თარგმანი: ბექა არაბული

ჰო.., ბავშვები ხეების დასარგავად გავიყვანეთ, ეს იმიტომ, რომ გადავწყვიტეთ, რომ… რომ ეს განათლების აუცილებელი ნაწილია, დანახვა იმისა, თუ როგორ, ის.., ხომ გესმით, ფესვების სისტემა… და კიდევ პასუხისმგებლობის გრძნობა, რაღაც ისეთზე ზრუნვა, რაზეც პირადად ხარ პასუხისმგებელი. ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ. და ყველა ხე გახმა. ფორთოხლის ხეები. არ ვიცი, რამ გაახმო, უბრალოდ გახმნენ — მორჩა და გათავდა. შესაძლოა, ნიადაგი არ ვარგოდა, ან კიდევ — სანერგიდან გამოტანილ ნერგებს სჭირდა რამე. საჩივარი გავგზავნეთ. ოცდაათი ბავშვი გვყავდა, თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხე დარგო და ოცდაათი გამხმარი ხე მივიღეთ. ატირების პირას მყოფი ბავშვები ამ წვრილ ყავისფერ ღეროებს დაჰყურებდნენ, მეტისმეტად გულის დამამძიმებელი სანახაობა იყო.

ყველაფერი არც ისე ცუდად იქნებოდა, ხეების ისტორიიდან რამდენიმე თვეში ყველა გველი რომ არ დახოცილიყო. თუმცა, მგონია, რომ გველები — ის.., იმის მიზეზი, რომ გველები გაწყდნენ, მდგომარეობდა იმაში, რომ… როგორც გახსოვთ, გათბობა გაფიცვის გამო ოთხი დღით იქნა გამორთული, ასე რომ ეს სავსებით ასახსნელია. ეს ისეთი რამ იყო, რისი ახსნაც ბავშვებისთვის შეიძლება, ესე იგი გაფიცვის გამო. არცერთი მშობელი რთავდა თავის შვილს პიკეტების ხაზის გადაკვეთის ნებას, და მათ იცოდნენ, რა გაფიცვის არსიც და მნიშვნელობაც. ამიტომ, როცა გაფიცვა დასრულდა, ყველაფერი ხელახლა დაიწყო და გველები ვიპოვეთ, ძალიანაც არ შეშფოთებულან.

რაც შეეხება მარგებს, ისინი, ვფიქრობ, უბრალოდ გადატენიანდნენ, ყოველ შემთხვევაში, ახლა ბავშვებმა ის მაინც იციან, რომ მორწყვისას გადაჭარბებული ბეჯითობა არ ვარგა. მარგებზე მეტისმეტად ზრუნავდნენ, და, ალბათ, რომელიმე მათგანმა, ის.., ხომ გესმით, ჩვენი იქ არ ყოფნისას ცოტა მეტი წყალი დაუსხა. ან იქნებ… საერთოდ არ მინდოდა მავნებლობაზე ფიქრი, თუმცა ასეთმა აზრმაც გაგვიელვა. იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ფიქრიც მოგვივიდა თავებში. ალბათ, ამის მიზეზი ისაა, რომ სწორედ ამ ამბამდე დაიხოცნენ მიწის კურდღლები, კიდევ თეთრი თაგვები, და სალამანდრა… კარგი, სამაგიეროდ ახლა იციან, რომ მათი პარკებით ტარება არ შეიძლება.

რასაკვირველია, წინასწარვე ვიცოდით, რომ ტროპიკული თევზები გაწყდებოდნენ, ამიტომ ეს სიურპრიზი არ ყოფილა. ეგეთები არიან, ერთს ალმაცერად შეხედავ, და მაშინვე გულაღმა ამოტივტივდებიან ზედაპირზე. მაგრამ მეთოდიკური გეგმა იმ დროს კლასისათვის ტროპიკული თევზის დემონსტრირებას მოითხოვდა, ასე რომ სხვა გზა არ იყო, ეს ყოველ წელს ხდება, მთავარია, ამ ადგილს უბრალოდ სწრაფად გადაახტე.

ლეკვი საერთოდ არ უნდა გვყოლოდა. ლეკვი საერთოდ არ უნდა გვყოლოდა, მაგრამ მერდოკების გოგონამ ეს ლეკვი გრისტედეს სატვირთოს ქვეშ იპოვა, და შეეშინდა, დატარების დასრულების შემდეგ მძღოლს ის არ გაეჭყლიტა, ამიტომ ზურგჩანთაში ჩაისვა და სკოლაში მოიყვანა. აი ასე აღმოჩნდა ეს ლეკვი ჩვენთან. ლეკვი დავინახე თუ არა, მაშინვე ვიფიქრე, ღმერთო დიდებულო, პირობას ვდებ, სულ ორი კვირა იცოცხლებს, შემდეგ კი… და ასეც მოხდა. ის კლასში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, ამაზე რაღაც დადგენილებაც არსებობს, მაგრამ მათ ხომ ვერ ეტყვი, რომ ლეკვი ვერ ეყოლებათ, როცა ის უკვე იქაა, პირდაპირ მათ წინ, იატაკზე დარბის და წკავ — წკავ-წკაწკავებს. ბავშვებმა მას ედგარი დაარქვეს — ესე იგი, ჩემი სახელი დაარქვეს. ბევრს ერთობოდნენ, უკან დასდევდნენ და ყვიროდნენ: „აქეთ, ედგარ!“ ყოჩაღ, ედგარ!“ შემდეგ კი ფერდების დაწყვეტამდე იცინოდნენ. მოსწონდათ ეს ორაზროვნება. მეც მომწონდა. გამასხარავების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ლეკვს საკუჭნაოში პატარა სახლი აუშენეს. არ ვიცი, რამ მოკლა. ალბათ, უგუნებობამ. ან შეიძლება, საჭირო აცრები არ ჰქონდა გაკეთებული. იქიდან ბავშვების მოსვლამდე გამოვიყვანე. საკუჭნაოს ყოველ დილით ვამოწმებდი — ვიცოდი, რომ ეს ამბავიც იმავენაირად დასრულდებოდა. ლეში დარაჯს გავატანე.

კიდევ ეს კორეელი ობოლიც იყო, რომელიც კლასმა „დაეხმარე ბავშვებს“ პროგრამით აიყვანა, ანუ, იდეა ის იყო, რომ ყველა ბავშვს ყოველთვიურად ოცდახუთი ცენტი მოჰქონდა. და ყველაფერი რაღაც ძალიან სავალალოდ დასრულდა, ბავშვი გვარად კიმი იყო, და, შესაძლოა, ძალიან გვიან ვიშვილეთ, ან რამე ეგეთი. არ ვიცით, რატომ მოკვდა, წერილში ამაზე არაფერი ეწერა, სამაგიეროდ ვინმე სხვა ბავშვის აყვანა შემოგვთავაზეს, თან რამდენიმე საინტერესო ანკეტაც დაურთეს, მაგრამ ვეღარ გავბედეთ. კლასმა ეს მეტისმეტად მტკივნეულად მიიღო, ბავშვებს გაუჩნდათ (ეს ჩემი აზრია, პირდაპირ ამაზე არავის უთქვამს) ეჭვი, რომ ჩვენს სკოლაში რაღაც ისე ვერ იყო. მაგრამ მე არ მგონია, რომ ჩვენს სკოლაში რაიმე განსაკუთრებულად ცუდადაა, ხან ასეა, ხან — ისე. უბრალოდ წარუმატებლობების ხანა გვედგა. აი, მაგალითად, კლასში უჩვეულოდ ბევრი მშობელი გარდაგვეცვალა. რამდენადაც მახსოვს, იყო ორი ინფარქტი და ორი თვითმკვლელობა, ერთი დამხრჩვალი მშობელი და ავტოავარიაში ოთხი ერთად დაღუპული. ერთი ინსულტი. და ბებია-ბაბუების ჩვეულებრივად მაღალი სიკვდილიანობა — თუმცა, მგონი, წელს ის ჩვეულებრივზე მაღალი იყო. ბოლოს კი ტრაგედია.

ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა მეტიუ უეინი და ტონი მავრგორდო იმ ქვაბულში თამაშობდნენ, რომელსაც ახალი ფედერალური ადმინისტრაციული კორპუსისთვის თხრიან. იქ სქელი მორების შტაბელი იყო, ზედ ქვაბულის კიდეზე. ახლა ამაზე სასამართლოში მსჯელობენ, მშობლები ამტკიცებენ, რომ მორები ცუდად ელაგა. არ ვიცი, რა არის მართალი, და რა — არა. უცნაური წელი იყო.

ბილი ბრანდტის მამის ხსენება დამავიწყდა, ის მძარცველმა დანით მოკლა. სახლში შეჭრილ ნიღბიან კაცს შეეჭიდა, და დაიჭრა კიდეც, სასიკვდილოდ.
ერთხელ კლასში დისკუსია გვქონდა. ბავშვებმა მკითხეს — სად წავიდნენ ისინი? ხეები, სალამანდრა, ტროპიკული თევზები, ედგარი, დედიკოები და მამიკოები, მეტიუ და ტონი, სად წავიდნენ? და მე ვუპასუხე, არ ვიცი, არ ვიცი. მათ მკითხეს, აბა ვინ იცის? მე ვუთხარი, არავინ იცის. მათ კი თქვეს, მართალია, რომ სიკვდილი ცხოვრებას აზრს აძლევს? მე კი ვუპასუხე, არა, თავად ცხოვრება აძლევს ცხოვრებას აზრს. ამაზე მათ თქვეს, განა სიკვდილი, აღებული მთელი თავისი ფუძემდებელი მნიშვნელოვნებებით, არაა საშუალება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ყოველდღიური არსებობის მიწიერების ტრანსცენდირება იმ მიმართულებით…

მე ვთქვი, კი, სრულიად შესაძლებელია.
მათ თქვეს, რომ ეს არ მოსწონთ.
მე ვთქვი, განა ეს ვინმეს მოეწონება?
მათ თქვეს, რა დასანანია!
მე ვუპასუხე, კი, ეგრეა.
მათ თქვეს, და არ შეგიძლიათ ახლავე სიყვარულით დაკავდეთ ელენთან (ჩვენი ასისტენტი), რათა ვნახოთ, როგორ ხდება ეს? ვიცით, რომ ელენი მოგწონთ.
ელენი მართლაც მომწონს, მაგრამ ვუპასუხე, რომ ამას არ ვიზავდი.
ამაზე ბევრი გვსმენია, თქვეს მათ, მაგრამ არასდროს გვინახავს.
მე ვთქვი, რომ გამაგდებდნენ, რომ ეს არასდროს, ან თითქმის არასდროს, კეთდება საჩვენებლად. ელენი ფანჯრისკენ მიბრუნდა.
მათ თქვეს, გთხოვთ, გთხოვთ, ელენთან სიყვარულით დაკავდით, ღირებულებათა მტკიცება გვესაჭიროება, გვეშინია.
ვთქვი, რომ არ უნდა ეშინოდეთ (თუმცა მე თვითონაც ხშირად მეშინია) და რომ ღირებულებები ყველგანაა. ელენი მომიახლოვდა და ჩამეხუტა. რამდენიმეჯერ შუბლზე ვაკოცე. ჩახუტებულები ვიდექით. ბავშვები ძალზედ აღელვებულები იყვნენ. კარზე დააკაკუნეს და გავაღე, ჩვენთან ახალი მიწის კურდღელი მოვიდა. ბავშვები მხიარულად აღრიალდნენ.