ყურადღება, ტექსტი შეიცავს სპოილერებს!
ავტორი: ნოდარ შერგელაშვილი
მას ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია საყვარელი ადამიანის მხრიდან მიერ მიტოვების გრძნობა, ტომ ფორდის ახალმა ფილმმა შეიძლება უჩვეულო კმაყოფილების შეგრძნება მოუტანოს, ხოლო მათთვის ვინც ბარიკადების მეორე მხარეს აღმოჩენილა და თავად მიუტოვებია ყურებამდე შეყვარებული მეორე ნახევარი, ეს ფილმი ღია ჭრილობაზე მარილის მოყრის ტოლფასი შეიძლება გახდეს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი განზომილებაა იმისა, თუ რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს ამ არაჩვეულებრივ ფილმზე. საბედნიეროდ ფორდის ბოლო ნამუშევარი ადამიანურ ურთიერთობებს ასე მარტივად არ გვიხატავს. ის ბევრ ისეთ კითხვას აჩენს, რომლებზეც თითოეულ მაყურებელს საკუთარი ინდივიდუალური სწორი პასუხი შეიძლება ჰქონდეს.
„წყვდიადის ცხოველები“ წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სევდიანი, საკმაოდ ემოციური, ამავე დროს სასტიკი, მაგრამ მაინც ოპტიმისტური ფილმია. თუკი თქვენ ის ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ სპოილერებით სავსე რევიუს კითხვას შეეშვათ და კინოთეატრის ბილეთი შეიძინოთ. ერთი რამის გარანტიას ნამდვილად გაძლევთ, ფილმის დასრულების შემდეგ სალაპარაკო ნამდვილად გექნებათ.
თავად ფილმს რომ დავუბრუნდეთ, მას ორი თხრობითი ხაზი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანში მთავარი თემა შურისძიებაა. პირველ შემთხვევაში შურისძიებას შედარებით მარტივი, ბრუტალური ფიზიკური ფორმა აქვს, ცალსახად პირდაპირია და ის ავტორის მიერ საკუთარ ცხოვრებისეულ ტკივილზე დაყრდნობით შექმნილ ალეგორიას წარმოადგენს. მეორე შემთხვევაში კი ის უფრო ჩუმი, ირიბი, ნაკლებად მელოდრამატული, ემოციური, მაგრამ ბევრად უფრო დამანგრეველი და ამავე დროს ახალი საწყისის შემქმნელია, როგორც შურისმაძიებელისთვის ასევე მისი ობიექტისთვისაც.
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა მიმზიდველი სიუზენია (ემი ადამსი), რომელსაც ერთი შეხედვით ტიპური ბურჟუაზიული ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს. წარმატებული კარიერა, არაჩვეულებრივი ფინანსური მდგომარეობა და მიმზიდველი ქმარი. თუმცა ფილმის მიმდინარეობისას ვგებულობთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ზედაპირზეა, სინამდვილეში კი ამ ძალიან, ძალიან უბედურ ქალს, რომელსაც ყოველთვის ვიზუალურად არანაკლებ მომხიბვლელი, მაგრამ ცარიელი და ცივი ინტერიერის ფონზე ვადევნებთ თვალყურს, ქმარი არათუ სრულიად გულგრილად ექცევა, არამედ ისე თავხედურად ღალატობს, რომ ამის დამალვას აღარც კი ცდილობს. პარალელურად ვგებულობთ იმასაც, თუ როგორი იყო მისი ახლანდელი გულცივი ქმრის სრული ანტიპოდი, მოსიყვარულე, მზრუნველი და რომანტიული ყოფილი მეუღლე ედვარდი (ჯეიკ გილენჰაალი).
ფილმის დასაწყისში ემი ადამსის გმირს მისი ყოფილი მეუღლე, რომლისგანაც ძალიან დიდი ხანია არაფერი სმენია, ხელნაწერს უგზავნის და ეუბნება, რომ როგორც იქნა მოახერხა ისეთი ნაშრომის შექმნა როგორის დაწერასაც მასთან ყოფნის პერიოდში ვერაფრით ახერხებდა. წიგნი ერთი შეხედვით ტრადიციული შურისძიების ისტორიაა, თუმცა ფილმის მიმდინარეობისას მაყურებელი ნელ-ნელა იაზრებს, რომ სინამდვილეში მასში მოთხრობილი ისტორია იმაზეა თუ რას განიცდიდა მიტოვებული გილენჰაალის გმირი დანგრეული ქორწინების შემდეგ. როდესაც სევდანარევი მრისხანებით გაჟღენთილი წიგნის პროტაგონისტი ცოლ-შვილის მკვლელს გაცოფებული ლანძღავს და მოითხოვს აღიაროს თუ რას გრძნობდა მისი მეუღლე სიკვდილის პირას, ედვარდი სინამდვილეში საკუთარ ცოლს, soulmate-ს ესაუბრება, რომელმაც მათი ურთიერთობა ასევე ულმობლად გაანადგურა. უფრო წარამტებული და უფრო მიმზიდველი მამაკაცის გამო მიატოვა და აბორტის გაკეთებით შვილი მოუკლა.
კარგად დაწერილი წიგნი და მასში ბრწყინვალედ დემონსტრირებული ავტორის ტალანტი, სიუზენს, ყოფილი ქმრის მიმართ გრძნობებს კვლავ უღვივებს და ძველი რომანის განახლების იმედს უჩენს, ედვარდიც შეხვედრაზე დათანხმებით ამ იმედს ასაზრდოებს, თუმცა ალბათ თავად კარგად იაზრებს, რომ ყოფილი ცოლი მისთვის უკვე წარსულია.
სიუზენი საქორწილო ბეჭედსაც ისხნის და ძველი რომანის განახლებას იმედით ელოდება, მის გონებაში ედვარდი ხომ კვლავ ერთადერთ ნამდვილ გრძნობად იქცა, მაგრამ იმედგაცრუებული ხვდება, რომ ყოფილისთვის აღარაფერს წარმოადგენს და სიყვარული, რომელიც ედვარდს მის მიმართ ჰქონდა ბანალურმა ინდიფერენტულობამ ჩაანაცვლა.
ფილმის დასასრული ცალკე აღნიშვნის ღირსია. სიუზენი ძვირფას რესტორანში ელოდება ყოფილ ქმარს, ამ სცენას, ისევე როგორც ფილმის უდიდეს ნაწილს, ერთი შეხედვით სენტიმენტალურ-რომანტიული, მაგრამ მელოდიურობის მიუხედავად ოდნავ შესამჩნევად და არა გამაღიზიანებლად ყალბი მუსიკა გასდევს, რომელიც თავად ადამსის გმირის ცხოვრებაში არსებული სიყალბის დახვეწილი და იდეალური საუნდტრეკია.
სულ ბოლო კადრში, ფილმის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ეს მუსიკა ქრება და ჩვენ სიუზენის ცრემლნარევ სახეს ვხედავთ, სრულ სიჩუმეში ვუყურებთ იმ პროცესის დასაწყისს რაც წიგნის სიუჟეტის ეკრანზე გაცოცხლებით უკვე ვნახეთ ედვარდის შემთხვევაში. მან თავისი მძიმე გზა უკვე გაიარა. ახლა კი მისი ყოფილი ცოლის ჯერია, გაიაზროს ყოფილი მეუღლის სიმართლე, რომელიც ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მეორე ადამიანის ნამდვილი, უანგარო სიყვარული ძალიან იშვიათი გრძნობაა, რომელსაც სათანადო დაფასება სჭირდება.
მუსიკის დამთავრებასთან ერთად სიუზენის ცხოვრებაშიც დამთავრდა ყალბი კეთილდღეობის გაღმერთების დროც, უკვე ახალ ადამიანს მივჩერებივართ, რომელიც სიჩუმეში იაზრებს საკუთარ შეცდომებს, არსებულ სიტუაციას და მართალია ცხოვრებაში მის მიმართ ორი გულგრილი მამაკაცის გარდა თითქმის აღარავინ ჰყავს, ის მაინც თავისუფალია, რადგან ნათელია, რომ რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, მისი ცხოვრების ყალბი ნაწილი უკვე წარსულს ჩაბარდა.