ავტორი: ზაკ მირიანაშვილი             

დაობლებული ერთაოზი შავი დედლით ხელში გზას დაადგება და იმ ქალაქისკენ გაემართება, სადაც უყვარდათ სიტყვები „გენიოზი“, გრადუზი“, „ ესენცია“, „ ბალზაკი“, სადაც სჯეროდათ რომ ლობიო მესამე წყალში იხარშება და ხოჯავა მეთულუხჩეს ორ გულთან ერთად სრიალა კუდიც აქვს – წინიდან…“ ერთაოზს რომ დიდი თავგადასავლები გადახდება ის ქალაქი რეზო გაბრიაძისთვის ქუთაისის პროტოტიპია, მისი „ სავარდო და სამაისო „ , გლიცინიებით მოფენილი ქალაქი. თავად კი თითქმის ერთაოზის ასაკის თბილისში გამოემგზავრება და თან მთელს ქუთაისს წამოიღებს, თავისი იუმორით, პეწით, ბაფთიანი გიტარითა და იმერული ლაზათით, რომელიც შემდეგ არაერთ მისი სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმსა თუ დადგმულ სპექტაკლში გაიბრწყინებს.

რასაც კინოსა, და თეატრში ვერ აღწერს მის მთავარ სამფლობელოში – მხატვრობაში ჰპოვებს ასპარესს. დახატავს უამრავ მოვლენასა თუ ადამიანს, ვინც ბავშვობაში შეხვდა. მათ შორის ქუთაისის თეატრის დღეს დავიწყებას მიცემულ მსახიობებსა თუ თეატრის პერსონალს. ქალაქს რომ არასდროს დაავიწყდება იმ პერსონაჟების პორტრეტებთან ერთად. და ასე იხსნის ყველა მათგანს დავიწყებისგან.

მაესტრო გაბრიაძეს არაერთხელ აღუნიშნავს რომ ყველა ის სფერო, რომელშიც მისი ხალგრძლივი ცხოვრების მანძილზე გაჩერდა და შეისვენა ერთგვარი გადარჩენის საშუალება იყო, საზრდო იყო იმისთვის რომ მას, როგორც მხატვარს ეარსება. მის შესახებ ნათქვამ სიტყვაში იტალიელი მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა სწორედ მხატვრობის უდიდეს ნიჭს უსვამს ხაზს და ამბობს – რეზო გაბრიაძე ჩემის აზრით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარიაო. ფელინი-გუერას „ამარკორდის“ ტრიუმფის შემდეგ გუერა ამბობდა: „ ჩვენ შევძელით სამყაროს ბავშვობა ვაჩუქეთო“. მათგან სრულიად დამოუკიდებლად, შემოქმედის ალღოს აყოლილი გაბრიაძე ზუსტად იგივეს აკეთებდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, „ამარკორდი“ (1973) რომანიის ნამდვილ და გამოგონილ ამბებზე გვიყვება.. ის რაც იყო, და ის რაც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე ამბავი სრულყოფილი ვერ იქნება, მას ის პოეტურობა სჭირდება რაც ბავშვობას ახლავს თან, იგივეა „შერეკილების“ შემთხვევაში.

როდესაც გაბრიაძის სხვადასხვა ნამუშევარს რეტროსპექტიულად უყურებ და აანალიზებ ხვდები რომ იქ მისი ბავშვობაა დამსხვრეული ლარნაკის ნაწილებივით მიმოფანტული. თითქოს ეს დიალოგია საკუთარ ბავშვობასთან, იმ პატარა ბიჭთან, რომელიც მასში ცხოვრობს.

ამასთან დაკავშირებით მახსენდება ბესიკ ხარანაულის ლექსი „რძის ფოსტა“

” აჰა, მიიღე, ჩემო ბავშვობავ
გიგზავნი ამ ცხელი რძის ყლუპებს,
სხვითი, რითი გადაგიხადო,
მე შენ ვეტყვი მოგწვდები და
შეგიმშრალებ ცრემლიან უპეს…”

მოგონებების პრეზენტირება სხვადასხვა დარგში მხოლოდ ბავშვობის წლების თავგადასავლებს არ მოიცავს, მისი ბიოგრაფიის გაცნობისას, უეჭველად გაგახსენდება „არაჩვეულებრივი გამოფენა“, როდესაც მოისმენ რომ თბილისში ჩამოსული სრულიად ახალგაზრდა რეზო გაბრიაძე „ნახალოვკის“ ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ქარხნებში მხატვრად მოეწყო, კედლის გაზეთებს ხატავდა და თავს ამით ირჩენდა. მისი ნიჭს მაშინ მხოლოდ ეს ასპარეზი ჰქონდა, ამ ამბავზე სწორედ აგული ერისთავის მხიარული და სევდიანი ისტორია მახსენდება შემოქმედის ბედზე, თუმცა საბედნიეროდ რეზო გაბრიაძის „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ქარხნის ბნელ დერეფნებში გაკრულ სარვამარტო და სხვა დღესასწაულებისთვის მომზადებული კედლის გაზეთების ფონზე არ შედგა.

შემდეგ იყო მეცნიერებაში ძალების მოსინჯვაც, მაგრამ ამ დარგის სიღრმისეულად დაუფლებაზე უარის თქმის მიზეზად თავად რეზო გაბრიაძე იმას მიიჩნევდა, რომ იმ პერიოდში სხვა ინტერესები ჰქონდა, რაც „გოგოების თვალიერებით“გამოიხატებოდა. იყო პირველი უიღბლო სიყვარულიც, ალბათ ამ განცდებმა ათქმევინა „უცხო ჩიტში“ ქრისტეფორეს ის ფრაზა, რომელიც მაშინ წარმოთქვა, როცა პირველი სიყვარულით გულგატეხილი ერთაოზის ცრემლები დაინახა:

„ ეჰა, ჩემო ერთაოზ, აბა გსმენიათ, რომ პირველი სიყვარული ბედნიერი ყოფილიყოს? პირველი სიყვარული ცაში თუ აგაფრენს, თორემ მეტი არაფერი მისგან არ ხდება…“

ჰოდა რეზო გაბრიაძეც ააფრინა ცაში პირველმა სიყვარულმა, თანაც ისე რომ რეალური-არარეალურთან შეაზავა, დაუმატა ფიზიკის უზუსტესი კანონები და მოგვიყვა ამბავი, რომელიც თავადაც იცის რომ დაუჯერებელია, მაგრამ მაინც გვთხოვს რომ დავიჯეროთ.

 „ აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია-მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. ოღონდ ერთში მაინც უნდა მენდოთ, პირადად ჩემთვის ნამდვილზე უნამდვილესი რომ არის ეს ამბავი, რადგან ბავშვობაში მაქვს მოსმენილი ბუხრის პირას – არ ვიცი ქუთაისში, გუმბრინში, საქარაში თუ საკუთრივ ძუყნურში. მაშინ დავიჯერე მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი და მერე კაციშვილმა ვერ გადამათქმევინა. კინოს ხალხმაც ირწმუნა მისი სინამდვილე, გადაიღეს “შერეკილები”…“

ასე იწყებს რეზო გაბრიაძე მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კინემატოგრაფიულ-ლიტერატურულ თავგადასავალს. შენც არარეალურ ამბებს მიდევნებული ყველაფერს იჯერებ და გსურს მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას ამბავი არასდროს დამთავრდეს.

„შერეკილების“ ისტორია კინოში გაცოცხლების შემდეგ, კიდევ არაერთხელ შეივსო ახალი წახნაგებით, მოთხრობას „უცხო ჩიტი“ ეწოდა და ფილმისგან დამოუკიდებლად გამოიცა. კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის  ლირიკულ-კომიკურ ოპერას „პირველი სიყვარული“, რეზო გაბრიაძის მოთხრობის „უცხო ჩიტის“ მიხედვით შექმნილი ლიბრეტო დაედო საფუძვლად. 1980 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული პრემიერა უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა, „ქეთო და კოტეს“ (1917) შემდეგ, ეს იყო პირველი ლირიკულ-კომიკურ ჟანრში დადგმული ნაწარმოები ქართულ საოპერო სცენაზე.განსაკუთრებული იმითაც გამოდგა რომ „პირველი სიყვარული“ იგავურობის იმ საბურველში იყო გახვეული, რომელიც რეზო გაბრიაძის სამყაროს ახასიათებდა. ამრიგად, რეზო გაბრიაძის „შერეკილების“ ამბავი წარმატებით არცერთ ჟანრში არ ჩამორჩებოდა ერთმანეთს, სადაც კი განხორციელდა,  იქნებოდა ეს კინო, ლიტერატურა თუ საოპერო ხელოვნება.

თუმცა გაბრიაძე აგრძელებდა შემდეგი მწვერვალების დაპყრობას. სანამ მარიონეტების თეატრს შექმნიდა კინოს ამბავი უნდა დამთავრებულიყო. 12 წლიანი თავგადასავალი მტკივნეულად დასრულდა, კინოდან ის კაცი გამოუშვეს, რომელმაც მსოფლიოში აღიარებულ „ქართული კინოს ფენომენს“ მის კოლეგებთან ერთად გულწრფელობა, სილაღე და იგავურობა შესძინა. წიგნაკი ჩამოართვეს და ბრძანებაში პირდაპირ ეწერა, გაბრიაძე კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ აღარ უნდა შეეშვათ. თუმცა ამ კარის დახურვამ  შედეგად ახალი კარის გაღება გამოიღო. თეატრი შექმნა, პატარა, მაგრამ მისი თეატრი, რომლის მსგავსიც სხვაგან ნამდვილად არსად იყო.

აქაც თავი მოუყარა მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის მოგონებებს. წარმატებული პრემიერები ერთმანეთს მიჰყვა. „ალფრედი და ვიოლეტას“ შემდეგ იყო „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ და მრავალი სხვა ტრიუმფალური სპექტაკლი. მის შესახებ პიტერ ბრუკი წერდა:

„ მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია  დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ  კრეგი.“

ტრანსცენდენტური რეალიზმით მოყვა ამბავი დოკუმენტურ ანიმაციაშიც, მის ბავშვობის ამბებზე შექმნილი „ჰარი-ჰარალე დედაო“, რომელიც რეზო გაბრიაძის ვაჟის ლევან გაბრიაძის სარეჟისორო ნამუშევარია 2017 წელს გამოვიდა.

მრავალმხრივი საქმიანობის ბოლოს მან თავს უფლება მისცა რომ ყოფილიყო მხატვარი დიდი ხნით და ანიმაციისთვის 500 ნახატი შექმნა, ანიმაციური ფილმი კი 50-მდე კინოფესტივალზე უჩვენეს და „ოსკარის“ ლონგ-ლისტში მოხვდა. ფილმის განთავსების უფლება „ნეტფლიქსმა“ იყიდა და მსოფლიოს ერთი პატარა ბიჭის თავგადასავალს უყვება, რომელმაც გადაწყვიტა რომ ის ბავშვი, რომელიც მასში ცხოვრობდა არასოდეს დაევიწყებინა.

ფილმის პრემიერა ქუთაისში, სიმბოლურად  „თეთრ ხიდზე“ შედგა, გაბრიაძის ქალაქში ზუსტად იციან რომ „თეთრ ხიდზე“ და მათ ქალაქზე ამბებს გაბრიაძეზე უკეთ კიდევ დიდხანს ვერავინ მოყვება, ამ ქალაქში პიპინიასთან ერთად ნოშრევანიც შეგხვდებათ, „ევროპა“ ხალხიც გამოიშლება გარეთ როცა ქალაქს ცათმფრენი „თამუნია“ გადაუფრენს და ის ნემეცის ქუჩაზე ობერკოდუქტორ ტრიფონიას მშვენიერ მეუღლეს – მარგალიტა ამყოლაძეს მიაკითხავს… შემდეგ ეს ყველაფერი ერთ დიდ ლურჯ ბურთად გადაიქცევა და სადღაც ჩაიკარგება, რაც უფრო შორს გაფრინდებიან შერეკილები, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა გაბრიაძის სამყაროთი ახალი ადამიანი დაინტერესდება ამბავი თავიდან დაიწყება.

რეზო გაბრიაძის დაკრძალვის დღეს ქუთაისის მესხიშვილის თეატრის წინ სამგლოვიარო აბრა გადმოკიდეს:

ქუთაისი ემშვიდობება რეზო გაბრიაძეს…“

მშობლიური ქალაქი რეზო გაბრიაძეს დიდი გულისტკივილით, მაგრამ ცრემლების გარეშე დაემშვიდობა. მაესტრომ ხომ დაგვიბარა რომ „ ცრემლები მხოლოდ ხახვისგან უნდა გვდიოდეს…“