეს
მიუხედავად იმისა, რომ “თვალის დახამხამებაში” [პირველი რედაქციით] 1995 წელს დაიწერა, მაშინ როდესაც ციფრული კინოც კი პირველ ნაბიჯებს დგამდა და ფილმებს ჯერ კიდევ მეტწილად ფირზე იღებდნენ და შესაბამისად, ამონტაჟებდნენ, წიგნი დღეს ისეთივე აქტუალურია როგორც იმ დღეს როდესაც სტამბაში მისი პირველი გამოცემა დაიბეჭდა. მონტაჟი ის ხელობა თუ ხელოვნებაა, რომელიც პირდაპირ მიბმულია ტექნოლოგიურ პროგრესზე და შესაბამისად, აქ ცვლილებები მუდმივია. თუმცა, მერჩის წიგნის გვარწმუნებს, რომ ტექნიკური ცვლილებები მეორეხარისხოვანია, მთავარი ის გადაწყვეტილებებია რომელსაც მემონტაჟე ფილმზე მუშაობისას იღებს. ასეთი გადაწყვეტილებები გაცილებით დიდი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან ვიდრე კონკრეტული ტექნიკური ინსტრუმენტები.