ავტორი: ბესო გვენეტაძე
საპატიო მოქალაქე (El Ciudadano Ilustre, 2016)
„საპატიო მოქალაქე“, ერთი შეხედვით, სამოყვარულო კამერით გადაღებულ მოსაწყენ ვიდეოს ჰგავს, თუმცა, არაფერი შეიძლება იყოს ამ წარმოდგენაზე უფრო მცდარი. ამ ‘სამოყვარულო კამერით’ ოსკარ მარტინესის შეუდარებელი შესრულებაა გადაღებული, რამაც მას 2016 წლის ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის პრემია მოუტანა. მარტინესის პერსონაჟი ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალია, რომელიც ორმოცწლიანი განშორების შემდეგ არგენტინაში, თავის მშობლიურ ქალაქში პირველად ბრუნდება. ფილმი 2017 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში არგენტინას წარადგენს.
გვერდითი კედლები (Medianeras, 2011)
მართალია, ფილმის თრეილერმა შეიძლება მსგავსი შთაბეჭდილება დატოვოს, მაგრამ “გვერდითი კედლები“ სულაც არაა სიყვარულის ისტორია. მარტოობა, არქიტექტურისა და ქაოტური ურბანიზმის გავლენა ფსიქიკაზე, რუტინული და ონლაინ სივრცეში არსებული ცხოვრება – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც რეჟისორი გუსტავო ტარეტო მისთვის დამახასიათებელი პლანიმეტრიული, ხშირად სიმეტრიული კადრების მეშვეობით საუბრობს.
ფარული ბავშვობა (Infancia Clandestina, 2011)
გასული საუკუნის არგენტინის ისტორიაში მრავლად შევხვდებით პერიოდებს, როდესაც ქვეყანას სამხრედრო ხუნტა მართავდა. ამ ავტობიოგრაფიული ფილმის გმირები მემარცხენე დისიდენტები არიან, რომლებიც დიქტატურის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ ბრძოლას ჩვენ ახალგაზრდა ერნესტოს პერსპექტივიდან ვუყურებთ, რომელსაც თავისი იდენტობის დამალვა უწევს, რითაც მისი ბავშვობა ისეთივე შეუმჩნეველი ხდება, როგორიც რეჟიმის მიერ გატაცებული ათასობით ადამიანი.
კლანი (El Clan, 2015)
ისევ დიქტატურა და ისევ გატაცებული ადამიანები. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ოჯახურ ბიზნესზე მოგვითხრობს, რომლის საქმიანობის სფეროც მდიდარი ადამიანების გატაცება და თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გამოძალვაა. მაგრამ, ისევე როგორც ყველა სხვა ბიზნესი, არც ეს საქმეა ურისკო.
გზა ლა პასისკენ (Camino a La Paz, 2015)
„მოტოციკლეტის დღიურებიდან“ თორმეტი წლის შემდეგ როდრიგო დე ლა სერნა გზას კვლავ უბრუნდება. ამჯერად მისი თანამგზავრი, ჩე გევარას ნაცვლად, ერნესტო სუარესის პერსონაჟია, რომელიც ლა პასში თავისი ძმის მოსანახულებლად მოგზაურობას გადაწყვეტს. ფილმის სახელი კალამბურია: La Paz – ბოლივიის დედაქალაქი და მოგზაურობის საბოლოო დანიშნულება – ესპანურ ენაზე „მშვიდობას” ნიშნავს, რაც, ალბათ, არის კიდეც ფილმის პერსონაჟების რეალური მიზანი. აღსანიშნავია, რომ ეს 75 წლის თეატრის მსახიობ ერნესტო სუარესის პირველი როლია ფილმში, რისთვისაც მას, საკმაოდ ირონიულად, მარ დელ პლატას კინოფესტივალზე „წლის აღმოჩენის“ წოდება მიანიჭეს.
ველური ისტორიები (Relatos Salvajes, 2014)
საკმაოდ პოპულარული ფილმი, რომელიც სავარაუდოდ უკვე ნახეთ, მაგრამ მსგავს სიებში მისი ადგილი, სრულიად სამართლიანად, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში უნდა იყოს. „ველური ისტორიები“ ექვსი ეპიზოდისგან შემდგარი ანთოლოგიაა, რომლის ნაწილებსაც ერთმანეთთან ის საერთო აქვთ, რომ ყველა მათგანში უცნაური და აბსურდული ამბავია ასახული.
ხაუხა (Jauja, 2014)
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი განსაკუთრებული სცენარით არ გამოირჩევა, ის პირველ რიგში ყურადღებას თავისი ვიზუალის გამო იპყრობს. ხანგრძლივი, სტატიკური კადრებით, პატაგონიის ლანდშაფტისა და ადამიანების კომბინაციით აგებული ვიზულური კომპოზიციები თითოეულ კადრს ჩარჩოში ჩასმულ მოძრავ სურათად აქცევს. ფილმი კიდევ იმითაცაა გამორჩეული, რომ დანიელი მსახიობი, ვიგო მორტენსენი, რომელიც მასში მთავარ როლს ასრულებს, ამავე დროს ფილმის მუსიკის კომპოზიტორიცაა.
ზამთარი (El Invierno, 2016)
პატაგონიაში გადაღებული კიდევ ერთი ფილმი, რომელიც თაობათა ცვლის საკითხზე საუბრობს. მოქმედება რანჩოში ვითარდება, სადაც პერსონაჟებს ერთმანეთის გარდა მკაცრ ბუნებასთან დაპირისპირებაც უწევთ.
ხუან მეისენი მოკვდა (Juan Meisen Ha Muerto, 2015)
ფილმში არგენტინის სამხრეთით, ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული. თანამედროვე რეალიზმის ეს ნიმუში კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ კარგი ფილმის გადასაღებად დიდი ფინანსები სულაც არაა აუცილებელი.
როგორ მუშაობს თითქმის ყველაფერი (Como Funcionan Casi Todas Las Cosas, 2015)
ახალგაზრდა რეჟისორის, ფერნანდო სალემის სადებიუტო ნამუშევარი, რომლისთვისაც მას კონტინენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალის, მარ დელ პლატას პრემია ერგო. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც დედის მოსანახულებლად იტალიაში გამგზავრებას გეგმავს და ამისთვის საჭირო ფულის შოვნას გადაწყვეტს.