თარგმანი: ბექა არაბული

 

 

გალაქტიკების მოშორების სიჩქარის შესახებ ედვინ რ. ჰაბლის მიერ წამოწყებული გამოთვლები საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავადგინოთ მომენტი, როდესაც სამყაროს მთელი მატერია, სივრცეში განბნევის დაიწყებამდე, ერთ წერტილში იყო კონცენტრირებული.

— რასაკვირველია, ყველანი იმ წერტილში ვიყავით, — დაადასტურა მოხუცმა ქფვფქმ, — სხვაგან სად უნდა ვყოფილიყავით? მაშინ წარმოდგენაც კი არავის შეეძლო, რომ სივრცის არსებობა შესაძლებელი იყო. ან კიდევ — დროის: რაში გვჭირდებოდა დრო, როცა ისე ვიყავით ჩაჭედილები, რომ ნემსიც კი ვერ ჩამოვარდებოდა?

რომ ვამბობ, „ისე ჩაჭედილები, რომ ნემსიც ვერ ჩამოვარდებოდა“-მეთქი ეს მხოლოდ ენის სილამაზისთვისა: სინამდვილეში ჩასაჭედიც არსად გვქონდა. ყოველი ჩვენგანის ყოველი წერტილი ერთ წერტილში იყო თანამთხვეული ყველა დანარჩენის ყოველ წერტილთან. ამის გამო მოუხერხებლობას სულაც არ განვიცდიდით — ცხადია, ფიზიკურს ვგულისხმობ და არა ზნეობრივს, რადგან მაინც გამაღიზიანებელია, რომ, მაგალითად, ისეთი არასასიამოვნო ტიპი, როგორიც ბატონი პბერტ პბერდია, გამუდმებით ფეხქვეშ გთელავს.

რამდენი ვიყავით? ამაზე მიახლოებითი წარმოდგენაც კი არასდროს მქონია. ჩვენი რაოდენობა რომ დაგვეთვალა, აუცილებელი იყო თუნდაც ოდნავ მოვშორებოდით ერთმანეთისგან, ჩვენ კი ყველანი ერთ წერტილში ვიყავით მოგროვილნი. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ამის გამო განსაკუთრებით გულზიარები გავხდით; მაგრამ ყველაფერი სწორედ რომ პირიქით იყო: როგორც ვიცი, სხვა დროს მეზობლები ერთმანეთს სტუმრობენ, ხოლო ჩვენ, სწორედ იმიტომ, რომ მეტად ახლო მეზობლები ვიყავით, ერთმენთს არც კი ვესალმებოდით.

ნაცნობების წრე ყველა ჩვენგანს ვიწრო ჰყავდა. ყველაზე კარგად მახსოვს ქალბატონი პჰ(ი)ნკო და მისი მეგობარი ბატონი ხუეაეუეხი, შემდეგ ახალმოსახლეების ოჯახი — ვინმე ზ’ზუები და უკვე ნახსენები ბატონი პბერტ პბერდი.
კიდევ დამლაგებელი ქალიც გვყავდა — „მომსახურე პერსონალი“, როგორც მას უწოდებდნენ, — ერთადერთი მთელ კოსმოსში, თუმცა, იმხნად, ჯერ კიდევ ძალიან პაწაწინაში. გულახდილად რომ ვთქვა, მთელი დღე არაფრის კეთება უწევდა — მტვრის გადაწმენდაც კი არ იყო საჭირო, რადგან წერტილოვან სივრცეში მტვრის ერთი ნამცეციც ვერ შეაღწევს; ამიტომ დამლაგებელი დროს ჭორაობით და ცხოვრებაზე წუწუნით კლავდა.

ჯერ მხოლოდ ისინი, ვინც დავასახელე, ასეთი სივიწროვისთვის ძალიან ბევრია; მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, თუ რამდენი ხარახურა გვქონდა აჩხორილი: მთელი ის მასალა, რომელიც მოგვიანებით სამყაროს ფორმირებისთვის უნდა გამოყენებულიყო, დაშლილი და თავმოყრილი ელაგა ისე, რომ ვერც კი ვარჩევდით რა წავიდოდა შემდგომ ასტრონომიის საჭიროებისთვის (ვთქვათ, ანდრომედას ნისლეულის), რა — გეოგრაფიის საჭიროებისთვის (მაგალითად, ვოგეზის), რა კიდევ — ქიმიის (ვთქვათ, სხვადასხვა იზოტოპების). გარდა ამისა, ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებოდით ზ’ზუების ოჯახის ბარგი-ბარხანას — კალათებს, საწოლარებს, მატრასებს; ერთი წამით ყურადღების მოდუნება და ეს ზ’ზუები, იმ საბაბით, რომ დიდი ოჯახი იყო, ისე იქცეოდნენ, თითქოს, მათ გარდა, მთელ მსოფლიოში არავინ არსებობდა: ჩვენს წერტილში თოკის გაბმაც კი სურდათ, რათა ზედ სარეცხი გაეშროთ.

თუმცა, არც სხვები იყვნენ მთლად მართლები ზ’ზუებთან ურთიერთობაში: ავიღოთ, მაგალითად, სახელწოდება „ახალმოსახლეები“, მიმთითებელი იმისა, რომ ვითომცდა ჩვენ იქ უფრო ადრე ვიყავით, ისინი კი მოგვიანებით გამოჩნდენ სხვა ადგილიდან. ეს რომ საერთო ცრურწმენა იყო, ლაპარაკიც არ ღირს. ჩემი აზრით, ეს აშკარაა: მაშინ არც „უფრო ადრე“ არსებობდა, არც „მოგვიანებით“, და არც სხვა ადგილი იყო, რათა იქიდან გადმოსახლებულიყავი; მაგრამ ზოგიერთი მაინც ამტკიცებდა, რომ სიტყვა „ახალმოსახლეები“ გაგებული უნდა იქნეს განყენებულად, დამოუკიდებლად სივრცისა და დროისგან.

პირდაპირ რომ ვთქვა, მაშინ ყველანი თვალსაწიერის სივიწროვეს და წვრილმანობას ვიჩენდით. ამაში დამნაშავეა ის გარემო, რომელმაც ჩამოგვაყალიბა. და დაიხსომეთ, ეს ნაკლოვანებები სამუდამოდ შემოგვრჩა და ახლაც კი იჩენენ თავს, როცა ხანდახან ერთმანეთს ვხვდებით — ავტობუსის გაჩერებაზე, კინოში, ან კბილის ექიმების საერთაშორისო სიმპოზიუმზე — და ძველი დღეების გახსენებას ვიწყებთ. ერთმანეთს ვესალმებით — ხანდახან ვიღაც მცნობს პირველი, ხანდახან მე ვცნობ ვიღაცას — და მაშინვე დანარჩენების ამბების გამოკითხვას ვიწყებთ (ერთ-ერთ ჩვენგანს მეორის მიერ ხსენებული ყველა რომც არ ახსოვდეს); და ერთბაშად აშკარავდება ძველი დავები, შეურაცხყოფები და ცილისწამებები. და ასე გრძელდება მანამდე, სანამ ქალბატონ პჰ(ი)ნკოს არ მოვიგონებთ (ყველა საუბარი კი უცვლელად ამით სრულდება): ამ დროს ყველანაირი წვრილმანი გვერდზე იდება და თითქოს ბედნიერების და დიდსულოვნების ტალღა გვიცავს. ქალბატონი პჰ(ი)ნკო — ერთადერთი, ვინც ყველას ახსოვს და ყველა გლოვობს. სად გაუჩინარდა? მე უკვე დიდი ხანია მისი ძებნა შევწყვიტე; ქალბატონი პჰ(ი)ნკო, მისი მკერდი, მისი თეძოები, მისი ნარინჯისფერი პენუარი — არა, ამას ვეღარასოდეს ვიხილავთ, ვერც ჩვენს გალაქტიკაში, და ვერც — სხვაში.

მე, სიმართლე რომ ვთქვა, განსაკუთრებით დამაჯერებლად არასოდეს მეჩვენებოდა თეორია, თითქოს სამყარო, გაუხშოებულობის ზღვარს მიღწევისას, ისევ ერთ წერტილში კონდენსირდება, რათა შემდეგ ყველაფერი ხელახლა დაიწყოს. მაგრამ მრავალი ჩვენგანი მხოლოდ ამაზე ამყარებდა იმედებს და გამუდმებით აწყობდა გეგმებს იმ დროისთვის, როცა ისევ ერთად ვიქნებოდით. გასულ თვეს, თქვენი აზრით, ქუჩის კუთხეში კაფეში ვინ ვნახე? ბატონი პბერტ პბერდი!
— აბა, რა არის ახალი? ჩვენს უბანში საიდან მოხვდით?
თურმე, პავიაში მუშაობს რაღაც პლასტმასის ფირმის წარმომადგენლად. ოდნავაც არ შეცვლილა — ისევ ის ოქროს კბილები და ჭყეტელა აჭიმი ამშვენებს.
— როცა დავბრუნდებით, — ჩამჩურჩულა მან ყურში — უნდა ვიზრუნოთ, რომ ვიღაც-ვიღაცეები ისევ იქ არ მოხვდნენ…… ხომ გესმით, ის ზ’ზუები…

მინდოდა მეპასუხა, რომ უკვე ბევრმა ჩვენიანმა მითხრა იგივე, მხოლოდ დაამატეს: „ხომ გესმით, ის ბატონი პბერტ პბერდი…“

ეს თემა რომ ამერიდბინა, საჩქაროდ ვთქვი:
— და ქალბატონი პჰ(ი)ნკო? თქვენი აზრით ვიპოვნით?

— კი… მას, რასაკვირველია… — ამოილუღლუღა აჭარხლებულმა.

ყოველი ჩვენგანისთვის იმ ერთ წერტილში დაბრუნების იმედი უწინარეს ყოვლისა ისევ ქალბატონ პჰ(ი)ნკოსთან დაბრუნების იმედს ნიშნავდა. ეს მეც მეხება, მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნების არ მჯერა. და იმ კაფეში, როგორც ყოველთვის, გულაჩუყებულებმა დავიწყეთ მისი გახსენება; ამ მოგონებების წინაშე ბატონი პბერტ პბერდის არამიმზიდველობაც კი გაქრა.

ქალბატონი პჰ(ი)ნკოს მომხიბვლელობის საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ შორის ეჭვიანობა არასოდეს აღუძრავს. და არც ჭორაობის სურვილი. ის, რომ ბატონ დე ხუაეაუხთან წვებოდა, ყველამ ვიცოდით. მაგრამ თუ ერთადერთ წერტილში საწოლია, ის მთელ წერტილს იკავებს, ამიტომ მთავარი დაწოლა კი არა, იქ ყოფნაა, რადგან იმ წერტილში მყოფი ნებისმიერი ასევე არის საწოლში. მაშასადამე, გარდაუვალია, რომ თითოეულ ჩვენთაგანთან ერთად უნდა ყოფილიყო საწოლში. საქმე რომ ვინმე სხვა ქალს შეხებოდა, წარმოდგენაც კი მიჭირს, რას ილაპარაკებდნენ მასზე ზურგსუკან. დამლაგებელი პირველი იყო მზად გაევრცელებინა ნებისმიერი ჭორი, ხოლო დანარჩენები დახანების გარეშე აყვებოდნენ მას. მრავალფეროვნებისთვის, ისევ ზ’ზუების ოჯახს დავუბრუნდები. ღმერთმა იცის, რეების სმენა გვიწევდა მათზე: ყველაზე ბინძური ცილისწამება არც მამას ინდობდა, არც დედას, არც ძმებს და არც დებს. ქალბატონი პჰ(ი)ნკოს შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო: მე თვითონ ვიყავი წერტილი და ვიმყოფებოდი მასში, ისიც იყო წერტილი და იმყოფებოდა ჩემში, ჩემი დაცვის ქვეშ, და ამისგან ორმაგ ბედნიერებას განვიცდიდი, ისევე, როგორც განიცდიდა ყველა დანარჩენი. ეს ერთდროულად იყო ბიწიერი აზრებიც (მადლობა მასში ჩვენი წერტილოვანი კონვერგენციის პრომისკუიტეტს) და უბიწოებაც (მისი წერტილოვანი შეუღწევადობის დამსახურებით). რა შეიძლებოდა მენატრა მეტი?

და თვითონაც იგივეს განიცდიდა: ყველანი მასში ვარსებობდით, და ყველაში იგი არსებობდა, ეს კი ორმაგ სიხარულს ანიჭებდა და ყველას თანაბრად გვყავრობდა.

ისე კარგად ვიყავით, რომ შეუძლებელი იყო, რაიმე არაჩვეულებრივი არ მომხდარიყო. და ერთ მშვენიერ წამს მან თქვა:
— აჰ, ბავშვებო, სულ ცოტათი მეტი სივრცე რომ იყოს, რა სიამოვნებით გაგიკეთებდით ატრიას!

ეს სიტყვები იყო საკმარისი, რომ გვეფიქრა სივრცეზე, რომელშიც მისი სრული ხელები ცომზე წინ და უკან გააგორებდა საგორავს, და მისი ფუმფულა მკერდის ჩრდილი სამზარეულოს ფართო დაფას მოეფინებოდა, სანამ ფქვილის მაღალი გორაკების ღრმულებში კვერცხს ათქვეფდა, და მისი ხელები, იდაყვებამდე ფქვილისგან გათეთრებული და ზეთისგან აბზინვარებული, როგორ მოზელდა და მოზელდა ცომს, დავფიქრდით სივრცეზე, რომელსაც ფქვილი დაიკავებდა, და ხორბალი, რომლისგანაც ფქვილი დაიფქვებოდა, და ყანები, რომლებზეც ხორბალი ამოვიდოდა, და მთები, რომლიდანაც ყანების მოსარწყავად წყალი ჩამოედინებოდა, და საძოვარი, რომელზეც იბალახებდნენ ხბოები, რომელთა ხორციც ბულიონში წავიდოდა; სივრცეზე, რომელშიც მზე შეძლებდა გამოჩენას, რათა მის სხივებქვეშ ხორბალი მოწეულიყო; სივრცეზე, რომელშიც კონდენსირებოდა ვარსკლავიერი გაზების ღრუბლები, რათა მათგან წარმოქმნილიყო მზე და ყველაფერის გათბობა დაეწყო; უამრავ გაფანტულ ვარსკლავზე, გალაქტიკაზე, გალაქტიკათგროვებზე, და იმაზე, რომ ის ყველა საჭიროა, რათა ყოველი გალაქტიკა, ყოველი ნისლეული, ყოველი მზე, ყოველი პლანეტა სივრცეში დაკიდებული გაჩერებულიყო. და იმავდროულად, სანამ ამაზე ვფიქრობდით, იმავდროულად, როცა ქალბატონმა პჰ(ი)ნკომ წარმოთქვა: „…ატრია, აჰ, ბავშვებო…“ — წერტილმა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, იწყო გაფართოვება და გაზრდა, განივკვეთში მიაღწია ათობით სინათლის წელიწადს, ასობით სინათლის საუკუნეს, მილიარდობით სინათლის ათასწლეულს, და სამყაროს ყოველ მხარეში გაგვაბნია (ბატონმა პბერტპ ბერდმა საერთოდ პავიაშიც კი ამოჰყო თავი), თვითონ ის კი გარდაიქმნა რაღაც ენერგიად — არ ვიცი, სინათლედ თუ სითბოდ — თვით ის ქალბატონი პჰ(ი)ნკო, რომელიც ჩვენს კარჩაკეტილ, წვრილმანების სამყაროში ერთადერთი აღმოჩნდა აღტყინებული სულგრძელობით („აჰ! ბავშვებო, როგორ ატრიას გაჭმევდით!“), აღტყინებული ყოვლისმომცველი სიყვარულით, ის პჰ(ი)ნკო, რომელმაც ერთ წამში ჩაუყარა საფუძველი სივრცის ცნებასაც და თვითონ სივრცესაც, დროსაც, მსოფლიო მიზიდულობასაც და მიზიდულობით მართულ მსოფლიოსაც, სადაც გაჩენა შეუძლია მილიარდობით მილიარდი მზეს, პლანეტას, ყანას, და ქალბატონი პჰ(ი)ნკო, ფქვილით და ზეთით გათხუპნული ხელებით ცომის მზელავი, გაფანტული ყველა პლანეტის ყველა კონტინენტზე, სწორედ ამ დროს გაქრა სადღაც საუკუნოდ, ჩვენი კი სამარადისოდ მასზე მგლოვიარეები დაგვტოვა.