ავტორი: ნანა გოგოჭური

სად არის ჯესიკა ჰაიდი?

კოვზს შენც სხვანაირად შეხედე?

ფერები, ოხ რა ფერები. 

და მუსიკა?! ხო, ვერაფერს იტყვი, თუმცა ვცდი მაინც, ბედის მონახევრია.

თუ სერიალი გინახავს, ალბათ უკვე მიხვდი ყველაფერს და აღმოგხდა სიტყვა უტოპია. მცირე სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე, რომელიც სამეგობროს აზრებს ეყრდნობა, ძნელად წარმომიდგენია, რომ შენც ჩემსავით აღფრთოვანებული არ ხარ ზემოხსენებულით. თუ ასეა, შესაძლოა გარშემო შენც იშვიათად შეგხვედრია მავანი, ვისაც დაუწუნია. სამაგიეროდ ისეთს მრავლად ნახავდი, საერთოდ რომ არ სმენია ამ უკანასკნელის შესახებ. ყოველ შემთხვევაში ჩემთან ასეა. ერთის მხრივ არც არის ცუდი, რადგან პირადად მე, მთელი სამი მადლიერი ადამიანი მყავს გარშემო, ვისაც ვურჩიე, ნახა და ამ ყველაფრის ლიტაგორას სინათლეზე გამოტანა, მათი რიცხვის გაზრდას ემსახურება.

თუ გურკვევლობაში ხარ და ვერაფერიც ვერ გაიგე, გილოცავ, რადგან ზუსტად იმას ვგრძნობ, რასაც შენ, მაშინ როცა  ყველაზე თუ არა ერთ-ერთ საყვარელ სერიალს უზიარებ ნაცნობსა თუ უცნობს. *happiness only real when shared (ბედნიერება მხოლოდ მაშინაა ნამდვილი როდესაც სხვებს უზიარებ) კი ჩემთვის ამგვარად მართლდება.

მართალია ბრიტანული სერიალი  უტოპია 2014-2015 წლებში ორი მართლაც რომ საუცხოო სეზონით მოგვევლინა და კარგადაც დაგვამახსოვრა თავი, არც ამერიკული ვერსიის ნახვა იქნებოდა ურიგო. მით უმეტეს, რომ დევიდ ფინჩერისა და ჯილიან ფლინის მორიგი დუეტს უნდა ეზეიმა.  არავინ იცის, ბიუჯეტის არ ქონის წყალობით განუხორციებელ იდეას დაუბრუნდება თუ არა HBO ისევ, თუმცა დედანი ამის საჭიროებას არც მოითხოვს.
სერიალში ისეთი საინტერესო სახელები ფიგურირებს როგორებიცაა : უილსონ უილსონი, რომელიც DC კომიქსის  Deathstroke ანუ სლეიდ უილსონის მსგავსად თვალახვეული გვევლინება. ელისი, რომელიც გვინდა თუ არა, საოცრებებთან ასოცირდება.  ბატონი კურდღელი, რომლის ვინაობითაც პირველივე სერიიდან ვინტერესდებით. ჯესიკა ჰაიდი, რომლის გვარის ჟღერადობა, დამალვად ითარგმნება. დენი კელის სურათის დახვეწილობას ერთნაირად განაპირობებს როგორც განსხვავებული პერსონაჟების საინტერესოდ განვითარება, ისე სიუჟეტის მრავალფეროვნება, რომელიც გრაფიკული რომანის სახელად უტოპია ხარჯზე თავს უყრის ისეთ თემებს, როგორებიცაა: ძალადობა, პოლიტიკა, ეთიკურობა მეცნიერებაში, ტერორიზმი, პარანოია, ვირუსი, ეკოლოგია, დისტოპია, აბსურდი და ისევ ძალადობა.

მიუხედავად იმისა რომ სერიალის გადაღება მე-2 სეზონის შემდეგ შეწყვიტეს, ფანების სიყვარულის გამოკლებაც ვერ დაუკარგავს ხიბლსა და პოპულარობას სურათს, რომელიც მანამ იქნება საინტერესო, სანამ ადამიანს დააინტერესებს დედამიწის წარსულის შეცდომები და მომავლის კრიზისი, რომლის მიზეზი ისევ თავადაა.

თუ ავიღებთ ცოტა სამეცნიერო ფანტასტიკას, ბევრ მისტიკას, ცოტა დრამას, შავ იუმორს გემოვნებით და მუსიკას მივანდობთ ე.წ. კრისტოს მივიღებთ ვიზუალურად უნაკლო ნამუშევარს, სიუჟეტივით არაორდინალური და საოცარი საუნდით, რომელიც ემოციური ფონის შექმნასთან ერთად, ამბის თხრობას ზედმიწევნით ზუსტად ახერხებს.

კინოს ბერძენი დიდოსტატი თეოდოროს ანგელოპულოსი , რომლის ულამაზეს კინო ენასა და ესთეტიკის სიყვარულს, თავიდან კრიტიკოსებმაც კი ვერაფერი გაუგეს, წერდა: თუ გნებავთ, დაიძინეთ… თქვენ აუცილებლად იხილავთ სიზმარს, გაფორმებულს ელენე კარაიანდრუს მუსიკით. თავმდაბლობისა და სიმართლის მარცვლის ამგვარი გამოვლინება, ისევ და ისევ მუსიკის წარმოუდგენლად დიდ როლზე გვაფიქრებს. იგივეს თქმა შემიძლია უტოპიისათვის დაწერილ მუსიკაზე და რა თქმა უნდა არ ავხსნი რატომ არ/ვერ ჩაგეძინებათ არც ერთის შემთხვევაში.

დანარჩენი კი თქვენი მხედველობისა და სმენისთვის მომინდია, რომელთაც უტოპიის გიჟური, მუდმივად თანმდევი სიყვითლე, ყურადღების მოდუნების საშუალებას არ მისცემს. დიახ, თქვენც ჩემსავით გაუგებთ ძია თომ უეითსს და მოგეწონებათ მშვენიერი მელოდიები, როგორ გიყვებიან საზიზღარ ამბებს.

და მაინც, სად არის ჯესიკა ჰაიდი?