ავტორი: დათო ლობჟანიძე
17 სექტემბერს ბათუმის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. ფესტივალი, რომელიც 2006 წლიდან ტარდება ყოველწლიურად არაერთი ქვეყნიდან უყრის ფილმებს თავს. ეს იმ იშვიათი ღონისძიებათაგანია, რომელიც ქართველ მაყურებელს დიდ ეკრანზე მნიშვნელოვანი საავტორო ნამუშევრების ნახვის საშუალებას აძლევს. წლევანდელი კინოფესტივალი, ისევე როგორც მისი წინამორბედი ღონისძიებები უფასოა, თუმცა სეანსებზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი ჯავშანი. კინოჩვენებების მსგავსად ასევე თავისუფალია დასწრება მასტერკლასებზე.
ბათუმის კინოფესტივალი წლევანდელ სტუმრებს საინტერესო მასტერკლასებს და კინოჩვენებების საკმაოდ მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. აქ ყველას აქვს საშუალება საკუთარი გემოვნების მიხედვით შეადგინოს პროგრამა. თუმცა, ამ პოსტში იმ ფილმებზე გამახვილდება ყურადღება, რომელიც ლიტაგორას აზრით კინომოყვარულისთვის როგორც მაყურებლისთვის უნდა იყოს საინტერესო. რაც შეეხება მასტერკლასებს, ამ თემას ფესტივალის მსვლელობისას ცალკე ყურადღება დაეთმო. მაშ ასე, თუ ენდობით ლიტაგორას გემოვნებას, აი იმ ფილმების მოკლე ანოტაცია, რომლებსაც წელს ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ირანული კინოს გემო
წლევანდელი პროგრამის ერთი თვალის გადავლებაც კმარა იმის მისახვედრად, რომ წელს ბათუმში ირანული კინო მძლავრობს. ეს ერთის მხრივ კარგია და მეორე მხრივ, არცაა გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელი ფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის თავმჯდომარე მნიშვნელოვანი ირანელი რეჟისორი მოჰსენ მახმალბაფია. აი რამდენიმე ირანული ფილმი, რომელიც ლიტაგორას აზრით წელს განსაკუთრებულ ყურადღება იმსახურებს.
უმანკოების მომენტი
რეჟ: მოჰსენ მახმალბაფი
ქვეყანა: ირანი/საფრანგეთი
1996 წ.
78 წუთი
მახმალბაფის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი, ავტობიოგრაფიული ნამუშევარი, რომელიც რეჟისორის ცხოვრების იმ ეტაპს ასახავს მხატვრულად, როდესაც ფილმის მომავალმა ავტორმა, 17 წლის ასაკში პოლიციელს საპროტესტო აქციაზე დანა ჩაარტყა. ფილმი გამოსვლისთანავე აიკრძალა ირანში, თუმცა ძალიან დადებითი რეცენზიებით აღინიშნა დასავლეთში. 2012 წელს გავლენიანმა ჟურნალმა Sight & Sound – მა ფილმს კინოისტორიაში საუკეთესო ფილმებს შორის 235-ე ადგილი დაუთმო. ფილმი ფესტივალზე სპეციალური ჩვენებების პროგრამის ფარგლებში იქნება ნაჩვენები.
პატიოსანი კაცი
რეჟ: მოჰამად რასულოფი
ქვეყანა: ირანი
2017 წ.
117 წთ.
თუ ახალი ირანული კინო და უშუალოდ საკონკურსო პროგრამა გაინტერესებთ, ამ მხრივ “პატიოსანი კაცი” შესაძლოა საკმაოდ საინტერესო ფილმი გამოდგეს. ფილმი წლევანდელი კანის ფესტივალზე განსაკუთრებული ხედვის პროგრამის ფარგლებში აჩვენეს, სადაც ის მთავარი ჯილდოთი აღინიშნა. მთავარი თემა – თანამედროვე ირანის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების კრიტიკაა, თუმცა, ეს დღეს მოქმედი ირანელი რეჟისორების მხრიდან მაყურებლისთვის გასაკვირი ამბავი არ უნდა იყოს.
76 წუთი და 15 წამი აბას კიაროსტამთან
რეჟ: სეიფოლაჰ სამადიანი
ქვეყანა: ირანი
2016 წ.
76 წთ.
ასევე სპეციალური ჩვენებების პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ იხილოთ ფილმი ლეგენდარულ, შარშან გარდაცვლილ ირანელ რეჟისორზე, აბას კიაროსტამზე. კიაროსტამის მეგობრის, სეიფოლაჰ სამადიანის ნამუშევარი ცნობილ რეჟისორზე, როგორც ხელოვანზე კონცეტრირდება და მისი პროფესიონალური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
მოკლედ ევროპულ კინოზე
მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ერთ გეოგრაფიულ რეგიონზე გვაქვს საუბარი, აქ შერჩეული ფილმები საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან. ამ პოსტში თავისებური ხელწერის მქონე კინოსკოლების, უნგრული, ბრიტანული და ფინური ნიმუშები შეირჩა.
წვეულება
რეჟ: სალი პოტერი,
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
2017 წ.
71 წთ.
თუ კომედიის ნახვა გსურთ, მაგრამ ამასთანავე ტრაგიკული ელემენტები გიზიდავთ შესაძლოა “წვეულება” არ იყოს ცუდი არჩევანი. შავ-თეთრი ფილმი ძალიან კარგი სამსახიობო გუნდით, საკმაოდ დიდ ყურადღებას დიალოგებს უთმობს, ამიტომაც ამ მხრივ ის სპექტაკლს შეიძლება მოგაგონებდეთ. ფილმი საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში იქნება ნაჩვენები.
იმედის მეორე მხარეს
რეჟ: აკი კაურისმაკი
ქვეყანა: ფინეთი/გერმანია
2017 წ.
100 წთ.
თუ აკი კაურისმაკის ტლანქი იუმორის მოყვარული ხართ და ფინური ხასიათივით ნელი კინო გიყვართ, რეჟისორის ახალი ნამუშევარი სათქვენო ფილმი უნდა იყოს. უკვე არსებულ ჯილდოებს შორის უნდა აღინიშნოს ვერცხლის დათვი, რომელიც ნამუშევარმა ბერლინის ბოლო კინოფესტივალზე მოიპოვა. ფილმი დიდოსტატთა კოლექციის ფარგლებში იქნება ნაჩვენები.
იუპიტერის მთვარე
რეჟ: კორნელ მუნდრუცო
ქვეყანა: უნგრეთი/გერმანია
2017 წ.
123 წთ
გარდა იმისა, რომ იუპიტერის მთვარე აქტუალურ, სირიელი ლტოლვილების ევროპაში ემიგრაციის თემას ეხება, ის ქართველ მაყურებელში განსაკუთრებულ ინტერესს მთავარი როლის შემსრულებლის, მერაბ ნინიძის გამო იწვევს. ფილმი საერთაშორისო კონკურსში ბათუმის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ზვიაგინცევი, ზვიაგინცევმა, ზვიაგინცევს, ზვიაგინცევის…
უსიყვარულობა
რეჟ: ანდრეი ზვიაგინცევი
ქვეყანა: რუსეთი/საფრანგეთი
2017 წ.
127 წთ.
ფესტივალზე საჩვენებელ ფილმებს შორის ალბათ არცერთი სარგებლობს საქართველოში ისეთი პოპულარობით როგორც ანდრეი ზვიაგინცევის ბოლო ნამუშევარი. თან ეს ალბათ ის ფილმია, რომელმაც მაყურებლის დიდმა ნაწილმა უკვე ნახა. თუმცა, ის რომ ზვიაგინცევის ფილმს ფესტივალზე აჩვენებენ, მაინც აღნიშვნის ღირსია. ამიტომ, თუ ვინმეს ნამუშევარი ჯერ არ უნახავს, ამის გაკეთება დიდ ეკრანზე დიდოსტატთა კოლექციის პროგრამის ფარგლებში შეუძლია.
გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ
დედე
რეჟ: მარიამ ხაჭვანი
ქვეყანა: საქართველო/ყატარი
2017 წ.
97 წთ.
მარიამ ხიჭვანის ამ ფილმზე საერთაშორისო პრესაში საკმაოდ ბევრი დადებითი და კარგი რამ უკვე ითქვა. აღსანიშნავია განსაკუთრებული აღნიშვნა, რომელიც ფილმმა წლევანდელი კარლოვი ვარის ფესტივალზე დაიმსახურა. ვნახოთ რას იზამს სურათი, რომელიც სვანეთის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ბათუმის ფესტივალზე, რადგანაც აქ ის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაშია ჩართული.
ცოტა რამ დოკუმენტალისტიკაზე
დოკუმენტური კინო ფესტივალზე საკმაოდ მდიდრადაა წარმოდგენილი. ამ ჟანრის მხრივ ბათუმში საკმაოდ ბევრი კარგი ფილმი იქნება ნაჩვენები, ამიტომ მხოლოდ სამის შერჩევა ადვილი საქმე არ იყო. თუმცა, ლიტაგორას საბოლოო სია შემდეგნაირად გამოიყურება.
თავისუფლების დღე
რეჟ: უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკი
ქვეყანა: ნორვეგია/ლატვია
2016 წ.
100 წთ.
ფილმი ერთი შეხედვით მუსიკის და პოლიტიკის უცნაურ ქორწინებას წარმოადგენს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, თუ გავიხსენებთ რა როლს თამაშობდა მუსიკა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მსგავსი მიქსი არც თუ ისე უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ. ეს კონკრეტული ფილმი საკულტო იუგოსლავიური როკ ბენდის, ლაიბახის, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ჩაკეტილ. ჩრდილოეთ კორეაში ჩასატარებელი კონცერტის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
აუსტერლიცი
რეჟ: სერგეი ლოზნიცა
ქვეყანა: გერმანია
2016 წ.
94 წთ.
ფილმი საკონცენტრაციო ბანაკებზე. თუმცა, რეჟისორი არა მეორე მსოფლიო ომის აღმწერ ბანაკებზე, არამედ მათ დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრობს. ლოზნიცას საინტერესო კუთხე აქვს არჩეული, რატომ დადიან დღეს ტურისტები საკონცეტრაციო ბანაკებში და რისი აღმოჩენის იმედი აქვთ? აუსტერლიცი ასევე საკონკურსო პროგრამაშია ჩართული.
მზის ქალაქი
რეჟ: რატი ონელი
ქვეყანა: საქართველო/აშშ/ყატარი/ჰოლანდია
2017 წ.
104 წთ.
რატი ონელის დოკუმენტური საქართველოს მნიშვნელოვანი, მაგრამ მედიაში არასაკმირასად გაშუქებული ჭიათურის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ჭიათურა, ოდესღაც ტექნოლოგიურად განვითარებული, დღეს კიდევ ერთგვარი პოსტ-აპოკოლაპტური ქალაქია სადაც ადამიანები ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან. ფილმი დოკუმენტური ფილმების სექციაში მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებს.
...და (კვლავ) კიმ კი დუკი
ქსელი
რეჟ: კიმ კი დუკი
ქვეყანა: სამხრეთ კორეა
2016 წ.
118 წთ
ალბათ არასწორი იქნებოდა საქართველოში ძალზედ პოპულარული კიმ კი დუკი და ზოგადად სამხრეთ კორეული ფილმი არ მეხსენებინა. ამიტომაც ამ რეჟისორის ნამუშევარი, რომელიც დიდოსტატთა კოლექციაში იქნება ნაჩვენები, ბოლოსთვის შემოვინახე.
ასეთია ლიტაგორას რჩევები ბათუმის კინოფესტივალის დაწყებამდე, თუმცა, ცხადია ეს სია სუბიექტურია, დარწმუნებული ვართ ყველა კინომოყვარულს ფესტივალზე საკუთარი ფავორიტები ეყოლებათ. სრული პროგრამის ნახვა აქ შეგიძლიათ.