ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი

იოზეფ როთი ის მწერალია, რომელსაც შეეძლო ძალიან დიდი პროზაიკოსი ყოფილიყო, მაგრამ დროებამ მის შესაძლებლობებს არ მისცა სრულად გამოვლენის საშუალება. დაიბადა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტერიტორიაზე, ებრაულ ოჯახში. შემდგომში ცნობილ ნოველისტსა და ჟურნალისტს ბავშვობიდან ღმრთისადმი რწმენას უნერგავდნენ. ებრაული ტრადიციები აისახა მის მსოფლმხედველობაზე. რომანებსა და ნოველებში ხშირად წავაწყდებით ალეგორიებს, რომლებიც პირდაპირ იღებს სათავეს ბიბლიიდან. ასეთია თუნდაც რომანი „იობი“, სადაც მენდელ ზიგნერი ხორცშესხმული სახეა ამ ბიბლიური პერსონაჟისა. განსხვავება მხოლოდ ეპოქაა.

იოზეფ როთმა ევროპული განათლება მიიღო. ვენის უნივერსიტეტში ორი წელი ფილოსოფიასა და გერმანულ ლიტერატურას სწავლობდა, სანამ პირველ მსოფლიო ომში არ წავიდა, სადაც ომის სიმძიმე თავის თავზე გამოსცადა და დიდი გამოცდილებაც დააგროვა.

ომიდან დაბრუნებული „წითელი იოზეფის“ ფსევდონიმით აქვეყნებს წერილებს ერთ-ერთ მემარცხენე გაზეთში. მკვლევარი მაიკლ ჰოფმანი შენიშნავს, რომ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში თუკი ვინმეს შეიძლება ეწოდოს მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტი, ეს სწორედ იოზეფ როთია.

1922 წელს იოზეფ როთი ფრიდერიკე რაიხლერზე დაქორწინდა. მათი თანაცხოვრება არ გამოდგა ბედნიერი.  ცოლს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, მწერალზე ამან ძლიერ იმოქმედა. ფრიდერიკე სანატორიუმში ცხოვრობდა და მას იშვიათად თუ ხედავდა. ამ პერიოდის ნაწერებს აშკარად ეტყობა წარუშლელი კვალი დიდი სევდისა. „იობში“ ფაქტობრივად შექმნა საკუთარი სახე და მოჰყვა ავტობიოგრაფიას, იმ განსხვავებით, რომ სამშვიდობოს გასვლა მან ვერ მოახერხა.

1933 წლის 30 იანვარს გერმანიის კანცლერი გახდება ადოლფ ჰიტლერი. იოზეფ როთი იმავე დღეს იღებს მატარებლის ბილეთს და პარიზში მიემგზავრება. სიყვარულის ქალაქში სიცოცხლის ბოლომდე დარჩება. პარიზში სმას უმატა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცოლის სიკვდილის ამბავი შეიტყო. რომანში „იობი“, რომელიც მწერალმა 1930 წელს დაწერა, ასეთი ფრაზა გაიჟღერებს:

„აღარ შემრჩა ქალ-ვაჟი, აღარც ცოლი, სამშობლოც კი არ გამაჩნია, დავიარები უფულოდ. რისთვის დამსაჯა ღმერთმა? რატომ სხვა არ დასაჯა? მარტო მენდელისთვის მოიცალა. მენდელს არგუნა სიკვდილი, სიგიჟე, შიმშილი. ყველანაირი „წყალობა“ გასცა ღმერთმა მისთვის. წასულია საქმე მენდელ ზინგერ!“

საკუთარ მდგომარეობას ავტორი მართებულად აფასებდა, რადგან საბოლოოდ ზუსტად ამ ვითარებაში აღმოჩნდა. მარტოსული პარიზში, თუმცა ჯერ იმედს არ კარგავდა და ცდილობდა მოვლენების შეფასებას. 1933 წლის თებერვალში შტეფან ცვაიგს წერდა:

„ალბათ იაზრებთ, რომ დიდი კატასტროფისკენ მივემართებით. გარდა პირადულისა ეს ეხება ლიტერატურასა და ფინანსურ მხარესაც. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ჩვენ ახალი ომი მოგველის. ნაძლევად ჩვენს სიცოცხლეს ვერ ჩამოვალ. ნაცისტების უმთავრესი სურვილია რომ დაამყარონ ბარბაროსული წესრიგი. თავს ნუ ისულელებთ! ჯოჯოხეთი მეფობს!“

იოზეფ როთი წერდა „იობში“, რომ „ყველა დაბერდება“ და ვერავინ დაიბრუნებს საკუთარ ახალგაზრდობას. მწერალმა დაბერება ვერ მოასწრო. ფიქრებში ჩაფლული თითქოს წლებს ერთ-ორად ითვლიდა. გარდაიცვალა სულ რაღაც 45 წლის.
იოზეფ როთის ნაწარმოებებიდან ისმის ხმა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცნობიერებაში ილექება. ეს ეპოქის ხმაა. მეოცე საუკუნეში ავტორი თითქოს ლიტერატურის უსასრულო ლაბირინთში დაიკარგა, მაგრამ ახალმა დროებამ იოზეფ როთი დაიბრუნა. 21-ე საუკუნეში მისი ნაწერი კვლავ პოპულარობას იძენს.